ტორასემიდი - Torasemid ააა-ფარმა 5მგ 100 ტაბლეტი
გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის (ესენციური ჰიპერტენზის) დროს.
ტორასემიდი ააა-ფარმა® 5 მგ ტაბლეტები
ტორასემიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
• თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე;
3. ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების შენახვის წესი;
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები არის დიურეტიკი, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები გამოიყენება ორგანოსთან არადაკავშირებული შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
– მაღალი სისხლის წნევა (ესენციური ჰიპერტენზია);
– შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის დაგროვებით.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია
– ტორასემიდის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
– სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების (ე.წ. სულფონილშარდოვანას) მიმართ, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ და შეიცავენ აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა სახელწოდების დაბოლოებაა “-მიდი”
• თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის არასაკმარისი წარმოქმნით;
• თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაავადება, რასაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა;
• თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა;
• ძუძუთი კვების დროს;
• თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
• თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების მძიმე დაავადებები, რომელიც მაგალითად, გამოწვეულია პროსტატის გადიდებით;
• თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;
• თუ პაციენტს არარეგულარული გულისცემა აქვს;
• თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფექსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმპროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
• თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია ისეთი მედიკამენტების მიღების გამო, რომლებიც იწვევენ თირკმლის დაზიანებას.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
- მჟავებისა და ტუტეების რაოდენობის პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში;
- სისხლის საერთო ანალიზის პათოლოგიური ცვლილებები;
- ლითიუმით მკურნალობა, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
- დიაბეტი.
ტორასემიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის დონეს, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აქვს დიაბეტი ან აღენიშნება არითმია.
ბავშვები და მოზარდები
ტორასემიდი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
დოპინგის სახით ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი. დოპინგის სახით ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების ეფექტზე ან მათზე იქონიოს გავლენა ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტებმა:
• ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები, განსაკუთრებით მედიკამენტები, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება ბოლოვდება „-პრილით“;
• მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის გადატუმბვის უნარს როგორიცაა დიგიტოქსინი, დიგოქსინი ან მეთილდიგოქსინი;
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
• პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი;
• სულფასალაზინი, მესალაზინი ან ოლსალაზინი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადების სამკურნალოდ;
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფიქსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმპროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
• პლატინის შემცველი მედიკმენტები, როგორიცაა ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
• ლითიუმი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
• თეოფილინი, გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
• ზოგიერთი მიორელაქსანტი, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება მთავრდება „კურონიუმ“-ით ან „კურიუმ“-ით;
• ყაბზობის სამკურნალო ყველა მედიკამენტი;
• კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი;
• ქოლესტირამინი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად;
• ადრენალინი ან ნორადრენალინი, გამოიყენება სისხლის წნევის გასაზრდელად;
• ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბების სამკურნალოდ).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები ფეხმძიმობის დროს მიღებულ უნდა იქნეს, მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში. გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უმცირესი შესაძლო დოზა.
ძუძუთი კვება
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისათვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და პრეპარატის შეცვლის ან დამატებითი მედიკამენტის მიღების დაწყების, ან ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. თუ ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
3. ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
ორგანოსთან არადაკავშირებული სისხლის მაღალი წნევა
• 2.5 მგ ტორასემიდი ერთხელ დღეში
ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ნივთიერებით ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ერთ 5 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში მკურნალობის 2 თვის შემდეგ.
შეშუპების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით
• 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 4 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში.
ეს დოზა ჩვეულებრივ ასევე შემანარჩუნებელი დოზაა.
თუ ეფექტიანობა არასაკმარისია, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე ტორასემიდი დღეში. ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი დოზის აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტები.
მკურნალობა 2 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტებით (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) დღეში ნაჩვენებია, თუ 1 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები (ექვივალენტურია 5 მგ ტორასემიდის) დღეში არ არის საკმარისი.
ამ შემთხვევებში 2 ტაბლეტი ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები (ექვივალენტურია 10 მგ ტორასემიდის) მიიღება ყოველდღე. თუ ეფექტიანობა არასაკმარისია, კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე ტორასემიდი დღეში.
ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი დოზის აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტები.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად, თუ პაციენტს უძნელდება მისი მთლიანად გადაყლაპვა.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ბავშვებსა და მოზარდებში არასაკმარისი მონაცემების გამო ტორასემიდი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
ღვიძლის ფუნქციის ნაკლებად მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები
მკურნალი ექიმი მოახდენს მკურნალობის ყურადღებით მონიტორინგს, რადგან სისხლში შეიძლება მოიმატოს ტორასემიდის რაოდენობამ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის განსხვავებული დოზირების რეკომენდაციები არ არის მოწოდებული.
მიღების მეთოდი
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველ დილით, მთლიანად, კვებისგან დამოუკიდებლად, დაღეჭვის გარეშე 100 მლ წყლის (შეესაბამება 1/2 ჭიქას) მიყოლებით.
მიღების ხანგრძლივობა
მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს უწტყვეტად რამდენიმე წლის განმავლობაში ან სანამ არ ალაგდება ქსოვილებში სითხის დაგროვება.
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით წყლის (შარდის) გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცირკულატორული კოლაფსი, კუჭის პრობლემები.
ექიმთან მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, ასევე კოლოფი, რათა ადვილად მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება.
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე იმავე დღეს ან შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს პაციენტებისათვის და დააქვეითოს მკურნალობის ეფექტი.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• ორგანიზმში წყლისა და მინერალური მარილების შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით, როცა მარილების მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდულია;
• ჭარბი ტუტიანობა ორგანიზმში;
• კუნთების სპაზმები;
• შარდმჟავას, შაქრისა და ცხიმების მომატება სისხლში;
• კალიუმის და ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
• სისხლის მოცულობის შემცირება;
• კუჭის და/ან ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა: მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
• ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება, როგორიცაა გამა-გტ;
• თავის ტკივილი;
• თავბრუსხვევა;
• დაღლილობა;
• სისუსტე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება;
• პირის სიმშრალე;
• ხელებსა და ფეხებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება;
• შარდვის გაძნელება (მაგ.: პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• სისხლის გასქელების შედეგად სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა;
• ნორმასთან შედარებით სისხლის წნევის დაქვეითება;
• ცირკულაციური პრობლემები, განსაკუთრებით წამოდგომისას;
• არარეგულარული გულისცემა;
• სტენოკარდია (მდგომარეობა, რომელიც ხშირად ხასიათდება მკერდში ძლიერი ტკივილით);
• მიოკარდიუმის ინფარქტი;
• გულისწასვლა;
• პანკრეასის ანთება;
• ალერგიული რეაქციები ქავილითა და გამონაყარით;
• მზის სინათლეზე კანის მომატებული მგრძნობელობა;
• კანის მძიმე რეაქციები;
• ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
• მხედველობის დაზიანება;
• ყურებში ხმაური ან წუილი;
• სმენის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
• თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება;
• ცნობიერების დაბინდვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე/კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტები მგრძნობიარეა ნესტის მიმართ და ძალიან ადვილად იშლება.
ტაბლეტები მიღებამდე შენახული უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასემიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur) [მცენარეული].
ტორასემიდი ააა-ფარმა 5 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით
შეფუთვის ზომები:
ბლისტერული შეფუთვა 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.
ჰოსპიტალური შეფუთვა - 30 და 300 ტაბლეტი.
მულტიშეფუთვა შეიცავს 100 (2 ხ 50) ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
Units | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account