რა არის ბეპანტენი და რაში შეიძლება დაგვეხმაროს


გარემოს ზემოქმედების შედეგად ჩვენს კანს არაერთი სახის ზიანი შეიძლება მიადგეს, იქნება ეს დამწვრობა, ნაკაწრები თუ უბრალოდ გამოშრობა. 

 

კანის მთავარი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის დაცვაა გარემოსგან, ამიტომ “დაჭრილ ჯარისკაცზე” თავადაც გულმოდგინედ უნდა ვიზრუნოთ.

 

ბეპანთენი, იგივე ბეპანტენი, საშუალებაა, რომელიც კანისა და დაზიანებული ქსოვილების აღდგენას უწყობს ხელს. ბეპანტენი სახეზე, მკერდსა და, ზოგადად, მთლიან სხეულზე გამოიყენება. 

 

რისთვის გამოიყენება ბეპანტენი?

შეხორცების დასაჩქარებლად მას სხვადასხვა სიტუაციაში შეგვიძლია მივმართოთ, მათ შორის: 

  • მსუბუქი დამწვრობისა და დაჟეჟილობისას; 
  • კანის გაღიზიანებისას; 
  • რადიო-, ფოტოთერაპიისა და UI-დასხივებისას; 
  • ქრონიკული წყლულებისას; 
  • ნაწოლებისას; 
  • ანალური ნახეთქებისას; 
  • კანის გადანერგვისას; 
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.

 

გარდა აღმდგენისა, ბეპანტენი დამატენიანებელი საშუალებაც არის, ამიტომ მას მშრალი და დახეთქილი კანის მოსავლელადაც იყენებენ. იგი ეფექტიანია ჩვილებში გამოყელვის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაც. ბეპანტენი საბავშვო ფორმით, როგორც ცალკეული საშუალება, არ არსებობს, რადგან მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში უსაფრთხოა. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეძუძურ დედებში ბეპანტენი მკერდის მოსავლელადაც გამოიყენება. ლაქტაციის პერიოდში სარძევე ჯირკვლებზე რეგულარული ზრუნვაა საჭირო, რადგან ამ დროს კერტების ტკივილი და ნახეთქები საკმაოდ ხშირია. 

 

ბეპანტენი მალამოს, კრემის, ლოსიონის (ბეპანტენი დერმა), ქაფისა და დამატებით ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე კრემის (ბეპანტენი პლუსი) სახითაც გვხვდება. თითოეული ეს საშუალება ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა მცირეოდენი განსხვავებაა მათ ტექსტურასა და შედგენილობებს შორის. 

 

ბეპანტენი ფასის მიხედვითაც განსხვავდება. ეს როგორც თავად პროდუქტის ფორმაზეა დამოკიდებული, ასევე სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეც. 

 

რისგან შედგება ბეპანტენი და როგორ მოქმედებს 

 

ბეპანტენი, “მაზი” იქნება ეს, კრემი თუ ქაფი, თავის საქმეს დექსპანთენოლის წყალობით ასრულებს, რომელიც მისი მოქმედი ნივთიერებაა.

 

დექსპანთენოლი, თავის მხრივ, პანტოთენის მჟავის სპირტოვანი ანალოგია და ბიოლოგიურად იმავენაირად მუშაობს. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და პანტოთენის მჟავად გარდაიქმნება. ამ უკანასკნელს ვიტამინ B5-ის ანალოგიური ეფექტი აქვს, ანუ ჩვენს ორგანიზმში იგი ისევე მოქმედებს, როგორც ვიტამინი.  

 

პანთოტენის მჟავა, ასევე მისი მარილები წყალში ხსნადი ვიტამინებია და არაერთ მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს.  ამ ნივთიერებას კანისა და ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და აღდგენისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო ორგანიზმიდან კი მისი დიდი ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდითა და განავლით. 

 

ცნობისთვის, ბეპანტენ პლუსს ქლორჰექსიდინიც აქვს დამატებული. ეს ნივთიერება ანტისეპტიკურ მოქმედებას უზრუნველყოფს და ისეთ ბაქტერიებს (მაგალითად,  Staphylococcus aureus-ის შტამები) ხოცავს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს კანის ინფექციებს. მეორე მხრივ, იგი ყველა პათოგენს ვერ უმკლავდება, მათ შორის Pseudomonas-სა და Proteus-ს. ჰლორჰექსიდინი სუსტად მოქმედებს სოკოების საწინააღმდეგოდ, ხოლო ვირუსებზე კი არანაირად არ ზემოქმედებს.

 

რომ დავაზუსტოთ, 1 გ. ბეპანთენის მალამო შეიცავს:

 

  • მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ.
  • დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თეთრი რბილი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), პროტეგინ X, გასუფთავებული წყალი.


1 გ. ბეპანთენ პლუსის კრემი შეიცავს:

 

  • მოქმედი ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50მგ/გ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5მგ/გ.
  • დამხმარე ნივთიერებები: DL პანტოლაქტონი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), მარკოგოლის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეპანტენი ქაფის, ასევე ლოსიონის სახითაც გვხვდება. მათი შედგენილობისა და სხვა დეტალების მოძიებას PSP-ს ვებსაიტზე შეძლებთ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ბეპანტენის გამოყენებამდე 

 

არ გამოიყენოთ ბეპანთენი და ბეპანთენ პლუსი, თუკი მათი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ. შესაძლოა,  ამან ალერგიული რეაქციები და გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, მათ შორის: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, და ბუშტუკოვანი გამონაყარი.

 

ბეპანტენი — კრემი, მალამო, ქაფი თუ ლოსიონი — თვალში არ უნდა მოიხვედროთ. ამ შემთხვევაში გაღიზიანების საპრევენციოდ უბრალოდ წყლით ამორეცხვა დაგჭირდებათ. 

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბეპანთენში შემავალმა დამხმარე ნივთიერებებმა, შესაძლოა, პრეზერვატივი დააზიანოს და მისი ეფექტიანობა შეამციროს. ამის გამო სიფრთხილეა საჭირო, თუკი მალამოს გენიტალური ან ანალური მიდამოს სამკურნალოდ იყენებთ. 

 

სხვა მხრივ, ბეპანტენი სამკურნალო საშუალებებთან არ ურთიერთქმედებს. 

 

ბეპანტენ პლუსის შემთხვევაში, რომელიც დამატებით ჰლორჰექსიდინს შეიცავს, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის ვრცელ უბნებზე, რადგან ის მხოლოდ კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდაა განკუთვნილი. იგი რეკომენდებული არ არის გაღიზიანებული კანის დასამუშავებლად მაშინ, როცა ინფექციის შეჭრის რისკები მინიმალურია (მაგალითად, მზისგან დამწვრობის დროს). 

 

ერთსა და იმავე დაზიანებულ უბანზე პრეპარატის ხშირმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. სასურველია, რომ ბეპანტენ პლუსი არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად, რადგან ამ დროს ურთიერთქმედების გარკვეული რისკი არსებობს. 

 

ბეპანტენისა და ბეპანტენ პლუსის გამოყენება ნებადართულია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროსაც. ამ პროდუქტებს ორგანიზმი მარტივად იტანს, ამიტომ დოზის გადაჭარბების საფრთხე არ არსებობს.

 

ორივე პრეპარატი არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ინახება. მათი ვარგისობის ვადა 3 წელია და არ გამოიყენება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 

 

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბეპანტენი

ბეპანტენი გარეგანი გამოყენებისთვის არის. იგი დღეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ უნდა დაიტანოთ.

 

თუკი მეძუძური დედა ხართ და მას სარძევე ჯირკვლების მოსავლელად იყენებთ, იგი კერტებზე ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ უნდა წაისვათ.

 

ბეპანტენი ბავშვის, ჩვილის, მოვლისას საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.

 

ის, თუ რა ხანგრძლივობით გამოიყენებთ ამ საშუალებას, თქვენი პრობლემის გვარობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ამის განსაზღვრა, თავის მხრივ, სასურველია ექიმს მიანდოთ.