Euthyrox - ეუთიროქსი 150მკგ. 100 ტაბლეტი
თვისებები: მოქმედი ნივთიერება ლევოთიროქსინი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის სინთეზურ ჰორმონს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფუნქციის დარღვევების სამკურნალოდ.
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ეუთიროქსი®
(EUTHYROX®)
ტაბლეტები 25 მკგ, 50 მკგ, 75 მკგ, 100 მკგ, 125 მკგ, 150 მკგ
მოქმედი ნივთიერება: ლევოთიროქსინის ნატრიუმი
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
•შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
•თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
•ეს სამკურნალო პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, როცა მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
• თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის და რა შემთხვევებში გამოიყენება ეუთიროქსი®?
2. რისი ცოდნაა აუცილებელი სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება ეუთიროქსი®
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. როგორ ინახება სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი®
6. პაკეტის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის და რა შემთხვევებში გამოიყენება ეუთიროქსი®?
სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მოქმედი ნივთიერება ლევოთიროქსინი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის სინთეზურ ჰორმონს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფუნქციის დარღვევების სამკურნალოდ. სინთეზური ლევოთიროქსინი თავისი ეფექტით ფარისებრი ჯირკვლის მიერ სეკრეტირებული ბუნებრივი ჰორმონის იდენტურია.
სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® ინიშნება:
- კეთილთვისებიანი ჩიყვის სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში;
- ოპერაციის შემდეგ ახალი ჩიყვის წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის;
- ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის შემცვლელის სახით, თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს ჰორმონების საკმარის რაოდენობას;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში სიმსივნის ზრდის დასათრგუნად.
სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® დოზირებით 25-100 მკგ ასევე ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის შემცვლელის სახით ჰიპერთირეოზის თირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობის ფონზე.
სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® 100/150 მკგ დოზირებით ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად სპეციალურ კვლევებში (თირეოიდული სუპრესიის ტესტი).
2. რისი ცოდნაა აუცილებელი სამკურნალო საშუალების ეუთიროქსი® მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი®, თუ:
• თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მოქმედი ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია ამ გამოყენების ინსტრუქციის მე-6 ნაწილში);
• თქვენ გაქვთ არანამკურნალევი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არანამკურნალევი ჰიპოფიზური უკმარისობა, ან არანამკურნალევი თირეოტოქსიკოზი;
• თქვენ გაქვთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან გულის ანთება (მწვავე მიოკარდიტი ან მწვავე პანკარდიტი).
არ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® ჰიპერთირეოზის სამკურნალო თირეოსტატიკურ პრეპარატებთან ერთად, თუ ხართ ორსულად (იხ. ნაწილი "ორსულობა და ძუძუთი კვება").
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღების დაწყებამდე, თუ გაქვთ გულ -სისხლძარღვთა სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებები:
- კორონარული სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (სტენოკარდია),
- გულის უკმარისობა,
- გახშირებული ან არარეგულარული გულის რითმი,
- არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),
- ქოლესტერინის ბალთების ჩალაგება სისხლძარღვების სანათურში (არტერიოსკლეროზი).
საჭიროა ამ მდგომარეობების საფუძვლიანი კონტროლი სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღების დაწყებამდე ან თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე. სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღებისას თქვენ დაგჭირდებათ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის რეგულარული კონტროლი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები, ან თუ არ იღებთ სათანადო მკურნალობას, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ აუცილებელ გამოკვლევებს თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკისთვის, რომლებსაც თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკონტროლო წარმოქმნა (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია). ამ მდგომარეობაზე საჭიროა საფუძვლიანი კონტროლი სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღების დაწყებამდე ან თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე.
საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, როდესაც იწყება ლევოთიროქსინით მკურნალობა დაბადებისას ძალიან დაბალი სხეულის მასის მქონე დღენაკლულ ბავშვებში, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის რისკის გამო.
თუ თქვენ გადადიხართ ლევოთიროქსინის შემცველი ერთი სამკურნალო პრეპრატიდან მეორეზე, შეიძლება დაგჭირდეთ დოზის შეცვლა თერაპიაზე კლინიკური პასუხისა და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკის გამოსარიცხად.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ გაგიჩნდებათ კითხვები სამკურნალო პრეპარატის შეცვლის შესახებ. სხვა სამკურნალო პრეპარატზე გადასვლის პერიოდში რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობაზე საფუძვლიანი დაკვირვება, კლინიკური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარების ჩათვლით. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ სამკურნალო პრეპარატის დოზა უნდა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს). გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან და აცნობეთ მას შემდეგი მდგომარეობების შესახებ:
- თქვენ დაგეწყოთ მენოპაუზა ან პოსტმენოპაუზური პერიოდი; ამ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებაზე ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის გამო;
- თქვენ იწყებთ, წყვეტთ პრეპარატ ორლისტატის მიღებას ან ცვლით თქვენი ორლისტატით მკურნალობის სქემას (სამკურნალო პრეპარატი ჭარბწონიანობის სამკურნალოდ); ამ შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ საფუძვლიანი სამედიცინო დაკვირვება, და, შესაძლოა, სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დოზის შეცვლა;
- თუ თქვენი ახლობლები და მეგობრები ან თქვენ თვითონ ამჩნევთ საკუთარ თავს აზროვნების დარღვევებს, ემოციურ ან ქცევით ცვლილებებს; ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ საფუძვლიანი სამედიცინო დაკვირვება და, შესაძლოა სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დოზის შეცვლა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არ უნდა იქნას მიღებული სხეულის მასის დასაქვეითებლად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება არ გამოიწვევს სხეულის მასის დაქვეითებას ნორმალური ჰორმონალური სტატუსის მქონე პაციენტებში. ექიმის რეკომენდაციის გარეშე სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დოზის დამოუკიდებლად მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და თუნდაც სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი რეაქციების განვითარებაც კი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მაღალი დოზით არ უნდა იქნას მიღებული სხეულის მასის დამაქვეთებელ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ამფეპრამონი, კათინი, ფენილპროპანოლამინი, რადგანაც არსებობს სერიოზული ან სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება სამკურნალო პრეპარატთან ეუთიროქსი® ერთად
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს იღებდით ან შესაძლოა იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რადგანაც სამკურნალო პრეპარატმა ეუთიროქსი® შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ეფექტურობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ:
- ანტიდიაბეტური საშუალებები (სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებლები). სამკურნალო პრეპარატმა ეუთიროქსი® შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატების ეფექტი, ამიტომ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი უფრო ხშირად, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღებისას ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატის დოზა შეიძლება შეიცვალოს.
- კუმარინის წარმოებულები (ანტიკოაგულანტები). სამკურნალო პრეპარატმა ეუთიროქსი® შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტი, ამ დროს იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ, აუცილებელია კოაგულაციის პარამეტრებზე რეგულარული კონტროლი, როგორც სამკურნალო პრეპარატით ეუთიროქსი® თერაპიის დასაწყისში, ასევე მის განმავლობაში. სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღებისას ანტიკოაგულანტის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
ყურადღება მიაქციეთ დროის ინტერვალების დაცვას სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღებასა და შემდეგ საკურნალო პრეპარატებს შორის:
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაღვლის მჟავების გამოყოფას (ინიშნება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), როგორიცაა კოლესტირამინი ან კოლესტიპოლი: სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® უნდა იქნას მიღებული ამ სამკურნალო პრეპარატების მიღებამდე 4-5 საათით ადრე, რადგანაც მათ შეუძლიათ შეამცირონ ლევოთიროქსინის შეწოვის დონე ნაწლავებში.
- ანტაციდები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის პრობლემების შესამსუბუქებლად და გულძმარვის აღმოსაფხვრელად), სუკრალფატი (გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ), ალუმინის, რკინის და კალციუმის შემცველი სხვა სამკურნალო პრეპარატები: სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® უნდა იქნას მიღებული ამ სამკურნალო პრეპარატების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე, რადგანაც მათ შეუძლიათ შეამცირონ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ეფექტურობა.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ შეამცირონ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ეფექტურობა:
- პროპილთიოურაცილი (თირეოსტატიკური სამკურნალო პრეპარატი),
-გლუკოკორტიკოსტეროიდები (ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები),
- ბეტა-ბლოკერები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას, გამოიყენებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ),
- სერტრალინი (სამკურნალო პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ),
- ქლოროქინი ან პროგუანილი (სამკურნალო პრეპარატები მალარიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის),
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის ფერმენტებს, მათ შორის ბარბიტურატები (სედატიური, საძილე სამკურნალო პრეპარატები) ან კარბამაზეპინი (სამკურნალო პრეპარატი კრუნჩხვების სამკურნალოდ, რომელიც ასევე ინიშნება ტკივილის შეგრძნებების კონტროლისა და განწყობის დარღვევისათვის),
- ესტროგენის შემცველი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქალებში მენოპაუზისას ჰორმონების ჩამანაცვლებელი თერაპიისთვის ან კონტრაცეფციის მიზნით,
- სეველამერი (ფოსფატის დამაკავშირებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის),
- თიროზინკინაზას ინჰიბიტორები (სიმსივნის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები),
- ორლისტატი (სამკურნალო პრეპარატი ჭარბწონიანობის სამკურნალოდ).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს იღებდით ან შესაძლოა იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ გაზარდონ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ეფექტურობა:
- სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სამკურნალო პრეპარატები),
- დიკუმაროლი (პრეპარატი სისხლის შედედების შესამცირებლად),
- ფუროსემიდი მაღალი დოზებით - 250 მგ (შარდმდენი სამკურნალო პრეპარატი),
- კლოფიბრატი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდების დონეს).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს იღებდით ან შესაძლოა იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს, რადგანაც მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ეფექტურობაზე:
- რიტონავირი, ინდინავირი, ლოპინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),
- ფენიტოინი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ, ანტიეპილეფსიური პრეპარატი).
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის რეგულარული კონტროლი. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დოზის შეცვლა.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ამიოდარონს (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ), რადგანაც ამ სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
თუ თქვენთვის აუცილებელია რენტგენოგრაფია ან სკანირება იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით, აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, რომ ღებულობთ სამკურნალო პრეპარატს ეუთიროქსი®. შეყვანილმა საკონტრასტო ნივთიერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა იღებდით ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატებს, არა-რეცეპტურულების ჩათვლით.
სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ სოიოს შემცველ პროდუქტებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროდუქტების რაოდენობა თქვენს დიეტაში იცვლება. სოიოს შემცველი საკვების მიღებამ შეიძლება შეამციროს ლევოთიროქსინის შეწოვის დონე ნაწლავებში, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დოზის შეცვლა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღება, თუ ხართ ორსულად. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, რადგანაც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.
თუ თქვენ იღებდით სამკურნალო პრეპარატს ეუთიროქსი® ერთდროულად თირეოსტატიკურ სამკურნალო პრეპარატთან ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის რეკომენდაციისთვის.
თუ კვებავთ ძუძუთი, გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღება თქვენი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ლაქტაციის პერიოდში დედის რძეში გამოყოფილი სამკურნალო პრეპარატის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ არ იმოქმედებს თქვენი ბავშვის მდგომარეობაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. ვარაუდობენ, რომ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგანაც ლევოთიროქსინი ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის მსგავსია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® კომპონენტების შესახებ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® შეიცავს 1 ტაბლეტში ნატრიუმის 1 მმოლ -ზე ნაკლებს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3. როგორ მიიღება სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი®
ყოველთვის მიიღეთ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეარჩევს სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® საჭირო დოზას თქვენი ანალიზების შედეგებისა და გამოკვლევის მონაცემების მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში, თერაპია დაიწყება დაბალი დოზით, შემდეგ დოზა თანდათან გაიზრდება ყოველ 2-4 კვირაში, სანამ არ მიიღწევა თქვენი ინდივიდუალური სრული დოზა. მკურნალობის პირველ კვირებში შეიძლება დაგენიშნოთ ანალიზები დოზის შესაცვლელად.
თუ თქვენი ბავშვი დაიბადა ჰიპოთირეოზის სიმპტომებით (თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი), ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მას სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® უფრო მაღალი დოზა ბავშვში სწრაფი ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების მნიშვნელობის გამო. რეკომენდებული საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 10 -დან 15 მკგ -მდე სხეულის მასის კილოგრამზე დღეში პირველი 3 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ დოზა ინდივიდუალურად შეიცვლება მკურნალი ექიმის მიერ.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ ცხრილში. შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური დოზის შემცირება:
- ხანდაზმულ პაციენტებში,
- გულ -სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში,
- მძიმე ან ხანგრძლივად არსებული ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში,
- დაბალი სხეულის მასის მქონე პაციენტებში და დიდი ჩიყვის მქონე პაციენტებში.
გამოყენების ჩვენებები | სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® (ლევოთიროქსინის ნატრიუმი მკგ / დღეში) რეკომენდებული დოზა |
კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში | 75-200 |
ოპერაციის შემდეგ ახალი ჩიყვის წარმოქმნის პროფილაქტიკა | 75-200 |
ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის ჩანაცვლება, თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს (მოზრდილ პაციენტებში)საწყისი დოზა შემანარჩუნებელი დოზა | 25-50 100-200 |
ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის ჩანაცვლება, თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს (ბავშვებში) - საწყისი დოზა - შემანარჩუნებელი დოზა |
12. 5-50 100 - 150 მკგ/მ2 სხეულის ზედაპირზე |
სიმსივნის ზრდის დათრგუნვა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში | 150-300 |
თანმხლები ჩანაცვლებითი თერაპია თირეოსტატიკური პრეპარატებით ჰიპერთირეოზის მკურნალობის ფონზე | 50-100 |
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება სპეციალურ კვლევებში (თირეოიდული სუპრესიის ტესტი) | ტესტამდე 4 კვირით ადრე | ტესტამდე 3 კვირით ადრე | ტესტამდე 2 კვირით ადრე | ტესტამდე 1 კვირით ადრე | |
ეუთიროქსი® 100 მკგ |
2 ტაბლეტი/ დღეში |
2 ტაბლეტი/ დღეში |
|||
ეუთიროქსი® 150 მკგ |
½ ტაბლეტი/ დღეში |
½ ტაბლეტი/ დღეში |
1 ტაბლეტი/ დღეში |
1 ტაბლეტი/ დღეში |
გამოყენების მეთოდი
სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® განკუთვნილია პერორალურად მიღებისათვის. სადღეღამისო დოზა უნდა იქნას მიღებული ერთჯერადად დილით უზმოზე, საუზმემდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, სასურველია მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით (მაგალითად, ნახევარი ჭიქა წყალი).
გამყოფი ხაზი იძლევა ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად დაყოფის საშუალებას.
ბავშვებს უნდა მიეცეთ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დღიური დოზა საკვების პირველ მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე. ბავშვებში უშუალოდ მიღების წინ ტაბლეტი უნდა დაქუცმაცდეს და შეერიოს მცირე რაოდენობის წყალს. მიიღება მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება ცვალებადობდეს იმ დიაგნოზის მიხედვით, რომლის დროსაც დაინიშნა სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი®. თქვენი მკურნალი ექიმი გაცნობებთ მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. უმეტეს პაციენტებში ნაჩვენებია სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
თუ თქვენ მიიღეთ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დანიშნულზე მეტი ტაბლეტი
თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ რეკომენდებულზე უფრო მეტი რაოდენობის ტაბლეტები, შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი სიმპტომები: გახშირებული გულისცემა, შფოთვა, აღგზნება და ჰიპერკინეზია (ზედმეტი და მოულოდნელი მოძრაობები, რომლებიც აღმოცენდება უნებურად). ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს, როგორიცაა ეპილეფსია, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები. ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ მწვავე ფსიქოზის სიმპტომები.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რომელიმე აღწერილი სიმპტომი, უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით. მიიღეთ თქვენი შემდეგი რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ დროს მეორე დღეს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი კითხვები სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® გამოყენების შესახებ, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, სამკურნალო პრეპარატმა ეუთიროქსი® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები ზოგიერთ პაციენტებში.
სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® დანიშნულზე უფრო მაღალი დოზის მიღებისას, და ასევე ლევოთიროქსინის დანიშნული დოზის ცუდად ატანისას (კერძოდ, დოზის სწრაფი გაზრდისას), პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი არასასურველი რეაქციები: არარეგულარული ან გახშირებული გულის რითმი, გულმკერდში ტკივილი (სტენოკარდია), თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები, ალები (სიცხის შეგრძნება და სახის გაწითლება), ტემპერატურის მომატება, ღებინება, მენსტრუაციის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატება, ტრემორი, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, სხეულის მასის დაქვეითება, დიარეა.
თუ ეს განვითარდება, უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტოთ მკურნალობა რამდენიმე დღით ან შეამციროთ სამკურნალო პრეპარატის სადღეღამისო დოზა არასასურველი რეაქციების გაქრობამდე.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6, "რას შეიცავს სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ტაბლეტები"). ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის, ჭინჭრის ციების, სახისა და ხორხის შეშუპების (კვინკეს შეშუპება) სახით. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატების მიმართ არასასურველი რეაქციების მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, (სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების საშუალებით თქვენ დახმარებას უწევთ მეტი ინფორმაციის მიღებაში სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი®
შეინახეთ სამკურნალო პრეპარატი ეუთიროქსი® ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა იწურება პაკეტზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
6. პაკეტის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® ტაბლეტები
• სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® მოქმედი ნივთიერებაა ლევოთიროქსინის ნატრიუმი.
• სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 25 მკგ, 50 მკგ, 75 მკგ, 100 მკგ, 125 მკგ, ან 150 მკგ, ლევოთიროქსინის ნატრიუმს.
• დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლიმონმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალო პრეპარატის ეუთიროქსი® გარეგნული იერსახე და პაკეტის შემცველობა
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ბრტყელი ორივე მხრიდან, დახრილი კიდეებით. ტაბლეტის ორივე მხარეს არის გამყოფი ხაზი, ტაბლეტის ერთ მხარეს - "EM + დოზირება".
შეფუთვა: 25 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში; 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მერკ კგაა, გერმანია (Merck KGaA, Germany)
ფრანკფურტერ შტრასე 250, 64293 დარმშტადტი, გერმანია (Frankfurter Strasse 250, 64293 Darmstadt, Germany)
მწარმოებელი
მერკ ჰელსქეა კგაა, გერმანია (Merck Healthcare KGaA, Germany)
ფრანკფურტერ შტრასე 250, 64293 დარმშტადტი, გერმანია (Frankfurter Strasse 250, 64293 Darmstadt, Germany)
სამკურნალო პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის, ასევე პრეტენზიების არსებობისა და არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
"Аcino Pharma AG" (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში, ადონცის ქ. 6/1, 54, 0014, ქ.ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა
ტელ. + 374 60 67 01 70
ელ.ფოსტა: PV_AM@acino.swiss.
ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
სააქციო საზოგადოების "Аcino Pharma AG" (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელორუსის რესპუბლიკაში, პობედიტელის გამზირი, 104-20, 220062, ქ. მინსკი, ბელორუსის რესპუბლიკა
ტელ. + 375 (17) 319-91-41; + 375 (29) 700-65-90, ფაქსი + 375 (17) 319-91-40
ელ.ფოსტა: Safety_BY@acino.swiss.
საქართველოს ტერიტორიაზე:
სააქციო საზოგადოების "Аcino Pharma AG" (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში, კ. მარჯანიშვილის ქ. 5 / დ.უზნაძის ქ. 16-18, 0102, თბილისი, საქართველო
ტელ. + 995 32 220 69 42
ელ.ფოსტა: PV_GE@acino.swiss.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account