ბიპოლარული აშლილობა - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

 

სარჩევი:

რა არის ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობის სახეები

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები

რა იწვევს ბიპოლარულ აშლილობას

ბიპოლარული აშლილობის რისკ ფაქტორები

როგორ პროგრესირებს ბიპოლარული აშლილობა

როგორ ხდება ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტიკა

ბიპოლარული აშლილობა ტესტი

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა

როდის მივმართოთ ექიმს 

ხშირად დასმული კითხვები

 

 

ბიპოლარული აშლილობა, ადრე ცნობილი როგორც მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება, ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც განწყობის უკიდურესი ცვალებადობით ხასიათდება. ერთმანეთს ენაცვლება ორი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა: ემოციური “აჟიტირება”, იგივე მანია და ემოციური დათრგუნულობა, ანუ დეპრესია.

რა არის ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობა რთული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც იწვევს ადამიანის განწყობის, ენერგიის, აზროვნების და ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს. განწყობის ცვალებადობა გავლენას ახდენს ძილზე, ენერგიის დონეზე, ქცევაზე, განსჯაზე და მკაფიოდ აზროვნების უნარზე. 


ბიპოლარულმა ეპიზოდებმა შეიძლება იშვიათად იჩინოს თავი, ან წელიწადში რამდენჯერმე გამეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობა უწყვეტი მდგომარეობაა, მკურნალობის გეგმის დაცვით ადამიანს შეუძლია მართოს განწყობის ცვალებადობა და სხვა სიმპტომები. უმეტეს შემთხვევაში, ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა ხდება მედიკამენტებითა და ფსიქოლოგიური კონსულტაციებით (ფსიქოთერაპია).

ბიპოლარული აშლილობის სახეები

ბიპოლარული აშლილობა იყოფა რამდენიმე ტიპად, მათ შორის ბიპოლარული I, ბიპოლარული II და ციკლოთიმური აშლილობა. 

ბიპოლარული I აშლილობა

ამ ტიპს ახასიათებს სხვადასხვა ფორმის მანიაკალური ეპიზოდები:

  1. ეპიზოდი, რომელიც გრძელდება მინიმუმ 7 დღე.
  2. მძიმე მანიაკალური სიმპტომები, რა დროსაც სასწრაფოდ საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.
  3. დეპრესიული ეპიზოდები, რომლებიც მინიმუმ 2 კვირა გრძელდება.

ბიპოლარული II აშლილობა

II ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში ამაღლებული განწყობა არასოდეს აღწევს სრულ მანიას. ნაკლებად ინტენსიურ ამაღლებულ განწყობას ბიპოლარული II აშლილობის დროს ჰიპომანია ეწოდება.


ბიპოლარული II აშლილობის მქონე პირს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ჰქონია ჰიპომანიის ეპიზოდი. ბიპოლარული II აშლილობის მქონე ადამიანების უმეტესობას უფრო ხშირად აღენიშნება დეპრესიის ეპიზოდები. სწორედ აქედან მოდის ტერმინი „მანიაკალური დეპრესია“.

ციკლოთიმიური აშლილობა (ციკლოთიმია)

ეს ტიპი მოიცავს მანიაკალური და დეპრესიული ქცევის პერიოდებს, რომლებიც გრძელდება მინიმუმ 2 წელი მოზრდილებში  და 1 წელი მოზარდებში. სიმპტომები არ არის ისეთი ინტენსიური, როგორც ბიპოლარული აშლილობა I ან ბიპოლარული აშლილობა II-ს დროს.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის, ან დროთა განმავლობაში შეიცვალოს ერთსა და იმავე ინდივიდში. ისინი იყოფა მანიის/ჰიპომანიის და დეპრესიის სიმპტომებად.


ბიპოლარული აშლილობის დროს, მაღალი და დაბალი განწყობის დრამატული ეპიზოდები არ მიჰყვება დადგენილ ნიმუშს. ადამიანმა შეიძლება რამდენჯერმე იგრძნოს განწყობის იგივე მდგომარეობა (დეპრესიული ან მანიაკალური), სანამ საპირისპირო განწყობაზე გადავა ეს ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი.

მანიის სიმპტომები

მანიის სიმპტომები შემდეგია:

  1. გადაჭარბებული ბედნიერება, იმედი და მღელვარება
  2. მოუსვენრობა
  3. სწრაფი მეტყველება და ცუდი კონცენტრაცია
  4. მოზღვავებული ენერგია და ძილის ნაკლები მოთხოვნილება
  5. უჩვეულოდ მაღალი სექსუალური ლტოლვა
  6. არარეალური გეგმების შედგენა
  7. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება
  8. იმპულსურობა
  9. დაქვეითებული მადა
  10. ყურადღების გაფანტულობა

დეპრესიის სიმპტომები

დეპრესიული ეპიზოდის დროს ადამიანმა შეიძლება განიცადოს:

  1. ხანგრძლივი სევდიანი, შეშფოთებული ან უემოციო განწყობა
  2. უიმედობის, პესიმიზმის განცდა
  3. დანაშაულის, უსარგებლობის ან უმწეობის გრძნობა
  4. ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა ისეთი რაღაცების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებდა
  5. ენერგიის დაქვეითება, დაღლილობის გრძნობა ან „შენელება“
  6. კონცენტრაციის გაუარესება
  7. მოუსვენრობა ან გაღიზიანება
  8. ძალიან ბევრი ძილი, ან უძილობა
  9. მადის ცვლილება და/ან წონის გაუთვალისწინებელი დაკლება ან მომატება
  10. სუიციდური აზრები, თვითმკვლელობის მცდელობები

რა იწვევს ბიპოლარულ აშლილობას

ბიპოლარული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. მათ შორისაა გენეტიკა, ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია და გარემო. სხვადასხვა კვლევა ვარაუდობს, რომ ბიპოლარული აშლილობის განვითარების შანსი უფრო მაღალია იმ პირებში, რომლებსაც აქვთ დაავადების გენეტიკური ისტორია.

ბიპოლარული აშლილობის რისკ ფაქტორები

ბიპოლარული აშლილობა ბავშვებში, ჩვეულებრივ, გვიანი მოზარდობის ასაკში იწყება. იშვიათად, ეს შეიძლება მოხდეს ადრეულ ასაკში.


მამაკაცები და ქალები თანაბრად არიან რისკის ქვეშ. ქალები გარკვეულწილად უფრო ხშირად განიცდიან ეპიზოდებს -  ოთხი ან მეტი განსხვავებული განწყობის ეპიზოდი ერთი წლის განმავლობაში. ქალები ასევე უფრო მეტ დროს ატარებენ დეპრესიის სიმპტომებით, ვიდრე ბიპოლარული აშლილობის მქონე მამაკაცები.


ბიპოლარული აშლილობა, როგორც წესი, ქალებში შედარებით ასაკში იჩენს თავს, და ქალებს უფრო ხშირად აქვთ ბიპოლარული აშლილობა II და განიცდიან სეზონური განწყობის ცვლილებებს.

სამედიცინო და ფსიქიკური პრობლემების კომბინაცია ასევე უფრო ხშირია ქალებში. ეს სამედიცინო საკითხები შეიძლება შეიცავდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას, შაკიკს და შფოთვით აშლილობას.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სეზონური დეპრესია, თანდაყოლილი შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

როგორ პროგრესირებს ბიპოლარული აშლილობა?

ბიპოლარული აშლილობის პროგრესირება განსხვავდება ინდივიდებში. ზოგ ადამიანს სიმპტომები თანდათანობით უჩნდება, ზოგს კი უეცრად ეწყება. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება. განწყობის ცვალებადობის ეპიზოდები შეიძლება გახშირდეს ან უფრო მძიმე გახდეს.

როგორ ხდება ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტიკა?

თუ თქვენ ან ვინმეს, ვისაც იცნობთ, გაქვთ ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები, ესაუბრეთ ოჯახის ექიმს ან ფსიქიატრს. ისინი დასვამენ კითხვებს იმ ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებიც გქონიათ თქვენ ან იმ პირს, რომელზეც ეჭვი გაქვთ. ექიმი გამოიკითხავს ოჯახში ფსიქიკური დაავადებების ისტორიასაც. 


ყველაზე მეტყველი სიმპტომებია: გუნება-განწყობის ამაღლება ან დაქვეითება, ძილის, ენერგიის, აზროვნებისა და ქცევის ცვლილებები.


ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი ხშირად ეხმარება ექიმს ბიპოლარული აშლილობისგან განასხვაოს ძირითადი დეპრესიული აშლილობა ან სხვა ფსიქიატრიული აშლილობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განწყობის, აზროვნებისა და ქცევის ცვლილებებს.

ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტიკა ხშირად უფრო რთულია ბავშვების შემთხვევაში. მათი სიმპტომები იგივეა, რაც მოზრდილებში, მაგრამ შეიძლება აგვერიოს ADHD-ში ან უბრალოდ ბავშვის ხასიათს მივაწეროთ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს ბიპოლარული აშლილობა აქვს, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

ბიპოლარული აშლილობა ტესტი

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ტესტი. ამ ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი ვერსია Bipolar test | Quick, free and confidential

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ბიპოლარული აშლილობის ტესტი, დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ პროფესიონალის მიერ.

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა

მკურნალობა უწყვეტია და ხშირად მოიცავს მედიკამენტებისა და ფსიქოთერაპიის კომბინაციას.

საჭიროებიდან გამომდინარე, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  1. მედიკამენტები. ზოგ შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობის  წამლები დაუყოვნებლივ ინიშნება, რათა დროულად მოხდეს განწყობის დაბალანსება.
  2. მკურნალობის გაგრძელება. ბიპოლარული აშლილობა მოითხოვს მედიკამენტებით მკურნალობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმ პერიოდებშიც კი, როცა ადამიანი თავს უკეთგრძნობს. მკურნალობის შეწყვეტა რეციდივის რისკ ფაქტორია.
  3. ადიქციის მკურნალობა. თუ ადამიანი აქტიურად მოიხმარს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ასევე აუცილებელია ადიქციის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან რთული იყოს ბიპოლარული აშლილობის მართვა.
  4. ჰოსპიტალიზაცია. ექიმმა დაავადებულს შეიძლება ურჩიოს ჰოსპიტალიზაცია, თუ სახიფათოდ იქცევა, სუიციდურია ან რეალობისგან მოწყვეტილია.

ნევროლოგიურ-ფსიქოლოგიური მედიკამენტები შეიძლება შეიცავდეს განწყობის სტაბილიზატორებს, ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს და ანტიდეპრესანტებს. 

 

ანტიფსიქოზური პრეპარატი რიპედიტონი სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება. მათ შორის ბიპოლარული აშლილობის დროს გამოწვეული მანიის სამკურნალოდ. შეგახსენებთ, რომ მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მისი მიღება არაა რეკომენდებული.


ცხოვრების წესის ცვლილებები რაც დაგეხმარებათ:

  • რეგულარული ვარჯიში.
  • ჯანსაღი დიეტა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.
  • ისწავლეთ თქვენი განწყობის ცვალებადობის ამოცნობა.
  • აწარმოეთ სიმპტომების ჟურნალინგი.
  • ისწავლეთ სტრესის მართვა.
  • იპოვეთ ჯანსაღი ჰობი ან სპორტი.
  • არ დალიოთ ალკოჰოლი და არ გამოიყენოთ ნარკოტიკები.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობის ზემო ჩამოთვლილი ნიშნები ან სიმპტომები, აუცილებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს. ადრეული ჩარევა დაგეხმარებათ გააკონტროლოთ სიმპტომები და თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გაუარესება. 

ხშირად დასმული კითხვები

1. შესაძლებელია ბიპოლარული აშლილობის პრევენცია?

ადრეული იდენტიფიცირება და მკურნალობის დაწყება ეფექტური გზაა სიმპტომების დასტაბილურებისთვის.


2. შეიძლება ბავშვებს ან მოზარდებს ჰქონდეთ ბიპოლარული აშლილობა?

დიახ, ბიპოლარული აშლილობა შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებსა და მოზარდებს.


3. ბიპოლარული აშლილობა განკურნებადია?

ბიპოლარული აშლილობის მართვა შესაძლებელია შესაბამისი მკურნალობით.


4. რა შემიძლია გავაკეთო ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანის დასახმარებლად?

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანის მხარდასაჭერად ამ მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოთ. აუცილებელია თანაგრძნობა. დაეხმარეთ, რომ დაიცვან მკურნალობის გეგმა და ხელი შეუწყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში.