
“ცუდი ჰაერი” — იტალიურიდან სიტყვასიტყვით სწორედ ასე ითარგმნება სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, მალარია. ოდესღაც ითვლებოდა რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო დაბინძურებული ჰაერით ჭაობიან ადგილებში, სახელიც აქედან მომდინარეობს.
მოგვიანებით სერ რონალდ როსმა აღმოაჩინა, რომ არა ცუდი ჰაერი, არამედ კოღოები არიან მალარიის გადამტანები. ამ აღმოჩენისთვის მან 1902 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
დაავადება მალარია
მალარიას პლაზმოდიუმის გვარიდან, სისხლის უმარტივესი პარაზიტები იწვევენ. მათი გადაცემა კი ბუნებრივ პირობებში ანოფელესის — მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. საინტერესოა მალარიის გადაცემის ციკლი. მაგალითად:
- ინფიცირებული ადამიანის დაკბენის შემდეგ ინფიცირდება კოღო;
- ინფიცირებული კოღო კბენს არაინფიცირებულ ადამიანს;
- მალარიის გადამტანი პარაზიტები შეაღწევენ ამ ადამიანის სისხლის მიმოქცევაში და ამგვარად აღმოჩნდებიან ღვიძლში(ზოგიერთი სახეობა ღვიძლში შესაძლოა “მიძინებული” დარჩეს ერთი წლის განმავლობაში);
- როდესაც პარაზიტები მომწიფდებიან, ისინი ტოვებენ ღვიძლს და სისხლის წითელ უჯრედებს აზიანებენ. სწორედ ამ მომენტიდან უვითარდება ადამიანს მალარიის სიმპტომები.
მალარიის გადაცემის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, რადგანაც დაავადების გამომწვევი პარაზიტი მოქმედებს სისხლის წითელ უჯრედებზე -ერითროციტებზე, ადამიანი შესაძლოა დაავადდეს უკვე ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით:
- დედისგან გადაეცეს მუცლად მყოფ ბავშვს.
- შესაძლოა ეს მოხდეს სისხლის გადასხმით.
- უკვე გამოყენებული ნემსის გაზიარებით
როგორია მალარიის სიმპტომები
მალარიის სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა გულისხმობდეს: სიცხეს, შეციებას, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნებას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს, კუნთების, ან სახსრების ტკივილს, დაღლილობას, აჩქარებულ გულისცემასა და სუნთქვას, ხველას. ზოგი ადამიანი, ვისაც მალარია აქვს განიცდის მალარიის “შეტევების” ციკლს. ეს ჩვეულებრივ იწყება შემცივნებითა და კანკალით, რომელსაც მოჰყვება მაღალი სიცხე, ოფლიანობა, შემდეგ კი ჩვეულებრივ ტემპერატურაზე დაბრუნება.
მალარიის ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ გამოვლინდება ინფიცირებული კოღოს მიერ დაკბენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ტიპის პარაზიტი, შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში დარჩეს ერთ წლამდე.
ალბათ გაინტერესებთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ მალარიის გავრცელების რისკის რეგიონში მოგზაურობის შემდეგ გაწუხებთ მაღალი ტემპერატურა. თუ გაქვთ მძიმე სიმპტომატიკა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო პუნქტს.
როგორ ხდება დაავადების გავრცელება?
2022 წელს გლობალურად მალარიის დაახლოებით 249 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან კი გარდაცვალებით 608 000 შემთხვევა დასრულდა. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე მალარია მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მალარიით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკფაქტორია იმ ადგილებში ცხოვრება, ან მოგზაურობა, სადაც დაავადება გავრცელებულია; ასეთია ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონები: სუბსაჰარის აფრიკა, სამხრეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი აზია, წყნარი ოკეანის კუნძულები, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთი ნაწილი, ასევე ცენტრალური ამერიკა.
მალარიით ინფიცირების რისკის ხარისხი დამოკიდებულია, თუ როგორ მართავენ ამ ადგილებში დაავადებას, სეზონურ ცვლილებებსა და მალარიის მაჩვენებლის ურთიერთქმედებაზე და ასევე იმ პრევენციულ გზებზე, რომელსაც იღებთ, რათა თავიდან აიცილოთ კოღოს ნაკბენი.
მალარიის პრევენციის გზები
თუკი თქვენ ცხოვრობთ, ან მოგზაურობთ რეგიონში, სადაც მალარიით დაავადების მაღალი რისკია, პრევენციისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:
- პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება ტანსაცმელს. დაიფარეთ კანი სრულად. ჩაიცვით გრძელმკლავიანი მაისურები, პერანგი. ფეხები კი დაიცავით შარვლითა და წინდებით.
- კანზე წაისვით მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. რეპელენტი ტანსაცმელზეც. მაგალითად პერმეტრინის შემცველი სპრეი უსაფრთხოდ გამოიყენება ტანსაცმელზეც.
- დაიძინეთ ბადის ქვეშ. გამოსადეგია საწოლის ბადეები, რომლებიც უკვე დამუშავებულია მწერების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით.
პრევენციის მეთოდებს მიმართეთ ასეთ ადგილებში გამგზავრებამდეც, მაგალითად:
მოგზაურობამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ უნდა მიიღოთ თუ არა შესაბამისი მედიკამენტები. დარჩით კონტაქტზე ექიმთან მოგზაურობის პერიოდშიც და დაბრუნების შემდეგაც. ასევე გამოიყენება ვაქცინებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გაუწია მალარიის ვაქცინას ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ მალარიის შემთხვევების მაღალი რაოდენობით ქვეყნებში.მკვლევრები აგრძელებენ მალარიის ვაქცინების შემუშავებას და შესწავლას დაავადების თავიდან ასაცილებლად.
რისი წამალია პლაქვენილი?
პლაქვენილი, რომლის საერთაშორისო სახელი - ჰიდროქსიქლოროქინია სხვადასხვა მიზნობრიობით გამოიყენება, მათ შორის მალარიის პროფილაქტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის. პლაქვენილი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიც არის ხელმისაწვდომი.
ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი გამოიყნება ისეთი ჩვენებების დროს, როგორიცაა რევმატული და დერმატოლოგიური ჩივილები, სისტემური წითელი მგლურა, ქრონიკული ართრიტი ახალგაზრდებში და სხვა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ინიშნება მალარიის მკურნალობისთვისაც.
ყურადღებით გაეცანით წამლის ანოტაციას, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენეს. მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account