რა არის კოკსაკის ვირუსი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ხელის, ტერფისა და პირის დაავადება (HFMD), იგივე კოკსაკის ვირუსი, არის ბავშვთა ასაკში გავრცელებული ენტეროვირუსული ინფექცია, რომელიც ხასიათდება სუბფებრილური ცხელებით, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში და ვეზიკულებით მტევნებსა და ტერფებზე.

კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, შესაბამისად, აქიდან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

ხელის, ტერფის და პირის ღრუს ინფექციას, როგორც წესი, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და ჩვეულებრივ, თავისთავად ქრება 7-10 დღის ვადაში.

კოკსაკის ვირუსის რისკ-ფაქტორები

კოკსაკის ვირუსის მთავარი რისკ-ფაქტორი არის ასაკი. ვირუსი ძირითადად ვლინდება 5-7 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ენტეროვირუსული ინფექციები ხასიათდება ასევე სეზონურობით, შესაბამისად, კოკსაკის ვირუსი ძირითადად გვხვდება ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე.

გამომწვევი მიზეზები და გავრცელების გზები 

ხელის, ტერფისა და პირის დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის  კოქსაკივირუსის ჯგუფის ვირუსები - კოქსაკი A5, 10 და 16. დაავადებას ასევე იწვევს ენტეროვირუსი 71 (EV71).

კოკსაკის ვირუსი გადადის ინფიცირებულ ადამიანთან  კონტაქტით და გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი, ფეკალურ-ორალური ან საყოფაცხოვრებო გზით. 

ვირუსი შეიძლება გავრცელდეს შემდეგი გზებით:

  • ჰაერ-წვეთოვანი გზები  -  ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. 
  • პირდაპირი კონტაქტი (შეხება) ინფიცირებული ადამიანის ხელის ან ტერფის ბუშტუკებთან.
  • ინფიცირებულ ადამიანთან ჩახუტება ან კოცნა.
  • საყოფაცხოვრებო გზები - საერთო ჭურჭელი და ჰიგიენის ნივთები.
  • შეხება დავირუსებულ ზედაპირთან, სათამაშოებთან და ნივთებთან.

რა სიმპტომები ახასიათებს კოკსაკის ვირუსს? 

ხელის, ტერფისა და პირის დაავადების სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვლინდება ორ ეტაპად. ინფიცირების საწყის ეტაპზე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • მსუბუქი ცხელება;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • ცხვირიდან გამონადენი;
  • მადის დაკარგვა;
  • მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგადი სისუსტე;
  • ზოგჯერ ვლინდება ართრალგია (სახსრების ტკივილი).

ეს  სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 3-4 დღე. თუმცა, ამის შემდეგ გამოჩნდება ახალი სიმპტომები, მათ შორის:

  • ცხელება 38.5-40◦C-მდე - გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტითა და ანორექსიით;
  • ხელ-ფეხ-პირის დაავადება (Hand Foot and Mouth Disease) - ვეზიკულურ - წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ბავშვის ხელებზე, ტერფებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, სასქესო ორგანოებზე ან დუნდულებზე და პირის ღრუს ირგვლივ;
  • ჰერპანგინა - ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი;
  • ენტეროვირუსული სტომატიტი;
  • ენტეროვირუსული ეგზანთემა - ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე;
  • ჰემორაგიული კონიუქტივიტი.

როგორც წესი, ხელის, ტერფისა და პირის დაავადების სიმპტომები ქრება 7-10 დღეში. 

რა გართულებები შეიძლება მოჰყევს კოკსაკის ვირუსს?

ხელის, ტერფისა და პირის დაავადებას გართულებები შეიძლება მოჰყვეს უმეტესწილად იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია ენტეროვირუსით (EV71). 

გართულებები, რაც კოკლასკის ვირუსს შეიძლება ახლდეს, არის:

  • დეჰიდრატაცია - პირის ღრუს წყლულების გამო შეიძლება ბავშვს გაურთულდეს საკვებისა და სითხის მიღება, რამაც გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საკმარისი სითხის დალევა.
  • ფრჩხილების დაკარგვა - ზოგიერთმა ბავშვმა ვირუსის შემდეგ შეიძლება დაკარგოს რამდენიმე ფრჩხილი, თუმცა დროთა განმავლობაში ფრჩხილი კვლავ იზრდება.
  • ვირუსული მენინგიტი და ენცეფალიტი - ხელის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადებით ინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობას უვითარდება მენინგიტი და ენცეფალიტი. ეს იშვიათი გართულებები იწვევს თავის ტვინის (ენცეფალიტი) და თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მემბრანის (მენინგიტი) საშიშ შეშუპებას.

 

როგორ ამოვიცნოთ კოკსაკის ვირუსი? — დიაგნოსტირება  

ხელის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადების დიაგნოსტირებისთვის ექიმი ათვალიერებს ბავშვის ბუშტუკებს სხეულზე.

თუმცა გარდა ზედაპირული დათვალიერებისა, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ხახის ნაცხის ანალიზის გაკეთება და ბუშტუკებიდან ან განავლიდან აღებული ნიმუშების გაგზავნა ლაბორატორიაში.

როგორ მკურნალობენ დაავადებას?  

ენტეროვირუსული ინფექციების, მათ შორის კოკსაკის ვირუსის, სამკურნალოდ ექიმის მიერ ინიშნება სიმპტომური მკურნალობა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოკსაკის ვირუსს თან ახლავს ბაქტერიული ინფექციები. 

მკურნალობის პროცესის ხელშეწყობისთვის კარგი იქნება, თუ სახლის პირობებში გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:

  • მოარიდეთ ბავშვი ცხარე ან მჟავე საკვების მიღებას, რამაც შეიძლება პირის ღრუს წყლულების ტკივილი გააძლიეროს.
  • დღის განმავლობაში მიეცით ბევრი ოთახის ტემპერატურის სითხე. თბილმა და ცხელმა სითხეებმა შესაძლოა პირის ღრუს წყლულების გაღიზიანება გამოიწვიოს და ტკივილი გააძლიეროს. 

როგორ შეგვიძლია კოკსაკის ვირუსის პრევენცია 

კოკსაკის ვირუსის პრევენციისთვის და თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კერძოდ:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ, ჰიგიენური პროცედურების შემდეგ და ღია სივრციდან დაბრუნებისთანავე.
  • თუ არ გაქვთ ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ, სასმელად გამოიყენეთ გაფილტრული ან ადუღებული წყალი.
  • არ გამოიყენოთ მშრალი ყინული ბავშვებში წყლის ან გაზიანი სასმელის გასაგრილებლად.
  • გარეცხეთ საკვები პროდუქტები - ხილი და ბოსტნეული.
  • გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.) მოხმარების შემდეგ მოათავსეთ ისინი დახურულ ნაგვის ყუთებში.
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც დღის განმავლობაში იმყოფებით.