
დექსამეტაზონი არის ძლიერი სინთეზური ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო სფეროში მისი ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული თვისებების გამო. ის ეფექტიანია სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, დაწყებული ანთებითი დარღვევებიდან, როგორიცაა ართრიტი და ასთმა, აუტოიმუნური დაავადებებითა და ალერგიულ რეაქციებით დამთავრებული.
მისი უნარი, შეამციროს ანთებითი პროცესები, უნიკალურს ხდის მას რთული სიტუაციების მართვაში — ეს უზრუნველყოფს პაციენტებს შვებას ანთებისა და იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციების დროს.
ქრონიკული დაავადებების მართვაში მისი როლის გარდა, დექსამეტაზონმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მწვავე და კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავებაშიც. შეიძლება ითქვას, ის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა მწვავე ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ — იგი აქტიურადგამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, ოფთალმოლოგიაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, ონკოლოგიაშიც კი.
დექსამეტაზონი შესაძლოა შეგვხვდეს სხვდასხვა ფორმით:
- პერორალური ტაბლეტები;
- პერორალური ხსნარი;
- ინიექცია (ინტრავენური ან ინტრამუსკულარული);
- ადგილობრივი კრემები და მალამოები;
- თვალის წვეთები ან/და ყურის წვეთები;
- ინჰალაცია;
- ინტრანაზალური სპრეი.
რისთვის გამოიყენება დექსამეტაზონი?
და მაინც, კონკრეტულად რისთვის გამოიყენება დექსამეტაზონი? ამ აქტიური ნივთიერებით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ისეთი დაავადებებისა თუ მდგომარეობების სამართავად, როგორიცაა:
- მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები;
- თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი);
- თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი);
- ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული პერიოდის ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- რევმატული და ავტოიმუნური დაავადებები;
- სასუნთქი გზების დაავადებები;
- კანის დაავადებები;
- ტუბერკულოზური მენინგიტი;
- სისხლის დაავადებები;
- ტვინის შეშუპება;
- მრავალფორმიანი მიელომა;
- მწვავე ლიმფოზური ლეიკოზი;
- მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი;
- ჰოჯკინის დაავადება.
გავრცელებულია დექსამეტაზონის ალერგიის დროს გამოყენება. მართლაც, პრეპარატი ეფექტურია მძიმე ალერგიული რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიის სამკურნალოდ, მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული თვისებების გამო. ის ხშირად გამოიყენება, როგორც გადაუდებელი მკურნალობის ნაწილი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციების დროს, სხვა მედიკამენტებთან ერთად. გარდა ამისა, ის შეიძლება დაინიშნოს ნაკლებად მძიმე ალერგიული რეაქციების სამართავად, როგორიცაა ალერგიული რინიტი. კანის ალერგიულ გამოვლინებები, მაგალითად, ჭინჭრის ციებას დექსამეტაზონით ხშირად უმკლავდებიან.
დექსამეტაზონი ხველის დროსაც შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა — განსაკუთრებით, როცა საქმე სპაზმურ ჩვენებას ეხება. მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები მას ეფექტურ სამკურნალო საშუალებად აქცევს სასუნთქი გზების ანთებისა და გაღიზიანების შესამცირებლად, რაც ხშირად ხველის გამომწვევი მიზეზია სასუნთქ სისტემაში. სწორედ ამიტომ, დექსამეტაზონი სპაზმის დროსაც ერთერთ გამოსავლად გვევლინება.
როგორ მივიღოთ პრეპარატი?
დექსამეტაზონის მიღების წესებს ყურადრებით უნდა გავეცნოთ მისი ძლიერი მოქმედებიდან გამომდინარე.
დექსამეტაზონის დალევა ან მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის. დანიშნულების მიღების შემდეგაც თუკი რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, სჯობს კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან მაინც.
პრეპარატი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შეგვხვდეს. მაგალითად, დექსამეტაზონის ტაბლეტი 4მგ-დან 40მგ-მდე მერყეობს. მისი რეკომენდებული დოზირება 0.5-დან 10მგ-მდეა დღეში. ექიმი დოზის საკითხს იმის მიხედვით გადაწყვეტს, თუ როგორია თქვენი სამედიცინო ჩვენება. თუკი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, შესაძლებელია დოზის მეტად გაზრდაც. ამავდროულად, მკურნალობის მიმდინარეობისას შეიძლება შეიცვალოს მისი მიღების სიხშირე იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნება პაციენტს ინდივიდუალურად. ზოგადად კი რეკომენდებულია, რომ პაციენტმა პრეპარატის მოხმარება ყველაზე დაბალი დოზით დაიწყოს და შეფასდეს, როგორ იღებს ორგანიზმი მისთვის დანიშნულ მკურნალობას.
დექსამეტაზონის ამპულა, რომელიც ინტრავენური გამოყენებისთვისაა, ანუ ინიექციის გზით უნდა მივიღოთ, ასევე განსხვავებული დოზირებით შეიძლება შეგვხვდეს. ამ შემთხვევაშიც მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თქვენი სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად, როგორი დოზირებით მიიღოთ პრეპარატი და რა სიხშირით. ეს შესაძლოა იყოს დექსამეტაზონის 1 ამპულა დღეში, თუმცა, განსხვავებული დოზირებით.
რაც შეეხება წვეთებს — ის თვალისა და ყურის პრობლემებზე გამოიყენება. უფრო მეტად პოპულარულია დექსამეტაზონის თვალის წვეთები.
ხშირად გავრცელებულია აზრი, თითქოს რომელიმე კონკრეტული ბრენდის წარმოებული პრეპარატი აუცილებლად უკეთესია. მაგალითად, თვალისათვის „ოფთან დექსამეტაზონი თვალის წვეთები”. რეალობა კი ისაა, რომ მკურნალი ექიმი პრეპარატის დანიშვნის დროს ყურადღებას აქცევს თქვენს სამედიცინო ჩვენებებსა და შესაძლო რეაქციებს. თუკი რომელიმე ბრენდის წარმოებულ პრეპარატზე უარს გეუბნებათ, შესაძლოა, ამის მიზეზი სწორედ თქვენივე სამედიცინო ისტორია იყოს.
ამიტომაც, მოერიდეთ ექიმის დანიშნულების თვითნებურად შეცვლას და არ მიიღოთ კონკრეტული პრეპარატი სხვისი რჩევით, იქნება ეს „ოფთან დექსამეტაზონი”, “დექსამეტაზონი კრკა” თუ სხვა.
დექსამეტაზონი დასალევად, ანუ პერორალურად მისაღებად, შეიძლება დაინიშნოს ტაბლეტების სახით. რაც შეეხება დექსამეტაზონის ამპულას — დალევა ამ კონსისტენციით არ შეიძლება. ზოგადი რეკომენდაციებით, სხვადასხვა ფორმაში არსებული ეს პრეპარატი შემდეგნაირად მიიღება:
- დექსამეტაზონის აბი — პერორალურად, წყალთან ერთად დასალევად;
- დექსამეტაზონის ამპულა — ინიექციით;
- დექსამეტაზონის წვეთები — თვალსა და ყურში ჩასაწვეთებლად.
სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ფორმით წარმოებული ამ პრეპარატის არასწორად გამოყენება არ შეიძლება. დაუშვებელია დექსამეტაზონის ამპულის დალევა, ისევე, როგორც, მაგალითად წვეთების საინიექციოდ გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანში მთავარი, აქტიური ნივთიერება დექსამეტაზონია, შემცველობითა და ორგანიზმში გახსნის მექანიზმით მათ შორის დიდი სხვაობაა — ის, რაც სისხლში მარტივად შეიწოვება, შეიძლება, თვალისთვის დამაზიანებელი იყოს, ან მომნელებელმა სისტემამ ვერ გადაამუშავოს სათანადოდ.
ვინ (არ) უნდა მიიღოს პრეპარატი?
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ პრეპარატში შემავალ ნივთიერებებზე არ გაქვთ ალერგიული რეაქცია — როგორც აქტიურ დექსამეტაზონზე, ისე დამატებით ინგრედიენტებზეც.
ასევე, ხშირია მსგავსი ძლიერი მოქმედების პატარებისთვის აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ დექსამეტაზონი ბავშვებში ჩვეულებრივ გამოიყენება, აუცილებელია მისი მიღებისა და შემდგომ პერიოდშიც ექიმი დააკვირდეს ზრდა-განვითარების პროცესს და აკონტროლოს მდგომარეობა.
როგორც წესი, მედიკამენტების გამოყენების რისკ-ჯგუფში არიან ხოლმე ორსულები და ლაქტაციაზე მყოფი ქალები. ექიმები გირჩევენ, რომ თუკი დადასტურებულად ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი, ხართ ლაქტაციაზე მყოფი დედა ან აპირებთ ჩვილის ბუნებრივად გამოკვებას, კონსულტაცია აუცილებლად გაიაროთ სპეციალისტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ დექსამეტაზონი.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში დექსამეტაზონის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ნებადართული, თუკი სიტუაციის შეფასების შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, რომ დედისთვის მოტანილი დადებითი შედეგი აღემატება ნაყოფისთვის არსებულ რისკებს. ცხადია, ეს მიდგომა შემდეგ ტრიმესტრებზეც ვრცელდება, თუმცა, პირველი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ასევე, თუკი დაორსულება დექსამეტაზონით მკურნალობის დროს მოხდა, არ შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად – აცნობეთ ამის შესახებ როგორც გინეკოლოგს, ისე მკურნალ ექიმს.
დექსამეტაზონი ნივთიერებათა ჯგუფ კორტიკოსტეროიდებს მიეკუთვნება, მათ კი დედის რძეში გამოყოფა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ, პრეპარატის მიღებით არ არის გამორიცხული, ახალშობილებსა და ჩვილებში რაიმე მასთან დაკავშირებული რისკის გამოვლენა. ამ შემთხვევაშიც პრეპარატის მიღების, მკურნალობის დაწყებისა თუ გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. თუკი დედისთვის მიღებული სარგებელი აღემატება ბავშვისთვის არსებულ რისკებს, დექსამეტაზონი ლაქტაციის დროსაც ინიშნება.
რაც შეეხება სხვა ბევრი პრეპარატის მსგავსად ავტომობილისა და მექანიკური მანქანების მართვის უნარზე დექსამეტაზონის გავლენას — არ მართოთ ავტომობილი, თუკი პრეპარატის მიღების შემდეგ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ. ეს შეიძლება იყოს გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, გულყრა ან მხედველობის დაბინდვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account