კონკორი – პრეპარატი მაღალ არტერიულ წნევასთან საბრძოლველად

გულის პრობლემები სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის – ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს და ამან სავალალო შედეგებიც გამოიწვიოს. ჯანმრთელობის პრობლემებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი წილი სწორედ გულის დაავადებებზე მოდის, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს სამუდამოდ ცვლის. სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ქრონიკული უკმარისობა – თითოეული მათგანი, სათანადო ყურადღების არარსებობის პირობებში, შესაძლოა, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს. ლეტალური განვითარების მიღმაც, გულის დაავადებას ადამიანის ყოველდღიურობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია: ამ ტიპის პაციენტები მუდმივად განიცდიან ტკივილს, გადაღლილობას, უჰაერობას, რაც საქმიანობაში პროდუქტიულობასა და სოციალურ ცხოვრებაზე დამანგრევლად მოქმედებს.  

შესაბამისად, გულის დაავადებებთან დაკავშირებული უმცირესი სიმპტომების წაყრუებაც კი საკუთარი ჯანმრთელობის უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას უდრის, რასაც ნებისმიერ ფასად უნდა მოერიდოთ. რა თქმა უნდა, მეცნიერება აღნიშნულ უარყოფით ტენდენციას გულხელდაკრეფილი არ უცქერს – მედიცინა გულის პრობლემებთან საბრძოლველ არსენალს მუდმივად ავითარებს. ერთ-ერთი საშუალება კი კონკორია (საერთაშორისო დასახელებით ბისოპროლოლი), ბეტა-ბლოკატორი, რომელმაც პროფესიონალთა შორის ავტორიტეტი საიმედოობისა და ეფექტიანობის წყალობით მოიპოვა. გაეცანით ბლოგს და გაიგეთ, რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიიღოთ კონკორი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად. 

კონკორის ანოტაცია 

კონკორი სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორია, რომელიც აღჭურვილია ლიპოფილურ-ჰიდროფილური თვისებებით. პრეპარატს თერაპიული დოზით გამოყენებისას შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა (სიმპათომიმეტური პრეპარატები ორგანიზმში ადრენერგულ რეცეპტორებს ასტიმულირებენ, რაც გულისცემის გახშირებას, არტერიულ წნევას და ბრონქოდილაციას იწვევს) და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები არ ახასიათებს.

კონკორის მოქმედი ნივთიერება ბისოპროლოლია, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, კროსპოვიდონს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, სიმინდის სახამებელს, კალციუმის ჰიდროფოსფატს, დიმეტიკონ 100-ს, მაკროგოლ 400-ს, რკინის ოქსიდს, ტიტანის ოქსიდსა და მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას. პსპ-ს აფთიაქთა ქსელში, 5მგ-იანი ტაბლეტების გარდა, ხელმისაწვდომია კონკორი 10მგ-იანი ტაბლეტების შემცველობითაც. ასევე, ქსელში შეგიძლიათ მოიძიოთ კონკორის თურქული და გერმანული წარმოების ვარიანტები.  

კონკორს ანტიანგინალური მოქმედება გააჩნია. მედიკამენტი გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის შემცირების, არტერიული წნევის დაქვეითების შედეგად ამცირებს მიოკარდიუმის მოთხოვნას ჟანგბადზე. საბოლოოდ, სისტოლური წნევის შემცირებისა და დიასტოლის გახანგრძლივების ხარჯზე, მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება უმჯობესდება.

გულის შეკუმშვათა ძალის შემცირების, თირკმლების მიერ რენინის სეკრეციის დათრგუნვის, აორტის რკალისა და კაროტიდული სინუსის ბარორეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად, კონკორს ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) მოქმედება ახასიათებს. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღებისას, მცირდება თავდაპირველად მომატებული საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობა.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, კონკორი დაავადების პროგრესირების გამომწვევ სიმპატო-ადრენალური და რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობას თრგუნავს. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას, მისი მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათია.

პერორალური (პირის ღრუს საშუალებით) მიღებისას, პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა დაახლოებით 90%-ს უტოლდება და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. სისხლში კონკორის მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან 1-3 საათში მიიღწევა, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 30%-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოყოფას, ღვიძლში „პირველი გასვლის“ ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული (10%-ზე ნაკლები). კონკორის მიღებული დოზის თითქმის 50% ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით ბიოტრანსფორმაციას განიცდის. დაახლოებით თირკმელების საშუალებით ორგანიზმიდან პრეპარატის თითქმის 98% გამოიყოფა: 50% შეუცვლელი სახით, დანარჩენი კი მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 2%-ს ორგანიზმი ნაწლავების საშუალებით გამოყოფს. ნახევარგამოყოფის პერიოდი, საშუალოდ, 10-12 საათს შეადგენს.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აქტიური ნივთიერება ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია – მისი მაჩვენებლები ასაკზე არაა დამოკიდებული. ასევე, ღვიძლისა და თირკმელების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებს პრეპარატის დოზის კორექცია არ სჭირდებათ. როგორც წესი, კონკორი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის), გულის იშემიური დაავადებისა (სტენოკარდიის) და გულის ქრონიკული უკმარისობის დროს. 

კონკორის დანიშნულება – მიღების წესი და დოზები  

თუ სხვა მითითება არ არსებობს,  არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებს კონკორის 1 ტაბლეტი ენიშნებათ დღეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს ნახევარი ტაბლეტი კონკორი (2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დღე-ღამეში ერთჯერადად ორი ტაბლეტიც დაინიშნოს (10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). დოზის შემდგომი გაზრდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, დოზა ინდივიდუალურად, პულსის სიხშირისა და მკურნალობის წარმატების გათვალისწინებით შეირჩევა. 

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ასევე ასაკოვანი პაციენტებისათვის, კონკორი ჩვეულებრივი, სტანდარტული დოზირებით გამოიყენება. რაც შეეხებათ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებისა (როცა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია) და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ავადმყოფებს, მათ შემთხვევაში ბისოპროლოლის ფუმარატის (კონკორის) სადღეღამისო დოზა 10 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

კონკორი ენიშნებათ ზომიერად გამოხატული და გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გამწვავება არ აღენიშნებოდათ.
ადრე დანიშნული სამკურნალო პრეპარატების შეცვლა კონკორის მიღებამდე სულ მცირე ორი კვრით ადრე რეკომენდებული არ არის.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს კონკორი აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატატორებთან, აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), დიურეტიკებთან და, აუცილებლობის შემთხვევაში, საგულე გლიკოზიდებთან ერთად ენიშნებათ. ასეთი დიაგნოზის მკურნალობისას რეკომენდებულია შემდეგი დოზირება: 

  • მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, დღეში ერთხელ 1.25მგ; 
  • მე-2 კვირის განმავლობაში ეს დოზა ორმაგდება და 2.5მგ-ს აღწევს (5მგ-იანი კონკორის ერთი ტაბლეეტის ნახევარი);
  • მე-3 კვირის დოზა დღეში 3.75მგ-ს შეადგენს;
  • მე-4 კვირიდან მე-8 კვირამდე ინიშნება 5მგ (კონკორი 5მგ-ის 1 ტაბლეტი ან კონკორი 10მგ-ის ნახევარი ტაბლეტი);
  • მე-8 კვირიდან მე-12 კვირამდე დოზა 7.5მგ-მდე იზრდება;
  • მე-12 კვირიდან კი კონკორის მაქსიმალური დოზა – 10მგ ინიშნება.

რა თქმა უნდა, ექიმს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, დოზის კორექცია შეუძლია. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტი კონკორით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში უნდა იყოს გამოკვლეული (უნდა შემოწმდეს არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება). გვერდითი მოვლენების აღმოცენებამ, შესაძლოა, დოზის კორექცია გამოიწვიოს. 

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, დოზები თანდათანობით შემცირდეს. გამოუვალ სიტუაციაში, მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს და შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. პრეპარატის აუტანლობისას ან დოზის მომატების პროცესში გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისას, რეკომენდებულია, პირველ რიგში, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა – ეს გაუარესება მოიცავს გამოხატულ ჰიპოტონიას (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაქვეითება), გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებას, რომელსაც თან ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (პარკუჭში იმპულსების გავრცელების შეფერხება) ახლავს.

ტაბლეტი დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით უნდა მიიღოთ. კონკორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.

პრეპარატით მკურნალობა ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას მოითხოვს. როგორც წესი, კონკორით მკურნალობის კურსი ხანგრძლივია – არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. გაითვალისწინეთ, რომ კონკორით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ერთბაშად (განსაკუთრებული შემთხვევის გარდა), ეს დოზის თანდათანობით შემცირების გზით უნდა მოხდეს – ამ მითითებას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მიუდგნენ კორონარული სისხლძარღვების დაავადებებისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები (ასეთ ავადმყოფებში დოზის შემცირება უნდა ხდებოდეს 2-ჯერ ყოველკვირეულად). ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ზედოზირება ძირითადად გამოიხატება ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტონიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის სახიფათო შენელებით – ასეთ დროს კონკორით მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭირო კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და დაუყოვნებელი კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები  

როგორც ნებისმიერ პრეპარატს, გვერდითი მოვლენები კონკორსაც ახასიათებს. ვინაიდან კონკორი გულის პრობლემების სამკურნალო საშუალებაა, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ – გვერდითი ეფექტი ასეთ დროს შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს, ამიტომ კარგად გაეცანით მათ ჩამონათვალს და დაიცავით ქვეთავში მოცემული სიფრთხილის ზომებიც, რათა ასეთი შემთხვევების გამოვლენის ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ. 

არ არის რეკომენდებული კონკორის გამოყენება შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკული ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები) გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია: მაო-B-ს ინჰიბიტორი) დროს.

კანის ქრონიკული დაავადების, ფსორიაზის არსებობისას, პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებლის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ. დერმატოლოგიურ რეაქციათა შორის ვხვდებით ქავილს, კანის შეწითლებას, ოფლიანობასა და გამონაყარსაც. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, კონკორმა შესაძლოა ფსორიაზის განვითარება გამოიწვიოს, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები, ან მიიღოთ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. 

ნერვული სისტემის მხრივ გვერდით ეფექტთა შორის, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას, შესაძლოა განვითარდეს, მაგალითად, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიკური დარღვევები – დეპრესია და იშვიათად ჰალუცინაციებიც კი. ამ მოვლენებს ჩვეულებრივ, მსუბუქი ხასიათი აქვს და, როგორც წესი, თითოეული მათგანი ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.

შესაძლოა, აღინიშნოს მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ამ ტიპის ეფექტების განვითარების ალბათობა საკმაოდ დაბალია. 

ბუნებრივია, გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივაც. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში. თერაპიის დასაწყისში, აღწერილია სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები.

თუ ხართ ბრონქოსპაზმებისკენ მიდრეკილი ადამიანი და, მაგალითად, გაქვთ ასთმური ბრონქიტი, შეიძლება ქოშინი აღგენიშნოთ. 

ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ათროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონოართრიტი ან პოლიართრიტი).

ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას. ამიტომ, თუ თქვენს თავს ასეთ ნიშნებს შეატყობთ, გთხოვთ, გაუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას და ავტომობილის მართვისგან თავი შეიკავოთ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ:

  • გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და თქვენს სისხლში გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს – შესაძლოა, კონკორმა ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შენიღბოს;
  • იცავთ მკაცრ დიეტას;
  • გაქვთ მეტაბოლური აციდოზი (ქსოვილებში მჟავა პროდუქტების ჭარბი დაგროვება);
  • თუ ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები აღგენიშნებათ პრეპარატის აქტიურ ან რომელიმე დამხმარე ნივთერების მიმართ;
  • იტარებთ მადესენსიბილიზებელ თერაპიას;
  • აღგენიშნებათ I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
  • გაქვთ ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინციმეტალის სტენოკარდია).

კონკორის გავლენა ორსულობასა და ლაქტაციაზე  

კონკორის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული! ასევე, არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ, გამონაკლის შემთხვევაში, კონკორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილში პულსის გაიშვიათების, სისხლში შაქრის დონის შემცირებისა და სუნთქვის დათრგუნვის განვითარება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება, ჩვეულებრივ, პირველი 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

კონკორის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან  

მოერიდეთ კონკორის ერთდროულ მიღებას სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად, რადგან შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს. რეზერპინით, ალფა-მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპარატებით ან გუანფაცინით ერთდროული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, ლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნების გატარების შეფერხება. კლონიდინით კონკორთან ერთად მკურნალობისას, წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკორის მიღება რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტეთ. სხვა შემთხვევაში, მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი გაზრდა.

თუ კონკორთან ერთად სიმპატომიმეტურ საშუალებებს (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებები, ცხვირისა და თვალის წვეთებში შემავალი) იღებთ, ასე კონკორის მოქმედებას ასუსტებთ. ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას, შესაძლოა გაძლიერდეს კონკორის წნევის დამწევი მოქმედება. ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრი შემცირება, გულის რითმის სხვა დარღვევები და/ან გულის უკმარისობის განვითარება. ამიტომ კონკორით მკურნალობის დროს არაა რეკომენდებული კალციუმის ანტაგონისტებისა და ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.

ერგოტამინის წარმოებულებისა (მაგალითად, შაკიკის საწინააღმდეგო ერგოტამინის შემცველი საშუალებები) და კონკორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა გააძლიეროს.

კონკორის ინსულინთან ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელთა მოქმედება. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (კერძოდ გახშირებული პულსი) შეიძლება შეინიღბოს ან შემსუბუქდეს. ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტრლს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კონკორით მკურნალობის დაწყებამდე, თქვენი მკურნალი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც კონსულტაციამდე იღებდით ან იღებთ. 

პრეპარატის შენახვა და სხვა მონაცემები 

როგორც უკვე აღინიშნა, ბაზარზე ხელმისაწვდომია კონკორის 5 და 10მგ-იანი ტაბლეტები. შესაძლოა შეიძინოთ როგორც 30, ისე 50 ტაბლეტიანი შეფუთვები. კონკორის ვარგისიანობის ვადა 5 წელიწადს შეადგენს, შეინახეთ ის 30ºC­ ზე ნაკლებ ტემპერატურაზე და გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ. დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად გეტყვით, რომ ვარგისობის ვადაში იგულისხმება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე. 

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება ნაგავში და გამდინარე წყალში — საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ, გარემოზე ზრუნვაც არ არის ცუდი არჩევანი. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს და ამ კეთილშობილური მიზნის შესრულებაში ის დაგეხმარებათ.

მედიცინა წინ მიდის, ის დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ დაუძლეველი გვეგონა, ახლა დამარცხებულია. კონკორი ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგია – ის საშუალებაა, რომელიც სწორი მიღებისას გულის არაერთ პრობლემას ეფექტიანად აკონტროლებს. შესაბამისად, ნუ შეგეშინდებათ გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის, ხსნა კონკორის სახით ნამდვილად არსებობს და მას პსპ-ს აფთიაქთა ქსელში იპოვით.