კეტილეპტი — პრეპარატი ფსიქიკური დაავადებების სიმპტომების შესასუსტებლად

კეტილეპტი შემოგარსული ტაბლეტების სახით წარმოებული მედიკამენტია. ის ანტიფსიქოზური პრეპარატების კლასს მიეკუთვნება და აქტიურ ნივთიერება კვეტიაპინს შეიცავს.

კეტილეპტში კვეტიაპინის დოზირება განსხვავებულია. მათ შორის, აფთიაქებში 25მგ, 50მგ, 100მგ, 150მგ, 200მგ და 300მგ კვეტიაპინის შემცველი კეტილეპტის ტაბლეტებია ხელმისაწვდომი.

კეტილეპტი 25მგ-ის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია, კეტილეპტი 100მგ-ში, კეტილეპტი 150მგ-ში, კეტილეპტი 200მგ-სა და კეტილეპტი 300მგ-ში კი - 60. რაც შეეხება მეექვსე დოზირებას, კეტილეპტი 50მგ პროლონგს, მის ერთ შეკვრაში 60 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტია.

კეტილეპტი II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და ფორმა #3 რეცეპტით გაიცემა.

კეტილეპტის ანოტაცია  

როგორც აღვნიშნეთ, კეტილეპტი ანტიფსიქოზური საშუალებაა. მას უნიშნავენ პაციენტებს, რომლებიც განწყობის ცვლილების გამო აგზნებულნი არიან, ბევრს ლაპარაკობენ, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ და უჩვეულო გაღიზიანება ახასიათებთ.

აღნიშნული პრეპარატი, მასში შემავალი კვეტიაპინის დახმარებით, ფსიქიკური დაავადებების ისეთ სიმპტომებს ასუსტებს, როგორიცაა ჰალუცინაციები, უცნაური და საშიში აზრები, მარტოობისა და დაბნეულობის შეგრძნება.

შესაბამისად, კეტილეპტი შემდეგი ფსიქიკური დაავადებების დროს გამოიყენება:

შიზოფრენია - ხელს უწყობს სიმპტომების მართვას, როგორიცაა ჰალუცინაციები, ბოდვები და აზროვნების დარღვევა.

ბიპოლარული აშლილობა - გამოიყენება როგორც მანიაკური, ასევე დეპრესიული ეპიზოდების სამართავად.

ძირითადი დეპრესიული აშლილობა (MDD) - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია კლინიკური დეპრესიის სახელწოდებით. ზოგიერთ შემთხვევაში კეტილეპტს მიმართავენ, როგორც დამხმარე მკურნალობას სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD) – რიგ შემთხვევებში კეტილეპტში შემავალ კვეტიაპინს შფოთვის სიმპტომების სამართავად იყენებენ.

კეტილეპტის მიღების წესი და დოზირება  

კეტილეპტის ტაბლეტები წყლის მიყოლებით, მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. მათი დაღეჭვა სასურველი არ არის. კეტილეპტის დოზები კი სპეციალისტის მიერ უნდა განისაზღვროს.

ჩვეულებრივ, ექიმი პაციენტს დღე-ღამეში 50 მგ დოზას უნიშნავს (25 მგ-იანი 2 ტაბლეტი). თუმცა ზოგჯერ სპეციალისტმა დოზირება შესაძლოა, შემდეგნაირად განსაზღვროს: პირველ დღეს - 100 მგ, მეორე დღეს - 100 მგ ან 200 მგ, მესამე დღეს - 200 მგ ან 300 მგ და მეოთხე დღეს - 300 მგ ან 400 მგ.

ექიმის გადაწყვეტილებით, თერაპიის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება დღეში 150 მგ-დან 800 მგ-მდე შეიცვალოს.

ამის შემდეგ სპეციალისტი ყოველდღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობას განსაზღვრას. ექიმის ინსტრუქციების დაცვა აუცილებელია, როგორც ტაბლეტების მიღების დროსთან, ისე წესთან დაკავშირებით (ჩვეულებრივ, დღეში 2-ჯერ).

ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე მათ შემთხვევაში, ვისაც ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები აღენიშნებათ, როგორც წესი, სპეციალისტი პრეპარატის მცირე დოზას ნიშნავს.

საყურადღებოა, რომ ექიმის გაფრთხილების გარეშე კეტილეპტით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება.

კეტილეპტის უკუჩვენებები 

კეტილეპტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ადრე არსებული ალერგიული რეაქციების დროს კვეტიაპინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე.

თავი უნდა შეიკავოთ კეტილეპტისა და მაო-ს ინჰიბიტორების კლასის ანტიდეპრესიულების ერთდროულად მიღებისგან, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ეს საშუალებები 14 დღეზე ნაკლები ხნის წინ გამოიყენეთ.

კეტილეპტის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.

კეტილეპტის გვერდითი მოვლენები  

კეტილეპტის გვერდითი მოვლენები შეიძლება ინდივიდის, დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდებოდეს.

ძილიანობა: კეტილეპტის აქტიური ნივთიერება კვეტიაპინი ცნობილია თავისი სედაციური მოქმედებით, რომელიც უძილობის დროს ეფექტიანია, თუმცა, ზოგჯერ, დღის განმავლობაში გადაჭარბებულ ძილიანობასაც იწვევს. ამ თვისების გამო, კეტილეპტი საძილე საშუალებადაც გამოიყენება, თუმცა პრეპარატის აღნიშნული დანიშნულებით მიღებისას სიფრთხილის გამოჩენა და ექიმის რჩევაა საჭირო.

თავბრუსხვევა: ორთოსტატული ჰიპოტენზიის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა მოულოდნელად ადგომისას და სხვა მკვეთრი მოძრაობებისას.

წონის მომატება: მადის ზრდის გამო, მომხმარებლების დიდი ნაწილი კეტილეპტით მკურნალობისას წონის მატებას განიცდის.

გაზრდილი ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები: პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლიპიდების დონეზე და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკი.

სისხლში შაქრის მომატება: ზოგიერთ შემთხვევაში, კეტილეპტმა შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის მომატებას, რაც დიაბეტის რისკს ზრდის.

დაბალი არტერიული წნევა: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას.

ამას გარდა, კეტილეპტის გვერდით მოვლენებს შორის შევხვდებით პირის სიმშრალესა და ყაბზობას.

სერიოზული, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს მძიმე ალერგიულ რეაქციებსაც, კრუნჩხვებს ან ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში ნევროლოგიური აშლილობაა.

ასევე იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ექსტრაპირამიდული სიმპტომები. ეს მოიცავს მოძრაობის დარღვევებს, როგორიცაა ტრემორი, კუნთების უნებლიე მოძრაობა. ზოგიერთი მომხმარებელი კი მხედველობის გაუარესებას უჩივის.

რისკების თავიდან ასარიდებლად, კეტილეპტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში.