Abizol - აბიზოლი იზიტაბი 5მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 48,22 GEL რეგულარული ფასი 66,97 GEL
მარაგშია
SKU
83989_625

ჩვენება:შიზოფრენია, ბიოპოლარული აშლილობა.

შემადგენლობა:

თითოეული ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს მოქმედი სამკურნალო ნივთიერების სახით, მანიტოლს დამხმარე ნივთიერებების სახით და რკინის ყვითელ ოქსიდს (E171) საღებავი საშუალების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები

მოქმედების მექანიზმი

სავარაუდოდ, არიპიპრაზოლის ეფექტიანობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას განპირობებულია D2-დოფამინური და 5HT1A-სეროტონინური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის და 5HT2A-სეროტონინური რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობის კომბინაციით. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში არიპიპრაზოლმა გამოავლინა ანტაგონიზმი დოფამინერგული ჰიპერაქტივობის მიმართ და აგონიზმი დოფამინერგული ჰიპოაქტივობის მიმართ. in vitro  პირობებში არიპიპრაზოლმა გამოავლინა შეკავშირების მაღალი აფინურობა D2- და D3- დოფამინური რეცეპტორების, 5HT1A- და 5HT2A-სეროტონინური რეცეპტორების მიმართ და ზომიერი აფინურობა D4-დოფამინური, 5HT2C- და 5HT7-სეროტონინური,  α1-ადრენორეცეპტორების და H1-ჰისტამინური რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლმა ასევე გამოავლინა შეკავშირების ზომიერი აფინურობა სეროტონინის უკუმიტაცების უბნების მიმართ და არ ახასიათებს აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტი შეიძლება აიხსნას ურთიერთქმედებით სხვა რეცეპტორებთან, რომლებიც არ წარმოადგენს დოფამინურ და სეროტონინურ სუბტიპებს.

ჯანმრთელ პირებში არიპიპრაზოლის მიღებისას დოზით 0,5-30 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, აღინიშნა 11С-რაკლოპრიდის, D2/D3-რეცეპტორების ლიგანდების კუდიან ბირთვთან და პუტამენთან შეკავშირების დოზადამოკიდებული შემცირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის მონაცემების მიხედვით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

არიპიპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი მინიმალური ხარისხით განიცდის პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. საკვები ცხიმების მაღალი შემცველობით არ ახდენს გავლენას არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება

არიპიპრაზოლი ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში, განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ექსტრავასკულურ განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციებით არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზილი 99%-ზე მეტით უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ბიოტრანსფორმაციის სამი გზით: დეჰიდრირება, ჰიდროქსილირება და N-დეზალკილირება. in vitro ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არიპიპრაზილის დეჰიდრირება და ჰიდროქსილირება ძირითადად მიმდინარეობს იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2D6 ზემოქმედებით, ხოლო N-დეზალკილირების კატალიზაცია მიმდინარეობს იზოფერმენტით CYP3A4. არიპიპრაზოლი წარმოადგენს ძირითად მოქმედ ნივთიერებას სისხლში. წონასწორულ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის, AUC შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.

გამოყოფა

არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს პაციენტებში იზოფერმენტ CYP2D6-ის მაღალი აქტივობით და დაახლოებით 146 საათს პაციენტებში ამ ფერმენტის დაბალი აქტივობით.

არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლის საშუალებით.

[14C]-ნიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 27% აღინიშნება შარდში და დაახლოებით 60% - განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები აღინიშნება შარდში და მიღებული დოზის დაახლოებით 18% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში

პედიატრიული პოპულაცია

10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა  იყო ისეთივე, როგორც მოზრდილებში, სხეულის წონაში განსხვავების კორექტირების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებსა და უფრო ახალგაზრდა მოზრდილებში, ასევე  შიზოფრენიის მქონე პაციენტებში ასაკით განპირობებული განსხვავებები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში არ არის გამოვლენილი.  

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში, ასევე  შიზოფრენიის მქონე პაციენტებში სქესით განპირობებული განსხვავებები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში  არ არის გამოვლენილი.  

მოწევა

პაციენტების ფარმაკოკინეტიკის შეფასებით არ არის აღნიშნული არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მწეველ პაციენტებში.

რასა

პაციენტების ფარმაკოკინეტიკის შეფასებით არ არის ნაჩვენები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის რასაზე დამოკიდებული განსხვავებები.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში არიპიპრაზოლის და დეჰიდროარიპიპრაზილის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებში აღნიშნული  მაჩვენებლებისგან.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ციროზის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების (A, B და C კლასები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ არ აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მნიშვნელოვანი გავლენა არიპიპრაზოლის და დეჰიდროარიპიპრაზილის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა, კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ სამი პაციენტი C კლასის ღვიძლის ციროზით, რაც არასაკმარისია ღვიძლის მეტაბოლურ აქტივობასთან დაკავშირებით დასკვნების გასაკეთებლად.

ჩვენება:

აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.

აბიზოლი ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

აბიზოლი ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:

ანტიფსიქოზური მკურნალობის ჩატარებისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება.

სუიციდის მცდელობა

სუიციდური ქცევის მოვლენები დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და გუნება-განწყობის ცვლილებების დროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური პრეპარატებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებისთანავე ან მკურნალობის შეცვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკაცრი დაკვირვება.

ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ შიზოფრენიის ან ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში არიპიპრაზოლით მკურნალობის შემთხვევაში სუიციდის რისკის მომატება არ აღინიშნება, სხვა ანტიფსიქოზურ საშუალებებთან შედარებით. ბავშვებში არასაკმარისია მონაცემები უფრო ახალგაზრდა პაციენტებში (18 წლამდე ასაკის) რისკის შესაფასებლად, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ სუიციდის რისკი შენარჩუნებულია ატიპიული ანტიფსიქოზური საშუალებებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

არიპიპრაზოლი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, გულის გამტარობის დარღვევები), ცერებროვასკულური დაავადებით, ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობებით (გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, თერაპია ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით) ან ჰიპერტენზიით, მათ შორის ესენციური ან ავთვისებიანი. ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით, ხშირად არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შეძენილი რისკ-ფაქტორები, საჭიროა გამოვლენილი იქნას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში და მიღებული იქნას პროფილაქტიკური ზომები.

QT ინტერვალის  გახანგრძლივება

არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT ინტერვალის  გახანგრძლივების შემთხვევების შედარება შეიძლებოდა პლაცებოს ჯგუფთან. სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ოჯახის ანამნეზში QT ინტერვალის  გახანგრძლივების მქონე პაციენტებში  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/ არასასურველი მოვლენები“).

გვიანი დისკინეზია

1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა დისკინეზიის არც თუ ხშირი შეთხვევები, რომლებიც საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას. დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნა გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). აღნიშნული სიმპტომები შეიძლება დროებით გაძლიერდეს ან პირველად გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები

ბავშვებში არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აკატიზია და პარკინსონიზმი. სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განიხილება არიპიპრაზოლის დოზის შემცირების და პაციენტზე მკაცრი კლინიკური დაკვირვების საკითხი.

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი წარმოადგენს პოტენციურად ფატალური სიმპტომების კომპლექსს ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში რეგისტრირებული იყო ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკის დარღვევები და ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არითმია). გარდა ამისა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზს) და თირკმელების მწვავე უკმარისობას. თუმცა, ასევე აღინიშნა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება და რაბდომიოლიზი, რომელიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომთან. თუ პაციენტს აღენიშნა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მანიშნებელი სიმპტომები ან გაურკვეველი ცხელება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, უნდა შეწყვიტოთ ყველა ანტიფსიქოზური საშუალებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობა.

კრუნჩხვა

კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა კრუნჩხვების არც თუ ხშირი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში და მათი განვითარების რისკის შემთხვევაში  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).

ხანდაზმული პაციენტები ფსიქოზებით გამოწვეული დემენციით

გარდაცვალების შემთხვევების მზარდი რაოდენობა

ალცჰაიმერის დაავადებით განპირობებული ფსიქოზების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის გამოყენების სამ პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში (n=938; საშუალო ასაკი 82,4 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 56-99 წელი) არიპიპრაზოლით მკურნალობის ჯგუფში აღინიშნებოდა ლეტალური შედეგების რისკის გაზრდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. არიპიპრაზოლით მკურნალობის ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა 3,5%-ს, პლაცებოს ჯგუფში 1,7%-თან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილის უმრავლესი შემთხვევის ძირითადი მიზეზი იყო დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (მაგალითად, გულის უკმარისობა, მოულოდნელი სიკვდილი) ან ინფექციის (მაგალითად, პნევმონიის) განვითარება  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).   

ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციები

ამავე კვლევებში პაციენტებს (საშუალო ასაკი: 84 წელი; ასაკობრივი დიაპაზონი: 78-88 წელი) აღენიშნათ  ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციები (მაგალითად, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა), მათ შორის ლეტალური შედეგით. ზოგადად, აღნიშნულ კვლევებში პაციენტების 1,3%-ს არიპიპრაზოლით მკურნალობისას აღენიშნათ ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციები, პაციენტების 0,6%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, არიპიპრაზოლის ფიქსირებული დოზის კვლევებიდან ერთში გამოვლინდა დოზის მნიშვნელოვანი კავშირი ცერებროვასკულურ გვერდით რეაქციებთან არიპიპრაზოლით მკურნალობის ჯგუფში (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). 

არიპიპრაზოლი არ გამოიყენება ფსიქოზებით გამოწვეული დემენციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი

ჰიპერგლიკემია, ზოგ შემთვევაში გამოხატული და თანხლები კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული კომით ან სიკვდილით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. მძიმე გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები ითვალისწინებს სიმსუქნეს და დიაბეტს ოჯახის ანამნეზში. არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში  არ აღინიშნებოდა ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (მათ შორის დიაბეტი)  სიხშირის ან გლიკემიის ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლის მნიშვნელოვანი განსხვავებები პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. რისკების ზუსტი შეფასება ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებულ გვერდით რეაქციებთან დაკავშირებით პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა არიპიპრაზოლით და სხვა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი შედარების ჩასატარებლად. ნებისმიერი ანტიფსიქოზური საშუალებით, მათ შორის არიპიპრაზოლით მკურნალობისას, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჰიპერგლიკემიის ნიშნებისა და სიმპტომების თვალსაზრისით (როგორიცაა პოლიდიფსია, გახშირებული შარდვა, პოლიფაგია და სისუსტე), ასევე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით  ან შაქრიანის დიაბეტის რისკის ფაქტორებით  საჭიროა რეგულარული მონიტორინგი  გლუკოზის მაჩვენებლების გაუარესების თვალსაზრისით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).  

ჰიპერმგრძნობელობა

არიპიპრაზოლით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალერგიული სიმპტომების სახით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).  

სხეულის მასის მომატება

სხეულის მასის მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების განვითარების, ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების შედეგად, რომლებიც იწვევს სხეულის მასის მომატებას, ცხოვრების არაჯანსაღი წესის დაცვის შედეგად, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გართულებებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია ცნობები სხეულის მასის მომატების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. ჩვეულებრივ აღნიშნული არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა პაციენტებში რისკის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის მიღება არ იწვევდა მოზრდილებში სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვან მომატებას  (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდი პაციენტების კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზილის მიღებისას აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში საჭიროა სხეულის მასის მომატების მონიტორინგი. თუ სხეულის მასის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების საკითხი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).    

დისფაგია

ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის არიპიპრაზოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევების და ასპირაციის შემთხვევები. არიპიპრაზოლი და სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის ფაქტორებით.

აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება

აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულების პოსტმარკეტინგული შეტყობინებები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამ პაციენტებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ანამნეზი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ანამნეზის არსებობის შემთხვევაში პაციენტები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს და საჭიროებენ გულდასმით დაკვირვებას (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).          

ფენილკეტონურია

აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პირებისთვის.

პაციენტები ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის თანმხლები სინდრომით

I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის კომბინაციის მაღალი სიხშირის მიუხედავად, არსებობს არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემები; ამიტომ, ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულებში არიპიპრაზოლის გამოყენების ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს ცნობები თანდაყოლილი პათოლოგიების შესახებ; მაგრამ, არიპიპრაზოლთან მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ იქნა დადგენილი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ გამორიცხავს განვითარების პოტენციურ ტოქსიკურობას (იხ. პარაგრაფი უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები). არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. ქალებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის და ცხოველებში რეპროდუქციული კვლევებით გამოვლენილი პრობლემების გამო მოცემული სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება  შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.

ახალშობილებში, რომლებიც განიცდიდნენ ანტიფსიქოზური საშუალებების (მათ შორის არიპიპრაზოლის) ზემოქმედებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში,  მშობიარობის შემდეგ არსებობს სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის გვერდითი რეაქციების, მათ შორის ექსტრაპირამიდული დარღვევების და/ან მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი.  რეგისტრირებულია აგზნების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ან კვების დარღვევების შემთხვევები. შესაბამისად, ახალშობილები საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს.     

ძუძუთი კვება

არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, არ კვებონ ძუძუთი არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

როგორც სხვა ანტიფსიქოზურ საშუალებების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების გაფრთხილება საფრთხის შემცველი მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებები, მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ არიპიპრაზოლი არ ახდენს მათზე არასასურველ გავლენას. I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგიერთ ბავშვში არსებობს ძილიანობის და დაღლილობის გახშირებული შემთვევები   (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში რეგისტრირებულ ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას წარმოადგენდა აკატიზია და გულისრევა, რომლებიც აღენიშნა პერორალური არიპიპრაზილით ნამკურნალევ 3%-ზე მეტ პაციენტს.

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ყველა გვერდითი სამკურნალწამლო რეაქცია წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 და <1/10), არც თუ ხშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სიხშირის ყველა ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების წესით.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ეპს)

შიზოფრენია: ხანგრძლივ 52-კვირიან კონტროლირებულ კვლევაში არიპიპრაზოლით ნამკურნალევ პაციენტებში აღინიშნა ექსტრაპირამიდული სიმპტომების, მათ შორის პარკინსონიზმის, აკატიზიის, დისტონიის და დისკინეზიის, შემთხვევების ზოგადად დაბალი მაჩენებელი (25.8%), ჰალოპერიდოლის ჯგუფთან შედარებით (57.3%). ხანგრძლივ 26-კვირიან პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებმა შეადგინა 19% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 13.1% პლაცებოს ჯგუფში. მეორე ხანგრძლივ 26-კვირიან კონტროლირებულ კვლევაში ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებმა შეადგინა 14.8% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 15.1% ოლანზაპინის მიღების ჯგუფში.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას: 12-კვირიან კონტროლირებულ კვლევაში ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებმა შეადგინა 23.5% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 53.3% ჰალოპერიდოლის ჯგუფში. მეორე 12-კვირიან კვლევაში ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებმა შეადგინა 26.6% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 17.6% ლითიუმის პრეპარატების მიღების ჯგუფში. პლაცებოკონტროლირებული კვლევის ხანგრძლივ 26-კვირიან შემანარჩნებელ ფაზაში, ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებმა შეადგინა 18.2% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 15.7% პლაცებოს ჯგუფში.

აკატიზია

პლაცებოკონტროლირებულ კვლევებში, ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში აკატიზიის შემთხვევებმა შეადგინა 12.1% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 3.2% პლაცებოს ჯგუფში. შიზოფრენიის მქონე პაციენტებში აკატიზიის შემთხვევებმა შეადგინა 6.2% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 3.0% პლაცებოს ჯგუფში.

დისტონია

კლასი-ეფექტი: კუნთების ჯგუფის ხანგრძლივი პათოლოგიური კუმშვადობის, დისტონიის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მგრძნობიარე პირებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიის სიმპტომები ითვალისწინებს: კისრის კუნთების სპაზმს, რომელიც ზოგჯერ პროგრესირებს ყელის არეში მოჭერის შეგრძნებამდე, ყლაპვის გაძნელებამდე, სუნთქვის გაძნელებამდე, და/ან ენის გამოყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს დაბალი დოზების მიღებისას, ისინი უფრო ხშირად და მძიმედ მიმდინარეობს პირველი თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატების მაღალი კონცენტრაციის და უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში. მწვავე დისტონიის მომატებული რისკი აღინიშნა მამაკაცებსა და უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

პროლაქტინი

არიპიპრაზოლის დამტკიცებული ჩვენებებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ კვლევებში აღინიშნა სისხლის შრატში პროლაქტინის შემცველობის როგორც მომატება, ასევე შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით (პარაგრაფი 5.1).

ლაბორატორიული მაჩვენებლები

არიპიპრაზოლისა და პლაცებოს ჯგუფების შედარებისას ლაბორატორიული და ლიპიდური პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი პოტენციური ცვლილებების (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“) მქონე პაციენტებში  არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. კფკ (კრეატინფოსფოკინაზას) კონცენტრაციის მომატება, როგორც წესი, გარდამავალი და უსიმპტომო, აღენიშნა პაციენტების 3.5%-ს არიპიპრაზოლის ჯგუფში, პაციენტების 2.0%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში.

პედიატრიული პოპულაცია

შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში

შიზოფრენიის მქონე 302 მოზარდის (ასაკი 13-17 წელი) მონაწილეობით ჩატარებულ ხანმოკლე პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში არასასურველი მოქმედების სიხშირე და ტიპი იყო იგივე, რაც მოზრდილებში, გარდა შემდეგი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნა მოზარდებში არიპიპრაზოლის ჯგუფში, ვიდრე მოზრდილებში არიპიპრაზოლის ჯგუფში (და უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში):

ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევა აღინიშნა ძალიან ხშირად (>1/10), პირის სიმშრალე, მადის გაძლიერება და ორთოსტაზული ჰიპოტენზია აღინიშნა ხშირად (>1/100 - <1/10). 26-კვირიან ღია გაფართოებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი იყო ხანმოკლე, პლაცენოკონტროლირებულ კვლევაში აღნიშნულის მსგავსი.

ხანგრძლივ, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი ასევე იყო იგივე, გარდა ქვემოთ მოყვანილი რეაქციების, რომლებიც აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე ბავშვებში პლაცებოს ჯგუფში: წონაში დაკლება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, არითმია და ლეიკოპენია აღინიშნა ხშირად (>1/100 - <1/10).

შიზოფრენიის მქონე მოზარდების (ასაკი 13-17 წელი) 2 წლამდე გაერთიანებულ კვლევაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 29.5%-ს და 48.3%-ს. შიზოფრენიის მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი), რომლებიც ღებულობდნენ 5-30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვის განმავლობაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 25.6%-ს და 45.0%-ს.

შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობების მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი) ჩატარებული არიპიპრაზოლით მკურნალობის ორ ხანგრძლივ კვლევაში შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 37.0%-ს და 59.4%-ს.

 მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში

გვერდითი მოქმედების სიხშირე და I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში იყო მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, გარდა შემდეგი რეაქციებისა: ძალიან ხშირად (>1/10), ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევა (18.4%), აკატიზია (16.0%) და დაღლილობა (11.8%); და ხშირად (>1/100 - <1/10) ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, სხეულის მასის მომატება, მადის გაძლიერება,  კუნთების სპაზმი და დისკინეზია.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს დოზაზე: ექსტრაპირამიდული დარღვევა (10 მგ - 9.1%, 30 მგ - 28.8%, პლაცებო - 1.7%); და აკატიზია (10 მგ - 12.1%, 30 მგ - 20.3%, პლაცებო - 1.7%).

სხეულის წონის საშუალო ცვლილება I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში არიპიპრაზოლით მკურნალობის მე-12 და 30-ე კვირას შეადგენდა შესაბამისად 2.4 კგ და 5.8 კგ, ხოლო პლაცებოს ჯგუფში შეადგენდა შესაბამისად 0.2 კგ და 2.3 კგ.

ბიპოლარული დარღვევების მქონე ბავშვებში ძილიანობა და დაღლილობა აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე შიზოფრენიის მქონე პაციენტებში.

ბიპოლარული დარღვევების მქონე ბავშვებში (ასაკი 10-17 წელი) 30 კვირამდე მკურნალობისას, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 28.0%-ს და 53.3%-ს.

 ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

 სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

არიპიპრაზოლს შეუძლია გააძლიეროს გარკვეული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება, რადგან მას გააჩნია ანტაგონიზმი α1-ადრენორეცეპტორების მიმართ.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არიპიპრაზილის პირველადი ეფექტების გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც აქვთ იგივე გვერდითი რეაქციები, მაგალითად სედაცია (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).    

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამომწვევ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.

 სხვა პრეპარატების გავლენა არიპიპრაზოლზე

კუჭის მჟავის ბლოკერი, H2-ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ითვლება, რომ აღნიშნულს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არ მეტაბოლიზდება CYP1А იზოფერმენტის საშუალებით. ამიტომ, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 ქინიდინი და CYP2D6 იზოფერმენტის სხვა ინჰიბიტორები

ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ  CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი (ქინიდინი) 107%-ით ზრდის არიპიპრაზოლის AUC-ს, ხოლო Cmax მაჩვენებელი რჩება უცვლელი. აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის AUC და Cmax მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 32%-ით და 47%-ით. არიპიპრაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით ორჯერ. იზოფერმენტ CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია არიპიპრაზოლის დოზის შესაბამისად შემცირება.

 კეტოკონაზოლი და CYP3А4  იზოფერმენტის სხვა ინჰიბიტორები

ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი (კეტოკონაზოლი) ზრდის არიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლებს შესაბამისად 63%-ით და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა შესაბამისად 77%-ით და 43%-ით. CYP2D6 სუსტ მეტაბოლიზატორებთან ერთად CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის მაღალი კონცენტრაცია CYP2D6 იზოფერმენტის სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებით.

კეტოკონაზოლის ან CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების საკითხის განხილვისას შესაძლო სარგებელი უნდა აღემატებოდეს პოტენციურ რისკს პაციენტისთვის. კეტოკონაზოლისა და არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით ორჯერ. CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება.

CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა იქნას გაზრდილი კომბინირებული გამოყენების დაწყებამდე დანიშნულ დოზამდე.

არიპიპრაზოლის და CYP3A4 იზოფერმენტების (მაგალითად, დილთიაზემი ან ესციტალოპრამი) ან CYP2D6 იზოფერმენტების სუსტი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება.

 

კარბამაზეპინი და CYP3А4 იზოფერმენტის სხვა ინდუქტორები

კარბამაზეპინის, CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორის, ერთდროულად გამოყენებისას არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 68%-ით და 73%-ით, არიპიპრაზოლის (30 მგ) მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით. ანალოგიურად, დეჰიდროარიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები, კარბამაზეპინის თანმხლები შეყვანის შემდეგ, შემცირდა შესაბამისად 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლის მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით.

კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის 2-ჯერ გაზრდა. CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერი ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანას პრეპარატები) გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია დოზის შესაბამისად გაზრდა. CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

 ვალპროატი და ლითიუმის პრეპარატები

არიპიპრაზოლის ვალპროატთან ან ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას არ აღინიშნებოდა არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

 სეროტონინის სინდრომი

სეროტონინის სინდრომის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს, და მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, მაგალითად სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან/სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან, ან იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ზრდის არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).

 არიპიპრაზოლის გამოყენების გავლენა სხვა პრეპარატებზე

კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანი), CYP2С9 (ვარფარინი), CYP2С19 (ომეპრაზოლი) და CYP3А4 (დექსტრომეტორფანი) იზოფერმენტის სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდროარიპიპრაზოლმა არ შეცვალა იმ სამკურნალო საშალებების მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2 იზოფერმენტით in vitro პირობებში. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტების მონაწილეობით.

არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმის პრეპარატებთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნებოდა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

 პრეპარატის დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მოზრდილები

შიზოფრენია: 

აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10-15 მგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით - 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლის ეფექტიანობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.    

 მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად, მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.    

 მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიაში ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. სადღეღამისო დოზის რეგულირება, დოზის შემცირების ჩათვლით, განიხილება კლინიკური სტატუსის საფუძველზე.

 სპეციალური ჯგუფები

პედიატრიული პოპულაცია

შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებშიაბიზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. თუ საჭიროა, დოზის შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს 5-5 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის, 30 მგ-ის, გადაჭარბების გარეშე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). აბიზოლი ეფექტიანია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას.  

არიპიპრაზოლი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას 13 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმალურ პერიოდს, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, და სადღეღამისო დოზა 30 მგ უკავშირდება მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ძილიანობის, დაღლილობის და სხეულის მასის მომატების არსებითად მაღალ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). შესაბამისად, დღე-ღამეში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის  შემთხვევებში და მკაცრი კლინიკური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“, “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“, “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ახალგაზრდა პაციენტები წარმოადგენენ არიპიპრაზოლით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის ჯგუფს. შესაბამისად, 13 წლამდე ასაკის პაციენტებში აბიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 აუტისტური დარღვევით გამოწვეული გაღიზიანებულობა: 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში 5.1, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოდგენილი არ არის.

 ტურეტის სინდრომით გამოწვეული ტიკები: 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში 5.1, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოდგენილი არ არის.

 ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით არსებული ცნობები არასაკმარისია რეკომენდაციების წარმოსადგენად. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზა რეგულირდება სიფრთხილით. მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების  ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 ხანდაზმული პაციენტები

არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შიზოფრენიის ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობების მკურნალობისას 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო, კლინიკური ფაქტორების მიხედვით განიხილება უფრო მცირე საწყისი დოზის გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 სქესი

არ არის საჭირო დოზის კორექტირება მდედრობითი სქესის პაციენტებში, მამრობითი სქესის პაციენტებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 მოწევა

არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმის გზის გათვალისწინებით მწეველ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 დოზის კორექტირება სამკურნალწამლო ურთიერთქმედების მიხედვით  

CYP3А4 ან CYP2D6 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის შემცირება. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 ან CYP2D6 იზოფერმენტების ინჰიბიტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 იზოფერმენტის ინდუქტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის რეკომენდებულ დოზამდე შემცირება (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 მიღების წესი

აბიზოლი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

მოათავსეთ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი პირის ღრუში, ენაზე, სადაც ის სწაფად დაიშლება ნერწყვში. ტაბლეტის მიღება შეიძლება სითხესთან ერთად ან მის გარეშე. პირის ღრუდან ოროდისპერგირებადი ტაბლეტის დაუზიანებლად ამოღება ძნელია. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი მტვრევადია, ამიტომ უნდა იქნას მიღებული ბლისტერის გახსნისთანავე. ასევე, შეიძლება ტაბლეტის გახსნა წყალში და მიღებული სუსპენზიის დალევა.

ოროდისპერგირებადი ტაბლეტების გამოყენება შეიძლება აბიზოლის ტაბლეტების ალტერნატივის სახით პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ აბიზოლის ტაბლეტების გადაყლაპვა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 დოზის გადაჭარბება:

ნიშნები და სიმპტომები

კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში მოზრდილ პაციენტებში არიპიპრაზოლის შემთხვევით ან განზრახ 1,260 მგ-მდე დოზის მწვავე გადაჭარბება აღინიშნა ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ლეთარგიას, მომატებულ არტერიულ წნევას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია ცნობები ბავშვებში არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე) დოზის გადაჭარბების შესახებ ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ძილიანობას, ცნობიერების დროებით დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.

 დოზის გადაჭარბების მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი, საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაციის ჩატარება, ასევე სიმპტომების მართვა. განიხილება სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების საკითხი. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ეკგ მონიტორინგს შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით. არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების დადასტურების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.

 არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათში აქტივირებული ნახშირის (50 გ) მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის Cmax მცირდება დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტიანი იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.

 ჰემოდიალიზი

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ჰემოდიალიზის ეფექტიანობის შესახებ არ არის, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების მართვაში, რადგან არიპიპრაზოლი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

 გამოშვების ფორმა:

აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები გაიცემა სილიკაგელის ალუმინი-ალუმინი/მოსახსნელ ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში 7x4 ოროდისპერგირებადი ტაბლეტით.

 შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy