
პანტოპრა (Pantopra) არის მედიკამენტი, რომელიც რამდენიმე მიზნით გამოიყენება:
- თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების მკურნალობა;
- რეფლუქს-ეზოფაგიტის (მდგომარეობა, როდესაც კუჭის მჟავე შიგთავსი საყლაპავში გადადის, რაც იწვევს მისი ლორწოვანი გარსის ანთებას) მკურნალობა;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომის (იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც პანკრეასში (კუჭქვეშა ჯირკვალში) ან თორმეტგოჯა ნაწლავში ვითარდება სიმსივნე – გასტრინომა) და სხვა პათოლოგიური სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა, რომლებიც კუჭის სეკრეციის მომატებასთან არის დაკავშირებული;
- Helicobacter pylori–ს აღმოფხვრა (ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში).
პანტოპრა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 40მგ-იანი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი პსპ-ს აფთიაქებში.
როგორია მედიკამენტის მიღების წესები და დოზირება?
ინსტრუქციის თანახმად, პანტროპრას ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად — მათი დაღეჭვა ან გატეხა არ შეიძლება. მედიკამენტი ჭამამდე 1 საათით ადრე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად მიიღება. რაც შეეხება დოზირებას, მოდით, ის სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით განვიხილოთ:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან რეფლუქს-ეზოფაგიტის შემთხვევაში:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 1 ტაბლეტს შეადგენს. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალო სხვა მედიკამენტები უშედეგოა. როგორც წესი, რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობას 4 კვირა სჭირდება. თუ პირველი კურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ სამკურნალო ეფექტი შემდგომი 4 კვირის განმავლობაში მიიღწევა.
მოზრდილებში Helicobacter pylori–ს აღმოფხვრა (ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში):
მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან ერთად Helicobacter pylori აღენიშნებათ, ამ უკანასკნელის აღმოფხვრა კომბინირებული თერაპიის საშუალებით მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში პანტოპრას 2 ცალი 40მგ-იანი ტაბლეტის მიღება ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში. პანტოპრას მეორე ტაბლეტი საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღება. როგორც წესი, ამ სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს, თუმცა შეიძლება 2 კვირამდეც გაიზარდოს. ამის შემდეგ, წყლულის შეხორცებისთვის საჭიროა მკურნალობის გაგრძელება პანტოპრას ისეთი დოზით, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ არის რეკომენდებული.
თუ კომბინირებული მკურნალობა საჭირო არ არის (მაგ., პაციენტს არ აღენიშნება Helicobacter pylori), პანტოპრა, მონოთერაპიის სახით, ინიშნება შემდეგი სქემებით:
კუჭის წყლულის მკურნალობა მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 1 ტაბლეტს შეადგენს. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია მისი გაორმაგება. კუჭის წყლულის სამკურნალოდ, როგორც წესი, 4 კვირაა საჭირო, თუმცა თუ კურსმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, წყლულის შეხორცება შემდგომი 4 კვირის განმავლობაში მიიღწევა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 1 ტაბლეტს შეადგენს. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია მისი გაორმაგება. ამ სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობას, როგორც წესი, 2 კვირა სჭირდება, თუმცა თუ კურსმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, წყლულის შეხორცება, თითქმის ყველა შემთხვევაში, შემდგომი 2 კვირის განმავლობაში მიიღწევა.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების მკურნალობა მოზრდილებში:
ამ შემთხვევაში პანტოპრას რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 40-80მგ-ს შეადგენს, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა კი — 4-8 კვირას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა მოზრდილებში:
ამ შემთხვევაში საწყისი სადღეღამისო დოზა 80მგ-ს, ანუ 2 ტაბლეტს შეადგენს. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მისი გაზრდა ან შემცირება კუჭის სეკრეციის მაჩვენებლების მიხედვით. თუ პანტოპრას სადღეღამისო დოზა 80მგ-ს აღემატება, ის 2 მიღებაზე უნდა გაიყოს. ამასთან, ამ მაჩვენებლის 160მგ-მდე მეტად გაზრდაც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა კუჭის სეკრეციის ადეკვატური კონტროლისათვის საჭირო პერიოდით უნდა შემოიფარგლოს.
საგულისხმოა, რომ ამ სამედიცინო მდგომარეობების დროს ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის და კონკრეტული პაციენტის კლინიკურ საჭიროებაზეა დამოკიდებული.
გაფრთხილება: ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში მედიკამენტის აქტიური ნივთიერების — პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა 40 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ამ სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში რეკომენდებულია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით პანტოპრას საშუალებით ხანგრძლივად მკურნალობის დროს. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდის შემთხვევაში კი რეკომენდებულია მედიკამენტის მოხსნა.
რა უკუჩვენებები აქვს პანტოპრას?
პანტოპრას ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;
- ნევროტული გენეზის დისპეფსიები.
გაითვალისწინეთ: მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემთხვევაში (განსაკუთრებით წელიწადზე მეტი) პაციენტი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
ამასთან, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პანტოპრას გამოყენების ეფექტიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეზღუდული მონაცმები მოიპოვება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მედიკამენტის მოხმარება არ არის რეკომენდებული.
ორსულობის შემთხვევაში პანტოპრა სიფრთხილით ინიშნება, ხოლო ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაჭრა, რადგან პანტოპრაზოლი დედის რძესთან ერთად გამოიყოფა.
გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში პანტოპრას მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, პანტოპრას გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები?
პანტოპრას ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორებიც არის:
- დიარეა;
- შეკრულობა;
- მადის მომატება;
- პირის სიმშრალე;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- მეტეორიზმი;
- ბოყინი;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- ასთენია (ზოგადი ტერმინი უკიდურესი სისუსტისა და დაღლილობის აღსაწერად, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება მრავალრიცხოვანი და კომპლექსური იყოს).
გარდა ამისა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ტემპერატურის მომატება და შეშუპება.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account