ტიკაბელი - Ticabel 90 მგ 56 ტაბლეტი
ჩვენება: ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში.
ტიკაბელი 90 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს მოქმედი ნივთიერების სახით; რკინის წითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), რკინის შავ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს მოქმედი ნივთიერების სახით; რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) და ტიტანის დიოქსიდს (E172) საღებავის სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ჰეპარინის გარდა.
ათქ კოდი: B01AC24
მოქმედების მექანიზმი
ტიკაბელი შეიცავს ტიკაგრელორს, ციკლოფენტილტრიაზოლოპირიმიდინების (ცფტპ) ქიმიური კლასის წარმომადგენელს, რომელიც არის P2Y12-ის პერორალური, პირდაპირი მოქმედების სელექციური და შექცევადი ანტაგონისტი, რომელსაც შეუძლია ადფ-განპირობებული P2Y12-დამოკიდებული აქტივაციის და თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან აცილება. ტიკაგრელორი არ უშლის ხელს ადფ-ის შეკავშირებას, მაგრამ P2Y 12 რეცეპტორთან მისი შეკავშირების შემდეგ ხელს უშლის სიგნალის ადფ-გამოწვეულ ტრანსდუქციას. ვინაიდან თრომბოციტები მონაწილეობს ათეროსკლეროზის თრომბოზული გართულებების ინიცირებაში ან/და განვითარებაში, ნაჩვენებია, რომ თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა მხრივ ისეთი მოვლენების განვითარების რისკს, როგორიცაა სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ტიკაგრელორი ასევე ზრდის ენდოგენური ადენოზინის ადგილობრივ კონცენტრაციებს წონასწორული ნუკლეოზიდური ტრანსპორტერი-1-ის (ENT-1) ინჰიბირების გზით.
ნაჩვენებია, რომ ჯანმრთელ პირებსა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორმა გააძლიერა ადენოზინის შემდეგი ეფექტები: ვაზოდილატაცია (შეფასებული, როგორც კორონარული სისხლის მიმოქცევის გაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებსა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში; თავის ტკივილი), თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა ( in vitro ადამიანის მთლიან სისხლში) და ქოშინი. თუმცა, კავშირი ადენოზინის კონცენტრაციის მომატებასა და კლინიკურ შედეგებს (მაგალითად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები) შორის დადგენილი არ არის.
ასევე, იხილეთ: Brilinta - ბრილინტა 90მგ 56 ტაბლეტი
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ტიკაგრელორი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას, ტიკაგრელორისა და აქტიური მეტაბოლიტის (AR-C124910XX) ექსპოზიცია დაახლოებით დოზის პროპორციულია 1260 მგ-მდე.
შეწოვა
ტიკაგრელორი სწრაფად შეიწოვება t max საშუალო მნიშვნელობით დაახლოებით 1.5 საათი.
განაწილება
წონასწორულ მდგომარეობაში ტიკაგრელორის განაწილების მოცულობა შეადგენს 87.5 ლ-ს. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ფართოდ უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (>99.0%).
ბიოტრანსფორმაცია
CYP3A4 არის ძირითადი იზოფერმენტი, რომელიც პასუხს აგებს ტიკაგრელორის მეტაბოლიზმსა და აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებაზე და მათი ზემოქმედება CYP3A-ს სხვა სუბსტრატებთან მერყეობს აქტივაციიდან ინჰიბირებამდე.
ტიკაგრელორის ძირითადი მეტაბოლიტი არის AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია, რასაც ადასტურებს Р2Y12-ის თრომბოციტების ადფ-რეცეპტორთან შეკავშირების in vitro შეფასების შედეგები. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია ტიკაგრელორის ექსპოზიციის დაახლოებით 30-40%-ს შეადგენს.
გამოყოფა
ტიკაგრელორის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი. რადიომონიშნული ტიკაგრელორის შეყვანისას საშუალო რადიოაქტივობა შეადგენს დაახლოებით 84% (57.8% განავალში, 26.5% - შარდში). შარდში ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფა შეადგენს დოზის 1%-ზე ნაკლებს. აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფის ძირითად გზას, დიდი ალბათობით, წარმოადგენს ნაღვლით გამოყოფა. ტიკაგრელორის საშუალო t 1/2 დაახლოებით 7 საათს შეადგენს, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის - 8.5 საათს.
ჩვენება:
აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასმ) კომბინაციაში ტიკაბელი ინიშნება ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში
- მწვავე კორონარული სინდრომით (მკს) ან
- ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით ან ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკით (იხ. პარაგრაფები „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
უკუჩვენება:
· ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია შემადგენლობაში (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
• აქტიური პათოლოგიური სისხლდენა.
· ინტრაკრანიალური სისხლდენის ანამნეზი (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
· ღვიძლის მძიმე უკმარისობა (იხ. პარაგრაფები „დოზირება და მიღების წესი“, „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
· ტიკაგრელორის კომბინაცია CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორებთან (მაგალითად კეტოკონალოზი, კლარითრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი), რადგან კომბინაცია შეიძლება იწვევდეს ტიკაგრელორის ექსპოზიციის მნიშვნელოვან გაზრდას (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები:
სისხლდენის რისკი
პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია სისხლდენის მომატებული რისკის შესახებ, უნდა შეფასდეს ტიკაგრელორის გამოყენების და ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკისგან სარგებელის თანაფარდობა (იხ. პარაგრაფები „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). კლინიკური ჩვენების შემთხვევაში ტიკაგრელორი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის ზომების დაცვით პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
· სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ახლახანს მიღებული ტრავმა, ახლახანს ჩატარებული ოპერაცია, სისხლის შედედების დარღვევები, მწვავე ან ახლახანს განვითარებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). ტიკაგრელორი უკუნაჩვენებია აქტიური პათოლოგიური სისხლდენის მქონე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ქალასშიდა სისხლჩაქცევა, ასევე პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაზიანებით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
· ტიკაგრელორის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი (მაგალითად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), პერორალური ანტიკოაგულანტები ან/და ფიბრინოლიზური საშუალებები).
ჯანმრთელ მოხალისეებში ტიკაგრელორის ანტითრომბოციტული მოქმედება არ მოიხსნა თრომბოციტების გადასხმით, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პროცედურა სასიკეთო იყოს სისხლდენის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ტიკაგრელორის და დესმოპრესინის ერთდროულად გამოყენება არ ამცირებს სისხლდენის სტანდარტულ დროს, არ არის მოსალოდნელი დესმოპრესინის ეფექტიანობა კლინიკური სისხლდენით მიმდინარე შემთხვევების მართვაში (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
ანტიფიბრინოლიზურმა თერაპიამ (ამინოკაპროის მჟავა ან ტრანექსამის მჟავა) ან/და რეკომბინანტული VIIa ფაქტორის პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰემოსტაზი. ტიკაგრელორით მკურნალობის გაგრძელება შეიძლება სისხლდენის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდეგ.
ქირურგიული ჩარევა
რეკომენდებულია ექიმის და სტომატოლოგის ინფორმირება ტიკაგრელორის მიღების შესახებ ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვამდე და ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე.
კვლევაში PLATO, პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ კორონარული შუნტირება (CABG), ტიკაგრელორი, კლოპიდოგრელთან შედარებით, უფრო ხშირად იწვევდა სისხლდენას ოპერაციამდე 1 დღით ადრე თერაპიის შეწყვეტისას, თუმცა მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე მსგავსი იყო კლოპიდოგრელის მიღების ჯგუფში აღნიშნულ მაჩვენებელთან ოპერაციამდე 2 ან მეტი დღით ადრე თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). თუ პაციენტს უტარდება გეგმიური ოპერაცია და სასურველია ანტითრომბოციტული მოქმედების თავიდან აცილება, ტიკაგრელორის მიღება უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 5 დღით ადრე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
პაციენტები იშემიური ინსულტის გადატანის შემდეგ
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ იშემიური ინსულტი, ტიკაგრელორით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს 12 თვიანი კურსით (კვლევა PLATO).
კვლევაში PEGASUS არ იყვნენ ჩართულნი ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ იშემიური ინსულტი. ამიტომ, მონაცემების არ არსებობის გამო, ამ პაციენტებში ერთ წელზე მეტი კურსით მკურნალობის ჩატარება რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები „დოზირება და მიღების წესი“ და „უკუჩვენება“). ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო ამ ჯგუფის პაციენტებში გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფები „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ბრადიკარდიის განვითარების რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები
ტიკაგრელორით მკურნალობის ჯგუფში მყოფ პაციენტებში ჰოლტერის ეკგ მონიტორინგის შედეგად ნაჩვენებია ძირითადად უსიმპტომო პარკუჭოვანი პაუზების სიხშირის გაზრდა, კლოპიდოგრელით მკურნალობის ჯგუფთან შედარებით. ბრადიკარდიის განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტები (მაგალითად, პაციენტები ელექტროკარდიოსტიმულატორით, რომლებშიც აღინიშნება სუსტი სინუსური სინდრომი, მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ-ბლოკადა ან ბრადიკარდიული სინკოპე) გაირიცხნენ ტიკაგრელორის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებელი ძირითადი კვლევებიდან. ამიტომ, შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, ამ პაციენტებში ტიკაგრელორი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ასევე სიფრთხილის ზომების დაცვა საჭიროა ტიკაგრელორის ერთდროულად გამოყენებისას ბრადიკარდიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან. თუმცა, კვლევაში PLATO ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან რამდენიმე პრეპარატთან (მაგალითად, 96% ბეტა ბლოკერები, 33% კალციუმის არხის ბლოკერები დილთიაზემი და ვერაპამილი და 4% დიგოქსინი) კომბინირებული გამოყენების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
PLATO-ში მწვავე კორონარული სინდრომის მწვავე ფაზის პერიოდში პაციენტების ჰოლეტერის მონიტორირების მონაცემთა კვლევის განმავლობაში უფრო მეტ პაციენტს ჰქონდა პარკუჭოვანი პაუზები >3 წამი ტიკაგრელორის ჯგუფში, კლოპიდოგრელის ჯგუფთან შედარებით. ჰოლტერის მონიტორირებით გამოვლენილი პარკუჭების პაუზების გაზრდის მაჩვენებელი გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორით მკურნალობის ჯგუფში უფრო მაღალი იყო, ვიდრე კვლევის საერთო პოპულაციაში მწვავე კორონარული სინდრომის მწვავე ფაზის დროს, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ აღინიშნა ტიკაგრელორის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში ან კლოპიდოგრელთან შედარებით. ამ პაციენტებში ასეთ დისბალანსთან დაკავშირებული რაიმე არასასურველი კლინიკური შედეგები (მათ შორის სინკოპე ან ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა) აღნიშნული არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგად რეგისტრირებულია ბრადიარითმიისა და ავ-ბლოკადის შემთხვევები ტიკაგრელორის მიღებისას (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“), ძირითადად მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, როდესაც პოტენციურ გამომწვევს წარმოადგენს გულის იშემია და გულის შეკუმშვათა სიხშირის დამაქვეითებელ ან გულის გამტარობაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება. მკურნალობის დაწყებამდე პოტენციურ მიზეზებად უნდა განიხილებოდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და თანმხლები მედიკამენტოზური მკურნალობა.
დისპნოე
ტიკაგრელორით მკურნალობისას რეგისტრირებულია დისპნოეს შემთხვევები. დისპნოე ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერი სიმძიმისაა და ხშირად ქრება მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის გარეშე. ასთმის/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში ტიკაგრელორით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღინიშნოს დისპნოეს აბსოლუტური რისკის გაზრდა. ანამნეზში ასთმის ან/და ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. მექანიზმი დადგენილი არ არის. თუ პაციენტს აღენიშნება დისპნოეს ახალი ეპიზოდი, მისი გახანგრძლივება ან დამძიმება, საჭიროა დეტალური კვლევების ჩატარება და აუტანლობის დადგენის შემთხვევაში ტიკაგრელორით მკურნალობის შეწყვეტა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფში „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“.
კრეატინინის კონცენტრაციის მომატება
ტიკაგრელორით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გაიზარდოს კრეატინინის დონეები. მექანიზმი დადგენილი არ არის. თირკმლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს დადგენილი სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შემოწმება რეკომენდებულია ასევე ტიკაგრელორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, განსაკუთრებით >75 წლის პაციენტებში, თირკმლის ზომიერი/მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერებით თანმხლები მკურნალობის შემთხვევაში.
შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება
ტიკაგრელორით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). ანამნეზში ჰიპერურიკემიის ან პოდაგრული ართრიტის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. სიფრთხილის ზომის სახით, შარდმჟავა ნეფროპათიის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ)
ტიკაგრელორის გამოყენებისას აღინიშნა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (თთპ) ძალიან იშვიათი შემთხვევები. მას ახასიათებს თრომბოციტოპენია და მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია, გამოწვეული ნევროლოგიური შედეგებით, თირკმლის დისფუნქციით ან ცხელებით. თთპ პოტენციურად ლეტალური მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, მათ შორის პლაზმაფერეზს.
გავლენა თრომბოციტების ფუნქციის განმსაზღვრელ ანალიზზე, რომელიც ტარდება ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) დასადგენად
ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის დასადგენად ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტების ფუნქციის აქტივაციის ანალიზის ჩატარებისას, ანტითრომბოციტული ფაქტორი 4/ანტისხეულები ჰეპარინის მიმართ პაციენტის შრატში ააქტიურებს ჯანმრთელი დონორების თრომბოციტებს ჰეპარინის არსებობისას.
თრომბოციტების ფუნქციის განმსაზღვრელ ანალიზში (მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტების ფუნქციის აქტივაციის ანალიზი) ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ცრუ უარყოფითი პასუხები აღინიშნა ტიკაგრელორით ნამკურნალებ პაციენტებში. ეს უკავშირდება P2Y12-რეცეპტორის ინჰიბირებას ჯანმრთელი დონორის თრომბოციტებზე ანალიზში ტიკაგრელორით პაციენტის შრატში/პლაზმაში. ტიკაგრელორით თანმხლებ მკურნალობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საჭიროა ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის თრომბოციტების ფუნქციური ანალიზის შედეგების ინტერპრეტაციისთვის.
ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში უნდა შეფასდეს ტიკაგრელორით მკურნალობის გაგრძელების სარგებელი-რისკი, ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის პროთრომბოზული მდგომარეობისა და სისხლდენის რისკის გაზრდის გათვალისწინებით ანტიკოაგულანტისა და ტიკაგრელორის ერთდროულად გამოყენებისას.
სხვა
კვლევაში PLATO აცეტილსალიცილის მჟავას შემანარჩუნებელ დოზასა და ტიკაგრელორის შედარებითი ეფექტიანობის (კლოპიდოგრელთან შედარებით) გამოვლენილი დამოკიდებულების საფუძველზე, ტიკაგრელორისა და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი შემანარჩუნებელი დოზების (>300 მგ) ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა
ნებისმიერი ანტითრომბოციტული საშუალებით, მათ შორის ტიკაბელით, მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა შეიძლება იწვევდეს კარდიოვასკულური მიზეზით სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის გაზრდას პაციენტის ძირითადი დაავადების გამო. ამიტომ, მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ნატრიუმი
ტიკაბელის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა მიმართონ კონტრაცეფციის სათანადო ზომებს, იმისათვის, რომ ტიკაგრელორით მკურნალობის პერიოდში ორსულობა თავიდან იქნას აცილებული.
ორსულობა
ორსულებში ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის პერიოდში ტიკაგრელორი რეკომენდებული არ არის.
ძუძუთი კვება
ცხოველებთან დაკავშირებით არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემებით ნაჩვენებია ტიკაგრელორისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში. არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიკაგრელორით მკურნალობის შეწყვეტის/მკურნალობისგან თავის შეკავების შესახებ.
ფერტილობა
ტიკაგრელორს არ აქვს გავლენა ძუ და ხვადი ჯიშის ცხოველების ფერტილობაზე.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე:
ტიკაგრელორს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ტიკაგრელორით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ამიტომ, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ტიკაგრელორის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა მე-3 ფაზის შედეგების ორ დიდ კვლევაში (PLATO და PEGASUS), რომლებიც მოიცავდა 39 000-ზე მეტ პაციენტს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
კვლევაში PLATO, ტიკაგრელორის ჯგუფში უფრო მაღალი იყო არასასურველი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევების მაჩვენებელი, ვიდრე კლოპიდოგრელის ჯგუში (7.4% vs. 5.4%). კვლევაში PEGASUS, ტიკაგრელორის ჯგუფში უფრო მაღალი იყო არასასურველი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევების მაჩვენებელი, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავით მონოთერაპიის ჯგუში (16.1% აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად 60 მგ ტიკაგრელორის ჯგუფში vs. 8.5% აცეტილსალიცილის მჟავით მონოთერაპიის ჯგუში). ტიკაგრელორით ნამკურნალებ პაციენტებში ყველაზე ხშირად აღნიშნული არასასურველი რეაქციები იყო სისხლდენა და დისპნოე (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ 4).
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
შემდეგი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა კვლევების შედეგად ან აღინიშნა ტიკაგრელორის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.
არასასურველი რეაქციები მითითებულია MedDRA-ს ორგანოების სისტემებისა და კლასების კატეგორიის მიხედვით. თითოეულ კატეგორიაში არასასურველი რეაქციები დაყოფილია სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 - <1/10), არახშირი (>1/1000 - <1/100), იშვიათი (>1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები სიხშირისა და ორგანოთა სისტემებისა და კლასების მიხედვით
ორგანოთა სისტემები და კლასები |
ძალიან ხშირი |
ხშირი |
არც ისე ხშირი |
სიხშირე უცნობია |
ახალწარმონაქმნები კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით) |
სისხლდენა სიმსივნედან ა |
|||
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
დარღვევები სისხლის მხრივ სისხლდენა ბ |
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა |
||
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით გ |
|||
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ |
ჰიპერურიკემია დ |
პოდაგრა/პოდაგრული ართრიტი |
||
დარღვევები ფსიქიკის მხრივ |
დაბნეულობა |
|||
ნერვული სისტემის დარღვევები |
თავბრუსხვევა, გულის წასვლა, თავის ტკივილი |
სისხლჩაქცევა თავის ტვინში ნ |
||
დარღვევები თვალის მხრივ |
სისხლჩაქცევა თვალში ე |
|||
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ |
თავბრუსხვევა |
სისხლდენა ყურიდან |
||
დარღვევები გულის მხრივ |
ბრადიარითმია, ავ-ბლოკადა გ |
|||
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
ჰიპოტენზია |
|||
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის მხრივ |
დისპნოე |
სისხლდენა სასუნთქი სისტემიდან ვ |
||
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
კუჭ-ნაწლავური სისხლდენაზ, დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, შეკრულობა |
სისხლჩაქცევა რეტროპერიტონეალურ სივრცეში |
||
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
სისხლდენა კანქვეშ ან კანშით, გამონაყარი, ქავილი |
|||
დარღვევები ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ |
სისხლდენა კუნთებიდან ი |
|||
დარღვევები თირკმელების და შარდის მხრივ |
სისხლდენა საშარდე ტრაქტიდან კ |
|||
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ |
სისხლდენა რეპროდუქციული სისტემიდან ლ |
|||
კვლევები |
სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა დ |
|||
ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები |
პროცედურის შემდგომი სისხლდენა, ტრავმული სისხლდენა მ |
ა მაგალითად, სისხლდენა შარდის ბუშტის კიბოდან, კუჭის კიბოდან, მსხვილი ნაწლავის კიბოდან
ბ მაგალითად, სისხლჩაქცევების, სპონტანური ჰემატომების, ჰემორაგიული დიათეზის განვითარების რისკის გაზრდა
გ გამოვლენილია რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში
დ სიხშირის მაჩვენებელი მიღებულია ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე (შარდმჟავას კონცენტრაციია იზრდება დაბალი ან ნორმის ფარგლებში მყოფი საწყისი მაჩვენებლიდან ნორმის ზედა ზღვარზე მაღლა. კრეატინინის კლირენსი 50%-ზე მეტი საწყის მაჩვენებელთან შედარებით), გარდა ამისა არის მიღებული დაუმუშავებელი არასასურველი გვერდითი მოვლენების სიხშირის ანგარიშგება.
ე მაგალითად, კონიუნქტივალური, რეტინალური, თვალშიდა სისხლჩაქცევა
ვ მაგალითად, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი
ზ მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან, რექტალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭის წყლულიდან
თ მაგალითად, ეკქიმოზი, სისხლჩაქცევა კანში, პეტექიები
ი მაგალითად, ჰემართროზი, სისხლდენა კუნთებიდან
კ მაგალითად, ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი
ლ მაგალითად, ვაგინალური სისხლდენა, ჰემატოსპერმია, პოსტმენოპაუზური სისხლდენა
მ მაგალითად, დაბნეულობა, ტრავმული ჰემატომა, ტრავმული სისხლდენა
ნ მაგალითად, სპონტანური, პროცედურასთან დაკავშირებული ან ტრავმული ხასიათის ინტრაკრანიალური სისხლდენა.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ არასასურველ რეაქციას
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:
ტიკაგრელორი პირველ რიგში არის CYP3A4-ის სუბსტრატი და ზომიერი ინჰიბიტორი. ის ასევე არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი და სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გაზარდოს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატების ზემოქმედება.
სამედიცინო და სხვა პროდუქტების ზემოქმედება ტიკაგრელორზე
CYP3A4- ის ინჰიბიტორები
· CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები - კეტოკონაზოლის ტიკაგრელორთან ერთდროულად გამოყენებამ გაზარდა ტიკაგრელორის C max და AUC შესაბამისად 2.4-ჯერ და 7.3-ჯერ. აქტიური მეტაბოლიტის C max და AUC შემცირდა შესაბამისად 89%-ით და 56%-ით. იგივე ეფექტები მოსალოდნელია CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების (კლარითრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი) შემთხვევაში, ამიტომ CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენება ტიკაგრელორთან ერთად უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
· CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები - დილთიაზემის ტიკაგრელორთან ერთდროულად გამოყენებამ გაზარდა ტიკაგრელორის C max 69%-ით და AUC - 2.7-ჯერ, შეამცირა აქტიური მეტაბოლიტის C max 38%-ით, ხოლო AUC იყო უცვლელი. პლაზმაში დილთიაზემის დონეზე ტიკაგრელორს გავლენა არ აქვს. იგივე ეფექტი მოსალოდნელია CYP3A4-ის სხვა ზომიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, ამპრენავირი, აპრეპიტანტი, ერითრომიცინი და ფლუკონაზოლი) შემთხვევაში და ასევე შეიძლება მათი გამოყენება ტიკაგრელორთან ერთად.
· ტიკაგრელორის ზემოქმედების ორჯერ ზრდა აღინიშნა დღის განმავლობაში გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით (3x200 მლ) მიღების შემთხვევაში. ზემოქმედების ზრდის ასეთი მაჩვენებელი უმრავლეს შემთხვევაში არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
CYP3A-ს ინდუქტორები
რიფამპიცინის ტიკაგრელორთან ერთდროულად გამოყენებამ შეამცირა ტიკაგრელორის C max და AUC შესაბამისად 73% და 86%-ით. აქტიური მეტაბოლიტის Cmaxუცვლელი იყო, ხოლო AUC იყო შემცირებული შესაბამისად 46%-ით. მოსალოდნელია, რომ CYP3A-ს სხვა ინდუქტორებმა (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი) შეამციროს ასევე ტიკაგრელორის ზემოქმედება. ტიკაგრელორის CYP3A-ს მძლავრ ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეამციროს ტიკაგრელორის ზემოქმედება და ეფექტიანობა, ამიტომ მათი გამოყენება ტიკაგრელორთან ერთად რეკომენდებული არ არის.
ციკლოსპორინი (P-გლიკოპროტეინი და CYP3A-ს ინჰიბიტორი)
ციკლოსპორინის (600 მგ) ტიკაგრელორთან ერთდროულად მიღებამ გაზარდა ტიკაგრელორის C max და AUC შესაბამისად 2.3-ჯერ და 2.8-ჯერ. აქტიური მეტაბოლიტის AUC გაიზარდა 32%-ით და C max შემცირდა 15%-ით ციკლოსპორინის არსებობისას.
არ არის მონაცემები ტიკაგრელორის სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოყენების შესახებ, რომლებიც ასევე წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს ან CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ვერაპამილი, ქინიდინი) და რომლებმაც შეიძლება ასევე გაზარდოს ტიკაგრელორის ზემოქმედება. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, მათი ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
სხვა
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ტიკაგრელორის ერთდროულად მიღებას ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან და ასმ-სთან ან დესმოპრესინთან ერთად არ აქვს რაიმე გავლენა ტიკაგრელორის ან აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე ან ადფ-ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციაზე, მხოლოდ ტიკაგრელორთან შედარებით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში, ჰემოსტაზზე გავლენის მქონე სამედიცინო პროდუქტების ტიკაგრელორთან კომბინაციაში გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მორფინს, აღინიშნა პერორალური P2Y 12 ინჰიბიტორების, მათ შორის ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის, დაგვიანებული და შემცირებული ზემოქმედება (ტიკაგრელორის ზემოქმედების 35% შემცირება). ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის შემცირებით და სხვა ოპიოიდების გამოყენებით. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, თუმცა მონაცემები მიუთითებს ტიკაგრელორის ეფექტიანობის პოტენციურ დაქვეითებაზე ტიკაგრელორისა და მორფინის ერთდროულად მიღებისას. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებშიც შეუძლებელია მორფინის გამოყენების შეწყვეტა და P2Y12-ის სწრაფ ინჰიბირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება პარენტერალური P2Y 12 ინჰიბიტორის გამოყენების საკითხის განხილვა.
ტიკაგრელორის მოქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებზე
CYP3A4- ის მეტაბოლიზატორები
- სიმვასტატინი- ტიკაგრელორის სიმვასტატინთან ერთდროულად მიღებამ გაზარდა სიმვასტატინის C max 81%-ით და AUC 56%-ით, ასევე სიმვასტატინის მჟავას C max 64%-ით და AUC 52%-ით გარკვეული ინდივიდუალური 2-3-ჯერადი ზრდით. დღე-ღამეში 40 მგ-ზე მეტი დოზით სიმვასტატინთან ერთად ტიკაგრელორის ერთდროულად მიღება შეიძლება იწვევდეს სიმვასტატინის არასასურველ რეაქციებს, რაც გასათვალისწინებელია პოტენციურ სარგებელთან მიმართებით. პლაზმაში ტიკაგრელორის დონეზე სიმვასტატინის გავლენა არ აღინიშნება. ტიკაგრელორს შეიძლება მსგავსი მოქმედება ჰქონდეს ლოვასტატინზე. სიმვასტატინის ან ლოვასტატინის 40 მგ-ზე მეტი დოზებისა და ტიკაგრელორის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- ატორვასტატინი - ატორვასტატინისა და ტიკაგრელორის ერთდროულად მიღებამ გაზარდა ატორვასტატინის მჟავას C max 23%-ით და AUC 36%-ით. AUC და Cmax-ის მნიშვნელობების მსგავსი გაზრდა აღინიშნა ატორვასტატინის მჟავას ყველა მეტაბოლიტისთვის. მნიშვნელობების ასეთი გაზრდა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
- CYP3A4-ის მეტაბოლიზატორი სხვა სტატინების მსგავსი მოქმედება არ შეიძლება გამოირიცხოს. კვლევაში PLATO ტიკაგრელორის მიღების ჯგუფში პაციენტები იღებდნენ სხვადასხვა სტატინებს, PLATO-ში ამ პრეპარატების მიმღები კოჰორტის 93%-ში სტატინების უსაფრთხოებასთან კავშირის გათვალისწინების გარეშე.
ტიკაგრელორი არის CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი. ტიკაგრელორის და CYP3A4-ის ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე სუბსტრატების (მაგალითად, ციზაპრიდი და ჭვავის რქის ალკალოიდები) ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ტიკაგრელორმა შეიძლება გაზარდოს ამ სამედიცინო პროდუქტების ზემოქმედება.
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები (მათ შორის დიგოქსინი, ციკლოსპორინი)
ტიკაგრელორის ერთდროულად მიღებამ გაზარდა დიგოქსინის C max 75%-ით და AUC 28%-ით. დიგოქსინის საშუალო მინიმალური დონე დაახლოებით 30%-ით გაიზარდა ტიკაგრელორთან კომბინაციაში მიღებისას, ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალური მაქსიმალური ორჯერადი ზრდით. დიგოქსინთან ერთად ტიკაგრელორისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის C max და AUC მნიშვნელობები არ შეიცვალა. შესაბამისად, P-გლიკოპროტეინზე დამოკიდებული ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე სამკურნალო საშუალებების, როგორიცაა დიგოქსინი, ტიკაგრელორთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია სათანადო კლინიკური ან/და ლაბორატორიული მონიტორინგის ჩატარება.
ტიკაგრელორი არ მოქმედებს სისხლში ციკლოსპორინის დონეზე. P-გლიკოპროტეინის სხვა სუბსტრატებზე ტიკაგრელორის გავლენა შესწავლილი არ არის.
CYP2C9-ის მეტაბოლიზატორები
ტიკაგრელორის კომბინირება ტოლბუტამიდთან არ ცვლის ამ პრეპარატების პლაზმურ დონეებს, რაც მიუთითებს, რომ ტიკაგრელორი არ არის CYP2C9-ის ინჰიბიტორი და ნაკლებსავარაუდოა შეცვალოს ისეთი სამკურნალო საშუალებების CYP2C9-ით გამოწვეული მეტაბოლიზმი, როგორიცაა ვარფარინი და ტოლბუტამიდი.
როზუვასტატინი
ტიკაგრელორმა შეიძლება გავლენა იქონიოს როზუვასტატინის გამოყოფაზე თირკმელების საშუალებით და გაზარდოს როზუვასტატინის დაგროვების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის, ზოგ შემთხვევაში ტიკაგრელორისა და როზუვასტატინის ერთდროულად გამოყენება იწვევდა თირკმელების ფუნქციის დაქვეითებას, კფკ დონის მომატებას და რაბდომიოლიზს.
სხვა კონტრაცეპტივები
ტიკაგრელორის და ლევონორგესტრელის და ეთინილესტრადიოლის ერთდროულად მიღებამ დაახლოებით 20%-ით გაზარდა ეთინილესტრადიოლის ზემოქმედება, თუმცა არ შეცვალა ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები. ლევონორგესტრელის და ეთინილესტრადიოლის ტიკაგრელორთან ერთად მიღებისას ორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ბრადიკარდიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები
ძირითადად უსიმპტომო პარკუჭოვან პაუზებსა და ბრადიკარდიაზე დაკვირვების გამო, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ტიკაგრელორის მიღებისას ბრადიკარდიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). თუმცა, კვლევაში PLATO არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციების მტკიცებულება ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან რამდენიმე სამკურნალო საშუალებასთან კომბინაციაში მიღებისას (მაგალითად, 96% ბეტაბლოკერები, 33% კალციუმის არხის ბლოკერები დილთიაზემი და ვერაპამილი და 4% დიგოქსინი).
სხვა თანმხლები თერაპია
კლინიკურ კვლევებში, ტიკაგრელორი ხშირად გამოიყენებოდა აცეტილსალიცილის მჟავასთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, სტატინებთან, ბეტა-ბლოკერებთან, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერებთან კომბინაციაში, თანმხლები დაავადებების დროს საჭიროების შემთხვევაში ხანგრძლივად, ასევე ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან და ინტრავენურ GpIIb/IIIa ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ხანმოკლე მკურნალობისთვის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ამ სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.
ტიკაგრელორის ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან ან დესმოპრესინთან კომბინაციას არ ჰქონდა გავლენა აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინურ დროზე, კოაგულაციის აქტივაციის დროზე ან Xa ფაქტორის ანალიზზე. თუმცა, პოტენციური ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, ტიკაგრელორის და ჰემოსტაზის სისტემაზე გავლენის მქონე სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
ვინაიდან მიღებულია შეტყობინებები სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მაგალითად, პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი) შემთხვევაში კანში სისხლდენებთან დაკავშირებული პათოლოგიების შესახებ, სიფრთხილის ზომების დაცვა რეკომენდებულია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიკაგრელორთან ერთად მიღებისას, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ტიკაბელის, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი შემანარჩუნებელი დოზა 75-150 მგ დღე-ღამეში, თუ არ არსებობს კონკრეტული უკუჩვენება.
მწვავე კორონარული სინდრომები
ტრიკასათი მკურნალობის დაწყება საჭიროა ერთჯერადი დამტვირთავი დოზით 180 მგ (90 მგ-იანი ორი ტაბლეტი) და შემდეგ გაგრძელდეს 90 მგ-ით ორჯერ დღე-ღამეში.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში დღე-ღამეში ორჯერ 90 მგ ტიკაბელით მკურნალობის რეკომენდებული კურსი შეადგენს 12 თვეს, თუ არ არსებობს მკურნალობის შეწყვეტის კლინიკური ჩვენება (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
მიოკარდიუმის ინფარქტის ანამნეზი
ტიკაბელის დოზა 60 მგ ორჯერ დღე-ღამეში რეკომენდებულია გაფართოებული მკურნალობის ფარგლებში პაციენტებში, რომლებსაც სულ მცირე ერთი წლის ანამნეზში აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი და ათეროთრომბოზული მოვლენის მაღალი რისკი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). მკურნალობის დაწყება შეიძლება შეწყვეტის გარეშე 90 მგ ტიკაბელით ან ადენოზინდიფოსფატ (ადფ) რეცეპტორის ინჰიბიტორით საწყისი ერთწლიანი მკურნალობის გაგრძელების სახით მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ათეროთრომბოზული მოვლენის მაღალი რისკით. მკურნალობის დაწყება ასევე შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტიდან ორ წლამდე პერიოდში ან ადფ რეცეპტორის ინჰიბიტორით წინა მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში. 3 წელზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
თუ საჭიროა პრეპარატის შეცვლა, ტიკაბელის პირველი დოზა უნდა მიიღოთ სხვა ანტითრომბოციტული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
დოზის გამოტოვება
მკურნალობის დროს დოზების გამოტოვება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ტიკაბელის დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი (მათი მომდევნო დოზა) დანიშნული გრაფიკით.
განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ტიკაგრელორის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული და ამიტომ, ამ პაციენტებში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია. დოზის კორექტირება რეკომენდბული არ არის, თუმცა ტიკაგრელორი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფები „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
პედიატრიული პოპულაცია
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტიკაგრელორის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების მქონე ბავშვებში ტიკაგრელორის შესაბამისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
ტიკაბელის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
პაციენტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შეუძლიათ წვრილად დაფშვნან, შეურიონ ნახევარ ჭიქა წყალში და დაუყოვნებლივ დალიონ. ჭიქა გამოავლონ ნახევარი ჭიქა წყლით და დალიონ შიგთავსი. ასევე, შეიძლება ნარევის შეყვანა ნაზოგასტრალური ზონდით (CH8 ან უფრო დიდი). ნაზოგასტრალური ზონდი აუცილებლად გამოავლეთ წყლით ნარევის შეყვანის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
ტიკაგრელორის 900 მგ-მდე ერთჯერადი დოზა კარგად აიტანება. ერთჯერადი ზრდადი დოზის კვლევაში ტოქსიკურობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იყო დოზადამოკიდებული. კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებისას, მოიცავს დისპნოეს და პარკუჭოვან პაუზებს (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ზემოთ მითითებული პოტენციური არასასურველი რეაქციები და უნდა იქნას განხილული ეკგ მონიტორინგის განხორციელების საკითხი.
ტიკაგრელორის მოქმედების მოსახსნელად ანტიდოტი ცნობილი არ არის და ის არ ექვემდებარება დიალიზს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ტიკაგრელორის ჭარბი დოზირების მოსალოდნელი ეფექტია სისხლდენის ხანგრძლივი რისკი თრომბოციტების ინჰიბირებასთან დაკავშირებით. სისხლდენის მქონე პაციენტებში თრომბოციტების გადასხმას სავარაუდოდ არ ექნება კლინიკური სარგებელი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). სისხლდენის განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სხვა შემანარჩუნებელი ზომები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ტიკაბელი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ბლისტერულ შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 56 ტაბლეტი.
ტიკაბელი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ბლისტერულ შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 56 და 168 ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე, თავის შეფუთვაში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Units | 56 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account