Raciocef - რაციოცეფი ფლაკონი 1გ

4,25 GEL
მარაგშია
SKU
6182_871

ჩვენება:სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა.

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ცეფტრიაქსონი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილი;
შემადგენლობა:   
1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფტრიაქსონს, 0.5 გ ან 1 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რაციოცეფი-ავერსი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. In vitro ცეფტრიაქსონი ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის ზრდის პროცესს. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ.
რაციოცეფი-ავერსი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, S. epidermidis, streptococcus pneumonia, Str. pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები), Str. agalactiae, Str. Viridans, Str. Bovis;
შენიშვნა: მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus spp., ენტეროკოკების უმრავლესობა, მაგ. Enterococcus faecalis, რეზისტენტულია რაციოცეფი-ავერსის მიმართ;
გრამუარყოფითი ბაქტერიები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (Kl. pneumoniae-ს ჩათვლით), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (S. typhi-ს ჩათვლით), Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Shigella spp., Vibrio spp. (V. cholerae-ს ჩათვლით), Yersinia spp. (Y. enterocolitica-ს ჩათვლით);
ანაერობები: Bacteroides spp. (B. fragilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით), Clostridium spp. (C. difficile-ს შტამების უმეტესობა რეზისტენტულია), Fusobacterium spp. (F. mortiferum, F. varium-ის გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.
რაციოცეფი-ავერსი ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით. იგი ხანგრძლივად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც საშუალებას იძლევა რაციოცეფი-ავერსი გამოყენებულ იქნას დღე-ღამეში ერთხელ, ცალკეულ შემთხვევებში – 12 სთ-ში ერთხელ.

ფარმაკოკინეტიკა:
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებსა და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, აგრეთვე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიურ სითხეებში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში). ცეფტრიაქსონი ბაქტერიციდულ მოქმედებას მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე ავლენს 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. როდესაც ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნაკლებია 100 მგ/ლ, მისი 95% უკავშირდება ცილებს, ხოლო კონცენტრაციის მომატებისას 300 მგ/ლ-მდე – მხოლოდ 85%. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინის დაბალი შემცველობის გამო თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.
მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ცეფტრიაქსონის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში რამდენჯერმე აღემატება მენინგიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებისათვის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას.
ტვინის გარსების ანთების დროს ახალშობილებსა და ბავშვებში ცეფტრიაქსონი ადვილად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ლიქვორში ხვდება პლაზმის ცეფტრიაქსონის 17%, ასეპტიკური მენინგიტის დროს კი – დაახლოებით 4%.
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ, თირკმლის კლირენსი - 5-12 მლ/წთ. პრეპარატის 50-60% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო მისი 40-50% ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს.
ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ნახევარგამოყოფის  პერიოდი ხანგრძლივდება 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მატება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ძლიერდება ცეფტრიაქსონის გამოყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას – თირკმელების საშუალებით. 

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
• ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, მასტოიდიტი;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, აბსცესი, ინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები ოსტეომიელიტის ჩათვლით;
• სეფსისი;
• ბაქტერიული მენინგიტი;
• ბაქტერიული ენდოკარდიტი;
• ინტრააბდომინალური ინფექციები პერიტონიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით;
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, პელვიოპერიტონიტი;
• ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში;
• გენერალიზებული სალმონელოზი;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის გონორეა;
• შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის ჩათვლით;
• ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.

მიღების წესი და დოზირება:
რაციოცეფი-ავერსი შეყავთ კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, ასევე 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში რაციოცეფი-ავერსის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (24 სთ-ში ერთხელ). მძიმე შემთხვევებში ან რაციოცეფი-ავერსის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე (2 გ 12 სთ-იანი ინტერვალით).
ახალშობილებში 3 კვირის ასაკიდან და 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე. 
2 კვირამდე ახალშობილებში რაციოცეფი-ავერსის დოზა შეადგენს დღეში 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. ახალშობილთა ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. ახალშობილებში ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 60 წთ-ს.
პრეპარატის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეყავთ ინფუზიის სახით,  არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.  
ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 გ. პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში.  
გონორეის დროს ინიშნება 250 მგ რაციოცეფი-ავერსი კუნთში ერთჯერადად.
პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1-2 გ რაციოცეფი-ავერსის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის შენარჩუნებული ფუნქციის ფონზე არ მოითხოვს დოზის შემცირებას და პირიქით. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ/წთ, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში რაციოცეფი-ავერსის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში - დოზის კორექცია. 

ხსნარის მომზადების წესი:
კუნთში შეყვანის მიზნით რაციოცეფი-ავერსის 0.5 გ იხსნება 2 მლ, ხოლო 1 გ - 3.5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ხსნარში. პრეპარატი ღრმად შეყავთ დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში. ერთ დუნდულოში შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს. დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი ხსნარის შეყვანა ვენაში.
ინტრავენური ინექციისათვის რაციოცეფი-ავერსის 0.5 გ იხსნება 5 მლ, ხოლო 1 გ - 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ხსნარი შეყავთ ვენაში ნელა (2-4 წთ-ის განმავლობაში).
ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად რაციოცეფი-ავერსის 2 გ იხსნება 40 მლ კალციუმის იონებისაგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ-ერთში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი.  ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს.
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ რაციოცეფი-ავერსი კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დააავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი;
ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად - ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია;
ადგილობრივი რეაქციები: რაციოცეფი-ავერსის ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება; კუნთში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია, შესაძლებელია ინფილტრატის წარმოქმნა;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რაციოცეფი-ავერსის გამოყენების დროს თირკმლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატებთან და/ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, არსებობს ნეფროტოქსიკურობის მატების რისკი.
ექსპერიმენტულად დადგენილია ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგიული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი დანიშვნა საჭიროა ცალ-ცალკე რეკომენდებულ დოზებში.
პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.
In vitro დადგენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.
რაციოცეფი-ავერსის ხსნარის შერევა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.: ჰარტმანის, რინგერის ხსნარი), ვანკომიცინთან, ლაბეტალოლთან, ფლუკონაზოლთან და ანტიბიოტიკებთან რეკომენდებული არ არის.
რაციოცეფი-ავერსის ერთდროული გამოყენებისას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან და სხვა ანტიაგრეგანტებთან მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.

ჰიპერდოზირება: 
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია, განვითარდეს ენცეფალოპათიური მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა. სპეციფიკური ანტიდოტი რაციოცეფი-ავერსის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
რაციოცეფი-ავერსი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
რაციოცეფი-ავერსი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს.
ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.  
რაციოცეფი-ავერსის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ნაღვლის ბუშტში იშვიათად აღინიშნება დაჩრდილვა, რაც ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატია და შეცდომით კენჭებად აღიქმება. იგი, როგორც წესი, ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მოვლენას თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობას წყვეტს ექიმი.
პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება.
რაციოცეფი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ენტერიტისა და კოლიტის მქონე პაციენტებში. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
ცეფტრიაქსონს გააჩნია უნარი განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში, დღენაკლულ ბავშვებში რაციოცეფი-ავერსის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. 
რაციოცეფი-ავერსით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება გალაქტოზემიის სინჯზე. ცრუ დადებითი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, ამიტომ რაციოცეფი-ავერსით მკურნალობის პერიოდში გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მონაცემები რაციოცეფი-ავერსის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

შეფუთვა:
0.5 გ ან 1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy