სარჩევი:
პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება, ფილტვის ინფექციის სახეობაა. როდესაც ვინმეს აქვს პნევმონია, ეს ნიშნავს, რომ მისი ფილტვები ინფიცირებულია მიკრობებით, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები ან სოკოები. ეს მიკრობები იწვევენ ფილტვებში არსებული ქსოვილების ანთებას.
ფილტვის ქსოვილები სითხით ან ჩირქით ივსება. ეს ართულებს ფილტვების გამართულ მუშაობას, რადგან მათ არ შეუძლიათ საკმარისი ჟანგბადის სისხლში შეყვანა. პნევმონიის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და გულმკერდის ტკივილი. მნიშვნელოვანია პნევმონიის მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით და თვითნებურად წამლის მიღება დაუშვებელია.
პნევმონია სიმპტომები
პნევმონიის სიმპტომები და ნიშნები განსხვავდება და შეიძლება იყოს მსუბუქი, ან მძიმე. ეს დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა ინფექციის გამომწვევი მიზეზები, პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები ხშირად გაციების ან გრიპის მსგავსია, მაგრამ ისინი უფრო დიდხანს გრძელდება.
პნევმონიის სიმპტომები შემდეგია:
- გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას ან ხველების დროს
- დაბნეულობა ან გონებრივი ცნობიერების ცვლილებები (65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში)
- ხველა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნახველი
- დაღლილობა
- ცხელება, ოფლიანობა და შემცივნება
- სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა (65 წელზე უფროსი ასაკის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში)
- გულისრევა, ღებინება ან დიარეა
- ჰაერის უკმარისობა
ახალშობილებსა და ჩვილებს ზოგჯერ არ აქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი. ან ახასიათებთ ღებინება, სიცხე და ხველა, მოუსვენრობა, უენერგიობა, მადის დაკარგვა.
პნევმონიის ტიპები
არაერთმა სხვადასხვა მიკრობმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია. ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰაერში არსებული ბაქტერიები და ვირუსები, რომელსაც ვსუნთქავთ. ჩვენი სხეული ჩვეულებრივ ამ მიკრობებს არ აძლევს საშუალებას დააინფიციროს ფილტვები. მაგრამ ზოგჯერ მათ მაინც შეუძლიათ დაძლიონ იმუნური სისტემა, მაშინაც კი, თუ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა კარგია.
პნევმონია კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რა სახის მიკრობები იწვევენ მას და სად მიიღეთ ინფექცია.
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია პნევმონიის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ეს ხდება საავადმყოფოების ან სხვა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ და სხვადასხვა მიზეზი უდევს საფუძვლად:
- ბაქტერიები. ბაქტერიული პნევმონიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის Streptococcus pneumoniae. ამ ტიპის პნევმონია თავისთავად ვითარდება, ან გაციებისა და გრიპის შემდეგ იწყება.
- ბაქტერიების მსგავსი ორგანიზმები. Mycoplasma pneumoniae ასევე ხშირადაა პნევმონიის მიზეზი. როგორც წესი, ის უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე სხვა სახის პნევმონია. “ფეხით მოსიარულე პნევმონია” არაფორმალური სახელია, რომელიც მიენიჭა ამ ტიპის პნევმონიას.
- სოკოები. ამ ტიპის პნევმონია ყველაზე ხშირია ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
- ვირუსები, მათ შორის COVID-19. ზოგიერთი ვირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და გრიპს, ხშირად პნევმონიის მიზეზიცაა. ვირუსები პნევმონიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვირუსული პნევმონია ჩვეულებრივ მსუბუქია. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული.
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია
ზოგიერთ ადამიანს საავადმყოფოში ყოფნის დროს ემართება პნევმონია. საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულია. მისი გამომწვევი ბაქტერიები უფრო მდგრადები არიან ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან ადამიანები, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, უკვე ავად არიან. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სუნთქვის აპარატებზე, ამ ტიპის პნევმონიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
მკურნალობის შედეგად შეძენილი პნევმონია
მკურნალობის შედეგად შეძენილი პნევმონია ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გვხვდება ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში ან მკურნალობენ ამბულატორიულ კლინიკებში, მათ შორის თირკმლის დიალიზის ცენტრებში. საავადმყოფოში შეძენილი პნევმონიის მსგავსად, ამ ტიპის პნევმონია ხშირად გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც უფრო მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ.
ასპირაციული პნევმონია
ასპირაციული პნევმონია წარმოიქმნება ფილტვებში საკვების, სასმლის, ღებინების ან ნერწყვის შესუნთქვისას. ასპირაცია უფრო სავარაუდოა, როდესაც ადამიანს აქვს ტვინის დაზიანება, გადაყლაპვის პრობლემა, ან აქტიურად მოიხმარს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
დაავადების რისკ-ფაქტორები
პნევმონია შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მაგრამ ორი ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა:
- ბავშვები, რომლებიც არიან 2 წლის ან უმცროსი
- 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები
სხვა რისკ ფაქტორები მოიცავს:
- ჰოსპიტალიზაცია. პნევმონიის რისკი იზრდება თუ ადამიანი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ იმყოფება აპარატზე, რომელიც ეხმარება სუნთქვაში.
- ქრონიკული დაავადება. ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) ან გულის დაავადება ზრდის პნევმონიის რისკს.
- მოწევა. მოწევა ასუსტებს ადამიანის სხეულის ბუნებრივ დამცავ სისტემას. შესაბამისად, მწეველი უფრო მოწყვლადი ხდება ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ, რომლებიც იწვევენ პნევმონიას.
- დასუსტებული ან დათრგუნული იმუნური სისტემა. ადამიანი, რომელსაც აქვს აივ/შიდსი, გადაინერგა ორგანო, ან იტარებს ქიმიოთერაპიას, გაზრდილი რისკის ქვეშაა.
პნევმონიის გართულებები
არსებობს პნევმონიის სხვადასხვა გართულება:
- ბაქტერიები სისხლში (ბაქტერიემია). ბაქტერიებმა, რომლებიც ფილტვებიდან შედიან სისხლძარღვში, შეუძლიათ ინფექციის გავრცელება სხვა ორგანოებზე.
- სუნთქვის გაძნელება. თუ პნევმონია მძიმეა ან ადამიანს აქვს ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ხშირად ეწყება სუნთქვის გაძნელება. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და სუნთქვის აპარატის გამოყენება.
- ფილტვების ირგვლივ სითხის დაგროვება. პნევმონიამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება ქსოვილის ფენებს შორის არსებულ თხელ სივრცეში.
- ფილტვის აბსცესი. აბსცესი ჩნდება, თუ ჩირქი წარმოიქმნება ფილტვის ღრუში. აბსცესს ჩვეულებრივ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. ზოგჯერ ჩირქის მოსაშორებლად საჭიროა ოპერაცია ან დრენაჟი.
პნევმონია გადამდებია?
პნევმონია თავისთავად არ არის გადამდები, მაგრამ ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც იწვევენ მას, შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე. მაგალითად, გრიპი გადამდებია და შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მაგრამ გრიპის მქონე ადამიანების უმეტესობას არ დაემართება პნევმონია.
ბაქტერია, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს პნევმონიას, Streptococcus pneumoniae, შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხებით ან ხველებითა და ცემინებით.
სოკოებით გამოწვეული პნევმონია არ არის გადამდები. სოკოვანი ინფექციები არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.
პნევმონიის დიაგნოსტიკა
პნევმონიის დიაგნოზის დასადგენად, ექიმი გამოგკითხავთ ჯანმრთელობის ისტორიას და ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას. ის მოუსმენს ფილტვებს სტეტოსკოპით და ხშირ შემთხვევაში დამატებითი ტესტების საჭიროება დგება.
რა ტესტები ჩატარდება პნევმონიის დიაგნოსტიკისთვის?
დამატებითი ტესტები მოიცავს ვიზუალიზაციას (გულმკერდის რენტგენის მსგავსად), პულს ოქსიმეტრიას (სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმება), სისხლის ანალიზს ან ნახველის ტესტებს
- ვიზუალიზაცია: გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება გამოიყენება ფილტვების სურათების გადასაღებად და ინფექციის ნიშნების მოსაძებნად.
- სისხლის ტესტები: სისხლის ტესტით დადგინდება, თუ რა სახის ინფექცია იწვევს პნევმონიას.
- ნახველის ტესტი: ნახველის ნიმუში მოწმდება ლაბორატორიაში. ლაბორატორია მოძებნის ინფექციის ნიშნებს და შეეცდება დაადგინოს რა იწვევს მას.
- პულსური ოქსიმეტრია: სენსორი ზომავს სისხლში ჟანგბადის რაოდენობას. ექიმი ამის მიხედვით ადგენს, რამდენად კარგად მუშაობს ფილტვები.
არტერიული სისხლის ტესტი: ექიმი იღებს სისხლის ნიმუშს მაჯიდან, მკლავიდან ან საზარდულიდან, რათა გაზომოს სისხლში ჟანგბადის დონე. - ბრონქოსკოპია: ბრონქოსკოპით ექიმი ათვალიერებს ფილტვებს
პნევმონიის მკურნალობა
პნევმონიის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი - და რამდენად სერიოზულია შემთხვევა. ხშირ შემთხვევაში, მიზეზის დადგენა შეუძლებელია და მკურნალობა ორიენტირებულია სიმპტომების მართვაზე.
მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს:
- ანტიბიოტიკები: ანტიბიოტიკები ინიშნება ბაქტერიული პნევმონიის დროს.
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ სოკოვანი ინფექციით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა.
- ანტივირუსული მედიკამენტები: ვირუსული პნევმონიის მკურნალობა, როგორც წესი, არ ხდება მედიკამენტებით. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტივირუსული საშუალებები რათა შემცირდეს ავადმყოფობის ხანგრძლივობა და სიმძიმე.
- ჟანგბადის თერაპია: თუ პაციენტი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, ექიმი ნიშნავს ჟანგბადის თერაპიას.
ექიმის მიერ რიგ შემთხვევებში ინიშნება სხვადასხვა მედიკამენტი:
Engystol - ენგისტოლი არის ჰომოეპათიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდის დროს და ა.შ.
ულტრაპენემი ინიშნება პნევმონია, მათ შორის, არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონია, საშარდე გზების ინფექციების დროს.
კეფპიმი არის საინფუზიო ხსნარი დაგამოიყენება სასუნთქი ტრაქტის ინფექციების, მათ შორის, პნევმონია, ბრონქიტები; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციების შემთხვევაში.
შეიძლება თუ არა პნევმონია თავისთავად გაქრეს?
ვირუსული პნევმონია ხშირად თავისთავად გადის, მაგრამ ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციებს სიმპტომების სამკურნალოდ და სერიოზული გართულებების რისკის შესამცირებლად.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, მუდმივი ცხელება, მუდმივი ხველა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მაღალი რისკის ჯგუფების ადამიანებმა მიმართონ ექიმს:
- 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები
- 2 წელზე უმცროსი ბავშვები ნიშნებითა და სიმპტომებით
- დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები
- ადამიანები, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ან იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას.
ზოგიერთი ხანდაზმული და გულის უკმარისობის ან ფილტვების ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის პნევმონია შეიძლება სწრაფად გახდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account