
ბრექსინი ტაბლეტების სახით წარმოებული პრეპარატია, რომელიც ავსტრალიაში მზადდება. ის აქტიურ ნივთიერება პიროქსიკამს შეიცავს. მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში პიროქსიკამის დოზირება 20 მგ-ს შეადგენს.
ბრექსინი პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა, ის III ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია. ბრექსინი 20 მგ-ის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია.
ბრექსინის ანოტაცია
როგორც აღვნიშნეთ, ბრექსინის აქტიური ნივთიერება არის პიროქსიკამი – B-ციკლოდექსტრინი, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. ის ებრძვის ანთებას, ამცირებს ტკივილს და მაღალი სიცხის დაწევას უზრუნველყოფს.
ბრექსინი მწვავე ტკივილის სინდრომის, რევმატული დავადებების, ასევე ნევრიტების - პერიფერიული ნერვული სისტემის გენერალიზებული ანთების დროს გამოიყენება.
გარდა ამისა, პრეპარატს ხშირად მიმართავენ პოსტოპერაციული ტკივილების შესამცირებლად. მას იყენებენ კუნთების ტრავმული დაზიანებებისა და პირველადი დისმენორეის (მენსტრუაციის დროს ტკივილი მუცლის ქვედა არეში (მენჯში)) სამკურნალოდაც.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ბრექსინი გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
ბრექსინის მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ, ბრექსინის დღიური რეკომენდებული დოზა 20 მგ-ს, ერთ ტაბლეტს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი 70 წელს გადაცილებულია, მას დოზას ექიმი გარემოებების გათვალისწინებით დაუნიშნავს. ასაკოვან პაციენტებში ძირითადად დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული 80 წელს გადაცილებული პირებისთვის.
პაციენტებს, რომლებსაც თირკმელებისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია აღენიშნებათ, ექიმი პრეპარატის დოზას დაზიანების სიმძიმის ხარისხის მიხედვით განუსაზღვრავს. ამ ორგანოთა ფუნქციის მძიმე დარღვევისას ბრექსინის მიღება დაუშვებელია.
რა მოხდება, თუ ბრექსინის დოზას გადააჭარბებთ? - პრეპარატის რეკომენდებულზე დიდი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში და სუნთქვის გახშირება. ეს შედარებით მსუბუქი უკუმოქმედებაა, თუმცა მას შემდგომში შესაძლოა ცნობიერების დარღვევა, ტემპერატურის მატება, სისხლის მიმოქცევისა და თირკმლის ფუნქციის მოშლა, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება და, მძიმე შემთხვევაში, კრუნჩხვა და კომაც კი მოჰყვეს.
როგორია ბრექსინის უკუჩვენებები
პიროქსიკამის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან ბრექსინის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირები მედიკამენტს მძიმე ალერგიული რეაქციების რისკის გამო უნდა მოერიდონ.
აქტიური ან მორეციდივე პეპტიური წყლულების, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების მქონე პაციენტებმა ბრექსინის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ამან შეიძლება მათი მდგომარეობა გააუარესოს.
გულის მძიმე უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მქონე პირებს ურჩევენ, გართულებების პოტენციური რისკების გამო, ბრექსინი არ გამოიყენონ.
ბრექსინი უკუნაჩვენებია ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს პრეპარატის კლირენსზე, ეს კი, თავის მხრივ, ტოქსიკური ეფექტების რისკს ზრდის.
ანამნეზში ასთმის, ცხვირის პოლიპების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ რესპირატორული რეაქციების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ ბრექსინის გამოყენებისგან, რადგან ამან შეიძლება ბრონქოსპაზმი ან სხვა რესპირატორული პრობლემები გამოიწვიოს.
ბრექსინი, ზოგადად, უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში ნაყოფის ან ჩვილისთვის პოტენციური ზიანის მიყენების გამო.
თრომბოციტების ფუნქციაზე პოტენციური ზემოქმედების გამო, ბრექსინი არ არის რეკომენდებული სისხლდენის დარღვევების მქონე პირებისთვის და ანტიკოაგულანტების თერაპიის დროს.
კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებს ბრექსინის გამოყენებას არ ურჩევენ, რადგან მათ შესაძლოა სიმპტომების გამწვავება აღენიშნოთ.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები
ბრექსინის მიღების შემდეგ შესაძლოა, ისეთი გვერდითი მოვლენები აღინიშნოს, რომ პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო. მთლიანობაში, სიმპტომები ასეთია:
- კუჭთან დაკავშირებული ჩივილები, გულძმარვა ან ტკივილი მუცლის არეში;
- სისხლიანი ღებინება, რომელიც ყავის ნალექს წააგავს;
- შავი ფერის განავალი ან სისხლიანი შარდი;
- კანის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ქავილი;
- სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა ან გახშირებული სუნთქვა;
- კანის ან სკლერების სიყვითლე;
- ძლიერი დაღლილობა და უმადობა;
- ყელის ხანგრძლივი ტკივილი, პირის ღრუში ჭრილობების გაჩენა, დაღლილობა ან სიცხე;
- სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა კანში, იგივე კანის ჰემორაგია;
- შეშუპებები სახესა ან ტერფებზე;
- შარდის გამოყოფის შემცირება, შეშუპებებით;
- თავის ძლიერი ტკივილი ან კუნთების რიგიდობა;
- ტკივილი მკერდის არეში;
- ცნობიერების დაბინდვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account