Ketorolac - კეტოროლაკი 30მგ/მლ1მლ 10 ამპულა
ჩვენება: კეტოროლაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას (აასს) ძლიერი ტკივილისგამაყუჩებელი ეფექტით. მას ხანმოკლედ იყენებენ ოპერაციის შემდგედ ზომიერი და ძლიერი ტკივილების დროს
სავაჭრო დასახელება: კეტოროლაკი
საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: Ketorolac.
გამოშვების ფორმა: კუნთში შესაყვანი ხსნარი 30 მგ/მლ.
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება - კეტოროლაკის ტრომეტამინი - 30 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ეთილის სპირტი 96%, ტრომეტამოლი, საინექციო წყალი.
აღწერა: ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე სუსტი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტირევმატული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
ათქ კოდი: M01AB15.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს), ახდენს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია COX1-ის და COX2-ის აქტივობის არასელექტიურ დათრგუნვასთან, რომელიც ახდენს არაქიდონის მჟავისგან პროსტაგლანდინების წარმოქმნის კატალიზებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტკივილის, ანთებისა და ცხელების პათოგენეზში. ანალგეზიური ეფექტის სიძლიერით მორფინის მსგავსია, მნიშვნელოვნად აღემატება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
კუნთში შეყვანის შემდეგ ანალგეზიური მოქმედების დაწყება აღინიშნება შესაბამისად 0.5 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას აბსორბცია სრული (100%) და სწრაფია. 30 მგ-ის კუნთებში შეყვანის შემდეგ Cmax - 1,74-3,1 მკგ/მლ, 60 მგ -ის შეყვანის შემდეგ - 3.23-5.77 მკგ/მლ, TCmax - 15-73 წთ და 30-60 წთ, შესაბამისად. პლაზმის ცილებთან კავშირი - 99%. კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანისას ხაზოვანია.
პარენტერალური შეყვანისას Css-ის მიღწევის დრო არის 24 საათი დღეში 4-ჯერ დანიშვნისას (სუბთერაპიულზე მაღალი დოზით) და შეადგენს 15 მგ-ის კუნთში შეყვანისას - 0,65-1,13 მკგ/მლ, 30 მგ-ის კუნთში შეყვანისას - 1.29-2.47 მკგ/მლ.
განაწილების მოცულობაა 0,15-0,33 ლ/კგ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ, ხოლო მისი R-ენანთიომერის განაწილების მოცულობა - 20%-ით.
აღწევს დედის რძეში: როდესაც დედა იღებს 10 მგ კეტოროლაკს, Cmax რძეში მიიღწევა პირველი დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ და შეადგენს 7.3 ნგ/მლ, კეტოროლაკის მეორე დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ (პრეპარატის დღეში 4-ჯერ გამოყენებისას) - 7,9 ნგ/ლ.
შეყვანილი დოზის 50%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (91,4%), დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებით. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, დანარჩენი ნაწილი მეტაბოლიტების სახით (მთავარი მეტაბოლიტებია გლუკურონიდები- 30% და p-ჰიდროქსიკეტოროლაკი - დაახლოებით 10%). 6% გამოიყოფა ნაწლავებიდან. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 30 მგ ერთჯერადი დოზის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ მოზრდილ პაციენტებში შეადგენს 5.3 საათს (კუნთებში შეყვანისას) ან 5.1 საათის (ინტრავენურად შეყვანისას), შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში.
ბავშვებში და მოზრდილებში კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა განსხვავებულია. კეტოროლაკის პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა ასაკთან ერთად მცირდება და მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება იყოს 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე მოზრდილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.
ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმური კლირენსი მცირდება ახალგაზრდებთან შედარებით. პრეპარატის გამოყოფა ფერხდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 7 საათია. ღვიძლის ფუნქცია T1/2-ზე გავლენას არ ახდენს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისას 19-50 მგ/ლ (168-442 მკმოლ/ლ), T½ - 10.3-10.8 სთ, ხოლო თირკმლის მეტად გამოხატული უკმარისობისას - 13,6 საათზე მეტი. ღვიძლის უკმარისობისას კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება უმნიშვნელოა.
საერთო კლირენსი კუნთში 30 მგ-ის შეყვანისას შეადგენს 0,023 ლ/სთ/კგ (0,019 ლ/სთ/კგ ხანდაზმულ პაციენტებში; თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში - 0,016 ლ/სთ/კგ (მათ შორის თირკმლის დიალიზზე მყოფ პაციენტებში); ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში - 0,029 ლ/სთ/კგ.
არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
გამოყენების ჩვენებები
საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის ხანმოკლე კუპირება პოსტოპერაციულ პერიოდში. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სტაციონარის პირობებში, მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 დღეა.
უკუჩვენებები
· ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
· ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან სხვა ალერგიული სიმპტომები ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ ანამნეზში.
· "ასპირინული ტრიადა" (ბრონქული ასთმის კომბინაცია პოლიპოზურ რინოსინუსიტთან და აასს-ების აუტანლობასთან).
· ორსულობა, მშობიარობის პერიოდი, ძუძუთი კვების პერიოდი.
· მწვავე ან ანამნეზში კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია.
· ნაწლავების ანთებითი დაავადება (მაგ. კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).
· ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ღვიძლის ციროზი და ასციტი).
· თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევა და ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება.
· თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია).
· გულის მძიმე უკმარისობა (III-IV ხარისხი). პოსტოპერაციული ტკივილის მკურნალობა აორტო-კორონარული შუნტირების შემდეგ (ან სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის გამოყენების შემდეგ).
· პოსტოპერაციული სისხლდენის (მაგ. ტონზილექტომიის შემდეგ) ან ჰემოსტაზის, ჰემატოპოეზის დარღვევის, ცერებროვასკულარული სისხლჩაქცევების მაღალი რისკი.
· ლითიუმის პრეპარატებთან, პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან ან ანტიკოაგულანტების დიდი დოზებთან ერთდროული გამოყენება.
· ასპირინთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
· კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ტკივილის პროფილაქტიკური გაყუჩებისათვის ოპერაციამდე, რადგანაც ის აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, და ოპერაციის დროს სისხლდენის რისკი იზრდება.
· საინექციო ხსნარის ნეიროაქსიალური (ეპიდურული ან ინტრათეკალური) შეყვანა მასში სპირტის შემცველობის გამო.
· ბავშვთა ასაკი 16 წლამდე (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).
გვერდითი მოქმედება
შემდგომ გამოყენებულია არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემომოყვანილი აღნიშვნები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - პურპურა; არა-ხშირად - ცხვირიდან სისხლდენა; იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემატომა, სისხლდენა პოსტოპერაციული ჭრილობიდან, სისხლდენა ცხვირიდან ან სწორი ნაწლავიდან, სისხლდენის დროის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; არა-ხშირად- ანომალური ოცნებები, ანომალური აზროვნება, შფოთვა, პირის სიმშრალე, ეიფორია, გადაჭარბებული წყურვილი, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა, პარესთეზიები; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კისრის და/ან ზურგის კუნთების რიგიდობა,), ჰიპერაქტიურობა (განწყობის ცვლილებები, მოუსვენრობა), ჰალუცინაციები, დეპრესია, ფსიქოზი, გულის წასვლის მდგომარეობები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირად - სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, არტერიული წნევის მომატება; იშვიათად - ბრადიკარდია, ჰიპერემია, ჰიპოტენზია, გულმკერდში ტკივილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად - სტომატიტი, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება; იშვიათად - მადის დაქვეითება, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (მათ შორის პერფორაციით და/ან სისხლდენით - მუცლის ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრიუმის მიდამოში, სისხლი განავალში ან მელენა, სისხლიანი ან „ყავის ნახარშის“ ტიპის ღებინება, გულისრევა, გულძმარვა და ა.შ.), მწვავე პანკრეატიტი, ეზოფაგიტი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, წელის ტკივილი, ჰემატურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, პურპურა), გახშირებული შარდვა, შარდის მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ნეფრიტი, თირკმლისმიერი გენეზის შეშუპება, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდოვანასა და კრეატინინის დონეების მომატება.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - უნაყოფობა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილზე: ხშირად - შეშუპება, წვა და ტკივილი შეყვანის ადგილზე; არა-ხშირად - ასთენია, წონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, კვინკეს შეშუპება.
კანის საფარველის მხრივ: ნაკლებად ხშირად - გამონაყარი კანზე (მათ შორის მაკულოპაპულოზური გამონაყარი), პურპურა; იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტი (ცხელება შემცივნებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივება ან აქერცვლა, სასის ნუშურა ჯირკვლების გადიდება და/ან ტკივილი), ჭინჭრის ციება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად - სმენის დაქვეითება, ყურებში რეკვის ხმა, მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობითი აღქმის ჩათვლით).
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის კანის ფერის შეცვლა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ტაქიპნოე ან დისპნოე, ქუთუთოების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, სიმძიმე გულმკერდში, მსტვინავი სუნთქვა).
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, რინიტი, ფილტვების შეშუპება, ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება).
პოსტმარკეტინგული ინფორმაციიდან კეტოროლაკის გამოყენებასთან დაკავშირებით:
ნერვული სისტემის მხრივ: გემოს ცვლილებები.
გულის მხრივ: გულის ქრონიკული უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება.
სხვა: ხშირად - შეშუპება (სახის, წვივების, კოჭების, თითების, ტერფების, სხეულის მასის მომატება); ნაკლებად ხშირად - მომატებული ოფლიანობა, იშვიათად - ენის შეშუპება, ცხელება.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების, ან იმ რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გავლენა ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ზოგიერთ პაციენტში კეტოროლაკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. პაციენტებმა, რომლებიც შეამჩნევენ ამ ან მსგავს არასასურველ ეფექტებს, არ უნდა მართონ ტრანსპორტი და არ შეასრულონ სამუშაოები, რომელიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ორსულობა და ლაქტაცია
ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ზემოქმედების გამო (არტერიული სადინარის დახურვის რისკი) კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ორსულობისა და მშობიარობის დროს.
ორსულობის დროს კეტოროლაკის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. არ იქნა აღმოჩენილი ტერატოგენურობის მტკიცებულებები ვირთაგვებში ან კურდღლებში, რომლებიც შესწავლილი იქნენ კეტოროლაკის დედის ორგანიზმისთვის ტოქსიკურ დოზებზე. ვირთაგებში დაფიქსირდა ორსულობის პერიოდის გახანგრძლივება და/ან დაგვიანებული მშობიარობა. არსებობს ინფორმაცია თანდაყოლილი ანომალიების შესახებ ადამიანებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ აქვთ დაბალი სიხშირე და არ შეესაბამებიან რაიმე გამოხატულ მოდელებს.
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება უარყოფითად მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობაზე და/ან ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებენ სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე და გულის მანკებზე, კუჭ-ნაწლავის ანომალიებზე აასს-ების ორსულობის ადრეულ ვადებზე გამოყენების შემდეგ. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.
ცხოველებში ნაჩვენებია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა იმპლანტაციამდე და მას შემდგომ იწვევს ემბრიონის დაკარგვისა და ნაყოფის ლეტალობის გაზრდას. გარდა ამისა, აღინიშნება სხვადასხვა მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა მალფორმაციების სიხშირის გაზრდა ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ორგანოგენეზის პერიოდში.
თუ კეტოროლაკს იყენებს ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას, დოზა უნდა იყოს მინიმალური, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. ორსულობის დროს სამკურნალო საშუალება კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგანაც შეიძლება გამოვლინდეს გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თვით თირკმელების უკმარისობისამდეც კი ოლიგოჰიდრამნიოზთან ერთად. გარდა ამისა, შესაძლებელია შემდეგი რისკები დედისა და ნაყოფისთვის: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება, რომელიც შეიძლება განვითარდეს კეტოროლაკის ძალიან დაბალ დოზებზეც კი; საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება და, შედეგად, შეფერხებული ან გახანგრძლივებული მშობიარობა.
ლაქტაცია
კეტოროლაკი გადადის დედის რძეში. სიფრთხილის ზომის სახით, კეტოროლაკი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში. თუ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა.
ფერტილობა
კეტოროლაკის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ქალის ფერტილობა და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც გააჩნიათ დაორსულების სირთულეები ან უშვილობა, სამკურნალო საშუალება კეტოროლაკის დანიშვნა უნდა განიხილებოდეს როგორც ბოლო ალტერნატივა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები (ერთჯერადად შეყვანისას): მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი.
იშვიათად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მომატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვენტილაცია, კომა და ანაფილაქტოიდური რეაქციები.
მკურნალობა: სიმპტომურია (ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება). დიალიზი ნაკლებ ეფექტურია.
შეფუთვა
1 მლ მინის ამპულაში.
10 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ამპულების საფიქსაციო მუყაოს ჩანართით (№10).
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account