
მედიკამენტი ვენოდიოლი ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ანთებითი სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც მის ანოტაციაში ვკითხულობთ, თითო შეფუთვა შედგება ვენოდიოლის 30 ტაბლეტისგან, რომლებიც სამი ინგრედიენტის: დიოსმინის, ჰესპერიდინისა და ასკორბინის მჟავის (იგივე ვიტამინი C) კომბინაციით მზადდება.
დიოსიმინი ფართოდ გამოყენებადი ნივთიერებაა ფარმაცევტულ პროდუქტებში და მას ძირითადად, სწორედ ჰესპერიდინთან აწყვილებენ. დიოსმინი და ჰესპერიდინი განეკუთვნებიან ბიოფლავონოიდებს. ეს ტერმინი, ბიოფლავონიდი, უბრალოდ აღნიშნავს მცენარეულ ნაერთებს, როლმლებიც მოიპოვებიან მწვანე ციტრუსების ქერქში, ასკილსა და შავ მოცხარში.
ბიოფლავონიდები, როგორც ანტიოქსიდანტები სასარგებლოა სხვადასხვა ანთებების შემსუბუქებისთვის. მათი კიდევ ერთი სასარგებლო თვისება ორგანიზმში ვიტამინ C-ს შეთვისებას უკავშირდება.
დიოსმინი და ჰესპერიდინი ორივე მიიღება ციტრუსების ქერქისგან, ისინი გამოიყენება, როგორც ნუტრიციული დანამატი და ეხმარება ჩვენს ორგანიზმს, იმუნურ სისტემას, რომ გაუმკლავდეს დაზიანებებს.
დიოსმინისა და ჰესპერიდინის თერაპიას ძირითადად რეკომენდაციას უწევენ ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) სიმპტომების შემსუბუქებისთვის, ასევე ვენური დაზიანებების და ზოგადად სუსტი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის.
ვენოდიოლის მიღების წესი
ვენოდიოლის თერაპია, ძირითად შემთხვევებში, მოკლე ვადით, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გრძელდება. უმეტეს შემთხვევაში, ვენოდიოლის 500 მილიგრამიანი დიოსმინი/ჰესპერიდინის შემცველობის თითო ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ, დღის განმავლობაში ორჯერ.
ვენოდიოლის ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ორალურად, დაღეჭვის გარეშე, წყალთან ერთად. მედიკამენტის დოზირება შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი საჭიროების გათვალისწინებით. აუცილებელია თქვენს ექიმთან შეათანხმოთ თერაპიის ხანგრძლივობის და დოზირების გეგმა. აქ დოზირების მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებს გთავაზობთ.
- ვენების ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში, ძირითადად დღის განმავლობაში, ვენოდიოლის 2 ტაბლეტის მიღება ინიშნება 3-6 თვის ვადებში.
- ჰემოროიდული დაავადებისთვის ვენოდიოლის მიღება მოკლე ვადით არის რეკომენდებული. ვენოდიოლის 2-4 ტაბლეტი ინიშნება მკურნალობის საწყისი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი დარჩენილი 3 დღის განმავლობაში.
- ვარიკოზული ვენებისთვის ვენოდიოლის დოზირება შეიძლება 2-4 ტაბლეტი იყოს 6 თვის განმავლობაში.
ვენოდიოლის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება
ვენოდიოლის პრეპარატის მოკლევადიანი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია. მისი ხანგრძლივად გამოყენების გავრცელებული გვერდითი მოვლენები მოიცავს:
- მუცლის ტკივილს;
- დიარეას;
- გულისრევის შეგრძნებას.
იშვიათ შემთხვევებში მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის შეგრძნება; თავის ტკივილი; გამონაყარი და ქავილის შეგრძნება. ამ გვერდით მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის მიღებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, განსაკუთრებით თუ ხართ ფეხმძიმედ ან მეძუძური დედა. გარდა ამისა დიოსმინი/ჰესპერიდინის მოხმარებამ შეიძლება შეაფერხოს სისხლის შედედების პროცესი, ამიტომ თუ გაქვთ სისხლთან დაკავშირებული პრობლემები, მოერიდეთ მის მიღებას ან შეათანხმეთ ექიმთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account