Toradol - ტორადოლი 10მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 40,93 GEL რეგულარული ფასი 62,80 GEL
მარაგშია
SKU
88746_3465

ჩვენება:ზომიერი ან მძიმე ხარისხის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის.

ტორადოლი® 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

კეტოროლაკის ტრომეტამინი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·       საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

·       დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

·       მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

·       ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.

 

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.   რას წარმოადგენს ტორადოლი და მისი გამოყენება;

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორადოლის მიღებამდე;

3.   ტორადოლის მიღების წესი;

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5.   ტორადოლის შენახვის წესი;

6.   შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1.   რას წარმოადგენს ტორადოლი და მისი გამოყენება

ტორადოლი მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ჯგუფს. ფარმაკოტერაპიული ჯგუფი: 9.1.2 - ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა. არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტები. ძმარმჟავას წარმოებულები.

ტორადოლი ნაჩვენებია ზომიერი ან მძიმე ხარისხის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის, რომელიც საჭიროებს ოპიატების ტიპის ანალგეზიას. ის არ არის ნაჩვენები ქრონიკული ტკივილების სამკურნალოდ. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორადოლის მიღებამდე

დაუშვებელია ტორადოლის მიღება

-        თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კეტოროლაკის ტრომეტამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

-        თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების მიმართ;

-        თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური პეპტიკური წყლული ან გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია;

-        თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა;

-        თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანება (შრატში კრეატინინის დონე მეტი ვიდრე 442 მკმოლი/ლ), თირკმლის დაზიანების რისკის შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია ჰიპოვოლემიით ან დეჰიდრატაციით;

-        ფეხმძიმობის, მშობიარობის, მშობიარობის შემდგომ და ძუძუთი კვების პერიოდში;

-        ცერებროვასკულარული სისხლდენის სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევებში, სისხლდენის მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის ოპერაციების, ჰემორაგიული დიათეზის დროს და ასევე სისხლდენის მაღალი რისკის შემთხვევებში, მათ შორის კოაგულაციის დარღვევების და ჰეპარინით მკურნალობის დროს;

-        16 წლამდე ასაკის ბავშვებში;

-        თუ პაციენტს აღენიშნება ანგიონევროზული შეშუპება, რეაქტიული ბრონქოსპაზმი (მაგ.: ასთმა) და ცხვირის პოლიპები;

-        თუ პაციენტი იღებს აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანტიანტებით მედიკამენტებს (NშAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორებს (ჩOXIB);

-        პენტოქსიფილინით მკურნალობის შემთხვევაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტორადოლის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

არასასურველი მოვლენები შეიძლება შემცირდეს უმცირესი ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად (იხ. ინფორმაცია კუჭ-ნაწლავისა და კარდიოვასკულარული რისკების შესახებ ქვემოთ).

კუჭ-ნაწლავის ეფექტები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია აღწერილ იქნა ყველა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების გამოყენებისას მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ან არ იყო საგანგაშო სიმპტომებთან, ან მძიმე გასტროინტესტინურ მოვლენებთან. ამ გართულებების რისკი მაღალია დიდი დოზების გამოყენებისას, პეპტიკური წყლულოვანი დაავადების ანამნეზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ ვითარდება აბდომინური სიმპტომები და გასტროინტესტინური სისხლდენა, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიაზე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველობითი პრეპარატი.

თირკმლისმიერი ეფექტები

ტორადოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაზიანების ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ტორადოლის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ სისხლის მოცულობის და/ან თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირებას. ასეთ პაციენტებში ტორადოლის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების გამოყენება უნდა შემცირდეს დოზის, თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის და თირკმლის გაძლიერებული დეკომპენსაციის ან უკმარისობის მიხედვით. ამ რეაქციების რისკი მაღალია თირკმლის დაზიანების, ჰიპოვოლემიის, გულის უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიურეტიკებით მკურნალობის დროს და ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია ტორადოლის მიღება”).

სიფრთხილეა რეკომენდებული ღვიძლის დაზიანების დროს გამოყენებისას.

ალერგიული რეაქციები

არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტების  მიღებასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად. ამ რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში და უმეტეს შემთხვევებში ეს რეაქციები ვლინდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. ტორადოლის მიღება უნდა შეწყდეს გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანების ან ალერგიის სხვა გამოვლინებების პირველივე ნიშნების გაჩენისას.

ხანდაზმულებში არასტეროიდული ანტიანთებითი გვერდითი რეაქციების სიხშირე განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის, რაც შეიძლება ფატალური იყოს, უფრო მაღალია.

სიფრთხილის ზომები რეპროდუქციულ უნართან დაკავშირებით

ტორადოლის გამოყენება, როგორც სხვა ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების, შეიძლება საზიანო იყოს რეპროდუქციული უნარისთვის და არ არის რეკომენდებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ფეხმძიმობას.

განხილულ უნდა იქნას ტორადოლის მიღების შეწყვეტა ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაფეხმძიმების გაძნელება ან იტარებენ კვლევებს უნაყოფობის გამო.

კარდიოვაკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები

აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (ხელებისა და ტერფების შესივება), ამიტომ გულის პრობლემების მქონე პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს და ექიმის კონსულტაციას.

ტორადოლის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან. რისკი უფრო მაღალია დიდი დოზების გამოყენებისას. არ უნდა იქნას გადაჭარბებული მკურნალობის დოზა ან ხანგრძლივობა.

თუ პაციენტს გულის პრობლემები აქვს, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკი აქვს (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მკურნალობის შესახებ.

სხვა მედიკამენტები და ტორადოლი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

უკუნაჩვენებია ტორადოლის მიღება არასტეროიდულ ანტიანთებით მედიკამენტებთან ან პენტოქსიფილინთან ერთად (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია ტორადოლის მიღება”).

ტორადოლისა და პრობენეციდის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოროლაკის მაღალი და გახანგრძლივებული კონცენტრაცია პლაზმაში.

ტორადოლის მიღებისას მეთოტრექსატთან ან ლითიუმთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ამ მედიკამენტების ტოქსიკურობა.

ტორადოლი არ ცვლის დიგოქსინის პლაზმის ცილებთან დაკავშირებას.

არასტეროიდულმა ანტიანთებითმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, ეფექტები.

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ზრდიან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს.

კორტიკოსტეროიდები ზრდიან წყლულების ან გასტროინტესტინური სისხლდენის განვითარების რისკს.

არასტეროიდულმა ანტიანთებითმა მედიკამენტებმა შეიძლება დააქვეითონ დიურეტიკების, ასევე, სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა.

თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ.: დეჰიდრატირებულ ან ხანდაზმულ პაციენტებში) ტორადოლისა და დიურეტიკების ან სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტები) მიღებამ შეიძლება გააძლიეროს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, მათ შორის გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. პაციენტებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი. ექიმი მოახდენს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს ამ მედიკამენტებით ერთდროული მკურნალობის დაწყებისას.

ტორადოლი აქვეითებს ოპიოიდური ანალგეზური თერაპიის საჭიროებას პოსტოპერაციული ტკივილის მოსახსნელად.

ანტაციდები არ ახდენენ გავლენას ტორადოლის შეწოვაზე.

ტორადოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მაღალცხიმიანი საკვების შემდეგ ტორადოლის ტაბლეტების მიღებამ გამოიწვია კეტოროლაკის პლაზმური პიკური კონცენტრაციის დაქვეითება და მისი განვითარების დაყოვნება დაახლოებით 1 საათით. ტორადოლის მიღება უნდა მოხდეს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ტორადოლის მიღება არ არის ნაჩვენები ფეხმძიმობის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდეგ პერიოდში.

ტორადოლი არ არის ნაჩვენები ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი - იხ. პარაგრაფი 2 ფერტილობაზე გავლენის გამო სიფრთხილის ზომების შესახებ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, გაბრუება, უძილობა ან დეპრესია ტორადოლის გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი ან მსაგავსი ეფექტები, სიფრთხილეა საჭირო ისეთი ქმედებების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ რეაქციის უნარს.

ტორადოლი შეიცავს ლაქტოზას

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 69 მგ ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.               

3.   ტორადოლი მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

არასასურველი მოვლენები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უმცირესი ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ტორადოლის მიღება შეიძლება როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი დოზების სახით, რეგულარულად ან საჭიროების მიხედვით დოზირების ინტერვალის მიხედვით.

ტორადოლის ტაბლეტები არ არის ნაჩვენები 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. 2-16 წლის ასაკის ბავშვებში ნაჩვენებია მხოლოდ საინექციო ფორმა ი.მ. ან ი.ვ. ერთჯერადი დოზის სახით, რომელსაც საჭიროების Eშემთხვევაში მოსდევს ი.ვ. მრავალჯერადი დოზა ბოლუსით. ბავშვებში რეკომენდებული მიღების გზაა ი.ვ. ინექცია, რადგან კუნთშიდა ინექცია მტკივნეულია.

დოზირება

ერთჯერადი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში.

მრვალჯერადი დოზა: 1 ტაბლეტი 4-6 საათიანი ინტერვალებით საჭიროების შემთხვევაში.

არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დღიური დოზა - 4 ტაბლეტი.

დოზირების სპეციალური ინსტრუქციები

საინექციო ფარმაცევტული ფორმიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლის დღეს ტორადოლის ყველა ფორმის მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს 65 წლამდე ასაკის პაციენტებში და 60 მგ-ს - 65 წლის და ზემოთ ასაკის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ უნდა იქნას გადაჭარბებული ტორადოლის ტაბლეტების მაქსიმალური დღიური დოზა 40 მგ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის პაციენტები): ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის გამოყოფა შეიძლება უფრო შენელებული იყოს და ასეთი პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მიმართ, ამიტომ ხანდაზმულების მკურნალობისას რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე და დოზის შემცირება.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: ტორადოლი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ზომიერი ან მძიმე დაზიანების დროს. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მსუბუქი ხარისხით დაზიანების შემთხვევაში (კრეატინინის დონე შრატში 170-442 მკმოლი/მლ). ამ პაციენტებში საჭიროა ტორადოლის უფრო დაბალი დოზის დანიშვნა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ ტორადოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

ტორადოლის დოზის გადაჭარბებისას

ტორადოლის ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.

ტორადოლის დოზის გამოტოვებისას

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. უნდა გაგრძელდეს ტორადოლის მიღება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ტორადოლის მიღების შეწყვეტისას განვითარებული ეფექტები: ტორადოლი არ იწვევს დამოკიდებულებას. არ არის აღწერილი მოხსნის სიმპტომები მკურნალობის სწრაფად შეწყვეტის დროს.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები არის კუჭ-ნაწლავის დარღვევები. შეიძლება განვითარდეს პოტენციურად ფატალური პეპტიკური წყლული, პერფორაცია ან გასტროინტესტინური სისხლდენა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

გულისრევა, დისპეფსია, ღებინება, ჰემატემეზისი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მელენა, აფთოზური სტომატიტი, კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

ინფექცია: ასეპტიკური მენინგიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები. ანაფილაქტორიდური რეაქციები და ანაფილაქსია შეიძლება ფატალური იყოს. შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ალები, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ხორხის შეშუპება.

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: ანორექსია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია.

ფსიქიკური დარღვევები: უჩვეულო აზრები, დეპრესია, უძილობა, შფოთვა, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქციები, უჩვეულო სიზმრები, ჰალუცინაციები, ეიფორია, კონცენტრირების უნარის ცვლილება, ძილიანობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონვულსიები, პარესთეზია, ჰიპერკინეზია, გემოს დარღვევა.

თვალის დარღვევები: მხედველობის პათოლოგია.

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები: ყურებში ხმაური, სმენის დაკარგვა, ვერტიგო.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდვის გახშირება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ურემიულ-ჰემოლიზური სინდრომი, გვერდში ტკივილი (ჰემატურიით ან აზოტემიით, ან მათ გარეშე). სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომლებიც თრგუნავენ თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზს, ტორადოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ თირკმლის უკმარისობაზე, როგორიცაა კრეატინინისა და კალიუმის დონეების მომატება.

გულის დარღვევები: გულის ფრიალი, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, ალები, სიფერმკრთალე, პოსტოპერაციული ჭრილობიდან სისხლდენა.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ჩOXIB-ისა და ზოგიერთი არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტების (NშAID) მიღება (განსაკუთრებით, მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზის მცირედ მომატებულ რისკთან (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). თუმცა, კეტოროლაკმა არ აჩვენა, რომ ზრდის თრომბოზულ მოვლენებს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არის საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს კეტოროლაკის ეს რისკი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: უნაყოფობა ქალებში.

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ასთმა, ქოშინი, ფილტვის შეშუპება.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, ოფლიანობა.

ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათი).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მიალგია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ჭარბი წყურვილი, ასთენია, შეშუპება, ინექციის ადგილის რეაქციები, ცხელება, მკერდის არეში ტკივილი.

დამატებითი დიაგნოსტიკური ანალიზები: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, შარდოვანას დონის მომატება შრატში, კრეატინინის დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.   ტორადოლის შენახვის წესი

ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6.   შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტორადოლი

-        აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეტამინი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ კეტოროლაკის ტრომეტამინს.

-        სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა და მაკროგოლი.

ტორადოლის ფორმა და შეფუთვა

ტორადოლი წარმოდგენილია მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, თეთრი ან მოთეთრო ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია “KEთ10”, კოლოფში მოთავსებულია 20 და 60 ტაბლეტი ბლისტერებზე.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy