სანტაპრამი - Santapram 10მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სანტაპრამი
10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ესციტალოპრამი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის. • შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. • თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. • ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები იყოს თქვენის მსგავსი. • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4. |
რა არის ამ ფურცელ–ჩანართში:
1. რა არის სანტაპრამი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ სანტაპრამის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ სანტაპრამი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება სანტაპრამი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის სანტაპრამი და რისთვის გამოიყენება
სანტაპრამი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ესციტალოპრამს. სანტაპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI).
სანტაპრამი გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) სამკურნალოდ.
შეიძლება რამდენიმე კვირა გავიდეს, სანამ უკეთესად იგრძნობთ თავს. გააგრძელეთ სანტაპრამის მიღება, მაშინაც კი, თუ გაივლის გარკვეული დრო, სანამ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.
თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ასევე, იხილეთ: ESCITALOPRAM NORMON - ესციტალოპრამი-ნორმონი 10მგ 28 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ სანტაპრამის მიღებამდე
არ მიიღოთ სანტაპრამი
• თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
• თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება MAO ინჰიბიტორების ჯგუფს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი).
• თუ თქვენ დაიბადეთ გულის რიტმის დარღვევით ან გქონდათ გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდი (ჩანს ეკგ-ზე; გამოკვლევა გულის ფუნქციონირების შესაფასებლად).
• თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რიტმის პრობლემების გამო ან რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რიტმზე (იხილეთ ნაწილი 2 „სხვა მედიკამენტები და სანტაპრამი“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ სანტაპრამს. გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რადგან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამის გათვალისწინება. კერძოდ, უთხარით ექიმს:
• თუ გაქვთ ეპილეფსია. სანტაპრამით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ კრუნჩხვები განვითარდება ერთსა და იმავე დროს, ან თუ აღინიშნება კრუნჩხვების სიხშირის მატება (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
• თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.
• თუ გაქვთ დიაბეტი. სანტაპრამით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური დოზის კორექტირება.
• თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
• თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარების ტენდენცია, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).
• თუ თქვენ იღებთ ელექტროკონვულსიურ მკურნალობას.
• თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება.
• თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულის პრობლემები ან ახლახან გქონდათ გულის შეტევა.
• თუ გაქვთ დაბალი სიხშირის გულისცემა და/ან იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილების დეფიციტი ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) ან დიურეზული საშუალებების (წყლის ტაბლეტების) გამოყენების შედეგად.
• თუ აღგენიშნებათ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ადგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის რიტმის დარღვევაზე.
• თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეები (თვალში წნევის მომატება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ
მანიაკურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკურ ფაზაში. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო ბედნიერებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ თქვენ განიცდით ამას, მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან გაძნელებული ჯდომა ან დგომა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
სანტაპრამის მსგავსმა მედიკამენტებმა (ე.წ. SSRI/SNRI–ები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სუიციდის შესახებ ფიქრები და თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ თქვენ ხართ დეპრესიული და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. ეს შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების პირველად დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტს სჭირდება დრო რომ იმოქმედოს, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტი.
თქვენ შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე:
• თუ ადრე გქონიათ ფიქრები თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ.
• თუ მოზრდილი ახალგაზრდა ხართ. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში ფსიქიატრიული მდგომარეობებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები ზიანის მიყენებაზე ან თვითმკვლელობაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.
შეიძლება თქვენთვის ხელსახრელი იყოს ნათესავს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ დეპრესიაში ხართ ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ მათ, წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეიძლება სთხოვოთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან თუ აწუხებთ თქვენს ქცევაში ცვლილებები.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
სანტაპრამი ჩვეულებრივ არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ კლასის მედიკამენტებს. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სანტაპრამი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგან ის გადაწყვეტს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა დაუნიშნა სანტაპრამი 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების ან გაუარესების შესახებ, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ სანტაპრამს. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში სანტაპრამის უსაფრთხოების გრძელვადიანი ეფექტები ზრდის, მომწიფების და კოგნიტური და ქცევითი განვითარების მხრივ ჯერ კიდევ არ არის დემონსტრირებული.
სხვა მედიკამენტები და სანტაპრამი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
• ”მონოამინოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორები (MAOI)”, რომლებიც მოიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნილამიდს და ტრანილციპრომინს, აქტიური ინგრედიენტების სახით. თუ თქვენ იღებდით რომელიმე ამ მედიკამენტს, დაგჭირდებათ დაცდა 14 დღე, სანამ დაიწყებთ სანტაპრამის მიღებას. სანტაპრამის შეწყვეტის შემდეგ თქვენ უნდა დაიცადოთ 7 დღე რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებამდე.
• „შექცევადი, სელექტიური MAO-A ინჰიბიტორები“, რომლებსაც მიეკუთვნება მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
• „შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორები“, რომლებსაც მიეკუთვნება სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ისინი ზრდიან გვერდითი ეფექტების რისკს.
• ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.
• ლითიუმი (გამოიყენება მანიაკურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი.
• იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
• სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (ოპიოიდები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის საწინააღმდეგოდ). ისინი ზრდიან გვერდითი ეფექტების რისკს.
• ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). შეიძლება გამოიწვიონ სისხლში ესციტალოპრამის დონის მომატება.
• კრაზანა ( Hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს.
• აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი ან სისხლის გასათხელებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტები). შეიძლება გაზარდონ სისხლდენის ტენდენცია.
• ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტი). თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეამოწმებს თქვენი სისხლის შედედების დროს სანტაპრამის მიღების დაწყებისას და შეწყვეტისას, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი ანტიკოაგულანტის დოზა ჯერ კიდევ ადეკვატურია.
• მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) კრუნჩხვების ზღურბლის შემცირების შესაძლო რისკის გამო.
• ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის, ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტები) და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და SSRI–ები) კრუნჩხვების ზღურბლის შემცირების შესაძლო რისკის გამო.
• ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს) კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). შესაძლოა საჭირო გახდეს სანტაპრამის დოზის კორექტირება.
• მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონეს, რადგან ეს მდგომარეობები ზრდის სიცოცხლისთვის საშიში გულის რიტმის დარღვევის რისკს.
არ მიიღოთ სანტაპრამი, თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რიტმის პრობლემების გამო ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (სპარფლოქსაცინი. მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ი.ვ., პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი). თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოთ ექიმს.
სანტაპრამი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სანტაპრამის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ ნაწილი 3 „როგორ უნდა მიიღოთ სანტაპრამი“).
როგორც მრავალი მედიკამენტის შემთხვევაში, სანტაპრამის ალკოჰოლთან კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი, თუმცა სანტაპრამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. არ მიიღოთ სანტაპრამი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ და თქვენმა ექიმმა განიხილეთ რისკები და სარგებელი.
თუ ღებულობთ სანტაპრამს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილ ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაქვეითება, კუნთების დაჭიმულობა ან მოდუნება, მკაფიო რეფლექსები, ტრემორი, ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილთან დაკავშირებული სირთულეები. თუ თქვენს ახალშობილს აქვს რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ თქვენ ხართ სანტაპრამზე. ორსულობის დროს მიღებისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, სანტაპრამის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია (PPHN), რომლის გამოც ბავშვს უხშირდება სუნთქვა და მოლურჯო ფერის ხდება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს გამოუვლინდება თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
თუ თქვენ იღებთ სანტაპრამს ორსულობის ბოლოს, შესაძლოა გაიზარდოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი მალევე მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლის შედედბის დარღვევები. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ სანტაპრამს, რათა მათ შეძლონ რჩევის მოცემა თქვენთვის.
ორსულობის დროს გამოყენებისას სანტაპრამის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად.
მოსალოდნელია, რომ ესციტალოპრამი გამოიყოფა დედის რძეში.
ციტალოპრამმა, ესციტალოპრამის მსგვსმა პრეპარატმა, ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში აჩვენა, რომ ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ დაფიქსირებულა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
რეკომენდებულია, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ გეცოდინებათ, თუ როგორ იმოქმედებს თქვენზე სანტაპრამი.
სანტაპრამი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
3. როგორ უნდა მიიღოთ სანტაპრამი
ყოველთვის მიიღეთ სანტაპრამი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესია
ჩვეულებრივ სანტაპრამის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ–ს ერთჯერადი დღიური დოზის მიღების სახით. დოზა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
პანიკური აშლილობა
სანტაპრამის საწყისი დოზა არის 5 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა პირველი კვირის განმავლობაში, დოზის დღეში 10 მგ-მდე გაზრდამდე. დოზა შეიძლება დამატებით გაზარდოს ექიმმა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
სოციალური შფოთვითი აშლილობა
სანტაპრამის ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ–ს, ერთჯერადი დღიური დოზის მიღების სახით. თქვენს ექიმს შეუძლია ან შეამციროს თქვენი დოზა 5 მგ-მდე დღეში ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ მედიკამენტზე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
სანტაპრამის ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა არის 10 მგ, მიღებული ერთი დღიური დოზის სახით. დოზა შეიძლება გაზარდოს ექიმმა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
სანტაპრამის ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა არის 10 მგ, მიღებული ერთი დღიური დოზის სახით. დოზა შეიძლება გაზარდოს ექიმმა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკი)
სანტაპრამის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 5 მგ, მიღებული ერთი დღიური დოზის სახით. დოზა შეიძლება გაზარდოს ექიმმა 10 მგ-მდე დღეში.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
სანტაპრამი ჩვეულებრივ არ უნდა მიეცეს ბავშვებსა და მოზარდებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში თირკმლების ფუნქციის მკვეთრად დაქვეითებით. მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
ღვიძლის მხრივ ჩივილების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პაციენტები, რომლებიც ცნობილია, როგორც ფერმენტის CYP2C19 სუსტი მეტაბოლიზატორები
ამ ცნობილი გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი დღეში. მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
როგორ უნდა მიიღოთ ტაბლეტები
თქვენ შეგიძლიათ სანტაპრამის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გადაყლაპეთ ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ისინი, რადგან აქვთ მწარე გემო.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაყოთ 10 და 20 მგ ტაბლეტები, პირველ რიგში, დადეთ ტაბლეტი ბრტყელ ზედაპირზე, ჭდით ზემოთ. შემდეგ ტაბლეტები შეიძლება დაიყოს ტაბლეტის თითოეულ ბოლოზე დაჭერით, ორივე საჩვენებელი თითით, როგორც ნაჩვენებია ნახატზე.
10 და 20 მგ ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
შეიძლება გავიდეს რამდენიმე კვირა, სანამ უკეთესად იგრძნობთ თავს. გააგრძელეთ სანტაპრამის მიღება მაშინაც კი, თუ გაივლის გარკვეული დრო, სანამ იგრძნობთ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
არ შეცვალოთ თქვენი პრეპარატის დოზა ექიმთან წინასწარი გასაუბრების გარეშე.
გააგრძელეთ სანტაპრამის მიღება იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გირჩევთ. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს. რეკომენდებულია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს კარგად იგრძნობთ.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ სანტაპრამს, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ იღებთ სანტაპრამის დანიშნულ დოზაზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. გააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ დისკომფორტის ნიშნები არ არის. ჭარბი დოზირების ზოგიერთ ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, კრუნჩხვები, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, არტერიული წნევის დაქვეითება და სხეულის წყლის/მარილების ბალანსის ცვლილება. თან წაიღეთ სანტაპრამის კოლოფი/კონტეინერი ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.
თუ დაგავიწყდათ სანტაპრამის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ამის შესახებ ძილის წინ, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ. გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ მეორე დღეს. თუ გაგახსენდებათ მხოლოდ ღამით ან მეორე დღეს, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
თუ შეწყვეტთ სანტაპრამის მიღებას
არ შეწყვიტოთ სანტაპრამის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ზოგადად რეკომენდებულია, რომ სანტაპრამის დოზა თანდათან შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
როდესაც თქვენ შეწყვეტთ სანტაპრამის მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს მოულოდნელად მოხდება, შეიძლება იგრძნოთ მოხსნის სიმპტომები. ეს ხშირია სანტაპრამით მკურნალობის შეწყვეტისას. რისკი უფრო მაღალია, როდესაც სანტაპრამი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად ქრება ორი კვირის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ინტენსივობით ან შეიძლება გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). თუ სანტაპრამის მიღების შეწყვეტისას გამოგივლინდებათ მოხსნის მძიმე სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება მოგთხოვოთ ხელახლა დაიწყოთ ტაბლეტების მიღება და უფრო ნელა შეწყვიტოთ მათი მიღება.
მოხსნის სიმპტომები მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნებას (არამდგრადობა ან წონასწორობის დარღვევა), ჩხვლეტის შეგრძნებას, წვის შეგრძნებას და (ნაკლებად ხშირად) ელექტროშოკის შეგრძნებას, მათ შორის თავში, ძილის დარღვევას (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვის შეგრძნებას, თავის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნას (გულისრევა), ოფლიანობას (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობას ან აგზნებადობას, ტრემორს (შემცივნება), დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნებას, ემოციურობის ან გაღიზიანებადობის შეგრძნებას, დიარეას (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევას, ფრიალს ან გახშირებულ გულისცემას (პალპიტაციას).
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სანტაპრამმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბევრი ეფექტი შეიძლება იყოს თქვენი ავადმყოფობის სიმპტომიც და, შესაბამისად, გაქრება, როდესაც გამოჯანმრთელებას დაიწყებთ.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან წახვიდეთ საავადმყოფოში:
არახშირი (შეიძლება შეეხოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
• უჩვეულო სისხლდენები, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენა
იშვიათი (შეიძლება შეეხოს 1000-დან 1–მდე ადამიანს):
• კანის, ენის, ტუჩების, ყელის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (სერიოზული ალერგიული რეაქცია).
• მაღალი სიცხე, აგზნება, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების მკვეთრი შეკუმშვა ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება სეროტონინული სინდრომი.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
• შარდვის გაძნელება
• კრუნჩხვები (გულყრები), აგრეთვე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“
• კანის და თვალების ცილების გაყვითლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის/ჰეპატიტის ნიშანია
• სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომებს, რომელიც ცნობილია როგორც ტორსად დე პოინტეს
• საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები, აგრეთვე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“
• კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოხსენებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (შეიძლება შეეხოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
• შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
• თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება შეეხოს 10-დან 1–მდე ადამიანს):
• ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი (სინუსიტი)
• მადის დაქვეითება ან მომატება
• შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, კანის ჩხვლეტა
• დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე
• გაძლიერებული ოფლიანობა
• კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)
• სექსუალური დარღვევები (დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და ქალებს შეიძლება ჰქონდეთ სირთულეები ორგაზმის მიღწევაში)
• დაღლილობა, ცხელება
• მომატებული წონა
არახშირი (შეიძლება შეეხოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
• ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი, ქავილი (პრურიტუსი)
• კბილებისღრჭიალი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკური შეტევა, დაბნეულობა
• ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, გულის წასვლა (სინკოპე)
• გაფართოებული გუგები (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)
• თმის ცვენა
• ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა
• არარეგულარული მენსტრუაცია
• წონის დაკლება
• აჩქარებული გულისცემა
• ხელების ან ფეხების შეშუპება
• ცხვირიდან სისხლდენა
იშვიათი (შეიძლება შეეხოს 1000-დან 1–მდე ადამიანს):
• აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაცია
• შენელებული გულისცემა
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
• სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (სიმპტომები არის სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნება კუნთების სისუსტით და დაბნეულობით)
• თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
• ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრა (ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა სისხლში)
• მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები)
• მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)
• პათოლოგიური სისხლდენის ნიშნები, მაგ., კანის და ლორწოვანი გარსებში (ექიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)
• ADH სახელწოდებით ჰორმონის გაზრდილი სეკრეცია, რაც იწვევს სხეულში წყლის შეკავებას და სისხლის განზავებას, ნატრიუმის რაოდენობის შემცირებას (ADH-ის არასათანადო სეკრეცია)
• სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება
• რძის ნაკადი მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ არიან მეძუძურნი
• მანია
• ძვლის მოტეხილობების გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
• გულის რიტმის ცვლილება (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობის გაზომვისას).
• მძიმე ვაგინალური სისხლდენა მშობიარობისთანავე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“ მე-2 ნაწილში.
გარდა ამისა, ცნობილია მთელი რიგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ ესციტალოპრამის (სანტაპრამის აქტიური ინგრედიენტი) ანალოგიურად.
ესენი არიან:
• მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია)
• მადის დაკარგვა
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
5. როგორ ინახება სანტაპრამი
შეინახეთ სანტაპრამი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სანტაპრამი
• აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ესციტალოპრამის ოქსალატს, 10 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტურს
• დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, PVP K30, მაგნიუმის სტეარატი, HPMC 15 Cp, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (PEG 6000).
როგორ გამოიყურება სანტაპრამი და შეფუთვის შიგთავსი
სანტაპრამი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს და თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 2 ბლისტერს პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართთან ერთად.
გაცემა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა რეცეპტის ფორმა N3.
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account