ფენიჟონი - Phenyjon თვალის წვეთი 100მგ/მლ 5მლ
ჩვენება: გამოიყენება გუგის გაფართოებისთვის დიაგნოსტიკური და/ან თერაპიული პროცედურების ჩასატარებლად.
ფენიჟონი 100 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ფურცელში
1. რა არის ფენიჟონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფენიჟონის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ფენიჟონი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფენიჟონი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ფენიჟონი და რისთვის გამოიყენება
თქვენი პრეპარატის სახელწოდება არის ფენიჟონი. ის შეიცავს ფენილეფრინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, რომელიც თვალში გამოყენებისას იწვევს გუგის გაფართოებას. მოქმედება ვითარდება სწრაფად და აქვს ზომიერი ხანგრძლივობა.
ფენიჟონი გამოიყენება გუგის გაფართოებისთვის დიაგნოსტიკური და/ან თერაპიული პროცედურების ჩასატარებლად.
ასევე, იხილეთ: Phenyjon - ფენიჟონი თვალის წვეთები 25მგ/მლ 5მლ
2. რა უნდა იცოდეთ ფენიჟონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფენიჟონი
- თუ ხართ ალერგიული ფენილეფრინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
- თუ გაქვთ გულის დაავადება;
- თუ გაქვთ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა
- თუ გაქვთ მსხვილი სისხლძარღვების გაფართოება (ანევრიზმა);
- თუ გაქვთ ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოზი);
- თუ გაქვთ დიაბეტი;
- თუ გაქვთ გლაუკომა ან მომატებული თვალის შიდა წნევა, განსაკუთრებით გუგის გაფართოებისას;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- ხანდაზმულებში სისტემური ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო;
- ქირურგიაში, როდესაც დაზიანებულია რქოვანას ეპითელიუმი.
პრეპარატი განკუთვნილია თვალში ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ინტრაოკულარულად.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფენიჟონის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად.
უთხარით თქვენს ექიმს:
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- თუ გაქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ცერებრალური სისხლძარღვების შევიწროების გამო (ცერებრალური არტერიოსკლეროზი);
- თუ გაქვთ ასთმის ხანგრძლივი ისტორია;
- თუ გაქვთ თვალების სიწითლე, ანთება ან ტრავმა;
- თუ გაქვთ ან გქონდათ მომატებული თვალის შიდა წნევა, განსაკუთრებით გუგების გამაფართოებელი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ზედაპირის დაზიანება და „ბუნდოვანება“ (თვალის კაკლის ზედაპირზე გამჭვირვალე საფარი), მისი დაზიანებისას. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის შესაფერისი.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებიდან 40-45 წუთის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მცურავი ნაწილაკები წინა კამერაში.
ტრავმის შედეგად დაზიანებულ თვალებში, ცრემლის გამოყოფის დაქვეითებისას და ანესთეზიის დროს, უფრო მეტი ფენილეფრინი შეიძლება მოხვდეს სისხლის ნაკადში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ძირითადად გულის მხრივ.
ფენიჟონი 100 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკის მიმართ.
ფენიჟონი 100 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი რეკომენდებული არ არის 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.
სხვა მედიკამენტები და ფენიჟონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდედ მედიკამენტებს:
- მედიკამენტები დეპრესიის სამკურნალოდ;
- ზოგიერთი მედიკამენტი მაღალი წნევის სამკურნალოდ (მათ შორის ე.წ. ბეტა ბლოკატორები);
- მედიკამენტები არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (ქინიდინი ან ე.წ. საგულე გლიკოზიდები).
შეიძლება აღინიშნოს ფენილეფრინის ურთიერთქმედება გარკვეულ საანესთეზიო საშუალებებთან, როგორიცაა ჰალოთანი. თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა ფენილეფრინი თქვენთვის შესაფერისი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ ფენიჟონი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულად არ არის დანიშნული სპეციალისტის მიერ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ფენიჟონის თვალში გამოყენების შემდეგ, დაელოდეთ სანამ მხედველობა გაიწმინდება და შემდეგ დაიწყეთ ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
ფენიჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები თვალის წვეთების გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა გაკეთებამდე.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება ფერი შეუცვალოს რბილ კონტაქტურ ლინზებს.
3. როგორ გამოიყენება ფენიჟონი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ თვალში/თვალებში. თუ ეფექტი არ არის ადეკვატური, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს კიდევ ერთხელ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ დანიშნულ დოზაზე მეტი.
ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, ამ მედიკამენტის გამოყენების მიზნიდან გამომდინარე.
ფენილეფრინის გამოყენების შემდეგ თვალში გაღიზიანებისა და წვის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ფენილეფრინის გამოყენებამდე.
თუ იყენებთ სხვა პრეპარატს თვალში, მათ გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთი. თუ თვალის მალამოს იყენებთ, ის ბოლოს უნდა გამოიყენოთ.
ბავშვები და 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულები
ფენიჟონის 100 მგ/მლ თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტების ამ ჯგუფებში სისტემური ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო.
როგორც წესი, ამ პრეპარატს ჩაგიწვეთებთ თქვენი ექიმი. თუმცა, თუ თქვენ მოგიწევთ პრეპარატის თავად ჩაწვეთება, გთხოვთ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
გამოიყენეთ ფენიჟონი ორივე თვალში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
წვეთების ჩაწვეთებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. არ დაუშვათ, რომ ბოთლის წვერი შეეხოს თვალს ან ქუთუთოებს და მიმდებარე უბნებს, რადგან შეიძლება დაბინძურდეს და გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება თვალისთვის, მხედველობის დაკარგვაც კი. ბოთლის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები!
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია
1. ბოთლის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ზოლი თავსახურსა და ბოთლს შორის არ არის გატეხილი. დაიბანეთ ხელები და გახსენით თავსახური.
2. თავი უკან გადაწიეთ და ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ. ამგვარად წარმოიქმნება "ჯიბე" ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი სწორედ აქ ჩავარდება.
3. დაიჭირეთ ბოთლი ქვემოთ მიმართული. წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ ეს დაგეხმარებათ.
4. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ან სხვა ზედაპირებს ბოთლით. ნაზად დააწექით ბოთლის ძირს, რომ გამოუშვათ ხსნარის ერთი წვეთი. ბოთლის ძირს ნაზად უნდა დააწვეთ.
5.პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დახუჭეთ თვალი და სამი წუთის განმავლობაში დააჭირეთ თითით ცხვირის თვალის კუთხეს. ეს შეაფერხებს ფენიჟონის ცხვირში შეღწევას ან გარეთ გადინებას.
6. თუ წვეთებს იყენებთ ორივე თვალში, გაიმეორეთ ეს ეტაპები მეორე თვალის შემთხვევაშიც.
7. გამოყენების შემდეგ ბოთლს დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური.
თუ წვეთი ასცდა თვალს, სცადეთ ხელახლა.
ფენიჟონის ეს ბოთლი გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თვალებისთვის!
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტ ფენიჟონი, ვიდრე საჭიროა
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი, ჩამოიბანეთ თვალი/თვალები ნელთბილი წყლით. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ბოთლის შიგთავსი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფენიჟონის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გამოიყენეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის გამოყენების დროა, გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა ფენილეფრინის თვალის წვეთების გამოყენებისას.
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
თვალის დარღვევები
ტკივილი, გაღიზიანება, მხედველობის დროებითი დაბინდვა და მხედველობის სხვა დარღვევები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია), კონიუნქტივის მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები.
გულის დარღვევები
პალპიტაციები, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა (პალპიტაციები), მაღალი არტერიული წნევა.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის არტერიების სპაზმი, ასევე გულის რითმის სერიოზული დარღვევები და მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ აღინიშნება ფენილეფრინის უფრო მაღალი კონცენტრაციით (10% ხსნარი) გამოყენებისას და უფრო ხშირი იყო გულის დაავადების მქონე პაციენტებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ანთება და გამონაყარი
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და თავბრუსხვევას
სხვა
ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება), თავბრუსხვევა.
დღენაკლულ ჩვილებში თვალის ირგვლივ სიფერმკრთალე - სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ფენიჟონი
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
არ გაყინოთ.
პირველი გახსნის შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში, როდესაც ინახება 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფენიჟონი
- აქტიური ნივთიერება არის ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს 100 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH-ის კორექციისთვის), საინექციო წყალი.
ფენიჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე ოპალესცენტური ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
თეთრი პოლიეთილენის ბოთლი, აპლიკატორ-საწვეთურით, დახურული ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
5 მლ1 (ერთი) ბოთლი შეფუთვის ფურცელთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account