Aldobronquial - ალდობრონქიალი სიროფი 100მლ

21,56 GEL
მარაგშია
SKU
68694_1245

ჩვენება:გამოიყენება ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან.

ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფი

სალბუტამოლი (სულფატი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

− შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.

− დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში და  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

− ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის, არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.

მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

− გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში (იხილეთ პარაგრაფი 4.).

რას შეიცავს მოცემული გამოყენების ინსტრუქცია:

რა არის ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი და რისთვის გამოიყენება ის?
რა უნდა ვიცოდეთ ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის მიღებამდე?
როგორ გამოიყენება ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი და რისთვის გამოიყენება ის
ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის  აქტიური ინგრედიენტია სალბუტამოლი. ის მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფის მედიკამენტებს.

ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის (ფილტვის სასუნთქი გზების ოკლუზია), პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან და სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებთან. აღნიშნული განეკუთვნება ფილტვების დაავადებათა ჯგუფს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, რის შედეგადაც ხდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის ბლოკირება.

რა უნდა ვიცოდეთ ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ალდობრონქიალი სიროფი:

− თუ თქვენ ხართ ალერგიული სალბუტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ალდობრონქიალი სიროფის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:

− თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);

− თუ გაქვთ გულის დაავადებების ისტორია, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია;

− თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

− თუ გაქვთ ასთმის მწვავე ფორმა, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გაუარესდეს ჰიპოქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა);

− კალიუმის დონის ვარდნა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტმა, შესაძლოა გაუარესდეს ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებით.

− თუ გაქვთ დიაბეტი. ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე.

ბავშვები და მოზარდები

ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის გამოვლენილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება სპორტსმენებში

ეს წამალი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი დოპინგის ტესტის შედეგი.

სხვა მედიკამენტები და ალდობრონქიალი სიროფი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს ღებულობდით ან მომავალში აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას.

ნუ გამოიყენებთ ერთდროულად არაკარდიოსელექციურ ბეტა-ბლოკატორებთან, მაგალითად, პროპრანოლოლთან ან მსგავს მედიკამენტებთან ერთად. არაკარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის), გულის პათოლოგიური დაავადებების (არითმიის) და გულმკერდის ტკივილის (სტენოკარდია) სამკურნალოდ; შაკიკის თავიდან ასაცილებლად და ადგილობრივად, გლაუკომის სამკურნალოდ. ბეტა-ბლოკატორები ზოგჯერ ინიშნება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ გულის შეტევა, გულის შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისას ან ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ალდობრონქიალის სიროფს არ აქვს, ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ გამოვიყენოთ ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ალდობრონქიალი სიროფი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.

თუ ექიმმა განაზავა თქვენი ალდობრონქიალის სიროფი, მიღებული ნაზავი უნდა შეინახოთ სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2 - 4 მგ), რომელიც მიიღება დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

ორიდან ექვს წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 2.5 მლ-დან 5 მლ-მდე (1-2მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

ექვსიდან თორმეტ წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 5 მლ (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

თორმეტი წლის ასაკის ზემოთ: რეკომენდებული დოზა არის 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2-4 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ ადრე რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა.

ალდობრონქიალი სიროფი შესაფერისია მოზრდილების და ბავშვებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თხევადი მედიკამენტების მიღებას.

ბავშვების, ხანდაზმულებისა და ამ პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 5 მლ ალდობრონქიალის სიროფით (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იქნას დაცული მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით და რამდენჯერაც უნდა იქნეს მიღებული პრეპარატი. ნუ მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე დანიშნული გაქვთ. შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

თუ ფიქრობთ, რომ ალდობრონქიალის სიროფის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, რაც შეიძლება მალე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაიწყოს ასთმის გამწვავება და დაგჭირდეთ სხვა ტიპის წამალი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ალდობრონქიალი სიროფი:

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში (ტელ: (+34) 91 562 04 20) დააკონკრეტეთ პრეპარატის სახელი და მიღებული რაოდენობა.

ამასთანავე, თუ მიღებული დოზა დიდია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო განყოფილებას. რეკომენდებულია, რომ თან იქონიოთ ამ პრეპარატის კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია იმისათვის, რომ აჩვენოთ ჯანდაცვის წარმომადგენელს.

თუ შემთხვევით მიიღებთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მეტს, არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო დიდი რისკი, როგორებიცაა: გულის აჩქარება, თავის ტკივილი, კანკალი და კუნთების კრუნჩხვები (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები). რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ალდობრონქიალი სიროფის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ თუ უკვე მოახლოვებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, დაიცადეთ ამ დრომდე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ალდობრონქიალი სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

სალბუტამოლთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები ქვემოთ არის ჩამოთვლილი ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1 ან მეტ პაცეინტში), ხშირი (ვლინდება ყოველი 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტში), ნაკლებად ხშირი (ვლინდება ყოველი 1,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში), იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში) და ძალიან იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან გავრცელებული, გავრცელებული და ძალიან იშვიათი მოვლენები დადგინდა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტები მიღებულია სპონტანური ანგარიშებიდან.

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები ანგიოედემის ჩათვლით (კანის რეაქციები სიწითლის თანხლებით, შეშუპებითა და ქავილით), ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი (ბრონქის კედლების შევიწროება ჰაერის ნაკადის შეზღუდვით), ჰიპერტენზია და კოლაფსი.

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

იშვიათად: ​​ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე).

ბეტა-2 აგონისტებით მკურნალობამ (კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები) შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია.

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი − ტრემორი

ხშირი − თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი − ​​ჰიპერაქტიურობა

გულის დარღვევები

ხშირი: ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), პალპიტაცია.

იშვიათი: ​​არითმიები, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები (გულისცემის დარღვევები).

უცნობი: მიოკარდიუმის იშემია * (იხ. პარაგრაფი 2).

მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი სიხშირე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნოს გულმკერდის ტკივილი (გულის პრობლემების გამო, როგორიცაა სტენოკარდია). აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ალდობრონქიალი სიროფით მკურნალობის დროს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით.

* სპონტანური ანგარიშები პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან, ამგვარად, სიხშირე კლასიფიცირდება როგორც უცნობი.

დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ

იშვიათი: ​​პერიფერიული ვაზოდილატაცია (პერიფერიული სისხლძარღვების დილატაცია).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი − კუნთების კრუნჩხვები

ძალიან იშვიათად − ​​კუნთების დაჭიმულობის შეგრძნება

რაიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

როგორ ინახება ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი?
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მოქმედების ვადა

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ბოთლზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.  ნარჩენი კონტეინერები და მედიკამენტები, რომელიც აღარ გჭირდებათ მოათავსეთ აფთიაქში განთვსებულ SIGRE პუნქტში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებსაც  აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ალდობრონქიალი 2 მგ/5 მლ სიროფი:

აქტიური ნივთიერებაა სალბუტამოლი (სულფატი). ყოველი 5 მლ შეიცავს 2 მგ სალბუტამოლს (სულფატს).

− სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ალდობრონქიალი სიროფი და შეფუთვის შიგთავსი:

ალდობრონქიალი სიროფი არის უფერო, გამჭვირვალე სითხე ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოდის 100 მლ-იან შეფუთვაში დოზირებული ჭიქით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy