კოქსიქეა — რა უნდა ვიცოდეთ ამ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატზე

 

კოქსიქეა (Koxikea) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და ზრდასრულებში გამოიყენება შემდეგი მიზნებით:

 

  • ოსტეოართრიტის (სახსრების დაავადება, რომელიც ხრტილის დაშლას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს) სამკურნალოდ;
  • რევმატოიდული ართრიტის (ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა სახსრის ამომფენ სინოვიურ მემბრანას უცხოდ აღიქვამს და მის განადგურებას ცდილობს) სამკურნალოდ;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტის (ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს მსხვილ სახსრებს, ხერხემალს და სხვა ორგანოებს) სიმპტომური მკურნალობისთვის;
  • მწვავე პოდაგრულ ართრიტთან (პოდაგრის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ხასიათდება სახსრის უეცარი, მწვავე და პროგრესირებადი ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდვით) დაკავშირებული ტკივილისა და ანთებითი მოვლენების შესამსუბუქებლად;
  • სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ წარმოქმნილი საშუალო სიმძიმის ტკივილის მოსახსნელად ხანმოკლე თერაპიის სახით.

 

კოქსიქეა აფთიაქებში ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, შემდეგი ვერსიებით: 60 მგ. 90მგ. ან 120მგ. მედიკამენტის ფასები ამ მონაცემების მიხედვით განსხვავებულია.

 

როგორია კოქსიქეას მიღების წესი და დოზირება?

 

კოქსიქეას ანოტაციის თანახმად, მედიკამენტი პერორალურად, ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს, დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. 

 

პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე — მის გარეშე.

 

რაც შეეხება რეკომენდებულ დოზებს, მოდით, ისინი სხვადასხვა დაავადების შემთხვევისთვის განვიხილოთ:

 

  • ოსტეოართრიტი: დღეში ერთხელ 30 მგ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 60 მილიგრამამდე გაიზარდოს.
  • რევმატოიდული ართრიტი: დღეში ერთხელ 60 მგ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 90 მილიგრამამდე გაიზარდოს.
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი: დღეში ერთხელ 60 მგ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 90 მილიგრამამდე გაიზარდოს.
  • მწვავე პოდაგრული ართრიტი: დღეში ერთხელ 120 მგ. არაუმეტეს 8 დღის განმავლობაში — მიიღება მხოლოდ მწვავე ტკივილის შემთხვევაში.
  • სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილი: დღეში ერთხელ 90 მგ. არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.

 

გარდა ამისა, მწვავე ტკივილის თანხლებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების შემთხვევაში კოქსიქეას მოხმარება რეკომენდებულია მხოლოდ მწვავე სიმპტომურ პერიოდში.

 

გაფრთხილება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

 

ამასთან, თუ დოზა გამოგრჩათ, მედიკამენტი ამის გაცნობიერებისთანავე მიიღეთ, თუმცა თუ შემდეგი მიღების დრო მოახლოებულია, აღდგენაზე ნუ იფიქრებთ და ჩვეულ განრიგს მიჰყევით. ასანაზღაურებლად გაორმაგებულ დოზას ნუ მიიღებთ.

 

რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს? 

 

კოქსიქეას ანოტაციის მიხედვით, მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

 

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
  • ალერგია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილება;
  • აქტიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • ცერებროვასკულარული (სისხლჩაქცევა ტვინში) ან სხვა ტიპის სისხლდენა;
  • ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან აქტიური დაავადება;
  • თირკმელების პროგრესირებადი დაავადება;
  • თირკმლების გამოხატული უკმარისობა;
  • დადასტურებული ჰიპერკალიემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში კალიუმის დონე ნორმას აღემატება);
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები გამწვავების ფაზაში;
  • არტერიული წნევა, რომელიც 140/90 ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრს აჭარბებს და კონტროლს საკმარისად არ ექვემდებარება;
  • გულის გამოხატული უკმარისობა;
  • პერიფერიული არტერიების დაავადებები;
  • სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში);
  • გადატანილი აორტოკორონარული შუნტირება (შუნტირების შემდგომი პერიოდი);
  • ცერებროვასკულარული დაავადებები (ტერმინი იმ სამედიცინო მდგომარეობების აღსაწერად, რომლებიც ტვინში სისხლის ნაკადზე ზემოქმედებს);
  • ჰემოფილია (იშვიათი პათოლოგია, რომელიც ხასიათდება სისხლის შედედების პროცესის დარღვევით, რის შედეგადაც დაავადებულს აქვს მიდრეკილება ხანგრძლივი სისხლდენისკენ) და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;

 

საგულისხმოა, რომ, გარდა ამისა, კოქსიქეა არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

 

ამასთან, არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და პრეპარატები, რომლებთან ერთადაც კოქსიქეას მოხმარება არ არის რეკომენდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, კოქსიქეას გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ გართულებები.

 

როგორია კოქსიქეას გვერდითი მოვლენები? 

 

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, კოქსიქეამაც შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს იმ პაციენტებში, რომლებიც მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარენი არიან. 

 

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოქსიქეას მიღება და ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს მიმართეთ.

 

  • ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, კიდურების შეშუპება, რომელიც ძლიერდება;
  • ძლიერი ან გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის არეში;
  • სიყვითლე (ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებს);
  • შავი ფერის განავალი;
  • ალერგიული რეაქციები, როგორებიც არის გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნა; ენის, ტუჩების, სახის შეშუპება, რამაც შეიძლება სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.

 

გარდა ამისა, კოქსიქეას მოხმარებას შეიძლება თან ახლდეს სხვა გვერდითი ეფექტებიც, რომლებსაც ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით დავაჯგუფებთ.

 

ძალიან ხშირად:

  • ტკივილი კუჭის არეში.

 

ხშირად:

  • ფეხების შეშუპება (გამოწვეულია ორგანიზმში წყლის შეკავებით);
  • პირის სიმშრალე;
  • ტკივილი და ანთებითი მოვლენები პირის ღრუში კბილის ამოღების შემდგომ პერიოდში;
  • პალპიტაცია (გულისცემის აჩქარება), არითმია;
  • თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის მომატება;
  • მეტეორიზმი, შეკრულობა, გულძმარვა, გასტრიტი, დიარეა, დისპეფსიური მოვლენები (საჭმლის მონელების მოშლა), გულისრევის შეგრძნება, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, საყლაპავის გაღიზიანება;
  • ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება);
  • სისხლჩაქცევები;
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება;
  • დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები. 

 

არახშირად:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება);
  • საშარდე ტრაქტის ინფექციები;
  • ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (თრომბოციტების, ლეიკოციტებისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირება);
  • მადის მომატება ან დაქვეითება; 
  • წონაში მატება;
  • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები);
  • გონებრივი აქტივობის გაუარესება, დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციები;
  • ძილიანობა, უძილობა, გემოს შეცვლა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება;
  • ვერტიგო (სხეულის ბრუნვის შეგრძნება), შუილი ყურებში;
  • თვალების სიწითლე და გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა;
  • გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდიული ტკივილი (სტენოკარდია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულმკერდის არეში ტკივილით ან დისკომფორტით, გამოწვეული გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგებით); 
  • სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, სუნთქვის გაძნელება/დარღვევა;
  • გარდამავალი იშემიური შეტევა (ტვინის ფუნქციის დროებითი მოშლა, რომელიც მისი სისხლმომარაგების ხანმოკლე შეწყვეტით არის გამოწვეული), ინსულტი, სისხლძარღვების ანთება, ჰიპერტონიული კრიზი (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის მკვეთრი და მნიშვნელოვანი მატებით);
  • გასტროინტესტინალური დარღვევები (გულისრევა, ფაღარათი);
  • ნაწლავის პერისტალტიკის (კუჭის, ნაწლავების კედლების ტალღისებური შეკუმშვა-მოდუნება) ხასიათის ცვლილება;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც კუჭს-ნაწლავის ტრაქტს აზიანებს);
  • კუჭის წყლული და ანთებითი პროცესები, რომლებიც შეიძლება სისხლდენითა და პერფორაციით (რაიმე ორგანოს კედლის გამჭოლი დაზიანება) გართულდეს;
  • პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
  • კუნთების სპაზმი, ტკივილი და დაჭიმულობა; 
  • კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი;
  • შეშუპება სახის არეში;
  • სისხლში კალიუმის დონის მომატება;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

 

იშვიათად:

  • გაღიზიანება, მოუსვენრობა;
  • ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი);
  • ანგიოედემა (ალერგიული რეაქცია, რომელიც ზემოქმედებს სახის ნაწილებზე, როგორებიც არის, მაგალითად, თვალები ან ტუჩები), რამაც შეიძლება სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი გამოიწვიოს. ასეთი მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს;
  • სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;
  • კანის მნიშვნელოვანი დაზიანებები/რეაქციები;
  • ღვიძლის უკმარისობა, კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე.