
ბაქტერიები გარემოში ყველგან არიან. ჩვენი იმუნური სისტემის დამსახურებით მათთან თანაარსებობა კარგად გამოგვდის, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ ამ მიკროორგანიზმების შემოსევას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. შედეგად ბაქტერიული ინფექციები ჩნდება, ამ დროს კი ანტიბიოტიკების გამოყენება ხდება საჭირო.
მოდით, ბლოგში ერთ-ერთი ასეთი წამალი მიმოვიხილოთ, რომელსაც აზიტრომიცინი ჰქვია (იგივე აზითრომიცინი).
რა არის აზიტრომიცინი?
ეს პრეპარატი ანტიბიოტიკია, ანუ ბაქტერიების საწინააღმდეგო წამალია. მედიკამენტს თავისივე მოქმედი ნივთიერების სახელი ჰქვია. მისი შემცველობის მიხედვით აზიტრომიცინი 500-მილიგრამიანიც (იხილეთ აზიტრომიცინი 500 მგ) გვხვდება და 250-მილიგრამიანიც.
ამ პრეპარატს სხვადასხვა ქვეყანა აწარმოებს, მათ შორის საქართველოც. აზიმაკი აზიტრომიცინის ქართული “ვერსიის” დასახელებაა. ცნობისთვის, აზიტრომიცინი თურქული წარმოებითაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა სხვა დასახელებებით.
აზიტრომიცინი სიროფის სახითაც გვხვდება ბაზარზე (იხილეთ აზიტრომიცინის სუსპენზია). იგი მოქმედ ნივთიერებას სხვა რაოდენობით შეიცავს. განსხვავებულია მიღების წესიც.
უნდა აღინიშნოს, რომ აზიტრომიცინი 500 ფასის მხრივ განსხვავდება 250 მგ.-იანი ან სხვანაირი შემცველობის იმავე პრეპარატებისგან. მედიკამენტის ფასი განპირობებულია იმითაც, თუ რომელია მწარმოებელი ქვეყანა, რომელ სააფთიაქო ქსელში იყიდება ეს პრეპარატი და ვრცელდება თუ არა მასზე რაიმე აქცია.
აზიტრომიცინი პსპ-ს ქსელში აფთიაქის ვებსაიტიდან შეგიძლიათ იხილოთ.
როდის იყენებენ ამ პრეპარატს?
ამ მედიკამენტს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებენ, ანუ მაშინ, როცა ორგანიზმს საჭიროზე მეტი ბაქტერია “სტუმრობს”.
მას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ:
- ფარინგიტი;
- ტონზილიტი;
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
- პნევმონია;
- კანისა და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები;
- ურეთრიტი და ცერვიციტი;
- ქლამიდია;
- გენიტალური წყლული.
პრეპარატს სხვა შემთხვევებშიც მოიხმარენ. ესენია:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მწვავე ბაქტერიული გამწვავებით;
- ჰემოფილური ინფლუენცა (გრიპი);
- მიკოპლაზმური პნევმონია;
- სტრეპტოკოკული პნევმონია (იყენებენ პაციენტებში, რომლებსაც პერორალური მკურნალობა აქვთ დანიშნული).
როგორ უნდა გამოვიყენოთ აზიტრომიცინი?
აზიტრომიცინი აფთიაქებიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ამ პრეპარატის, როგორც ანტიბიოტიკის, არასწორად გამოყენებამ, შესაძლოა, ზიანი მოგვაყენოს. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ იგი ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ და გამოყენების წესებს ყურადღებით გაეცნოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტის მიღებამდე?
არ შეიძლება ამ წამლის მიღება, თუ ამ პროდუქტზე ან მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებზე ალერგია გაქვთ.
სიფრთხილეა საჭირო, თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ, რადგან ეს პრეპარატი სწორედ ღვიძლით გამოიყოფა. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ ამ წამალზე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები. შესაბამისად, სიფრთხილე ამ შემთხვევაშიც გმართებთ.
ორსულობისას აზიტრომიცინის გამოყენება რეკომენდებულია ქლამიდიური ცერვიციტის საწყისი მკურნალობისთვის. სხვა ინფექციების შემთხვევაში ეს პრეპარატი მხოლოდ მაშინ ინიშნება, თუ სხვა გამოსავალი არ არის. უცნობია, გადადის თუ არა ეს წამალი დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
ცნობილია, რომ აზიტრომიცინი ანტაციდებთან, წამლების ერთ-ერთ ჯგუფთან, ურთიერთქმედებს. ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები პლაზმაში ამ პრეპარატის კონცენტრაციის პიკს ამცირებს, თუმცა არ ცვლის კუჭში მისი შეწოვის საერთო მოცულობას. ამის გამო აზიტრომიცინი ანტაციდებამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ მიიღება.
მნიშვნელოვანია, რომ აზიტრომიცინი ერგოტისგან წარმოებულ პრეპარატებთან ერთად არ მიიღოთ. ამ დროს თეორიულად შესაძლებელია, რომ ერგოტიზმი განვითარდეს. პაციენტის მეთვალყურეობაა საჭირო, თუკი იგი აზითრომიცინთან ერთად შემდეგ წამლებს იღებს: დიგოქსინი, დიჰიდროერგოტამინის ერგოტამინი, ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და ფენიტოინი.
აზიტრომიცინი ზრდასრულებში
აზითრომიცინის დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა პაციენტის პრობლემაზეა დამოკიდებული. მოდით, დეტალურად განვიხილოთ:
როდის გამოიყენება |
რა დოზით და რამდენ ხანს გამოიყენება |
მსუბუქი ფორმის პნევმონია, ფარინგიტი/ტონზილიტი (მკურნალობის მეორე ეტაპზე), კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები (გაურთულებელი) |
პირველ დღეს 500 მგ. ერთჯერადად, შემდეგ — დღეში ერთხელ 250 მგ. 2-5 დღის განმავლობაში |
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როცა მწვავე ბაქტერიული გამწვავება შეინიშნება (მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის) |
დღეში ერთხელ 500 მგ. 3 დღის განმავლობაში. მეორე ვარიანტია: პირველ დღეს 500 მგ. ერთჯერადად, შემდეგ — დღეში ერთხელ 250 მგ. 2-5 დღის განმავლობაში |
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი |
დღეში ერთხელ 500 მგ. 3 დღის განმავლობაში |
გენიტალიების წყლულოვანი დაავადება (რბილი შანკრი) |
1 გ. დოზა ერთჯერადად |
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი |
1 გ. დოზა ერთჯერადად |
აზიტრომიცინი ბავშვებში
ეს პრეპარატი ბავშვებშიც გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის ინფექციების დროს. ესენია: შუა ყურის ინფექცია, სინუსიტი, პნევმონია და ტონზილიტი.
წამლის მიღების ხანგრძლივობა 1-იდან 5 დღემდე მერყეობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს. პრეპარატის დოზა ბავშვის სხეულის მასის მიხედვით გამოითვლება. როგორც წესი, თითო კილოგრამზე 12 მილიგრამი აზიტრომიცინი ინიშნება, თუმცა ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ბავშვს იგი გახსენებისთანავე უნდა მისცეთ, თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე მეტია დარჩენილი; თუკი აქამდე 12 საათზე ნაკლები დროა, ბავშვს პირდაპირ მომდევნო დოზა მიეცით. გამოტოვების დასაბალანსებლად ორმაგი რაოდენობის წამალი პატარას არასდროს არ უნდა მისცეთ, რადგან ამ დროს გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება.
არ აქვს მნიშვნელობა, დღის რა მონაკვეთში მისცემთ პატარას ამ პრეპარატს, თუმცა უმჯობესია, თუ ამას ერთსა და იმავე დროს გააკეთებთ. წამლის გამოყენება მაშინაც კი უნდა განაგრძოთ (თავისთავად, ექიმის დანიშნულების ფარგლებში), თუ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს.
როგორ ითვისებს ორგანიზმი აზიტრომიცინს და რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
პრეპარატის ფორმაზეა (ტაბლეტია ის, კაფსული თუ სუსპენზია) დამოკიდებული ის, თუ როგორ აითვისებს ორგანიზმი მას. ორგანიზმი ამ წამალს მარტივად იტანს, თუმცა გვერდითი მოვლენები მაინც ვლინდება ხოლმე.
აზიტრომიცინის ათვისება
მას შემდეგ, რაც აბს გადაყლაპავთ, აზითრომიცინს ორგანიზმი სწრაფად შეიწოვს. სხეული პრეპარატის დაახლოებით 40%-ს აითვისებს. თუკი ამ წამლის პარალელურად საკვებს მიიღებთ, ტაბლეტებისა და სუსპენზიის შეწოვა არ შენელდება, თუმცა ეს მოხდება კაფსულების შემთხვევაში.
პერორალურად მიღებისას აზიტრომიცინი პლაზმაში მაქსიმალურ რაოდენობას 2-3 საათში აღწევს, ვენაში შეყვანის შემდეგ კი — 1-2 საათში. ეს პრეპარატი ქსოვილებში ფართოდ ნაწილდება, ამიტომ იგი ქსოვილებში უფრო დიდი რაოდენობით რჩება, ვიდრე სისხლში.
სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით ეს წამალი პლაზმაში შედარებით მცირე რაოდენობით ხვდება. მისი კონცენტრაცია მაღალია ლეიკოციტებში; მცირედით ვრცელდება თავზურგტვინის სითხეში, როცა ტვინის რბილს გარსზე ანთება არ შეინიშნება. კვლევების მიხედვით, ამ მედიკამენტს შეუძლია, პლაცენტაში გაიაროს.
აზიტრომიცინი ღვიძლში მცირე რაოდენობით დემეთილიზდება (ამ ნივთიერების მოლეკულას მეთილის ჯგუფი სცილდება); პრეპარატი ძირითადად ნაღვლის საშუალებით გამოიყოფა უცვლელი ფორმით, თუმცა გამოვლინდა მისი დაშლის შედეგად მიღებული რამდენიმე არააქტიური ნივთიერებაც. პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 6% შარდში გამოიყოფა, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი კი დაახლოებით 68 საათია.
აზიტრომიცინის გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინის გამოყენება, როგორც წესი, სერიოზულ გვერდით მოვლენებს არ იწვევს. შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი (ტკივილი ან სპაზმი) მუცლის არეში, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გამონაყარი კანზე.
თუკი რომელიმე სიმპტომი ძლიერ დისკომფორტს გიქმნით ან რაიმე სხვა პრობლემა გაგიჩნდათ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
წამლის შენახვის პირობები
პრეპარატი მშრალ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ, სადაც ტემპერატურა 30°C-ზე მეტი არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტს ბავშვები ვერ მისწვდნენ.
აზიტრომიცინი გამოშვებიდან 36 თვის განმავლობაშია ვარგისი. წამალი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მაშინაა, როცა მიღების წესებსა და შენახვის პირობებს ზედმიწევნით ვიცავთ, მაქსიმალურად ეფექტიანი მკურნალობისთვის კი სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინება გმართებთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account