Sorvitimb - სორვიტიმბი 10/10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 54,05 GEL რეგულარული ფასი 59,40 GEL
მარაგშია
SKU
77342_37

ჩვენება: „ცუდი“ ქოლესტერინის  და ცხიმოვანი ნივთიერებების - ტრიგლიცერიდების დონის სისხლში შემცირება.

რას წარმოადგენს  სორვიტიმბი და რისთვის გამოიყენება

სორვიტიმბი შეიცავს ორ განსხვავებულ მოქმედ ნივთიერებას. ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც ეკუთვნის ე.წ. სტატინების ჯგუფს, მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

სორვიტიმბი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, „ცუდი“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების - ტრიგლიცერიდების  დონეს სისხლში. გარდა ამისა, სორვიტიმბი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს (მსლპ ქოლესტერინი). მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ „კარგ“ ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის „ცუდი“  ქოლესტერინის ჩაშენებას არტერიებში და იცავს გულის დაავადებებისგან.

სორვიტიმბი ქოლესტერინს ამცირებს ორი გზით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

სორვიტიმბი გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი ქოლესტერინის დონის კონტროლი მხოლოდ ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის საშუალებით. ამ მედიკამენტის მიღებისას,  პაციენტმა უნდა გააგრძელოს ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სორვიტიმბი, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინს და ეზეტიმიბს იმავე დოზებით.

სორვიტიმბი არ არის განკუთვნილი  წონის დასაკლებად.

თქვენ უნდა გააგრძელოთ სორვიტიმბის მიღება, მაშინაც კი, თუ თქვენი ქოლესტერინის დონე დაუბრინდება ნორმას, რადგან ამით ხელს შეუშლით თქვენი ქოლესტერინის დონის ხელახლა მომატებას და ცხიმების დაგროვებას. ამასთან, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თუ ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ან თუ დაორსულდებით.

 რა უნდა იცოდეთ სორვიტიმბის მიღებამდე

არ მიიღოთ სორვიტიმბი:

თუ გაქვთ ალერგია როზუვასტატინის/ეზეტიმიბის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. თუ სორვიტიმბის მიღების დროს დაორსულდებით დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ქალებმა თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სორვიტიმბის მიღების დროს, შესაფერისი კონტრაცეფციის გამოყენებით.

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე პრობლემები.

თუ გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილი.

თუ იღებთ წამალს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ).

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან ეჭვი გეპარებათ), მიმართეთ თქვენს ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სორვიტიმბის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

 თუ გქონიათ განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილები, კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები პირად ან ოჯახურ  ანამნეზში, ან კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ანამნეზში სხვა ქოლესტერინის შემამცირებელი მედიკამენტების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ  გაქვთ აუხსნელი კუნთების  ტკივილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ სიცხე. ასევე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, რომელიც არის მუდმივი ხასიათის.

 თუ რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

 თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

თუ ქოლესტერინის შესამცირებლად იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები. ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, მაშინაც კი, თუ მანამდე იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს მაღალი ქოლესტერინისთვის.

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციას საწინააღმდეგოდ, მაგ. რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხ. სხვა სამკურნალო საშუალებები და სორვიტიმბი.

თუ იღებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში მიიღეთ წამალი, რომელსაც ეწოდება ფუზიდის მჟავა (წამალი ბაქტერიული ინფექციისთვის), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და სორვიტიმბის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი).

თუ ხართ 70 წელს გადაცილებული (რადგან ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი სორვიტიმბის სწორი საწყისი დოზა).

თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

თუ ხართ აზიური წარმოშობის - იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი,  კორეელი და ინდოელი. თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი სორვიტიმბის სწორი საწყისი დოზა.

სანამ ამ მედიკამენტს მიიღებთ, ექიმი ყურადღებით დააკვირდება, გაქვთ თუ არა დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. თქვენ, სავარაუდოდ, გექნებათ დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში გაქვთ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ადამიანთა მცირე ჯგუფებზე სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. აღნიშნულის გამოვლენა ხდება მარტივი ტესტით, რომელიც ავლენს სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს. ამ მიზეზით, თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ ამ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის სინჯი) სორვიტიმბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

ბავშვები და მოზარდები

სორვიტიმბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და სორვიტიმბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ),

ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, როგორიცაა: ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი),

 ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად (როგორიცაა ეზეტიმიბი),

საშუალებები საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობისთვის (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად),

 ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),

 პერორალური კონტრაცეპტივი (აბი),

ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია,

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის ჩათვლით, მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეცაპრევირი, პიბრენტასვირი,

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის შესამცირებელი სამკურნალო საშუალება), რადგან იგი გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედებაზე,

თუ საჭიროა პერორალური ფუზიდის მჟავის მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება. თქვენი ექიმი გეტყვით როდის არის უსაფრთხო სორვიტიმბის მიღების განახლება. სორვიტიმბის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი  (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მე-4 პარაგრაფში.

ამ მედიკამენტების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სორვიტიმბის მიღებით ან მათ შეიძლება შეცვალონ სორვიტიმბის ეფექტი.

სორვიტიმბი საკვებთან და სასმელთან ერთად

სორვიტიმბი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ სორვიტიმბი, თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. თუ სორვიტიმბის მიღების დროს დაორსულდებით დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და აცნობეთ ექიმს. ქალებმა თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სორვიტიმბის მიღების დროს, შესაფერისი კონტრაცეფციის გამოყენებით.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევის მისაღებად.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სორვიტიმბის გამოყენების დროს ადამიანების უმეტესობას შეუძლია მართოს სატრანსპორტო საშუალებები და გამოიყენოს მექანიზმები - თუ იგი  გავლენას არ ახდენს მათ შესაძლებლობებზე. ამასთან, სორვიტიმბით მკურნალობის დროს ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თავბრუსხვევა. თუ გაქვთ თავბრუსხვევა, სატრანსპორტო საშუალების  მართვამდე ან მექამიზმების გამოყენებამდე,  გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სორვიტიმბი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მაშინ ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ ტაბლეტში, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

როგორ უნდა მიიღოთ  სორვიტიმბი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სორვიტიმბის მიღების დაწყებამდე უნდა იყოთ დიეტაზე, რათა შეამციროთ თქვენი ქოლესტერინი და იმკურალოთ როზუვასტატინით და ეზეტიმიბით იმავე დოზის დონეზე. ეს წამალი არ არის შესაფერისი მკუნალობის დასაწყებად.

სორვიტიმბის მიღებისას უნდა დაიცვათ ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა.

რეკომენდებული დოზაა სორვიტიმბის ერთი ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ. მისი მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თითოეული ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ წყლის დაყოლებით. მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

სორვიტიმბის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.

ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება

ქოლესტერინის რეგულარული შემოწმების მიზნით აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ქოლესტერინმა მიაღწია და რჩება სწორ დონეზე.

თუ  მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სორვიტიმბი

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ მოხვდებით საავადმყოფოში ან მკურნალობთ სხვა მდგომარეობის გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ სორვიტიმბს.

თუ დაგავიწყდათ სორვიტიმბის მიღება

არ იღელვოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სორვიტიმბის მიღებას

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ სორვიტიმბის მიღება. სორვიტიმბის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ როგორი შეიძლება იყოს ეს გვერდითი მოვლენები. ისინი, როგორც წესი, არის მსუბუქი და ქრება მოკლე დროში.

შეწყვიტეთ სორვიტიმბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

თუ აღგენიშნებათ რომელიმე მოცემული ალერგიული რეაქცია:

სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე.

სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.

 კანის ძლიერი ქავილი (მუწუკების გამოყრით).

 ან თუ გივლინდებათ რომელიმე ქვემოთ მოცემული:

 მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, დარღვევები სახსრების მხრივ და ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე).

კუნთების გაწყვეტა.

ასევე, შეწყვიტეთ სორვიტიმბის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ  გაქვთ კუნთების რაიმე უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ჯგუფს  აღენიშნება უსიამოვნო ეფექტები კუნთების მხრივ და იშვიათად ისინი იქცევიან სიცოცხლისათვის საშიშ კუნთების დაზიანებად, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე

თავის ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

ყაბზობა;

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

შარდში ცილების რაოდენობის ზრდა - აღნიშნული ჩვეულებრივ თავისით უბრუნდება ნორმას, სორვიტიმბის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინის 40მგ-იანი დოზებით);

დიაბეტი. აღნიშნული უფრო მოსალოდნელია, თუ სისხლში გაქვთ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი დაგაკვირდებათ ამ მედიკამენტის მიღების დროს;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთ ლაბორატორიულ სისხლის ტესტებში მაჩვენებლების მომატება (ტრანსამინაზები);

 კუნთების მგრძნობელობა ან სისუსტე;

დიარეა;

 მეტეორიზმი;

 დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე

გამონაყარი, ქავილი ან სხვა კანისმიერი რეაქციები;

 შარდში ცილების რაოდენობის ზრდა - აღნიშნული ჩვეულებრივ თავისით უბრუნდება ნორმას, სორვიტიმბის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინის 5-20მგ-იანი დოზებით);

 ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

ჭინჭრის ციება;

ზურგის ტკივილი;

კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში;

 შეშუპება, განსაკუთრებით ხელების და ტერფების;

კუნთების ფუნქციის (CK)  ზოგიერთ ლაბორატორიულ სისხლის ტესტში მაჩვენებლების მომატება;

 ხველა;

 საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;

გულძმარვა;

 სახსრების ტკივილი;

კუნთის სპაზმები;

კისრის ტკივილი;

 მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი გულმკერდის არეში;

წამოხურება;

მაღალი არტერიული წნევა.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე

მწვავე ალერგიული რეაქცია - ნიშნები მოიცავს: სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს (მუწუკების გამოყრით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ სორვიტიმბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

 კუნთების დაზიანება მოზრდილებში - სიფრთხილის სახით, შეწყვიტეთ სორვიტიმბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების რაიმე უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე მეტხანს.

კუჭის მწვავე ტკივილი (პანკრეასის ანთება);

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები/სისხლდენა (თრომბოციტოპენია).

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

სისხლის კვალი შარდში;

ნერვების დაზიანება ფეხებსა და ხელებში (მაგალითად, დაბუჟება);

მეხსიერების დაკარგვა;

მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

არ არის ცნობილი: სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული ბუშტუკოვანი მდგომარეობა კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე);

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სქესობრივი გართულებები;

დეპრესია;

 სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან სიცხე;

 მყესების დაზიანება;

კუნთების სისუსტე, რომელიც მუდმივი ხასიათისაა;

 ღვიძლის პრობლემები;

მომატებული წითელი გამონაყარი, ზოგჯერ სამიზნე ფორმის დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა);

კუნთების დაშლა;

ნაღვლის ქვები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული  წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. 

სორვიტიმბის შენახვის პირობები

შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის  (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.  სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს სპეციალურ ტემპერატურულ შენახვის პირობებს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ,  გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან.  ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სორვიტიმბი

მოქმედი ნივთიერებებია როზუვასტატინი და ეზეტიმიბი.

10მგ/10მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

ტაბლეტის ბირთვის სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა, მიკროკრისტალური (E460), ლაქტოზა, მანიტოლი (E421), A ტიპის კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი (E470b), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487) და სილიციუმი, კოლოიდური უწყლო (E551).

აპკიანი გარსის სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464),

ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი, ყვითელი (E172) - მხოლოდ 10მგ/10მგ-თვის და 15მგ/10მგ-თვის, რკინის ოქსიდი, წითელი (E172) - მხოლოდ 15მგ/10მგ-თვის, 20მგ/10მგ-თვის და 40მგ/10მგ-თვის და რკინის ოქსიდი, შავი (E172) - მხოლოდ 40მგ/ 10მგ-თვის. იხ. პარაფრაფი 2 სათაურით „სორვიტიმბი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

სორვიტიმბის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

10მგ/10მგ: ღია მოყავისფრო-ყვითელი ან ღია ყავისფერ-ყვითელი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) დამრეცი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია R2 ნიშანი. ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 10მმ.

სორვიტიმბი მოცემულია ბლისტერებში, რომელიც შეიცავს 14, 15, 28, 30, 56, 60, 84, 90 და 98 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს და მოთავსებულია კოლოფში.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

სორვიტიმბის მიღების წესი და მეთოდი

სამკურნალო პროდუქტი ექვემდებარება მხოლოდ რეცეპტით დანიშვნას.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy