ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ძვალ-სახსროვან დაავადებებზე
ცხოვრების პასიური წესი და დაბალი ფიზიკური აქტივობა ნეგატიურად აისახება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოთა სისტემაზე
მთელ დღეს კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კომპიუტერთან ვატარებთ, შემდეგ სამუშაო მაგიდას ვშორდებით და მიგვეჩქარება ტრანსპორტისკენ, რომელიც ჩვენი მინიმალური ჩართულობით მიგვიყვანს დანიშნულების ადგილას და გადაღლილი ჩავწვებით რბილ საწოლში. თანამედროვე ადამიანს დღიდან-დღემდე ისე შეუძლია თავის გატანა, რომ მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი არ დასჭირდეს.რეალურად, თუ სპორტით არ ხართ დაკავებული, ან ჯანსაღი ცხოვრების ენთუზიასტი არ ბრძანდებით, ინდუსტრიულ ქალაქებში განსაკუთრებით ჭირს ფეხით სიარული, სეირნობა, გარეთ ვარჯიში თუ სხვა ტიპის აქტივობა. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით სტრესული კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვისაა, რომელიც მუდმივად ითხოვს გარკვეულ მოძრაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უბრალოდ კარგავს სიმყარეს.
აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პათოლოგიები ხშირია ბავშვთა ასაკში, ამიტომ მშობელი პერიოდულად უნდა ამოწმებდეს თავის ჩვილსა თუ მოზარდს აღნიშნული მიმართულებით.
ძვალ-სახსროვანი სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
· ართრიტი (არსებობს სხვადასხვა ტიპის ართრიტი, მაგ: რევმატოიდული, ოსტეორთრიტი და ა.შ)
· ოსტეოპოროზი
· სქოლიოზი
· პოდაგრა
· სხვა
სიმპტომურად თითოეული დაავადება შესაძლოა ერთნაირად მიმდინარეობდეს
· სახსრების ტკივილი
· სახსრის მოხრის ამპლიტუდის შემცირება
· ტკაცუნი სახსრის მოძრაობისას
· სახსრის დეფორმაცია
· სიწითლე
· შეშუპება
· და სხვა
თითოეული დაავადებისთვის რისკ-ფაქტორი განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა დომინირებს ასაკობრივი, პროფესიული და გენეტიკური მიდრეკილებები.
მაგალითად, იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვისი ყოველდღიურობაც მაღალ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს, შესაძლოა დროთა განმავლობაში ე,წ სახსრის ცვეთის სიმპტომები, ანუ ოსტეოართრიტი განუვითარდეთ. ასაკობრივი ფაქტორი გულისხმობს იმას, რომ 40+ პოპულაციაში რეკომენდებულია ძვალ-სახსროვანი სისტემის ყოველწლიური კვლევა, რადგან იზრდება მისი პათოლოგიებისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს კი, ქალები წარმოადგენენ.
დაავადებათა პრევენციის რეკომენდაციები არ იძლევა გარანტიას მათ თავიდან აცილებაზე, თუმცა რევმატოლოგები გვირჩევენ მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვაკონტროლოთ წონა, რადგან ჭარბწონიანობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, ვეცადოთ, რომ გვქონდეს გარკვეული ფიზიკური აქტივობა ყოველ დღე (სასურველია 10 000 ნაბიჯის გავლა), მივირთვათ მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები და მათი ნაკლებობის შემთხვევაში, ჩავრთოთ ბადები.
მტკიცე ძვალ-სახსროვანი სისტემა მკვეთრად ზრდის ცხოვრების ხარისხსს, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ნამდვილად პრიორიტეტულია!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account