Crestor - კრესტორი 10მგ 28 ტაბლეტი

8,71 GEL
მარაგშია
SKU
77209_2214

ჩვენება: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია  ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები საკმარისი არაა.

რა არის კრესტორი და რისთვის გამოიყენება?
კრესტორი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის პრეპარატი, რომელიც განეკუთვნება „სტატინების“ ჯგუფს.

კრესტორის ტაბლეტი არის მრგვალი, ვარდისფერი, გრავირებით „ZD4522 და 10“, წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 და 90 ტაბლეტს.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ კრესტორი, რადგანაც:

თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, ანუ გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი. კრესტორი 10 მგ გამოიყენება მოზრდილებში,  მოზარდებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
თქვენთვის რეკომენდებული იქნა სტატინი (ქოლესტერინის დასაქვეითებელი პრეპარატი), რადგანაც ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად არ აღმოჩნდა საკმარისი კვების რეჟიმის შეცვლა და ვარჯიში. კრესტორის მიღების პერიოდშიც უნდა განაგრძოთ ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში.
ან

გაქვთ სხვა ფაქტორები, რომელიც ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.
მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შესაძლებელია გამომდინარეობდნენ დაავადებისგან, სახელად ათეროსკლეროზი.

ათეროსკლეროზის მიზეზია სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნარჩენების დაგროვება.

რატომ არის მნიშვნელოვანი, განაგრძოთ კრესტორის მიღება?

კრესტორი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების - ლიპიდების და მათ შორის, ყველაზე გავრცელებული ნივთიერების, ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად.

სისხლში სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინია. „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-K) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-K).

კრესტორი აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს.
იგი ეხმარება თქვენს ორგანიზმს, რათა არ მოხდეს „ცუდი“ ქოლესტერინის გამომუშავება. ამავე დროს ზრდის თქვენი ორგანიზმის უნარს, სისხლიდან გამოდევნოს „ცუდი“ ქოლესტერინი.
ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ მასზე ვერ მოახდენს გავლენას მაღალი ქოლესტერინი, რადგანაც ვერ გრძნობს აღნიშნულის გამო რაიმე სიმპტომს. მაგრამ მკურნალობის გარეშე ცხიმოვანი ნარჩენები დაგროვდება სისხლძარღვების კედლებზე და გამოიწვევს სისხლძარღვების შევიწროებას.

ზოგჯერ შესაძლებელია შევიწროებული სისხლძარღვი დაიხშოს. თუ სისხლი ვერ მიეწოდება გულს ან თავის ტვინს, შესაძლებელია განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით თქვენ შეამცირებთ მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.

უნდა განაგრძოთ კრესტორის მიღება, თუნდაც ქოლესტერინი დაქვეითდეს სასურველ დონემდე. რადგანაც კრესტორი ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მატებას და სისხლძარღვებში მის დაგროვებას. კრესტორის მიღება უნდა შეწყვიტოთ მხოლოდ ექიმის მითითების შემთხვევაში ან ორსულობის დროს.

საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კრესტორის მიღებამდე
არ მიიღოთ კრესტორი შემდეგ შემთხვევებში:

თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია კრესტორზე ან მის შემადგენელ რომელიმე ნივთიერებაზე.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ კრესტორის მიღების პერიოდში დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ კრესტორს, დაცვის სათანადო მეთოდის გამოყენებით თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა.
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება,
თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემა,
თუ გაქვთ განმეორებადი ან დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული კუნთების ტკივილი,
თუ იღებთ პრეპარატ ციკლოსპორინს (მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ).
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გქონდეთ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

გარდა ამისა, ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში არ მიიღოთ კრესტორი 40 მგ (მაქსიმალური დოზა):

თუ გაქვთ საშუალო ხარისხის თირკმლის პრობლემა (ეჭვის არსებობისას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.),
თუ გამართულად არ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი,
თუ ანამნეზში გაქვთ განმეორებადი ან დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული კუნთების ტკივილი, ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ან ადრე ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა.
თუ მუდმივად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),
თუ ქოლესტერინის დასაქვეითებლად იყენებთ ფიბრატებს (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი),
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გქონდეთ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში კრესტორის მიღებისას დაიცავით სიფრთხილე

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა,
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა,
თუ ანამნეზში აღინიშნება განმეორებადი ან დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული კუნთების ტკივილი, ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ან ადრე ქოლესტერინის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა. განსაკუთრებით თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ან გაქვთ ცხელება, თუ იგრძნობთ აუხსნელი მიზეზით გამოწვეულ კუნთების ტკივილს, დაუყოვნებლივ და აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს. ამასთანავე თუ მუდმივად გაქვთ კუნთების სისუსტე, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,
თუ გამართულად არ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი,
თუ ქოლესტერინის დასაქვეითებლად იღებთ ფიბრატების ჯგუფის პრეპარატს (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი). გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ ადრე იღებდით სხვა პრეპარატებს.
თუ იღებთ აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებს, როგორიცაა ლოპინავირი და/ან ატაზანავირი და რიტონავირი. გთხოვთ, იხილოთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“.
თუ ორალურად ან ინექციის გზით იღებთ ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციების დროს გამოყენებული პრეპარატი) შემცველ ანტიბიოტიკებს ან მიიღეთ ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდის მჟავასა და კრესტორის ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემა (რაბდომიოლიზი). გთხოვთ, იხილოთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“.
ბავშვები და მოზარდები:

თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია: არ შეიძლება კრესტორის გამოყენება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
თუ პაციენტი 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია: არ შეიძლება კრესტორი 20 მგ გამოყენებული იქნას 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია,
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა: კრესტორი 40 მგ ტაბლეტი არ არის დასაშვები ბავშვებისა და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისთვის.
თუ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ (თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენთვის სათანადო საწყისი დოზის შესახებ),
თუ გაქვთ სუნთქვის ძლიერი უკმარისობა,
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენთვის სათანადო საწყისი დოზის შესახებ.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გქონდეთ, არ მიიღოთ 40 მგ დოზა (მაქსიმალური დოზა). კრესტორის ნებისმიერი დოზის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ზოგ შემთხვევაში სტატინები ზემოქმედებენ ღვიძლზე, რისი დადგენაც შესაძლებელია სისხლის მარტივი ანალიზით (ღვიძლის ფერმენტების დონის მატება). რის გამოც კრესტორის დაწყებამდე და მიღების დროს ექიმი მოითხოვს ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაკეთებას.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან გაქვთ ამ დაავადების განვითარების რისკი, კრესტორის გამოყენებისას ექიმი გაგიწევთ ინტენსიურ მეთვალყურეობას. თუ სისხლში შაქრის ან ლიპიდების დონე მაღალია, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა, არსებობს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი.

პაციენტებთან, რომლებსაც უზმოდ სისხლში შაქარი აქვთ 100-125 მგ/დლ (5,6 - 6,9 მმოლ/ლ), როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია შაქრის მატების რისკთან.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

კრესტორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კრესტორი შეგიძლიათ მიიღოთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, არ მიიღოთ კრესტორი. თუ კრესტორის მიღებისას გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ კრესტორს,  დაცვის სათანადო მეთოდის გამოყენებით თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ კრესტორი, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

პაციენტების უმეტესობას შეუძლია კრესტორის მიღებისას მართოს სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმები, რადგანაც კრესტორი არ ზემოქმედებს მათ უნარებზე. ამასთანავე კრესტორის მიღებისას ზოგიერთმა შესაძლებელია იგრძნოს თავბრუსხვევა. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრესტორის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის (ლაქტოზა ან რძის შაქარი)  აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამ პრეპარატის კომპონენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ თავში „დამხმარე ნივთიერებები.“

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ),
ვარფარინი,
კლოპიდოგრელი (ან სისხლის გამათხელებელი სხვა პრეპარატი),
ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი),
ქოლესტერინის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატი (როგორიცაა ეზეტიმიბი),
საჭმლის მონელების დარღვევის პრეპარატები (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად),
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),
ფუზიდის მჟავა  (ანტიბიოტიკი),
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტი,
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია,
ანტივირუსული (ვირუსებით გამოწვეული დაავადებების საწინააღმდეგო) მკურნალობა, მაგალითად, ლოპინავირით და/ან ატაზანავირით და რიტონავირით,
 სიმეპრევირი (გამოიყენება ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ. გთხოვთ, კრესტორის მიღებამდე წაიკითხეთ თავი „საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კრესტორის გამოყენებამდე“)
შესაძლებელია კრესტორმა შეცვალოს ამ პრეპარატების ზემოქმედება ან ამ პრეპარატებმა შეცვალონ კრესტორის ზემოქმედება.

პაციენტებთან, რომლებიც იღებენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას, როზუვასტატინის დღიური დოზა უნდა შემოიფარგლებოდეს 10 მგ-ით.

თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გესაჭიროებათ ფუზიდის მჟავას ორალურად მიღება, დროებით საჭიროა შეწყვიტოთ კრესტორის გამოყენება. ექიმი გეტყვით, როდის იქნება უსაფრთხო კრესტორის ხელახლა დაწყება. ფუზიდის მჟავასთან ერთად კრესტორის მიღებამ იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 4.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ გამოიყენება კრესტორი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

კრესტორი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზები

თუ კრესტორს იღებს მაღალი ქოლესტერინის გამო,

საწყისი დოზა

კრესტორით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ ან 10 მგ დოზით, თუნდაც ადრე გამოყენებული გქონდეთ სხვა სტატინი უფრო მაღალი დოზით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგ საკითხებზე:

ქოლესტერინის დონე
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი,
გაქვთ თუ არა სხვა მახასიათებელი, რომლის გამოც შესაძლებელია უფრო მგრძნობიარე გახდეთ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების მიმართ.
კრესტორის ყველაზე სათანადო დოზასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ მინიმალური (5 მგ) დოზა:

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),
თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის,
თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ხარისხის პრობლემა,
თუ გაქვთ  კუნთების ტკივილის განვითარების რისკი (მიოპათია).
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის გაზრდის შესახებ. ამგვარად თქვენ შეძლებთ, მიიღოთ  თქვენთვის შესაბამისი დოზა.

თუ დაიწყეთ 5 მგ დოზით, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია იგი გააორმაგოს და დანიშნოს ჯერ 10 მგ, შემდგომ 20 მგ, საჭიროებისას 40 მგ დოზა. თუ დაიწყეთ 10 მგ-ით, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია იგი გააორმაგოს და დანიშნოს ჯერ 20 მგ, შემდეგ კი საჭიროებისას 40 მგ. დოზის ყოველ კორექტირებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 კვირას.

კრესტორის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და ამავდროულად 20 მგ დოზით ქოლესტერინის დონე არ დაქვეითდა საკმარისად.

თუ კრესტორს იღებთ მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შემცირების მიზნით:

რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 20 მგ. ამასთან რომელიმე ზემოაღნიშნული ფაქტორის არსებობისას თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო დაბალი დოზის გამოყენების შესახებ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტაბლეტი მთლიანად ჩაყლაპეთ წყლით.

კრესტორი მიიღეთ დღეში ერთხელ. კრესტორის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ მიღება, ეცადეთ, კრესტორი მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი

ქოლესტერინის რეგულარული კონტროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი. ამგვარად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ქოლესტერინი დაქვეითდა სასურველ დონემდე და ეს დონე შენარჩუნებულია. შესაძლებელია თქვენმა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება დოზის გაზრდის შესახებ და ამ სახით თქვენ შეძლებთ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე სათანადო კრესტორის დოზა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება 6 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში:
დღიური დოზის ინტერვალია დღეში ერთხელ 5 - 20 მგ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დოზა გაზარდოს ეტაპობრივად, რათა დაადგინოს თქვენთვის ყველაზე სათანადო რაოდენობა. 6 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში კრესტორის მაქსიმალური დღიური დოზა დაავადებიდან გამომდინარე არის 10 ან 20 მგ. ბავშვებისთვის არ შეიძლება კრესტორი 40 მგ ტაბლეტის მიღება.

ასაკოვნები:
70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის საწყის დოზად რეკომენდებულია 5 მგ. არ არის საჭირო ასაკიდან გამომდინარე დოზის სხვაგვარად კორექტირება.  

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

მსუბუქი და საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ არის საჭირო დოზის კორექტირება.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში არ შეიძლება კრესტორის არცერთი დოზის გამოყენება. თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ) საწყის დოზად რეკომენდებულია 5 მგ. საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ შეიძლება 40 მგ დოზის გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა:

არ შეიძლება კრესტორის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის აქტიური დაავადება.

თუ თვლით, რომ კრესტორის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით კრესტორი:

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით კრესტორი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საავადმყოფოსთვის მიმართვისას ან სხვა დაავადების მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს აცნობეთ, რომ იღებთ კრესტორს.

თუ დაგავიწყდათ კრესტორის მიღება

ნუ აღელდებით, მომდევნო დოზა მიიღეთ თავის დროს. 

დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

კრესტორით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

თუ გსურთ კრესტორით მკურნალობის შეწყვეტა, მიმართეთ ექიმს. თუ შეწყვეტთ კრესტორის მიღებას, შესაძლებელია ისევ გაიზარდოს ქოლესტერინის დონე.

რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, კრესტორმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ უვლინდება ყველას.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ რა შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენა. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქია და მცირე ხნის შემდეგ ქრება.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევის დადგომისას შეწყვიტეთ კრესტორის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებასთან ერთად ან შეშუპების გარეშე;
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს ყლაპვის გაძნელება.
ძლიერი  ქავილი კანზე ბუშტუკებთან ერთად.
გარდა ამისა, თუ ძალიან გტკივათ კუნთები და ეს გრძელდება მოსალოდნელზე დიდხანს, შეწყვიტეთ კრესტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. კუნთებთან დაკავშირებული ეს სიმპტომი მოზრდილებთან შედარებით უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში. როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლებელია აღენიშნებოდეს რეაქცია, რომელიც ზემოქმედებს კუნთებზე. ეს ზემოქმედება ძალიან იშვიათად შესაძლებელია პროგრესირებდეს სიცოცხლისთვის სახიფათო კუნთების დაზიანებამდე, რომელსაც უწოდებენ რაბდომიოლიზს.

ასეთი სერიოზული შემთხვევის დადგომისას მიმართეთ თქვენს ექიმს. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან  ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

ხშირი:

თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
ყაბზობა
შეუძლოდ ყოფნა
კუნთების ტკივილი
სისუსტე
თავბრუსხვევა
შარდში ცილის მატება (მხოლოდ კრესტორი 40 მგ). ეს მდგომარეობა, როგორც წესი, თავისით გამოსწორდება კრესტორის შეწყვეტის გარეშე.
შაქრიანი დიაბეტი. ეს უფრო მეტად მოსალოდნელია პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ შაქრის და ლიპიდების მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ამ პრეპარატის მიღებისას უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არახშირი: 

გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები
შარდში ცილის მატება (მხოლოდ კრესტორი 5, 10 და 20 მგ). ეს მდგომარეობა, როგორც წესი, თავისით გამოსწორდება კრესტორის შეწყვეტის გარეშე.
იშვიათი:

ძლიერი ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი ბუშტუკებით. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კრესტორის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად.
მოზრდილებში კუნთების დაზიანება: თუ ძალიან გტკივათ კუნთები და ეს გრძელდება მოსალოდნელზე დიდხანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კრესტორის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
მუცლის ძლიერი ტკივილი (ანთებითი პროცესი პანკრეასში)
სისხლში ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება
სისხლში თრომბოციტების დონის დაქვეითების გამო ჩვეულებრივზე ადვილად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა ან სისხლდენა
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
ძალიან იშვიათი:

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
შარდში სისხლი
ხელის და ფეხის ნერვების დაზიანება (მგრძნობელობის არქონის მსგავსი)
სახსრების ტკივილი
მეხსიერების დაკარგვა
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)
პოლინევროპათია (ნერვების მრავლობითი ანთება)
უცნობია:

დიარეა (ფაღარათი)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პირის ღრუში, თვალებზე, კანსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ბუშტუკების გაჩენა)
ხველა
სუნთქვის გაძნელება
ედემა (შეშუპება)
ძილის დარღვევები, როგორიცაა უძილობა და კოშმარები
სქესობრივი პრობლემები
დეპრესია
მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის გაძნელება ან სუნთქვის პრობლემები ცხელების ჩათვლით
მყესის დაზიანება
კუნთების მუდმივი სისუსტე
პერიფერიული ნეიროპათია (ანთება, რომელიც მოიცავს პერიფერიულ ნერვულ სისტემას)
იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია (კუნთების მუდმივი სისუსტე)
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კრესტორის შენახვა
კრესტორი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ კრესტორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს ‘EXP’-ის შემდეგ მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ბლისტერის ფირფიტები შეინახეთ 300C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy