ბუპროპიონი - Bupropion გენერიკონი 150 მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 86,06 GEL რეგულარული ფასი 101,25 GEL
მარაგშია
SKU
94942_3739

ჩვენება: ბუპროპიონი გენერიკონი არის ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ.

ბუპროპიონი გენერიკონი 150 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ბუპროპიონის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაცია.

-        შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.

-        დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

-        აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედვად დაავადების იგივე ნიშნებისა, შეიძლება ავნოს მათ.

-        ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4. 

ფურცელ-ჩანართში შედის:

1.     რა არის ბუპროპიონი გენერიკონი და რისთვის გამოიყენება 

2.     რა უნდა იცოდეთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე 

3.     ბუპროპიონი გენერიკონის მიღების წესი

4.     შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.     ბუპროპიონი გენერიკონის შენახვის პირობები

6.     რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ბუპროპიონი გენერიკონი და რისთვის გამოიყენება

ბუპროპიონი გენერიკონი არის ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ. ითვლება, რომ იგი ურთიერთქმედებს თავის ტვინში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებსაც ეწოდებათ ნორადრენალინი და დოფამინი.

2. რა უნდა იცოდეთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე 

არ მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი:

-        თუ გაქვთ ალერგია ბუპროპიონზე ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)

-        თუ იღებთ ბუპროპიონის შემცველ ნებისმიერ სხვა პრეპარატს

-        თუ გაქვთ ეპილეფსიის დიაგნოზი ან ანამნეზში ფიქსირდება კრუნჩხვები

-        თუ გაქვთ ან გქონდათ კვებითი დარღვევა (მაგ.: ბულიმია ან ნერვული ანორექსია)

-        თუ გაქვთ თავის ტვინის სიმსივნე

-        თუ ჩვეულებრივ ჭარბი რაოდენობით მოიხმართ ალკოჰოლს და ეხლახანს შეწყვიტეთ ან გეგმავთ შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.

-        თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები

-        თუ ცოტა ხნის წინ შეწყვიტეთ სედატიური საშუალებების მიღება ან თუ აპირებთ მათ შეწყვეტას ბუპროპიონი გენერიკონის მიღებისას

-         თუ იღებთ ან იღებდით დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატებს, სახელწოდებით მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), ბოლო 14 დღის განმავლობაში.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე. 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები 

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე:

-        თუ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ბრუგადას სინდრომი (იშვიათი მემკვიდრული სინდრომი, რომელიც გავლენას ახდენს გულის რითმზე) ან ოჯახურ ანამნეზში ფიქსირდება გულის გაჩერება ან უეცარი სიკვდილი. 

ბავშვები და მოზარდები 

ბუპროპიონი გენერიკონი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

18 წლამდე ასაკის ბავშვების ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას იზრდება სუიციდური აზრებისა და ქცევების რისკი.

მოზრდილები

ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე ექიმმა უნდა იცოდეს:

-        თუ რეგულარულად იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს

-        თუ გაქვთ დიაბეტი, რისთვისაც იღებთ ინსულინს ან ტაბლეტებს

-        თუ გქონდათ თავის სერიოზული დაზიანება ან ანამნეზში აღინიშნება თავის ტრავმა

ნაჩვენებია, რომ ბუპროპიონი იწვევს გულყრებს (კრუნჩხვებს) 1000-დან დაახლოებით 1 ადამიანში. ეს გვერდითი ეფექტი უფრო მეტად სავარაუდოა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების პაციენტებში. თუ მკურნალობის დროს აღინიშნა კრუნჩხვა, უნდა შეწყვიტოთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღება. აღარ მიიღოთ მეტი დოზა და მიმართეთ ექიმს.

-        თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა (განწყობის უეცარი ცვალებადობა), რადგან ბუპროპიონი გენერიკონმა შეიძლება მოახდინოს ამ დაავადების ეპიზოდის პროვოცირება

-        თუ იღებთ დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატებს. ამ პრეპარატების ბუპროპიონ გენერიკონთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ ნაწილი „სხვა პრეპარატები და ბუპროპიონი გენერიკონი“) 

-        თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, შესაძლოა უფრო მეტად განვითარდეს გვერდითი ეფექტები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, კვლავ გაესაუბრეთ ექიმს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე. მას შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს განსაკუთრებული ყურადღება თქვენს მდგომარეობაზე ან გირჩიოთ სხვა მკურნალობა. 

სუიციდზე ფიქრი და დეპრესიის გამწვავება 

თუ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე.  ეს შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველად მიღებისას, რადგან აღნიშნულ პრეპარატებს მოქმედებისთვის სჭირდებათ დრო, ჩვეულებრივ დაახლოებით ორი კვირა, ზოგჯერ მეტიც.

შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ამგვარად:

-        თუ ადრეც გქონდათ თვითმკვლელობის  ან თვითდაზიანების აზრები.

-        თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ. კლინიკური კვლევების მიხედვით სუიციდური ქცევის რისკი გაიზარდა ფსიქიატრიული დარღვევების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით. 

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

შეიძლება დაგეხმაროთ ნათესავის ან ახლო მეგობრის ინფორმირება იმის შესახებ, რომ გაქვთ დეპრესია,  სთხოვეთ მათ გაეცნონ აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს და გაცნობონ თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია მწვავდება ან შეინიშნება ქცევითი ცვლილებები.

სხვა პრეპარატები და ბუპროპიონი გენერიკონი 

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ სხვა პრეპარატებს, მცენარეულ საშუალებებს ან ვიტამინებს, მათ შორის ისეთ პროდუქციას, რომლებიც თავად შეიძინეთ. ექიმმა შეიძლება შეცვალოს ბუპროპიონი გენერიკონის დოზა ან შემოგთავაზოთ სხვა პრეპარატების შეცვლა.

თუ იღებთ ან იღებდით სხვა ანტიდეპრესანტებს, სახელწოდებით მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), ბოლო 14 დღის განმავლობაში, აცნობეთ ექიმს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე (იხ. ასევე „არ მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი“ ნაწილში 2). 

ზოგიერთი პრეპარატი არათავსებადია ბუპროპიონ გენერიკონთან. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გაზარდოს გულყრების ან კრუნჩხვების განვითარების ალბათობა.სხვა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სხვა გვერდითი ეფექტების რისკი. რამდენიმე მაგალითი მოცემულია ქვემოთ, თუმცა ეს არ არის სრული სია. 

კრუნჩხვების განვითარების ალბათობა შეიძლება ჩვეულებრივზე მაღალი იყოს:

-        თუ იღებთ დეპრესიის ან სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატებს

-        თუ იღებთ თეოფილინს ასთმის ან ფილტვების დაავადების სამკურნალოდ

-        თუ იღებთ ტრამადოლს, ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს

-        თუ იღებდით სედატიურ საშუალებებს ან თუ აპირებთ მათ შეწყვეტას ბუპროპიონი გენერიკონის მიღებისას  (იხილეთ ასევე „არ მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი“ ნაწილში 2)

-        თუ იღებთ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (როგორიც არის მეფლოქინი ან ქლოროქინი)

-        თუ იღებთ მასტიმულირებელ საშუალებებს ან სხვა პრეპარატებს წონის ან მადის გასაკონტროლებლად

-        თუ იღებთ სტეროიდებს (პერორალურად ან ინექციის სახით)

-        თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, ე.წ. ქინოლონებს 

-        თუ იღებთ ზოგიერთი სახის ანტიჰისტამინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა 

-        თუ იღებთ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე. ექიმი შეაფასებს ბუპროპიონი გენერიკონის მიღების სარგებელსა და რისკს. 

სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა შეიძლება ჩვეულებრივზე მაღალი იყოს:

-        თუ იღებთ სხვა პრეპარატებს დეპრესიის სამკურნალოდ (როგორიც არის ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ვენლაფაქსინი, დოსულეპინი, დესიპრამინი ან იმიპრამინი) ან სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ (როგორიც არის კლოზაპინი, რისპერიდონი, თიორიდაზინი ან ოლანზაპინი). ბუპროპიონი გენერიკონი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ზოგიერთ პრეპარატთან, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და შეიძლება აღინიშნოს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები (მაგ.: აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ეფექტები, როგორიც არის სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი, გული შეკუმშვათა სიხშირის ზრდა, არასტაბილური არტერიული წნევა და რეფლექსების გადაჭარბება, კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციის ნაკლებობა და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ.: გულისრევა, ღებინება, დიარეა). 

-        თუ იღებთ პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (ლევოდოპა, ამანტადინი ან ორფენადრინი)

-        თუ იღებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის მიერ ბუპროპიონი გენერიკონის დაშლის უნარზე (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ვალპროატი)

-        თუ იღებთ სიმსივნის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი)

-        თუ იღებთ ტიკლოპიდინს ან კლოპიდოგრელს, ძირითადად გამოიყენება ინსულტის პროფილაქტიკისთვის

-        თუ იღებთ ზოგიერთ ბეტა-ბლოკატორს (როგორიც არის მეტოპროლოლი)

-        თუ იღებთ ზოგიერთ პრეპარატს გულის არარეგულარული რითმის სამკურნალოდ (პროპაფენონი ან ფლეკაინიდი)

-        თუ იყენებთ ნიკოტინის პლასტირებს, რომ დაგეხმაროთ მოწევის შეწყვეტაში.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე. 

ბუპროპიონი გენერიკონი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს:

-        თუ იღებთ რიტონავირს ან ეფავირენცს, აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს. 

თუ აღნიშნული გეხებათ, აცნობეთ ექიმს. იგი შეაფასებს რამდენად ეფექტურად მოქმედებს თქვენზე ბუპროპიონი გენერიკონი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდა ან დეპრესიის მკურნალობის მეთოდის შეცვლა. 

არ გაზარდოთ ბუპროპიონი გენერიკონის დოზა ექიმის გარეშე, რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების, მათ შორის კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ბუპროპიონი გენერიკონის ზემოქმედებით შეიძლება შემცირდეს სხვა პრეპარატების ეფექტურობა:

-        თუ იღებთ ტამოქსიფენს, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. თუ აღნიშნული გეხებათ, აცნობეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს დეპრესიის მკურნალობის სხვა მეთოდზე გადასვლა.

-        თუ იღებთ დიგოქსინს გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. თუ აღნიშნული გეხებათ, აცნობეთ ექიმს. მან შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დიგოქსინის დოზის კორექცია. 

ბუპროპიონი გენერიკონის მიღება ალკოჰოლთან ერთად 

ალკოჰოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბუპროპიონი გენერიკონის მოქმედების მექანიზმზე და ერთობლივად გამოყენებისას იშვიათად შეიძლება იმოქმედოს ნერვულ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთი პაციენტი უფრო მგრძნობიარეა ალკოჰოლის მიმართ ბუპროპიონის მიღებისას. ბუპროპიონი გენერიკონით მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება გირჩიოთ არ მიიღოთ ალკოჰოლი (ლუდი, ღვინო ან სპირტიანი სასმელები) ან შეეცადოთ მიიღოთ ძალიან მცირე რაოდენობით. მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმართ, არ შეწყვიტოთ უეცრად: არსებობს გულყრის განვითარების რისკი. 

გაესაუბრეთ ექიმს ალკოჰოლის მოხმარების შესახებ, სანამ დაიწყებთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებას. 

ზეგავლენა შარდის ანალიზებზე 

ბუპროპიონ გენერიკონმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს შარდის ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე, რომლებიც ტარდება სხვა პრეპარატების გამოსავლენად. თუ გჭირდებათ შარდის ანალიზი, აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს, რომ იღებთ ბუპროპიონ გენერიკონს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, თუ ექიმი არ გირჩევთ. აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთმა, თუმცა არა ყველა კვლევამ აჩვენა თანდაყოლილი დეფექტების, განსაკუთრებით გულის დეფექტების რისკის ზრდა ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ბუპროპიონს. უცნობია მიზეზობრივი კავშირი ბუპროპიონის მიღებასთან.

ბუპროპიონი გენერიკონის აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

გაფრთხილება: აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციის და ტრანსპორტის მართვის უნარის დაქვეითება. 

თუ ბუპროპიონ გენერიკონმა გამოიწვია თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება, არ მართოთ ტრანსპორტი ან არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები. 

3. ბუპროპიონი გენერიკონის მიღების წესი 

ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ. ეს არის სტანდარტული დოზები, თუმცა ექიმის რჩევა ინდივიდუალურია თქვენთვის. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, სანამ უკეთესად იგრძნობთ თავს. პრეპარატს სრული ეფექტისთვის დრო სჭირდება, ზოგჯერ კვირეები ან თვეები. როდესაც თავს უკეთესად იგრძნობთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გააგრძელოთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღება, რომ აღარ განმეორდეს დეპრესია. 

რამდენი უნდა მიიღოთ 

სტანდარტული რეკომენდებული დოზა მხოლოდ მოზრდილებისთვის არის ერთი 150 მგ ტაბლეტი ყოველ დღე. 

ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 300 მგ-მდე დღეში, თუ დეპრესია არ გაუმჯობესდება რამდენიმე კვირის შემდეგ. 

ზოგიერთი პაციენტი მთელი მკურნალობის განმავლობაში იღებს ერთ 150 მგ ტაბლეტს ყოველ დღე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს დოზა, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.

მიიღეთ ბუპროპიონი გენერიკონის დოზა დილით. არ მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი ერთხელ მეტჯერ ყოველ დღე.

ბუპროპიონი გენერიკონი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. 

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად. არ დაღეჭოთ, დაფშვნათ ან გაყოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დოზის გადააჭარბების საშიშროება, რადგან პრეპარატი ძალიან სწრაფად გამოთავისუფლდება ორგანიზმში. ეს ზრდის გვერდითი ეფექტების, მათ შორის გულყრების (კრუნჩხვების) განვითარების ალბათობას. 

ბუპროპიონი გენერიკონის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ტაბლეტი დაფარულია გარსით, რომელიც ნელ-ნელა გამოათავისუფლებს პრეპარატს ორგანიზმში. განავალში შეიძლება შეამჩნიოთ ტაბლეტის მსგავსი რამ. ეს არის ცარიელი გარსი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მხოლოდ თქვენ და თქვენი ექიმი წყვეტთ თუ რამდენი ხანი უნდა მიიღოთ ბუპროპიონი გენერიკონი. შესაძლოა კვირეები ან თვეები დასჭირდეს მკურნალობას, რომ აღინიშნოს გაუმჯობესება. რეგულარულად განიხილეთ თქვენი სიმპტომები ექიმთან, რომ გადაწყვიტოთ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ პრეპარატი. როდესაც თავს უკეთესად იგრძნობთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გააგრძელოთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღება, რომ აღარ განმეორდეს დეპრესია.

თუ მიიღეთ ბუპროპიონი გენერიკონის საჭიროზე მეტი დოზა შეიძლება გაიზარდოს გულყრის ან კრუნჩხვის განვითარების რისკი. არ დააყოვნოთ. მაშინვე მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ ბუპროპიონი გენერიკონის მიღება 

თუ გამოგრჩათ დოზა, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. 

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. 

თუ შეწყვეტთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებას 

არ შეწყვიტოთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღება ან არ შეამციროთ დოზა პირველ რიგში თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

სერიოზული გვერდითი ეფექტები 

გულყრები ან კრუნჩხვები  

ბუპროპიონის მიღებისას ყოველი 1000-დან დაახლოებით 1 პაციენტი იმყოფება გულყრის (კრუნჩხვა ან კონვულსია) განვითარების რისკის ქვეშ. ალბათობა უფრო მაღალია, თუ იღებთ ზედმეტად ბევრ დოზას, თუ იღებთ გარკვეულ პრეპარატებს ან თუ გულყრების განვითარების რისკი ჩვეულებრივზე მაღალია. თუ გაწუხებთ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს. 

თუ გქონდათ გულყრა, აცნობეთ ექიმს, როდესაც გამოკეთდებით. აღარ მიიღოთ მეტი ტაბლეტი. 

ალერგიული რეაქციები 

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ალერგიული რეაქციები ბუპროპიონი გენერიკონის მიმართ. ეს მოიცავს შემდეგს:

-        კანის სიწითლე ან გამონაყარი (მაგ.: ჭინჭრის ციება), ბუშტუკები ან სიმკვრივე ქავილით (ალერგიული გამონაყარი) კანზე. კანის ზოგიერთი გამონაყარის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სტაციონარში მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ასევე აღინიშნება პირის ღრუს ან თვალების ტკივილი.

-        უჩვეულო ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება

-        ქუთუთოების, ტუჩების ან ენის შეშუპება

-        კუნთების ან სახსრების ტკივილები 

-        კოლაფსი ან გონების დაკარგვა

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. აღარ მიიღოთ მეტი ტაბლეტი. 

ალერგიული რეაქციები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ ექიმი დაგინიშნავთ რაიმეს ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, აუცილებლად დაასრულეთ მკურნალობის კურსი.

კანის გამონაყარი მგლურა ან მგლურას სიმპტომების გაუარესება

აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების სიხშირე ვერ განისაზღვრება ბუპროპიონის მიმღებ პაციენტებში არსებული მონაცემებით. 

მგლურა არის იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს კანსა და სხვა ორგანოებზე. თუ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებისას აღინიშნა მგლურას გამწვავება, კანის გამონაყარი ან დაზიანებები (განსაკუთრებით მზისგან დაუცველ ადგილებში), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. 

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) 

აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების სიხშირე ვერ განისაზღვრება ბუპროპიონის მიმღებ პაციენტებში არსებული მონაცემებით. 

AGEP-ის სიმპტომები მოიცავს გამონაყარს ჩირქოვანი მუწუკებით/ბუშტუკებით. 

თუ გაქვთ გამონაყარი, რომელსაც აქვს ჩირქოვანი მუწუკები/ბუშტუკები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. 

სხვა გვერდითი ეფექტები 

ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): 

-        ძილის პრობლემა. დარწმუნდით, რომ ბუპროპიონ გენერიკონის იღებთ დილით. 

-        თავის ტკივილი 

-        პირის სიმშრალე 

-        გულისრევა, ღებინება 

ხშირი (10-დან 1 პაციენტში):

-        ცხელება, თავბრუსხვევა, ქავილი, ოფლიანობა და გამონაყარი კანზე (ზოგჯერ ალერგიული რეაქციის გამო)

-        კანკალი, ტრემორი, სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში

-        შფოთვის ან აღგზნების შეგრძნება

-        მუცლის ტკივილი ან სხვა დარღვევები (ყაბზობა), საკვების გემოს შეცვლა, მადის დაკარგვა (ანორექსია)

-        არტერიული წნევის მატება ხანდახან მწვავე, ჰიპერემია

-        ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა 

ნაკლებად ხშირი (100-დან 1 პაციენტში)

-        დეპრესიის გრძნობა (იხ. ასევე ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: თვითმკვლელობაზე ფიქრი და დეპრესიის გამწვავება“)

-        დაბნეულობის შეგრძნება

-        კონცენტრირების პრობლემა

-        გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა 

-        წონის დაკლება 

იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში):

-        კრუნჩხვები

ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტში):

-        ძლიერი გულისცემა, გულის წასვლა

-        ტოკვა, კუნთების რიგიდულობა, უკონტროლო მოძრაობები, სიარულის ან კოორდინაციის პრობლემები

-        მოუსვენრობა, გაღიზიანება, არაკეთილგანწყობილება, აგრესიულობა, უცნაური სიზმრები, ჩხვლეტა ან დაბუჟება, მეხსიერების დაკარგვა

-        კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის ფერმენტების მომატებით, ჰეპატიტით

-        მწვავე ალერგიული რეაქციები; გამონაყარი სახსრებისა და კუნთების ტკივილთან ერთად

-        სისხლში შაქრის დონის ცვლილებები

-        ჩვეულებრივზე მეტად ან ნაკლებად შარდვა

-        შარდის შეუკავებლობა (უნებლიე შარდვა, შარდის გაჟონვა)

-        კანის მწვავე რეაქციები კანზე და ლორწოვან გარსებზე ბუშტუკებით, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს

-        ფსორიაზის გაუარესება (კანის წითელი ლაქების გასქელება)

-        არარეალური ან უცნაური განცდა (დეპერსონალიზაცია); არარსებულის ხილვა ან სმენა (ჰალუცინაციები); გრძნობა ან რწმენა იმისა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს (დელუზიები); ძლიერი ეჭვი (პარანოია)

-        არტერიული წნევის ვარდნა უეცრად ადგომის შემდეგ (პოსტურალური ჰიპოტენზია)

უცნობი (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით): 

სხვა გვერდითი ეფექტები გამოვლინდა პაციენტების მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია.

-        ბუპროპიონის მიღებისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრები (იხ. ნაწილი 2, „რა უნდა იცოდეთ ბუპროპიონი გენერიკონის მიღებამდე“). თუ გაქვთ ასეთი აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

-        რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა და მკაფიოდ ფიქრის ან განსჯის შეუძლებლობა (ფსიქოზი); სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს და/ან დელუზიებს.

-        უეცარი და ძლიერი შიშის შეგრძნება (პანიკური შეტევა)

-        ენის დაბმა

-        ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

-        სისხლში ნატრიუმის დაქვეითება (ჰიპონატრიემია)

-        სეროტონინის სინდრომი: ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები (მაგ.: აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ეფექტები, როგორიც არის სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი, გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, არასტაბილური არტერიული წნევა და რეფლექსების გადაჭარბება, კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციის ნაკლებობა და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ.: გულისრევა, ღებინება, დიარეა), ბუპროპიონი გენერიკონის ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგ.: პაროქსეტინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი და ვენლაფაქსინი)

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. 

გვერდით ეფექტებზე ინფორმაციის დაფიქსირებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას. 

5. ბუპროპიონი გენერიკონის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP:“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე. 

აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ნესტისა და სინათლისგან დაცვის მიზნით.

პირველად გახსნის შემდეგ: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში. 

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბუპროპიონი გენერიკონი

აქტიური ნივთიერება არის ბუპროპიონის ჰიდროქლორიდი. 

თითო ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ბუპროპიონის ჰიდროქლორიდს. 

სხვა ინგრედიენტები:

-        ტაბლეტის შიგთავსი: ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი

-        ტაბლეტის გარსი: ეთილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიეთილის ციტრატი, მეტაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი, ტალკი

როგორია ვიზუალურად ბუპროპიონი გენერიკონი და რა შედის შეფუთვაში

ბუპროპიონი გენერიკონი 150 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები არის კრემისფერი თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, დაახლოებით 8.1 მმ დიამეტრის ტაბლეტები. 

შეფუთვის ზომები 

ბუპროპიონი გენერიკონი ხელმისაწვდომია კონტეინერებში 7, 30, 60 ან 90 ტაბლეტით.

კონტეინერში მოთავსებულია დესიკანტის კაფსულა ტაბლეტების სიმშრალის შესანარჩუნებლად. არ მიიღოთ კაფსულა. 

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy