ენდომეტრიოზი - რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ

 

სარჩევი:

რა არის ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები

რისკ ფაქტორები

ენდომეტრიოზის გართულებები

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა

ენდომეტრიოზის მკურნალობა

როდის მივმართოთ ექიმს

 

რა არის ენდომეტრიოზი

 

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება. ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ყოველთვიურად იზრდება და იშლება მენსტრუალური ციკლის პერიოდში. მაგრამ ენდომეტრიოზის დროს ეს ლორწოვანი გარსი საშვილოსნოს გარეთ ჩნდება, მაგალითად, საკვერცხეებზე, ფალოპის მილებზე ან მენჯის სხვა ორგანოებზე.


ლორწოვანი გარსის ეს ნაწილები ისევე ფუნქციონირებენ, როგორც საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი გარსი. ისინი სქელდებიან, იშლებიან და იწყება სისხლდენა ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს. რადგან ისინი საშვილოსნოს გარეთ არიან, სისხლს წასასვლელი არსად აქვს. ამის გამო იწყება ტკივილი, ანთება და სხვა გართულებები.


ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ექიმთან  ვიზიტი და შესაბამისი ზომების მიღება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ დაავადებას და შეაჩეროთ სხვა გართულებების განვითარება.

 

საკვანძო ფაქტები

 

  1. ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 10%-ზე (190 მილიონი) მთელს მსოფლიოში.
  2. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ძლიერ  ტკივილს მენსტრუაციის დროს, სქესობრივი კავშირის დროს, მენჯის ქრონიკულ ტკივილს, მუცლის შებერილობას, გულისრევას, დაღლილობას, დეპრესიას, შფოთვას და უნაყოფობას.
  3. ამჟამად ენდომეტრიოზის განკურნება არ არის შესაძლებელი. ენდომეტრიოზის მკურნალობა, როგორც წესი, მიმართულია სიმპტომების კონტროლზე.
  4. ენდომეტრიოზის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია სიმპტომების შემსუბუქებისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად.


ენდომეტრიოზის სიმპტომები

 

ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მენჯის ტკივილი. ის დაკავშირებულია მენსტრუაციის პერიოდებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს აქვს მძიმე მენსტრუალური ტკივილი, ენდომეტრიოზის მქონე ადამიანები ხშირად აღწერენ მენსტრუალურ ტკივილს, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად უარესს. ტკივილი ასევე შეიძლება გაძლიერდეს დროთა განმავლობაში.


ენდომეტრიოზის სიმპტომები შემდეგია:

  • მტკივნეული პერიოდები. მენჯის ტკივილი და სპაზმები შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციამდე და გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე დამახასიათებელია წელისა და მუცლის ტკივილი.
  • ტკივილი სექსის დროს. სექსის დროს ან მის შემდეგ ტკივილი ხშირია ენდომეტრიოზის მქონე ადამიანებში.
  • ტკივილი ნაწლავის მოძრაობის ან შარდვის დროს. ჩნდება მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ.
  • გადაჭარბებული სისხლდენა. უჩვეულოდ დიდი რაოდენობით სისხლდენა ციკლის პერიოდში.
  • უნაყოფობა. 

სხვა სიმპტომები მოიცავს: დაღლილობა, დიარეა, ყაბზობა, შებერილობა ან გულისრევა. ეს სიმპტომები უფრო ხშირია მენსტრუაციამდე ან მის დროს.


ტკივილის სიმძიმე არ არის პირდაპირ კავშირში სხეულში ენდომეტრიოზის რაოდენობასთან ან მასშტაბთან. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ქსოვილის მცირე რაოდენობა მძიმე ტკივილით. ან ენდომეტრიოზის ბევრი ქსოვილი მსუბუქი ტკივილით.

 

ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებაში აგვერიოს. მათ შორისაა მენჯის ანთებითი დაავადება, საკვერცხის ცისტები, ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), რომელიც იწვევს დიარეის შეტევებს, ყაბზობას და კუჭის სპაზმებს. 


აუცილებლად აღსანიშნია, რომ ენდომეტრიოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს არ აქვს არანაირი სიმპტომი.


ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები

 

ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი შესაძლო მიზეზი შემდეგია:

  1. რეტროგრადული მენსტრუაცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც მენსტრუალური სისხლი ფალოპის მილების გავლით უკან მიედინება მენჯის ღრუში, იმის მაგივრად, რომ სხეულიდან გარეთ გამოვიდეს. სისხლი შეიცავს ენდომეტრიუმის უჯრედებს. ეს უჯრედები ეკვრება მენჯის კედლებსა და მენჯის ორგანოების ზედაპირებს. იქ ისინი იზრდებიან, აგრძელებენ გასქელებას და იწყება სისხლდენა ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს.
  2. ტრანსფორმირებული პერიტონეალური უჯრედები. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰორმონებმა ან იმუნურმა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ მუცლის ღრუს შიდა მხარეს არსებული პერიტონეალური უჯრედების გარდაქმნას ისეთ უჯრედებად, რომლებიც საშვილოსნოს შიგნით მდებარეობენ.
  3. ემბრიონის უჯრედების ცვლილება. ისეთმა ჰორმონებმა, როგორიცაა ესტროგენი, შეიძლება გარდაქმნას ემბრიონის უჯრედები(უჯრედები განვითარების ადრეულ სტადიაზე) პუბერტატის პერიოდისათვის დამახასიათებელ ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად.
  4. ქირურგიული ნაწიბურის გართულება. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება შეუერთდნენ ნაწიბუროვან ქსოვილს, რომელიც ოპერაციის დროს მუცლის არეში წარმოიქმნება, როგორიცაა საკეისრო კვეთა.
  5. ენდომეტრიუმის უჯრედების გადაადგილება. სისხლძარღვებმა ან ქსოვილის სითხის სისტემამ შეიძლება გადაიტანოს ენდომეტრიუმის უჯრედები სხეულის სხვა ნაწილებში.
  6. იმუნური სისტემის მდგომარეობა. იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ზოგჯერ ორგანიზმი ვერ ამოიცნობს ენდომეტრიოზის ქსოვილს და შესაბამისად არ ანადგურებს მას.  

 

რისკ ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც ზრდის ენდომეტრიოზის რისკს, მოიცავს:

  • როდესაც ქალს არასოდეს ჰქონია მშობიარობა.
  • მენსტრუაციის დაწყება ადრეულ ასაკში.
  • მენოპაუზის გავლა ხანდაზმულ ასაკში.
  • მოკლე მენსტრუალური ციკლები - მაგალითად, 27 დღეზე ნაკლები.
  • მძიმე მენსტრუაცია, რომელიც გრძელდება შვიდ დღეზე მეტხანს.
  • სხეულში ესტროგენის უფრო მაღალი დონის არსებობა
  • სხეულის მასის დაბალი ინდექსი.
  • ერთი ან მეტი ნათესავი ენდომეტრიოზით, როგორიცაა დედა, დეიდა ან და.

 

ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმიდან სისხლის გადინებას მენსტრუაციის დროს, ასევე გახლავთ ენდომეტრიოზის რისკ ფაქტორი. 


ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ვლინდება მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს ორსულობის დროს. დროთა განმავლობაში მენოპაუზის დროს ტკივილი შეიძლება უფრო მსუბუქი გახდეს.


ენდომეტრიოზის გართულებები

უნაყოფობა 

ენდომეტრიოზის მთავარი გართულებაა დაორსულების პრობლემა. ენდომეტრიოზით დაავადებულთა ნახევარს უჭირს დაორსულება.


დაორსულებისთვის აუცილებელია, რომ კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოთავისუფლდეს. შემდეგ კვერცხუჯრედმა უნდა გაიაროს ფალოპის მილში და განაყოფიერდეს სპერმის უჯრედით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიმაგრდება საშვილოსნოს კედელზე და დაიწყებს განვითარებას. ენდომეტრიოზმა შეიძლება დაბლოკოს მილი და ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედისა და სპერმის გაერთიანებას. 


ეს მდგომარეობა ასევე მოქმედებს ნაყოფიერებაზე არაპირდაპირი გზით. მაგალითად, შეიძლება დაზიანდეს სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი.


მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზით, მაინც შეუძლია დაორსულება. ჯანდაცვის პროფესიონალები ზოგჯერ ენდომეტრიოზით დაავადებულებს ურჩევენ, არ გადადონ ბავშვის გაჩენა. ეს იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება.


ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა იწყება მენსტრუალური სიმპტომებისა და მენჯის ქრონიკული ტკივილის გამოკვლევით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტესტები და სკრინინგის ხელსაწყოები, გარანტირებულად თქმა რთულია ვის აქვს ეს მდგომარეობა. ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებაში აგვერიოს.


მკაფიო სურათის მისაღებად ექიმები იყენებენ ულტრაბგერით ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ სკანირებას, რათა მოძებნონ საკვერცხის ენდომეტრიოზი ან დაავადების ღრმა კვანძოვანი ფორმები. ხშირად საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევა ლაპაროსკოპიის პროცედურებით. ამ დროს ექიმი მუცლის შიდა სივრცეს პატარა კამერით ათვალიერებს.


ენდომეტრიოზის მკურნალობა

 

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება და სრულიად განკურნება არ ხდება. თუმცა, ენდომეტრიოზის მკურნალობა გულისხმობს დაავადების მართვასა და გართულებების თავიდან აცილებას. 


აქ არის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებული ფორმა:

  1. ტკივილგამაყუჩებლები: ტკივილგამაყუჩებელი ეფექტური საშუალებაა როცა ადამიანს ხანგრძლივი და ძლიერი ტკივილი აქვს.
  2. ჰორმონალური მედიკამენტები: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ასევე მნიშვნელოვანია ტკივილის მართვაში. მაგრამ თუ ვინმეს დაორსულება სურს, ეს მეთოდები შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი.
  3. ნაყოფიერების მკურნალობა: თუ ენდომეტრიოზი ართულებს დაორსულებას, ნაყოფიერების მედიკამენტები და შესაბამისი პროცედურები კარგი ვარიანტია.
  4. ქირურგია: ზოგჯერ ექიმებს სჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ენდომეტრიოზის ქსოვილის ან ნაწიბუროვანი ქსოვილის მოსაშორებლად. 

დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მკურნალობის პროცესში. მაგალითად, ენდოველი არის ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჰორმონს - პროგესტოგენ დიენოგესტს. გერმანული წარმოების ვიზანნა გახლავთ ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს  2 მგ. დიენოგესტს. 

დუფასტონი არის  პროგესტერონის სინთეზური ანალოგი, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება მენსტრუალური ციკლის დასარეგულირებლად, ენდომეტრიოზისა და დისმენორეის დროს.


შეგახსენებთ, რომ თითოეული მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.


როდის მივმართოთ ექიმს


აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ენდომეტრიოზის სიმპტომები. განსაკუთრებით თუ გაქვთ მტკივნეული, არარეგულარული პერიოდები ან უნაყოფობის პრობლემები.

 

ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვათ ექიმმა:

  • რამდენად ხშირად გაქვთ ეს სიმპტომები?
  • რამდენი ხანია გაქვთ ეს სიმპტომები?
  • რამდენად ცუდია თქვენი სიმპტომები?
  • თქვენი სიმპტომები დაკავშირებულია თქვენს მენსტრუალურ ციკლთან?
  • რამე აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს?
  • რაიმე აუარესებს თქვენს სიმპტომებს?

შეგახსენებთ, რომ დაავადების დროულად აღმოჩენა და პროცედურების დაწყება დაგეხმარებათ სიმპტომები მაქსიმალურად შეამციროთ და თავიდან აირიდოთ გართულებები.