Dexalgin - დექსალგინი 25მგ. 10 ტაბლეტი
ჩვენება:ტკივილგამაყუჩებელი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებება.
დექსალგინი 25მგ ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება - dexketoprofen trometamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 25 მგ: 10 ც.
აქტიური სამკურნალო კომპონენტი არის დექსკეტოპროფენ-ტრომეტამოლი. ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 36,9 მგ დექსკეტოპროფენ- ტრომეტამოლს, რაც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს.
სხვა კომპონენტები:
სიმინდის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა; პოლი(ო-კარბოქსიმეთილ) სახამებელის ნატრიუმის მარილი; გლიცერინი (მონო, დი) (პალმიტატი, სტეარატი); ჰიპრომელოზა; ტიტანის დიოქსიდი, E 171; პროპილენგლიკოლი; მაკროგოლი 6000. თეთრი შემოგარსული მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ასევე, იხილეთ : დექსალგინი საშეტი
მიღების წესები და დოზები
მიიღეთ დექსალგინი მკაცრად ექიმის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.
გამოყენება
შიგნით მისაღებად. მიიღეთ დექსალგინი დაუღეჭავად, სითხის საკმარისი რაოდენობის, მაგალითად ჭიქა წყლის, დაყოლებით.
საკვების ერთდროული მიღება ანელებს სისხლში აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესს. ამიტომ, მწვავე ტკივილის არსებობის შემთხვევაში, ტაბლეტის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე.
თუ ექიმის მიერ არ არის სხვანაირად დანიშნული, მოქმედებს შემდეგი დოზირება:
• ზოგადად:
ტკივილის ინტენსიურობის და სახის მიხედვით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 12,5 მგ (შეესაბამება დექსალგინის ½ შემოგარსულ ტაბლეტს) ყოველ 4-6 საათში ან 25 მგ (შეესაბამება დექსალგინის 1 შემოგარსულ ტაბლეტს) ყოველ 8 საათში. არ არის რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზის, რომელიც შეადგენს 75 მგ (შეესაბამება დექსალგინის 3 შემოგარსულ ტაბლეტს), გადაჭარბება. დექსალგინი არ არის გათვლილი ხანგრძლივი თერაპიისათვის; დექსალგინი სიმპტომური მკურნალობისათვის გამოიყენება.
• ასაკოვანი პაციენტები:
ასაკოვანი პაციენტებისათვის მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზის დაბალი დიაპაზონიდან (საერთო სადღეღამისო დოზა-50 მგ, რაც შეესაბამება დექსალგინის 2 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში). კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ზოგადად მიღებულ დოზამდე.
• ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტები:
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობა იწყება დაბალი დოზით (საერთო სადღეღამისო დოზა-50 მგ რაც შეესაბამება დექსალგინის 2 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში). საჭიროა გაძლიერებული მეთვალყურეობა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში დექსალგინის გამოყენება არ შეიძლება.
• თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები:
თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევების მქონე პაციენტებში საწყისი დოზა მცირდება 50 მგ/დღეში (შეესაბამება დექსალგინის 2 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში). თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში დექსალგინის მიღება არ შეიძლება.
• ბავშვები:
დექსალგინის გამოყენება ბავშვებში არ შეიძლება, ვინაიდან მათ მიმართ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, დექსალგინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მათი სიხშირის შემდეგ მონაცემებს:
ძალიან ხშირად: | 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში |
ხშირად: | 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში |
ზოგჯერ: | 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში |
იშვიათად: | 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში |
ძალიან იშვიათად: | 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში, ერთეული შემთხვევების ჩათვლით |
გვერდითი მოქმედება
ვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურ კვლევებში განვითარებული გვერდითი ეფექტები, მათი დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის მიღებასთან კავშირის თუნდაც ეჭვის არსებობის შემთხვევაში, და ასევე, ის გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია ბაზარზე პრეპარატი დექსალგინის დანერგვის შემდეგ:
ხშირად:
ღებინება და/ან გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეპსია).
ზოგჯერ:
ძილის დარღვევა, შიშის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა/მსუბუქი გაბრუება, წონასწორობის დარღვევა, გულისცემის გახშირება, სიწითლე, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის შებერილობა, გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი, სისუსტე (ასთენია), ძლიერი კანკალი, ცუდი გუნება-განწყობილება.
იშვიათად:
უმადობა, ისეთი შეგრძნებები, როგორიც არის ქავილი ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), გულის წასვლა, სისხლის წნევის მომატება, სუნთქვის შენელება (ბრადიპნოე), კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭის წყლულიდან ან მისი გახსნა, ჭინჭრის ციება, ფერიმჭამელები, მომატებული ოფლიანობა, ზურგის ტკივილი, გამოყოფილი შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია), მენსტრუაციის დარღვევა, დარღვევები პროსტატის მხრიდან, კიდურებში სითხის დაგროვება (პერიფერიული შეშუპება), ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების გაუარესება.
ძალიან იშვიათად:
სისხლის შემადგენლობის გაუარესება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია), მწვავედ მიმდინარე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსია), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, მხედველობის დაბინდვა, შუილი ყურებში, გულის შეკუმშვათა გახშირება, სისხლის წნევის დაწევა, ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი), ქოშინი (დისპნოე), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის უჯრედების დაზიანება, მძიმე რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრიდან (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი [ლაიელის სინდრომი], ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება), მომატებული მგრძნობელობა დღის შუქის მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია), ქავილი, თირკმელების დაზიანება (ნეფრიტი ან ნეფროზული სინდრომი).
შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები (ვინაიდან ის ვლინდებოდა სხვა არასტეროიდული ანალგეტიკების/რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას): ტვინის გარსების არაინფექციური ბუნების ანთება (ასეპტიური მენინგიტი), რომელიც, ძირითადად შეიძლება შეგვხვდეს რევმატოიდული ბუნების გარკვეული დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზები); დარღვევები სისხლის სისტემის მხრივ (კანის წვრილლაქოვანი სისხლჩაქცევები [პურპურა], სისხლნაკლებობა [აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია], იშვიათად – სისხლის გარკვეული უჯრედების ნაკლებობა ან უკმარისობა [აგრანულოციტოზი], ძვლის ტვინის არასაკმარისი განვითარება [ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია]).
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს.
საყლაპავის, ხორხის და/ან ენის ქსოვილების შეშუპების შემთხვევაში (ანგიონევროზული შეშუპება), დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის დახმარება. თქვენ დაუყოვნებლივ საჭიროებთ საავადმყოფოში გადაყვანას და მეთვალყურეობას არანაკლებ 12-24 საათის განმავლობაში.
კანის მხრიდან მძიმე რეაქციების განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ დექსალგინის მიღება.
ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მოცემულ ინსტუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
უკუჩვენება
პრეპარატ დექსალგინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა დექსკეტოპროფენ-ტრომეტამოლის, სხვა არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ე.წ. აას –ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები) ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
-თუ მსგავსი მოქმედების ნივთიერებები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აას) იწვევს ასთმის შეტევებს, ბრონქოსპაზმს, ალერგიულ სურდოს (მწვავე რინიტი), ცხვირის პოლიპების განვითარებას, ჭინჭრის ციებას ან კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული ხასიათის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება);
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან მასზე ეჭვის არსებობა, და თუ ცნობილია წარსულში არსებული წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადების (დისპეპსია) შესახებ;
-კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ან სხვა სისხლდენა, ან დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლდენას.
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განსაზღვრული დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი);
- ბრონქული ასთმის არსებობა წარსულში;
-გულის მუშაობის მძიმე ხარისხის დარღვევა (გულის უკმარისობა);
-თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა.
-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
-სისხლდენების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილების არსებობა ან სისხლის შედედების სხვა დარღვევა;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება დექსალგინის გამოყენება ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში მისი გამოყენების უსაფრთხოების შეფასებისათვის არსებული მონაცემები საკმარისი არ არის.
არ შეიძლება დექსალგინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დექსკეტოპროფენი დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
- ალერგია ამჟამად ან წარსულში;
-საყლაპავის ანთება ამჟამად ან წარსულში;
-კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი) და/ან კუჭის წყლული. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მათი სრული განკურნება;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ან დაავადებები ამჟამად ან წარსულში. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დარღვევების შემოწმება, ძირითადად კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის თაობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლად შეწყვეტა;
-სისხლის შედედების დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროული მკურნალობისას (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოზის განვითარების საწინააღმდეგოდ, მაგალითად, ჰეპარინი, ვარფარინი, ფენპროკუმონი). დექსალგინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;
- დარღვევა სისხლწარმოქმნის მხრივ ან რევმატული ბუნების დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზები);
- ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის დარღვევას. ამ ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება და ქსოვილებში სითხის შეკავება. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ გაწუხებდათ გულის დაავადებები, ძირითადად, თუ წარსულში ადგილი ჰქონდა გულის უკმარისობის ეპიზოდებს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მომატებულია განმეორებით გულის უკმარისობის განვითარების რისკი;
-თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (დიურეტიკები) ან თქვენი ორგანიზმი მიდრეკილია სითხეების დაკარგვისადმი (ჰიპოვოლემია), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მომატებულია თირკმელების დაზიანების რისკი.
დექსალგინმა შეიძლება გაზარდოს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების კონცენტრაცია სისხლში, რომელთა გამოყოფა ხდება შარდით (შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) და გამოიწვიოს თირკმლის ქსოვილის დაზიანება ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დვრილების ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა).
დექსალგინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი მაჩვენებლის მსუბუქი გარდამავალი მომატება ან განსაზღვრული მაჩვენებლების (ACT, ALT) მკაფიო გაზრდა სისხლში. ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი მომატებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
დექსალგინმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები.
დექსალგინის გამოყენებისას ქალებში შეიძლება დაირღვეს რეპროდუქციული უნარი, შესაბამისად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ქალებში, რომლებიც აპირებენ დაორსულებას. საჭიროა დექსალგინის მოხსნის საკითხის განხილვა იმ ქალებში, რომლებიც ძნელად ორსულდებიან ან რეპროდუქტიულ უნარის საკითხებთან დაკავშირებით უტარდებათ კვლევა.
ბავშვები
ბავშვებისათვის დექსალგინის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მათ მიმართ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა.
ასაკიანი პაციენტები
გარკვეულ ვითარებაში ასაკიან პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია (იხილეთ ნაწილი ,,როგორ გამოიყენება დექსალგინი’’). ვინაიდან ასაკიან პაციენტებში გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს უფრო ხშირად, მოულოდნელად და იყოს უფრო გამოხატული, ისინი საჭიროებენ ექიმის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.
ორსულობა
არ შეიძლება დექსალგინის გამოყენება ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში მისი გამოყენების უსაფრთხოების შეფასებისათვის არსებული მონაცემები საკმარისი არ არის.
ლაქტაციის პერიოდი
არ შეიძლება დექსალგინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დექსკეტოპროფენი დედის რძეში.
ქუჩის მოძრაობაში მონაწილეობის მიღების და მანქანების მართვის უნარი
დექსალგინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლა, შესაბამისად, მოახდინოს ზემოქმედება (მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დექსალგინის ჭარბი დოზის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. მოწამვლის სიმძიმის და მდგომარების შესაბამისად, ექიმი შეძლებს გადაწყვეტილების და საჭირო ზომების მიღებას.
შეცდომით ან განზრახ ჭარბი დოზის შემთხვევაში, მოწამვლის სიმპტომების აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ საჭიროა მკურნალობის დაწყება. 5 მგ დექსკეტოპროფენის/კგ სხეულის წონის მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა აქტიური ნახშირის გამოყენება ერთი საათის განმავლობაში. დექსკეტოპროფენის მოცილება სისხლიდან შესაძლებელია დიალიზის დახმარებით (,,სისხლის გამორეცხვა’’).
თუ თქვენ დაგავიწყდათ დექსალგინის მიღება:
დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ ტაბლეტის მიღება დანიშნულების მიხედვით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ და იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებას, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
•კომბინაციები, რომელიც არ არის რეკომენდებული:
-სხვა არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისდამწევი, ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები (აას), მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზით (>3 გ/დღეში): და სხვა აას დანიშვნისას შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკი.
-შიგნით მისაღები სისხლის შედედების დამთრგუნველი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები): სისხლის შედედების დათრგუნვით და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებით განპირობებული სისხლდენის მომატებული საშიშროება. ხოლო, თუ ამ პრეპარატების კომბინაცია აუცილებელია, პაციენტს უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების გულმოდგინე კონტროლი და კლინიკური დაკვირვება.
-ჰეპარინი (თრომბოზის საწინააღმდეგო და სამკურნალო საშუალება): სისხლის შედედების დათრგუნვით და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებით განპირობებული სისხლდენის მომატებული საშიშროება. ხოლო, თუ ამ პრეპარატების კომბინაცია აუცილებელია, პაციენტს უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების გულმოდგინე კონტროლი და კლინიკური დაკვირვება.
-ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალება): აას ზრდის სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს მავნე (ტოქსიურ) მნიშვნელობას. ამიტომ თერაპიის დაწყებისას, დოზის შერჩევისა და დექსალგინით მკურნალობის დასრულებისას, საჭიროა სისხლში ლითიუმის მაჩვენებლის კონტროლი.
-მეთოტრექსატი (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რევმატული ბუნების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) მისი მაღალი დოზით (15 მგ/კვირაში ან მეტი) გამოყენების შემთხვევაში: თირკმელების დახმარებით მეტოტრექსატის გამოყოფის შემცირების გამო სისხლის სისტემის მიმართ მისი დამაზიანებელი ეფექტის მომატება. -ჰიდანტოინები (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები) და სულფონამიდები (ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებები): ამ ნივთიერებების ზიანის მომტანი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
•კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს გამოყენებას:
-დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები), ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ამფი) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (სისხლის წნევის დამწევი განსაზღვრული საშუალებები/საგულე საშუალებები): დექსალგინმა შეიძლება შეასუსტოს დიურეზულების და სისხლის წნევის დამწევი პრეპარატების მოქმედება. აგფ ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ორგანიზმში არასაკმარისი სითხის მქონე პაციენტები ან ასაკოვანი პაციენტები). როგორც წესი, ეს ეფექტი შექცევადია. დექსალგინის და დიურეზულების ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში პაციენტს არ უნდა ჰქონდეს ორგანიზმში სითხის მნიშვნელოვანი უკმარისობა. მკურნალობის დასაწყისში საჭიროა დაკვირვება თირკმელების ფუნქციაზე.
-მეთოტრექსატი (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიული ბუნების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) მისი 15 მგ/კვირაში ნაკლები დოზით გამოყენების შემთხვევაში: თირკმელების დახმარებით მეთოტრექსატის გამოყოფის შემცირების გამო-სისხლის სისტემის მიმართ მისი დამაზიანებელი ეფექტის მომატება. სისხლის სურათის ყოველკვირეული კონტროლი კომბინირებული მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. უფრო ინტენსიური დაკვირვება თირკმელების ფუნქციის თუნდაც მსუბუქი დარღვევების არსებობის შემთხვევაში და ასაკიან პაციენტებში.
-პენტოქსიფილინი (სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება): სისხლდენის მომატებული საშიშროება. ექიმის გაძლიერებული მეთვალყურეობა და სისხლდენის დროის ხშირი კონტროლი.
-ზიდოვუდინი (აივ/შიდსის საწინააღმდეგო საშუალება): ზიდოვუდინის სისხლის წითელი სხეულების წარმოშობის პროცესზე დამაზიანებელი მოქმედების გამო, აას-ით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს მძიმე სისხლნაკლებობა (ანემია). ამიტომ, დექსალგინით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში, საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება და სისხლის წითელი სხეულების ახალგაზრდა ფორმების (რეტიკულოციტების) რაოდენობის კონტროლი.
-სულფონილშარდოვანას პრეპარატები (შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო განსაზღვრული საშუალებები): დექსალგინმა შეიძლება გაზარდოს სულფონილშარდოვანას პრეპარატების შაქრის დამწევი მოქმედება.
•კომბინაციები, რომლებიც თხოულობენ ყურადღებას:
-ბეტა-ადრენობლოკატორები (გულ-სისხლძარღვთა საშუალებები): დექსალგინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს სისხლის წნევის დამწევი ეფექტი. -ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტატის მოცლიების საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალო საშუალება): შეიძლება გაძლიერდეს თირკმელებზე ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედება. კომბინირებული მკურნალობისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
-თრომბოლიზური პრეპარატები (სისხლის კოლტის დამშლელი და მათი განვითარების საწინააღმდეგო საშუალებები): სისხლდენის მომატებულირისკი.
-პრობენეციდი (პოდაგრის შეტევების საწინააღმდეგო საშუალება): შეიძლება გაიზარდოს დექსკეტოპროფენის კონცენტრაცია სისხლში. ასეთი ურთიერთქმედების დროს საჭიროა დექსალგინის დოზის კორექცია.
-გულის გლიკოზიდები (გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი საშუალებები): შესაძლებელია გულის გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება სისხლში. -მიფეპრისტონი (ორსულობის შესაწყვეტი საშუალება): მიფეპრისტონის ეფექტურობაზე ზემოქმედების თეორიული საშიშროების არსებობასთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდებული დექსალგინის გამოყენება მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში.
-ქინოლონები (ანტიბაქტერიული საშუალებები): ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები მიუთითებენ, რომ, ქინოლონების მაღალი დოზების და აასს კომბინაცია ზრდის კრუნჩხვების განვითარების საშიშროებას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30°C ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას დასაკეც მუყაოს კოლოფში.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account