ჩვენ ვცხოვრობთ მზისგან დამცავების ბუმის ეპოქაში, როცა ყველამ ვიცით როგორ, მაგრამ ნაკლები პასუხი გვაქვს რატომ უნდა გამოვიყენოთ SPF?
სიამოვნებით შემოვაბრუნებდი სათაურში გამოტანილ შეკითხვას და შემდეგი ფორმულირებით დავსვამდი „რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?!“. მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგსაც კი გაუჭირდება დაასაბუთოს აღნიშნული უარყოფა. ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია!
და მაინც, რატომ?
როგორც ბიოლოგია გვკარნახობს ადამიანის კანი სამი შრისგან შედგება. მთავარი პროცესები დერმაში, ანუ შუა შრეში ხდება. მისი მფარავი ეპიდერმისი დამცველობითი ფუნქციისაა და უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციების, ბაქტერიების და სხვა არასასურველი ელემენტების შეჭრისგან. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც აზიანებს ეპიდერმისს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
ულტრაიისფერი სხივები 3 სახისაა, თუმცა რადგან დედამიწამდე მხოლოდ A და B ტიპები აღწევს, აქცენტს მათგან დაცვაზე ვაკეთებთ. A იმდენად გრძელია, რომ ეპიდერმისს თავისუფლად გადალახავს, დერმამდე და კიდევ უფრო ღრმა შრეებამდე აღწევს და უჯრედულ დონეზე აზიანებს ორგანიზმს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაუცველი, ჭარბი მზის აბაზანებისგან შესაძლოა სხვადასხვა სახის პათოლოგია გაჩნდეს, იქნება ეს მელანომა თუ არა მელანომა, ან სულაც სხვა ორგანოთა სისტემაში ლოკალიზებური სიმსივნე. გარდა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეებისა, აღნიშნული უჯრედული დაზიანება ფოტოდაბერების პროცესს აჩქარებს, აფერხებს ცილა-კოლაგენის სინთეზს, რაც ხაზების, წვრილი თუ ღრმა ნაოჭების, პიგმენტური ლაქების და სხვა ნიშნების სახით ჩნდება ჩვენს სახესა და სხეულზე.
B ტიპის სხივები კანის ზედაპირზე მოქმედებს, წვავს და შესაბამისად აზიანებს მის დამცველობით ფუნქციას.
გამოსავალი - SPF-შია!
ეს არც რიტორიკული შეძახილი და არც კონკრეტული დაპირებაა. ეს არის მოცემულობა, რომელიც ერთია ნებისმიერი სქესის, ასაკის და კანის ფერის მქონე ადამიანისთვის. წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში,
მაშინაც, როცა შედარებით ნაკლებად ამჩნევთ ულტრაიისფერ სხივებს, მაშინაც როცა ღრუბლიანი ამინდია ან ოფისში უნდა გაატაროთ მთელი დღე მზისგან დამცავის გამოყენება და პერიოდული განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
· SPF – SUN PROTECTION FACTOR - მზისგან დამცავი ფაქტორია, რომელიც თქვენთვის სასურველი (საცხის, ლოსიონის, სპრეის) სახით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
· შემადგენლობის მიხედვით ქიმიური ან ფიზიკური სახისაა. ქიმიური კანში კარგად შეიწოვება და ასე უზღუნველყოფს მასზე მოხვედრილი ულტრაიისფერი სხივების განეიტრალებას. ფიზიკური კი, ქმნის ერთგვარ საფარველს ეპიდერმისისთვის, შესაბამისად, ისხლეტს და იცავს კანს UVA/UVB მავნე ზემოქმედებისგან. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არჩევანი პირადი პრეფერენციის საგანია.
· პროდუქტი დილის რუტინის ბოლო საფეხურზე უნდა ჩასვათ. ყოველდღიური გამოყენებისთვის, ნორმალური კანის შემთხვევაში spf30 სრულიად საკმარისია, სხვადასხვა პათოლოგიებისას კი შესაძლებელია მომატებული ფოტოსენსიტიურობის გამო უფრო ძლიერი დაცვა იყოს საჭირო.
· აღსანიშნავია, რომ კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება რაოდენობას. რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზის მოცულობის მზისგან დამცავის გადანაწილება მთელს სახეზე, ყოველ ორ საათში, ან ვარჯიშისა თუ ცურვისგან ჩამობანვისას პროდუქტის მომენტალური განახლება.
· გაითვალისწინეთ, რომ bb, cc, ტონალურ კრემებში შემავალი მზისგან დაცვის ფაქტორი საკმარისი არ არის, შესაბამისად, ცალკე უნდა გამოიყენოთ.
მზისგან დამცავის გამოყენება აგარიდებთ დეჰიდრატაციას, კანის დამწვრობას, დაზიანებას, პიგმენტაციის დარღვევას. ასევე, შეამცირებს კანის კიბოს რისკებს და დიდხანს გადაავადებს დაბერების პროცესს!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account