სტომატიტი (პირის ღრუს ანთება), გინგივიტი (ღრძილის ანთება), ფარინგიტი (ხახის ანთება), ლარინგიტი (ხორხის ანთება) — ეს სახელები გეცნობათ? დიდი ალბათობით, თუ ყველა არა, ამ ანთებათაგან ერთი მაინც თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია. მათ, ვინც ამ მდგომარეობაში ერთზე მეტჯერ ყოფილა, კარგად მოეხსენებათ, რამხელა დისკომფორტი შეიძლება იყოს პირის ღრუსა და ყელის ტკივილი, როცა საკვების მიღება და ნერწყვის გადაყლაპვაც კი რთული და მტკივნეულია.
შეიძლება, ამ ტკივილებმა დღეების, ზოგჯერ კი კვირების განმავლობაშიც გასტანოს და ადამიანი ძალიან დატანჯოს, თუმცა, თუ რაიმე განსხვავებულ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე — პირის ღრუსა და ყელის ანთების მკურნალობა არაერთი მედიკამენტით შეიძლება. დორიტრიცინი ერთ-ერთი ასეთი, განსაკუთრებით ეფექტიანი და სწრაფად მოქმედი საშუალებაა, რომელიც დისკომფორტისგან მაქსიმალურად მცირე დროში გაგათავისუფლებთ.
რა არის დორიტრიცინი — ანოტაცია
დორიტრიცინი (Dorithricin) საწუწნი, თეთრი ფერის ტაბლეტია (ტყის კენკრის არომატის არჩევის შემთხვევაში, ვარდისფერი) მრგვალი, ბიპოლარული, გლუვი ზედაპირით, რომლის ერთ მხარესაც ვხვდებით წარწერას „დორიტრიცინი“.
პრეპარატის თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა შემდეგნაირია: 0.5მგ თიროტრიცინი, 1მგ ბენზალკონილ ქლორიდი და 1.5მგ ბენზოკაინი, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით სორბიტოლს, ტალკს, საქაროზის სტეარატს, სახარინის ნატრიუმს, პიტნის ზეთს, პოვიდონსა და ნატრიუმის კარმელოზს. დორიტრიცინი, კლასიკის გარდა, იგივე პრეპარატი ხელმისაწვდომია კენკრის არომატითაც, დასახელებით „დორიტრიცინი ტყის კენკრა“.
დორიტრიცინი მაღალეფექტიანი საშუალებაა პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისა და ფარინგიტის დროს, ის ლორწოვანი გარსის აღდგენას უწყობს ხელს. პრეპარატი სწრაფად ხსნის ტკივილს ზედაპირული ანტისეპტიკის, ბენზოკაინის, მოქმედებით. მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით პრეპარატი სწრაფად აქრობს ანთებას. ანტიბიოტიკი თიროტრიცინი, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და გერმიციდული მოქმედება, და ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ანტისეპტიკური საშუალებაა, ავლენენ იმ ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომლებიც პირის ღრუს ანთებებსა და ფარინგიტს იწვევს.
დორიტრიცინის ყელის ტაბლეტების მიღების წესი და დოზირება
6 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში დორიტრიცინის მიღება შესაძლებელია 1-2 ტაბლეტის რაოდენობით ყოველ 2-3 საათში, 5-7 დღის განმავლობაში — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული დოზირება ექიმის მიერ არ არის შემოთავაზებული. სასურველია, პრეპარატით მკურნალობა არ შეწყვიტოთ ჩივილების გაქრობიდან მყისიერად და დამატებით ერთი დღის განმავლობაშიც გააგრძელოთ, რათა დაზღვეული იყოთ რეციდივისგან.
თუ ყელის ტკივილს მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და სხვა სიმპტომები ახლავს თან, შესაძლოა, საქმე მძიმე ინფექციასთან გვქონდეს, რასაც ყურადღება აუცილებლად სჭირდება. ამ შემთხვევაში უმჯობესია, საქმის კურსში ექიმი ჩააყენოთ და მასთან გაიაროთ კონსულტაცია დამატებით ანტიბიოტიკების დანიშვნის შესახებ.
ასევე, ნუ მიიღებთ ტაბლეტს პირის ღრუს ან ყელის ღია ჭრილობის დროს.
ვინაიდან ახალშობილებსა და ჩვილებს არ შეუძლიათ საწუწნი აბების მიღება, დორიტრიცინი მათთვის რეკომენდებული არ არის 24 თვემდე. მათთვის ეს პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, როცა მათ უკვე ექნებათ საწუწნი ტაბლეტების მიღების უნარი.
პაციენტებმა, რომელთაც კანის ისეთი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციებისადმი მიდრეკილება აქვთ, როგორიც კონტაქტური ალერგიული დერმატიტია, თავი უნდა შეიკავონ დორიტრიცინის მიღებისგან — ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების ალბათობის გამო.
ზედოზირების შემთხვევაში დორიტრიცინით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ არის აღრიცხული. ტაბლეტების ზედმეტად დიდი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ბავშვებში მეტჰემოგლობინის დონის მატება. ამ უკანასკნელის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა და ტუჩებისა და თითების ციანოზი (გალურჯება). ამ დროს ექიმს უნდა მიმართოთ. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, მიიღოთ გააქტიურებული ნახშირი და დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი. ასევე, ექიმის მითითებით, უნდა მიიღოთ სათანადო ზომები მეტჰემოგლობინის მომატებული დონის დასაწევად.
თუ დორიტრიცინის დოზის მიღება დაგავიწყდათ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის კომპენსაციის მიზნით — უბრალოდ, დაწუწნეთ ერთი ტაბლეტი გახსენებისთანავე, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნულების მიხედვით.
ამასთანავე, დორიტრიცინი შეიცავს სორბიტოლს და მის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაწუხებთ. თუ აღგენიშნებათ ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, დორიტრიცინის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ.
დორიტრიცინის გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის, დორიტრიცინის მოხმარების შემთხვევაშიც შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლენა. რასაკვირველია, ამან არ უნდა შეგაშინოთ, რადგან ამ პრეპარატთან მიმართებით მსგავსი შედეგის დადგომის ალბათობა ძალიან მცირეა.
იშვიათად (1000-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) შესაძლებელია, განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ბენზოკაინის დაშლის პროდუქტის, ამინობენზომჟავას ეთერის მიმართ. გარეგანი გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და განსაკუთრებით დიდი ზომის ჭრილობებზე მოხვედრისას, სისხლში შეიძლება მოიმატოს მეტჰემოგლობინის დონემ.
პაციენტთა ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციები ბენზოკაინის მსგავს ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა პენიცილინი, სულფონამიდები, მზისგან დამცავი საშუალებები და პ-ამინოსალიცილის მჟავა.
რაც შეეხება დორიტრიცინის გავლენას ორსულობასა და ლაქტაციაზე, არ არის გამოვლენილი ნაყოფზე დორიტრიცინის უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევები. ამის მიუხედავად, გამოცდილება მაინც შეზღუდულია, ამიტომ ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ დიდი სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
თუ დიაბეტით ხართ დაავადებული, გაცნობებთ, რომ 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.86გ სორბიტოლს (0.22გ ფრუქტოზას), რომელიც შეესაბამება დაახლოებით 0.07 პურის ერთეულს (პე). სორბიტოლს აქვს მცირე ლაქსატიური ეფექტი.
თუ ექიმი დორიტრიცინით მკურნალობას დაგინიშნავთ, მას ან ფარმაცევტს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, იღებდით თუ არა უკანასკნელ პერიოდში ან ამჟამად თუ მოიხმართ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს. არსებული გამოცდილებით არ არის აღნიშნული სხვა მედიკამენტებთან რაიმე სახის უარყოფითი ურთიერთქმედების მაგალითები.
დორიტრიცინი — შენახვის წესი და სხვა მონაცემები
პირველ რიგში, აუცილებელია, პრეპარატი ინახებოდეს მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-20°C ტემპერატურაზე.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ დორიტრიცინი მუყაოს კოლოფსა და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება ნაგავში და გამდინარე წყალში — საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ გარემოზე ზრუნვაც არ არის ცუდი არჩევანი. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს და ამ კეთილშობილური მიზნის შესრულებაში ის დაგეხმარებათ.
შეფუთვაში მოთავსებულია 20 ან 40 საწუწნი ტაბლეტი, რომელთა ვარგისობის ვადაც 5 წელს შეადგენს. პრეპარატი პსპ-ს აფთიაქთა ქსელში ურეცეპტოდ გაიცემა.
ერთი სიტყვით, დორიტრიცინი შესანიშნავი საშუალებაა ყელის ტკივილის, ყელისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესებით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად. პრეპარატი განთქმულია თავისი უნიკალური ფორმულით, რომლის საშუალებითაც ის სხვა მრავალ ანალოგზე სწრაფად ხსნის ტკივილებს. აგრეთვე, მისი ანტიბაქტერიული შესაძლებლობები პირდაპირ იღებს მიზანში ბაქტერიულ პათოგენებს.
მეტიც, ანტიმიკრობული პეპტიდები სხვა აქტიურ ნივთიერებებთან კომბინაციაში ქმნის ანტივირუსულ ეფექტს და ადგილობრივი იმუნიტეტის მასტიმულირებელ თვისებებს ატარებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account