თუ აქამდე გეგონათ, რომ კანი, სხეულის უდიდესი ორგანო, მხოლოდ ფიზიკური ბარიერია, რომელიც გარემოს საფრთხეებისგან გვიცავს, ცდებოდით — ხშირად კანი თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირდაპირი ანარეკლია.
როგორც შედარებით ხშირი პრობლემების (სიმშრალე, გაღიზიანება), ისე უფრო რთული მდგომარეობების (დერმატიტი, ინფექციები, სოკო) დროს თანაბარი ყურადღება გმართებთ, რადგან კანის ჯანმრთელობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია ფიზიკური კომფორტისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
სამწუხაროდ, ისეთ ეპოქაში მოგიწიათ ცხოვრება, რომელშიც დერმატოლოგიური პრობლემები მხოლოდ იზრდება (რაც ადამიანის ყოველდღიურობის ცვლილებითა და ეკოლოგიური პრობლემებით შეიძლება აიხსნას), ამიტომ საიმედო და მრავალმხრივ სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნაც პრობლემების პირდაპირპროპორციულად მატულობს.
ხშირად ტრადიციული საშუალებები მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე, მის ერთ ასპექტზეა ფოკუსირებული – მაგალითად, ანთების შემცირებაზე, ან ინფექციასთან ბრძოლაზე, თუმცა კანის არაერთი დარღვევა ამ გამოწვევების კომბინაციას გვთავაზობს, რომელსაც უფრო სრულყოფილი მიდგომა სჭირდება.
ტრიდერმი (Triderm) ასპარეზზე სწორედ ამ მომენტში გამოდის. პრეპარატი შექმნილია იმისათვის, რომ ინტეგრირებული გამოსავალი მოგაწოდოთ და კანის დარღვევის მრავალ ასპექტს მოერგოს. ტრიდერმს აქვს როგორც ბაქტერიების, ისე სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და კანის ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტის უმოკლეს დროში აღმოფხვრაში დაგეხმარებათ — სწორედ ამიტომ არის ის დერმატოლოგებისა და პაციენტების არჩევანი.
ტრიდერმი — ანთების, ბაქტერიებისა და სოკოს წინააღმდეგ
ტრიდერმი გვხვდება როგორც მალამოს, ისე კრემის სახით. პრეპარატის მოქმედი ნივთიერებებია: ბეტამეტაზონი, კლოტრიმაზოლი და გენტამიცინი. დამხმარე ნივთიერებათა შორის კი ვხვდებით თხევად პარაფინსა და თეთრ ვაზელინს.
ტრიდერმი გამოიყენება დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენის საწინააღმდეგოდ, რომელიც გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას ექვემდებარება და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც, თავის მხრივ, პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითა და სოკოებითაა გამოწვეული.
ტრიდერმი აერთიანებს ბეტამეტაზონის დიპროპიონატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, გენტამიცინის ანტიბაქტერიულ მოქმედებასა და კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.
პრეპარატის აქტიურ ნივთიერება ბეტამეტაზონს ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება ახასიათებს. კლოტრიმაზოლი ეფექტიანია ტერფის ეპიდერმოფიტიის, საზარდულის დერმატომიკოზის, კანის დერმატომიკოზის, კანდიდოზების მკურნალობისათვის. რაც შეეხება გენტამიცინს, მისადმი მგრძნობიარეა: სტრეპტოკოკების (ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური) ზოგიერთი შტამი, გრამუარყოფითი ბაქტერიები და სხვა.
რატომ არ შეიძლება ტრიდერმის მალამოს გამოყენება ღია ჭრილობაზე, თვალებთან ან თვითნებურად სასქესო ორგანოზე
ტრიდერმი საკმაოდ ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გმართებთ. როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის ქონის შემთხვევაში ტრიდერმის სახეზე დატანას უნდა მოერიდოთ.
გარდა ამისა, მოერიდეთ ტრიდერმის წასმას (ნებისმიერი ფორმით), თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ. ასევე, ეს შენიშვნა ეხება მომატებულ მგრძნობელობას სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ. არ გამოიყენოთ ტრიდერმი ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. ნუ დაფარავთ მალამოს ან კრემს სახვევით, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. არ დაიტანოთ ტრიდერმი ღია ჭრილობაზე.
ასევე დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე. ტრიდერმის თვალში მოხვედრამ შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს — თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდება, ამოიბანეთ თვალი დიდი რაოდენობის წყლით.
მოერიდეთ პრეპარატის დატანას ცხვირზე, ყურებსა და სხვა მგრძნობიარე ნაწილებზე. გაითვალისწინეთ, რომ ტრიდერმის სასქესო ორგანოზე წასმა არ შეიძლება, თუ ამის აუცილებლობას ექიმი ვერ ხედავს — სანამ ამას იზამთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.
ზედოზირება, ორსულობა და ლაქტაცია
ზედოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოფიზარულ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებით და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლენით, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას, კუნთების განლევას, ოსტეოპოროზს, ჰიპერგლიკემიას და ა.შ. ამ სიმპტომებს გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება არ იწვევს. გენტამიცინის გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. ასეთ შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი სიმპტომური თერაპია. მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. აუცილებლობისას ატარებენ ელექტროლიტური ბალანსის კორექციას.
ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა. რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატ ტრიდერმით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიდერმის გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ამის კრიტიკული აუცილებლობა არ დგას. ამინოგლიკოზიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება ზიანი მოუტანოს ნაყოფს, თუ მათ ორსულები გამოიყენებენ.
ლაქტაციის შემთხვევაში ამ მხრივ ცოტა კვლევა არსებობს, თუმცა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდები რძეშიც აღწევს. ამიტომ ლაქტაციისას ტრიდერმის გამოყენება არ არის სასურველი.
როგორ გამოვიყენოთ ტრიდერმი
მოზარდებმა და მოზრდილებმა თხელი ფენა უნდა წაისვან კანის დაზიანებულ უბანზე, მსუბუქი შეზელით, დილასა და საღამოს. დაზიანებულ კანთან ერთად უნდა მოიცვან მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირი.
ტრიდერმით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც კვლევის/ანალიზების შედეგებზე, ისე თქვენი ორგანიზმის რეაგირებაზე მკურნალობის ამ მეთოდზე.
ტერფის მიკოზების დროს შესაძლოა მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
2-იდან 12 წლამდე ბავშვებში მცირე რაოდენობის წასმა საჭიროა მხოლოდ კანის დაზიანებულ უბანზე, ფრთხილი შეზელით. გამოიყენება დღეში არა უმეტეს ორჯერ. პრეპარატის ორ წასმას შორის შესვენება, მინიმუმ, 6-12 საათი უნდა იყოს.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ტრიდერმის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მალამოს დატანა სახეზე, კისერზე, თავზე, გენიტალიებისა და რექტალურ მიდამოში და კანის ინტერტრიგინოზულ უბნებზე აუცილებელია ექიმის დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5-7 დღეს შეადგენს.
სტეროიდული სისტემური ეფექტების პრევენციის მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დიდ უბანზე დატანა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ადგილობრივი აქტიური ნივთიერებების შეწოვა შეიძლება გაძლიერდეს, თუ ტრიდერმს დიდ ზედაპირზე წაისვამთ, ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას ან დაზიანებულ კანზე წასმისას. ბუნებრივია, ბავშვებში გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
როგორია ტრიდერმის გვერდითი მოვლენები
როგორც უკვე აღინიშნა, ტრიდერმი საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებაა, ამიტომ, ბუნებრივია, ზოგ შემთხვევაში მას გვერდითი ეფექტებიც ახლავს.
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატს იშვიათად ახასიათებს კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე და კანის ფერის ცვლილება (უცნობია, ფერის ცვლილება შექცევადია თუ არა).
არსებობს ტელეანგიექტაზიის, სტრიების, კანის ზოლისებრი ატროფიის, კანის ჰემორაგიის, პურპურის, სტეროიდული აკნეს, როზაცეას მსგავსი ან პერიორალური დერმატიტისა და ჰიპერტრიქოზის განვითარების ალბათობაც.
ტრიდერმის ფართო ზედაპირზე წასმისას არსებობს სისტემური ზემოქმედების შესაძლებლობა, რაც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითებით გამოიხატება.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინფექციებისადმი დაქვეითებული წინააღმდეგობის გამო არსებობს მეორადი ინფექციების აღმოცენების მომატებული რისკი.
გვერდითი ეფექტი შეიძლება შეეხოს ენდოკრინულ სისტემასაც, რისი ნიშანიც შეიძლება იყოს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმი, შეშუპება. ბავშვებში არსებობს ზრდის შენელების რისკიც.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილმა გვერდითმა ეფექტებმა არ უნდა შეგაშინოთ, მათი გამოვლენის რისკი სწორი მკურნალობის შემთხვევაში ძალიან მცირეა. თუმცა ნებისმიერი გამოვლინების შემჩნევისას აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.
ტრიდერმის შენახვის პირობები და სხვა მონაცემები
ტრიდერმი რბილი კონსისტენციის, თეთრი-ღია ყვითელი ფერის ერთგვაროვანი მალამოა, რომლის ვარგისობის ვადაც 3 წელს შეადგენს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი აღარ უნდა გამოიყენოთ. დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად გეტყვით, რომ ვარგისობის ვადაში იგულისხმება შეფუთვაზე დატანილი თვის ბოლო დღე.
როგორც კრემი, ისე მალამო შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ტრიდერმი რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა ნუ გადასცემთ მას სხვა პიროვნებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შესაძლოა, კონკრეტული პირი განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებდეს.
ჯანმრთელობის პარალელურად, არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ტრიდერმს გამდინარე წყალში, საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
დერმატოლოგიური პრობლემებზე თვალის დახუჭვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება — რაც უფრო დროულად მიმართავთ სპეციალისტს, მით მალე დასრულდება დისკომფორტი და ვითარების დამძიმების რისკიც მინიმუმამდე შემცირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ტრიდერმი ამ პროცესში თქვენი მთავარი მოკავშირის როლს შეასრულებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account