პანზინორმი — ფერმენტული პრეპარატი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად

პანზინორმი (Panzynorm) წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის ბუნებრივ ფერმენტებს — ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას შეიცავს. როგორც წესი, ამ ნივთიერებების გამოთავისუფლება წვრილ ნაწლავში ხდება საკვების მიღების შემდეგ და მათ ფუნქციას ცალკეული საკვები კომპონენტების დანაწევრება წარმოადგენს. ამილაზა ნახშირწყლების მეტაბოლიზმს უზრუნველყოფს, ლიპაზა — ცხიმების, ხოლო პროტეაზა — ცილების.

 

ეს მედიკამენტი კაფსულებისა და ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და მისი ორი ვერსია არსებობს — პანზინორმი 10000 (კაფსული) და პანზინორმი ფორტე 20000 (ტაბლეტი). ფასი დამოკიდებულია აბების/კაფსულების რაოდენობაზე და პრეპარატის ვერსიაზე. ორივე მათგანის ყიდვას PSP-ს აფთიაქებში შეძლებთ.

 

პანზინორმი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

 

  • კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევები, რომლებსაც თან სდევს საჭმლის მონელების დარღვევა;
  • მუკოვისციდოზის (ასევე ცნობილი როგორც ცისტური ფიბროზი — გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს სქელი და წებოვანი ლორწოს დაგროვებას ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოში, განსაკუთრებით ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში) დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.

 

როგორია ამ მედიკამენტის მოხმარების წესი და დოზირება? 

 

მოდით, ამ თვალსაზრისით, პრეპარატის თითოეული ვერსია ცალ-ცალკე განვიხილოთ.

 

პანზინორმი 10000 (10000 ეფ. ერთ. ლიპაზა; 7200 ეფ. ერთ. ამილაზა; 400 ეფ. ერთ. პროტეაზა)

 

პანზინორმის ინსტრუქციის თანახმად, მუკოვისციდოზის დროს 4 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა საკვების ყოველი მიღებისას სხეულის მასის კილოგრამზე 1000 ეფ ერთ. ლიპაზას შეადგენს, 4+ ასაკის ბავშვებში კი — 500 ეფ. ერთეულს.

 

საგულისხმოა, რომ დოზის კორექტირება შეიძლება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის, კვების მდგომარეობის და სტეატორეის (ცხიმოვანი განავალი) სიმპტომების გამოვლენის შესაბამისად.

 

გაფრთხილება: პაციენტების უმეტესობისთვის რეკომენდებული არ არის დღეში სხეულის მასის კილოგრამზე ლიპაზას 10000 ეფ. ერთეულზე მეტის მიღება.

 

კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული უკმარისობის სხვა სახეობებისთვის კი დოზა ინდივიდუალურად, საკვების ცხიმოვანი შემადგენლობიდან და საჭმლის მონელების დარღვევების დონიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. საშუალო დოზა, როგორც წესი, 1-2 კაფსულს შეადგენს ყოველი ძირითადი კვების (დღეში 3-ჯერ) დროს. არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის თანდათან გაზრდა. თუ არსებობს აუცილებლობა, პაციენტს შეუძლია, დამატებითი კვების დროს კიდევ ერთი კაფსული დალიოს.

 

გაითვალისწინეთ: პანზინორმ 10000-ის კაფსული დაღეჭვის გარეშე უნდა გადაყლაპოთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. თუ მისი მთლიანად გადაყლაპვა გიჭირთ, შეგიძლიათ, კაფსული გახსნათ და მისი შიგთავსი მჟავე გემოს მქონე საჭმელს (უნდა იყოს რბილი) ან სასმელს შეურიოთ. ასეთი ნარევი დაუყოვნებლივ, დაღეჭვის გარეშე უნდა მიიღოთ — მისი შენახვა არ შეიძლება.

 

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება — მისმა დეფიციტმა შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.



პანზინორმი ფორტე 20000 (10000 ეფ. ერთ. ლიპაზა; 7200 ეფ. ერთ. ამილაზა; 400 ეფ. ერთ. პროტეაზა)

 

მკურნალობა დაბალი დოზებით იწყება — 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ, ძირითადი კვების დროს. პანკრეასული ენზიმების უკმარისობის სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში დოზირების თანდათან გაზრდა შესაძლებელია. როგორც წესი, 1-2 ტაბლეტი ძირითადი კვების დროს, ანუ დღეში 3-ჯერ, საკმარისია. თუკი ამის აუცილებლობა არსებობს, დაშვებულია მსუბუქი წახემსებისას დამატებით 1 ტაბლეტის მიღება. დოზების კიდევ უფრო გაზრდაც შეიძლება, მაგრამ პაციენტს უნდა დაენიშნოს ის უმცირესი დოზა, რომელიც მისი სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ არის აუცილებელი.

 

გაითვალისწინეთ: ბავშვებმა ნაკლები დოზები უნდა მიიღონ.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან. ამასთან, გამოტოვებული დოზის ანაზღაურებისთვის დამატებით ტაბლეტს ან კაფსულს ნუ მიიღებთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

 

რა უკუჩვენებები აქვს პანზინორმს? 

 

მედიკამენტის ანოტაციის თანახმად, პანზინორმ 10000 არ უნდა მიიღოთ, თუ:

 

  • გაქვთ ალერგია მის ნებისმიერ ინგრედიენტზე;
  • აღგენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ან ქრონიკული ანთების გამწვავება.

 

პანზინორმ ფორტე 20000-ის შემთხვევაში ზედა ორი პუნქტი იგივეა და მათ ემატება გაფრთხილება, რომ მედიკამენტი მუკოვისციდოზის მქონე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა დაინიშნოს.

 

გარდა ამისა, ორსულ და მეძუძურ ქალებს შეუძლიათ, პანზინორმი მიიღონ, თუ პოტენციური სარგებელი რისკს ამართლებს.

 

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, პანზინორმის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

როგორია ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები?

პანზინორმის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

 

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • დიარეა;
  • შეკრულობა;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება; 
  • კანის გაღიზიანება უკანა ტანის ირგვლივ.

 

როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის საჭიროებას არ ქმნის. თუმცა, შესაძლოა, ეს აუცილებელი გახდეს, თუ, მაგალითად, გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:

 

  • სახის, კიდურების, ხორხის შეშუპება;
  • ტკივილი და სპაზმები ნაწლავების არეში;
  • მუცლის შებერილობის შეგრძნება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენების სრული სია არ არის და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.