Siofor XR - სიოფორი XR 1000მგ 60 ტაბლეტი

25,37 GEL
მარაგშია
SKU
81450_46

ჩვენება:შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დამწევი სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ დიეტით და ფიზიკური დატვირთვით ვერ აღწევენ სისხლში შაქრის დონის კორექციას.

სიოფორი® XR 500/750/1000

500 მგ – 750 მგ - 1000 მგ

პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-       შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

-       თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-       მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

1.   რას წარმოადგენს პრეპარატი სიოფორი® XR და რისთვის გამოიყენება

2.   რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიოფორი® XR -ის მიღებამდე

3.   როგორ მიიღება პრეპარატი სიოფორი® XR

4.   შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.   პრეპარატ სიოფორი® XR-ის შენახვის პირობები

6.   შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1.  რას წარმოადგენს პრეპარატი სიოფორი® XR და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი სიოფორი® XR შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მეტფორმინის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

პრეპარატი სიოფორი® XR გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) პაციენტებში, რომლებისთვისაც სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონის კონტროლისთვის არ არის საკმარისი დიეტა და ფიზიკური ვარჯიში. ინსულინი – არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის მიტაცებას ორგანიზმის ქსოვილების მიერ და მის გამოყენებას ენერგიის მისაღებად ან შენახვას მომავალში გამოსაყენებლად.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს არასაკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ორგანიზმი სათანადოდ არ რეაგირებს ინსულინის გამოყოფაზე. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის დაგროვებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს მძიმე და ხანგრძლივი ხასიათის რიგ პრობლემას, ამიტომ ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ  იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ გამოხატული სიმპტომები. პრეპარატი სიოფორი® XR ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, და შესაბამისად, აწესრიგებს გლუკოზის ცვლის პროცესებს.

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღებისას ადგილი აქვს პაციენტის სხეულის სტაბილურ წონას, ან მის ზომიერად დაკლებას.

პრეპარატი სიოფორი® XR შემუშავდა სპეციალურად იმისათვის, რომ მოქმედი ნივთიერება ნელა გამოთავისუფლდეს ორგანიზმში, და ამ თვისებით ის განსხვავდება მეტფორმინის შემცველი მრავალი სხვა სამკურნალო საშუალებისგან.

2.  რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიოფორი® XR -ის მიღებამდე

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება არ შეიძლება:

► მეტფორმინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (მითითებულია პარაგრაფში 6). ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის ან სუნთქვის გაძნელების სახით.

► თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები

► თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში

► თუ გაქვთ დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლავს მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფად დაკლება, ლაქტატაციდოზი (იხ. ქვემოთ „ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი – არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელწოდებით „კეტონური სხეულები“ და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. კეტოაციდოზის სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა და ხილის უჩვეულო სუნი პირიდან.

► მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხის დაკარგვის შემთხვევაში (გაუწყლოება). გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).

► თუ გაქვთ მძიმე ინფექციები, მაგალითად, ფილტვების, სასუნთქი გზების ან თირკმელების ინფექციები. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).  

► თუ ღებულობთ გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე, ადგილი აქვს სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებს ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევებს. ეს შეიძლება იწვევდეს ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარის მიწოდებას, რაც იწვევს ლაქტატაციდოზის განვითარების რისკის გაზრდას (იხ. ქვემოთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).

► თუ ღებულობთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

► თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი

პრეპარატ სიოფორი® XR-ს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოქმედება სახელწოდებით ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი ასევე, მაღალია დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პირებში, სერიოზული ინფექციური დაავადებების, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების (იხ. ქვემოთ), ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე ნებისმიერი მდგომარეობების შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმს მიეწოდება არასაკმარისი ჟანგბადი (როგორიცაა გულის მძიმე ხარისხის მწვავე დაავადება).

თუ ადგილი აქვს აღნიშნულიდან ნებისმიერ გარემოებას, პროცედურის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება ხანმოკლე დროის განმავლობაში ისეთი მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იქნას გაუწყლოებით (ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხის დაკარგვა), როგორიცაა მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება, ან თუ იღებთ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს ლაქტატაციდოზის გარკვეული სიმპტომების გამოვლენისას, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტატაციდოზის სიმპტომებია:

►   ღებინება

►   ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში

►   კუნთების კრუნჩხვა

►   ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ძლიერი დაღლილობის თანხლებით

►   სუნთქვის გაძნელება

►   სხეულის ტემპერატურის დაწევა და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება

ლაქტატაციდოზის დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სტაციონარში.

მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება აღნიშნული პროცედური დროს, ასევე გარკვეული დროის განმავლობაში მის შემდეგ. თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების შეწყვეტის შესახებ, ასევე გაცნობებთ, თუ როდის უნდა გააგრძელოთ პრეპარატით მკურნალობა.

პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობის დროს თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია სულ მცირე ერთხელ წელიწადში ან უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში ან/და თირკმელების ფუნქციის გაუარესებისას.

შეიძლება შენიშნოთ ტაბლეტების გარსის ნარჩენები განავალში. არ ინერვიულოთ, რადგან ეს ნორმალურია ამ ტიპის ტაბლეტებისთვის.

გააგრძელეთ დიეტასთან დაკავშირებით ექიმის ყველა დანიშნულების დაცვა, ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ თანაბრად ანაწილებთ ნახშირწყლების მოხმარებას დღის განმავლობაში.

არ შეწყვიტოთ პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობა თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სიოფორი® XR

სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება გამოკვლევის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე და არ მიიღოთ ის გამოკვლევის ჩატარების პერიოდში. თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების შეწყვეტის და პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების საკითხზე.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლირება და თირკმელების ფუნქციის შემოწმება, ან პრეპარატ სიოფორი® XR-ის დოზის კორექცია მკურნალი ექიმის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

►   პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის წარმოქმნას (დიურეზულები, ე.ი. შარდმდენი საშუალებები - მაგალითად, ფუროსემიდი)

►   ტკივილისა და ანთების სამკურნალო პრეპარატები (აასს და ცოგ-2-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)

►   ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დროს (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტები)

►   სტეროიდული პრეპარატები - მაგალითად, პრედნიზოლონი, მომეტაზონი, ბეკლომეტაზონი

►   სიმპათომიმეტური სამკურნალო საშუალებები, ეპინეფრინისა და დოპამინის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ეპინეფრინს ასევე შეიცავს ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში

►   სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს სისხლში პრეპარატ სიოფორი® XR-ის კონცენტრაცია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს (მაგალითად, ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი)

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“)

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ პრეპარატი სიოფორი® XR, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მხოლოდ პრეპარატ სიოფორი® XR-ის გამოყენება არ იწვევს ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, ცნობიერების არევა და მომატებული ოფლიანობა), და შესაბამისად, ის არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.  

მაგრამ პრეპარატ სიოფორი® XR-ის ერთდროულად მიღება დიაბეტის საწინააღდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად შეიძლება იწვევდეს ჰიპოგლიკემიას; ამიტომ, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პრეპარატი სიოფორი® XR შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პრეპარატი „არ შეიცავს ნატრიუმს“.

3.  როგორ მიიღება პრეპარატი სიოფორი® XR

თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ სიოფორი® XR-ს მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში.

პრეპარატი სიოფორი® XR ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით.

აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატ სიოფორი® XR-ის 500 მგ-ს დღე-ღამეში. პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლში შაქრის დონის გაზომვა და დოზის კორექტირება.

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.

ჩვეულებრივ ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ვახშმის დროს.

ზოგ შემთხვევაში თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს ორჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი ყოველთვის მიიღება ჭამის დროს.

ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად და ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ გადააჭარბეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის რეკომენდებული დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის ტაბლეტები რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით, ეს სანერვიულო არ არის, მაგრამ უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პრეპარატის დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი უფრო მაღალია.  ლაქტატაციდოზის სიმპტომები არასპეციფიურია - მაგალითად, ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, სუნთქვის გაძნელება. სხვა სიმპტომებს წარმოადგენს სხეულის ტემპერატურის დაწევა და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება

მიიღეთ პრეპარატი რაიმე სახის საკვებთან ერთად, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ სიოფორი® XR-საც აქვს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს: 

სიოფორი® XR-ს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10000-დან <1 პაციენტში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოქმედება - ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღებას შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა, ასევე ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს). თვალის სკლერების ან/და კანის გაყვითლების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება, რომლებიც კლასიფიცირდება გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):

►   დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში ან მადის დაკარგვა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვეტა, რადგან ჩვეულებრივ ისინი ქრება 2 კვირაში.

მათი თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):

►   გემოს აღქმის დარღვევა

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს):

►   სისხლში ვიტამინი B12-ის დონის დაქვეითება

►   კანზე გამონაყარი, გაწითლების, ქავილისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით  

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. 

5.  პრეპარატ სიოფორი® XR-ის შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 3 წელი.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ სიოფორი® XR-ის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 390 მგ მეტფორმინს).

პრეპარატ სიოფორი® XR 750-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 750 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 585 მგ მეტფორმინს).

პრეპარატ სიოფორი® XR 1000-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს).

სხვა კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარმელოზას ნატრიუმის მარილი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა და წყალი.

პრეპარატ სიოფორი® XR-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კაფსულის ფორმის ტაბლეტები, წარწერით „SR 500” ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს.

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კაფსულის ფორმის ტაბლეტები, წარწერით  „SR 750” ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს.

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კაფსულის ფორმის ტაბლეტები, წარწერით „SR 1000” ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს.

პრეპარატი სიოფორი® XR გამოდის შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 15, 30, 60, 90 და 120 პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy