რა არის გულძმარვა — უბრალო დისკომფორტი თუ სერიოზული დაავადების სიმპტომი?

გულძმარვა, იგივე გასტროეზოფაგური რეფლექსი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია. 

უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლია, მაგრამ გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. 

რა არის გულძმარვა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

გულძმარვა, ძირითადად, ეს არის წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საყლაპავის მიდამოში. იგი განისაზღვრება, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკან, კვლავ საყლაპავისკენ დაბრუნება. 

საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილს ქვედა საყლაპავის სფინქტერი ეწოდება. თუ ქვედა საყლაპავის სფინქტერს პრობლემა არ აქვს და სწორად ფუნქციონირებს, საკვების საყლაპავი მილიდან კუჭში გადასვლისას ის იხურება. ხოლო როცა საყლაპავის ქვედა სფინქტერი სწორად არ ფუნქციონირებს, ან კუჭში გადასული შიგთავსი უკან, საყლაპავში ბრუნდება. ამ დროს კუჭის მჟავებმა შეიძლება გააღიზიანოს საყლაპავი და ამან გამოიწვიოს გულძმარვა. 

დამოუკიდებელი პრობლემა თუ რაიმე დაავადების სიმპტომი?

გულძმარვის ალბათობას ზრდის ისეთი ფაქტორები და მდგომარეობები, როგორებიცაა:  

  • მოწევა - პირდაპირ ასოცირდება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების განვითარების გაზრდილ რისკთან. 
  • ჭარბი წონა - გულძმარვა და რეგურგიტაცია არის ამ მდგომარეობის ტიპიური გამოვლინება.
  • მედიკამენტები - ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, სედაციური საშუალებები და მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო წამლები, შეიძლება გაზარდოს გულძმარვის რისკი.
  • ორსულობა - ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში ხშირია გულძმარვა.

ასევე პროდუქტები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ გულძმარვას:

  • ცხარე საკვები
  • ხახვი
  • ციტრუსები
  • ტომატიანი პროდუქტები (მაგ. კეტჩუპი)
  • ცხიმიანი ან შემწვარი საკვები
  • პიტნა
  • შოკოლადი
  • ალკოჰოლი
  • გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები

დაავადებები, რომელთაც გულძმარვა ახლავს, საკმაოდ ბევრია. პირველ რიგში, ესენია გასტროენტეროლოგიური დაავადებები, როგორიცაა:

  • გასტრიტი
  • კუჭის წყლულოვანი დაავადება, 
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესები,
  • საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი, 
  • ჰელიკო ბაქტერია. 

რა სიმპტომები ახასიათებს და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს გულძმარვას?

რაც შეეხება სიმპტომებს, წვის გარდა ეს შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ყლაპვის გაძნელება, მჟავე ან მწარე გემო პირში, ხველა, იშვიათად ღებინება.

გულძმარვა ზოგჯერ შესაძლოა საკმაოდ საგანგაშოც იყოს იმიტომ, რომ გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა: საყლაპავის ეროზიები, საყლაპავის წყლული, ანთებითი პროცესები, რაც რეფლუქს-ეზოფაგიტის სახელით არის ცნობილი და შორეული გართულება არის ბარეტის ეზოფაგიტი, რომელიც სიმსივნის წინარე მდგომარეობად მიიჩნევა.

რატომ იმატებს გულძმარვის ეპიზოდები ღამით?

გულძმარვის მქონე ხუთი ადამიანიდან ოთხს ღამღამობით რეფლუქსი აღენიშნება, რაც არღვევს ძილს და აუარესებს შრომისუნარიანობას. 

უსიამოვნო გემო პირში, ქრონიკული ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე... - თუ ყოველ დილით ამ ჩივილებით იღვიძებთ, დიდი ალბათობით, ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნება.

გულძმარვა ორსულობის დროს

გულძმარვა ორსულობის დროს გავრცელებული პრობლემაა და მისი მიზეზები, პირველ რიგში, ჰორმონული ცვლილებები და მუცლის ზრდაა, რა დროსაც კომპრესიის გამო მუცლის შიგნით წნევა იმატებს და ეს იწვევს გულძმარვის შეგრძნებას.

ორსულებში გულძმარვის თავიდან ასაცილებლად ან მის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • ნუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით საკვებს, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ცხარე საკვების, ასევე კოფეინის და გაზიანი სასმელების მიღება.
  • ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი ანტისპაზმოდური საშუალებები.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და რა კვლევები ტარდება დიაგნოსტიკისთვის?

როდესაც ადამიანს თვის განმავლობაში სამჯერ მაინც აწუხებს გულძმარვა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

დიაგნოსტიკითვის უნდა ჩატარდეს ენდოსკოპიური კვლევა – გასტროსკოპია, რის შედეგადაც მოხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დათვალიერება. კვლევით უნდა გამოირიცხოს გასტროენტეროლოგიური დაავადებები. გასტროსკოპიასთან ერთად რეკომენდებულია ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება, ასევე PH მეტრიას, ანუ კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა.

მკურნალობის ტაქტიკა უნდა შემუშავდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ, რასაც სწორი დიაგნოსტიკა სჭირდება. 

გულძმარვის სამკურნალოდ გამოიყენება მჟავის დამაქვეითებელი პრეპარატები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

ნოლპაზა გულძმარვის დროს

ნოლპაზა - პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორია, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (გერ), მათ შორის ეროზიულ – წყლულოვანი რეფლუქს-ეზოფაგიტი და გერ-თან ასოცირებული სიმპტომები: გულძმარვა, სიმჟავის რეგურგიტაცია, ტკივილი ყლაპვისას;
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანებები, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან;
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის; 
  • ზოლინგერ – ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭის მომატებულ სეკრეციასთან.

როგორ უნდა მიიღოთ ნოლპაზა? — პრეპარატის მიღების წესი და დოზები

არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან გატეხვა, ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. წამალი მიიღება ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჩვეულებრივ საუზმის წინ. თუ პრეპარატის მიღება დღეში ორჯერ გიწევთ, მაშინ მეორე დოზა უნდა მიიღოთ, საღამოს, ვახშმის წინ.

გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსისა და მასთან ასოცირებული სიმპტომების (გულძმარვა, მჟავით რეგურგიტაცია, ტკივილი ყლაპვისას) დროს პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზით:

მსუბუქი ხარისხის პრობლემის დროს: რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში;

საშუალო და მძიმე ხარისხის პრობლემის დროს: რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს დღე-ღამეში; 

პროფილაქტიკისათვის, ასევე შემანარჩუნებელი ხანგრძლივი თერაპიისთვის: რეკომენდებულია 1 ტაბლეტი ნოლპაზა დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2 ტაბლეტამდე, დღე-ღამეში. 

აასს-ს მიღებით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების დროს პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზებით:

რეკომენდებული დოზა ნოლპაზის 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში. აასს-ს ხანგრძლივად მიღებისას წყლულოვან-ეროზიული დაზიანებების პროფილაქტიკისათვის – 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის:

ინიშნება 2 ტაბლეტი ნოლპაზა, დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას, დაავადების გამწვავებისას – 4-8 კვირას. აუცილებლობისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ზოლინგერ – ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, პრეპარატი მიიღება:

2 ტაბლეტი, დღე-ღამეში, გაყოფილი ორ მიღებაზე. შემდგომში შეიძლება დოზის ტიტრაცია, კუჭის სეკრეციის საწყისი დონიდან გამომდინარე. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებშმა უნდა მიიღონ 2 ტაბლეტი ნოლპაზა დღე-ღამეში. მკურნალობის პარალელურად რეკომენდებულია ღვიძლის ფერმენტების რეგულარული კონტროლი.

ხანდაზმულებში და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 2 აბი. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილება. გულძმარვის სიმპტომებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
  • მოერიდეთ საკვებს, რომელიც თქვენში იწვევს გულძმარვას;
  • მოერიდეთ დაწოლას ჭამის შემდეგ. დაყოვნების დრო მოიცავს 2-დან 3 საათამდე;
  • მოერიდეთ გვიან ღამით კვებას;
  • თუ რეგულარულად გაქვთ გულძმარვა დაიძინეთ მაღალ ბალიშზე;
  • მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს;
  • შეამცირეთ საკვების პორციები.