ნიმესილი —  რა უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ქვეყანაში აკრძალული წამლის მიღებამდე

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალება — ნიმესილს, ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც აქვს. მის შემადგენლობაში ნიმესულიდი და სხვა დამატებითი ინგრედიენტები: საქაროზა, ფორთოხლის გემოს და სუნის მქონე დანამატები, ლიმონის მჟავა, მალტოდექსტრინი და მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი შედის.

 

ნიმესულიდი არის პრეპარატის საერთაშორისო დასახელებაც. 2000-იან წლებში ნიმესულიდთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შემდეგ, ღვიძლის ტოქსიკაციის საყურადღებო შემთხვევები გამოიკვეთა. მას შემდეგ რაც ეს მონაცემები გამოქვეყნდა, რამდენიმე ქვეყანამ წამლის გაყიდვა აკრძალა. 

 

ევროპის წამლის ასოციაციამ (EMA)  2007 წელს გამოაქვეყნა დასკვნა ნიმესულიდთან დაკავშირებით. EMA-ს მიმოხილვის თანახმად, ნიმესულიდის სარგებელი აღემატება რისკებს. პრეპარატის გაყიდვა არ აიკრძალა, თუმცა დასკვნაში  ჩაწერილია, რომ მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და შეიზღუდოს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, რათა პაციენტებში ღვიძლთან დაკავშირებული სირთულეების განვითარების რისკი შემცირდეს. 

 

ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რისი წამალია ნიმესილი, როგორ უნდა მოამზადოთ იგი და რა ჩვენებების დროს არ არის რეკომენდებული მისი მიღება. 

 

რისი წამალია ნიმესილი?

ნიმესილი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური ( ტკივილგამაყუჩებელი) და სიცხის დამწევი საშუალებაა. როგორც ტკივილგამაყუჩებელი ნიმესილი კბილის ტკივილის, თავის, მტკივნეული მენსტრუაციის, თუ ისტეოართრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. 

 

თუმცა აქვე, გაითვალისწინეთ, რომ ნიმესილი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით. შესაბამისად, პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს,  რომელიც შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე, შეაჯერებს წამლის სარგებელსა და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკსებს.   

 

იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნიმესილის მიღების პარალელურად სიმპტომები უფრო გართულდება, ან უბრალოდ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდებათ, უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ექიმმა შესაძლოა, უფრო ხშირი, განმეორებითი კონსულტაციები დანიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი არ ახდენს უარყოფით გავლენას კუჭზე, თირკმელზე, გულზე, ან ღვიძლზე.

 

ნიმესილის მიღება უკუნაჩვენებია და არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში: 

 

  • თუკი პაციენტს მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგია აქვს პრეპარატის შემდგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;
  • თუკი პაციენტს წარსულში გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას;
  • თუკი წარსულში ნიმესულიდის მიღებისას პაციენტს დაუფიქსირდა პრეპარატის ტოქსკიკური ზეგავლენა ღვიძლზე;
  • პრეპარატზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების არსებობის გამოცდილების შემთხვევაში;
  • თუკი პაციენტი რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით;
  • თუკი წარსულში პაციენტს აასს-ით თერაპიის დროს გამოუვლინდა სისხლდენა, ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;
  • თუკი პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადებები, ან აღენიშნება ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
  • თუ პაციენტს აწუხებ გულის უკმარისობა, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • თუკი პაციენტს აქვს, ან წარსულში ჰქონდა პეპტიური წყლული
  • თუკი პაციენტს უდასტურდება კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა;
  • თუკი პაციენტს უდასტურდება ინსულტი, სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
  • თუკი პაციენტს აღენიშნება სისხლდენა, ან სისხლის შედედების პროცესის დარღვევით გამოწვეული პრობლემები აქვს. 

 

გაითვალისწინეთ, რომ ნიმესილი ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვისასაც საფრთხილოა მისი მიღება, რადგან მედიკამენტს შეუძლია ჩასახვა გაართულოს.  ასევე, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშნვა 12 წლამდე ბავშვებში. 

 

ნიმესილი უკუნაჩენებია გაციების და გრიპის დროსაც და არ არის სასურველი მისი მიღების შემდეგ ავტომობილის მართვა. 

 

რა გვერდითი მოვლენები აქვს ნიმესილს?

 

ნიმესილით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს: გულისრევა, სისხლიანი ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, შეკრულობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, კოლიტისა და კრონის დაავადებების გამწვავება, არტერიული წნევის მომატება, შეშუპება, კანის სერიოზული რეაქციები, გულის უკმარისობა და სხვა. გახსოვდეთ, რომ ნიმესილი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით. მიღებამდე აუცილებლად წაიკითხეთ ნიმესილის ანოტაცია. 

 

ასევე  აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან წარსულში იღებდით, სხვა სამკურნალო საშუალებებს. რათა დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ნიმესილის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

 

ნიმესილის გამოყენების წესი/ინსტრუქცია 

 

სააფთიაქო ქსელებში ნიმესილი ფხვნილის/პაკეტების სახით არის ხელმისაწვდომი. ერთ შეფუთვაში შეიძლება იყოს 9, 15, ან 30 პაკეტი. ნიმესილის პაკეტის შიგთავსი უნდა გამოცალოთ ჭიქაში და დაუმატოთ წყალი. 

 

პაკეტების რაოდენობის მიხედვით ნიმესილის ფასი განსხვავდება.  თუკი პრეპარატის მიღება ტაბლეტის ფორმით გსურთ, ნიმესილი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ემერონი 100 მგ-ის სახელით შეგხვდებათ. 

 

რაც შეეხება ნიმესილის მიღების წესს, ხანგრძლივობასა და დოზირებას, უნდა შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან. ნიმესილის ანოტაციაში გაწერილი რეკომენდებული დოზა არის 100მგ (პაკეტის შემადგენლობა იხსნება ერთ ჭიქა წყალში) ორჯერ დღე-ღამეში, საკვების მიღების შემდეგ. მკურნალობის არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.   

 

ნიმესილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ აღარ უნდა მიიღოთ. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.