ვილგლედი - Vilglad 50მგ 30 ტაბლეტი
ვილგლედი
(ვილდაგლიპტინი 50 მგ ტაბლეტი)
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ შეფუთვის ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.
შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი
1.რა არის ვილდაგლიპტინი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ვილდაგლიპტინის მიღებამდე
3. ვილდაგლიპტინის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ვილდაგლიპტინის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის ვილდაგლიპტინი და რისთვის გამოიყენება იგი
ვილდაგლიპტინის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები".
ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს ცალკე ან სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც მიიღებთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის კონტროლისთვის.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ გამომუშავებული ინსულინი არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით კვების შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე იზრდება. ამ ორივე ნივთიერებას გამომუშავება ხდება პანკრეასის მიერ.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის მოქმედებით, პანკრეასი აწარმოებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამ პრეპარატის გამოყენებით მცირდება სისხლში შაქრის შემცველობა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა იწყებთ დიაბეტის მკურნალობას, მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ დიეტა და/ან ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის.
2. რა უნდა იცოდეთ ვილდაგლიპტინის მიღებამდე
არ მიიღოთ ვილდაგლიპტინი შემდეგ შემთხვევებში:
· თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6). თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, არ მიიღოთ იგი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვილდაგლიპტინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს იმ შემთხვევაში,
· თუ თქვენ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან თუ აგეღნიშნებათ დიაბეტური კეტოაციდოზი.
· თუ თქვენ იღებთ დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ცნობილია როგორც სულფონილშარდოვანა (თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა მისი ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლის განვითარება [ჰიპოგლიკემია]).
· თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის დაავადება (თქვენ უნდა მიიღოთ ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზა).
· თუ ხართ დიალიზზე.
· თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
· თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა.
· თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება. თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო მისი მიღება შეწყვიტეთ, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
კანის საფარის დაზიანება (დიაბეტური კანი) დიაბეტის ზოგადი გართულებაა. თქვენი ექიმის ან ექთანის რჩევით დაიცავით კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალი ბუშტუკების ან წყლულების გაჩენას ვილდაგლიპტინის მიღებისას. მათი განვითრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ღვიძლის ფუნქციის დასადგენად ჩატარდება ტესტი ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, სამი თვის ინტერვალით პირველი წლის განმავლობაში და ამის შემდგომ პერიოდულად. აღნიშნული ემსახურება ღვიძლის ფერმენტების ზრდის ნიშნების რაც შეიძლება ადრეულ გამოვლინებას.
ბავშვები და მოზარდები
ვილდაგლიპტინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ვილდაგლიპტინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა თქვენთვის, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
- თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (ასევე უწოდებენ წყლის ტაბლეტებს)
- კორტიკოსტეროიდები (ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
- ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები
- ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობის დროს ვილდაგლიპტინი არ უნდა გამოიყენოთ. უცნობია გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ვილდაგლიპტინის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმის".
3. ვილდაგლიპტინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მისი სწორად გამოყენების წესში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როდის და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ იგი
ვილდაგლიპტინის დოზირება ადამიანებში განსხვავდება მათი მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ვილდაგლიპტინის ტაბლეტების საჭირო რაოდენობის მიღების შესახებ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:
• მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ, თუ იღებთ ვილდაგლიპტინს სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით სულფონილშარდოვანა.
• თუ იღებთ მხოლოდ ვილდაგლიპტინს 100 მგ მიღების დღიური დოზაა, 50 მგ დილას 50 მგ საღამოს, სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელსაც ეწოდება მეტფორმინი ან გლიტაზონი, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციით, ან ინსულინთან ერთად.
• თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე დაავადება ან თუ იმყოფებით დიალიზზე მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ. როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი • გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი
• გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ვილდაგლიპტინი
• მიიღეთ ვილდაგლიპტინი ყოველდღე რა ხანგრძლივობის რეკომენდაციასაც მოგცემთ ექიმი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ვილდაგლიპტინით მკურნალობა ხანგრძლივი დროის მანძილზე.
• თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, რათა შეამოწმოს აქვს თუ არა მკურნალობას სასურველი ეფექტი.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ვილდაგლიპტინს
თუ თქვენ იღებთ ვილდაგლიპტინის საჭიროზე მეტ დოზას, ან თუ ვინმემ მიიღო თქვენი პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში მიდიხართ, თან წაიღეთ შეფუთვა. თუ დაგავიწყდათ ვილდაგლიპტინის მიღება ან დოზირების წესი, მაშინვე მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ხოლო შემდგომი დოზა მიიღეთ დანიშნულებისამებრ. გახსენებისას თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ის დოზა რომელიც დაგავიწყდათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
ვილდაგლიპტინის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მისი მიღების ხანგრძლივობის შესახებ გაჩენილი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში:
• ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათად: შეიძლება მოხდეს 1000-დან 1 ადამიანში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, უეცარ გამონაყარს ან ჭინჭრის ციებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს "ანგიონევროზულ შეშუპებაზე".
• ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათად): სიმპტომებია კანისა და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).
• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში (კუჭის მიდამოში), რომელის ტკივილმაც შესაძლოა ზურგამდეც მიაღწიოს, ასევე გულისრევა და ღებინება.
სხვა გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის მიღებისას:
• ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში): ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
• არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში): დაღლილობა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
• ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
• არახშირი: ყაბზობა
• ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის მიღებისას:
• ხშირი: წონის მატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება)
• არახშირი: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის ცალკე მიღებისას:
• ხშირი: თავბრუსხვევა
• არახშირი: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
• ძალიან იშვიათად: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
• ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):
• ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა
• არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.
ამ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენიდან მოყოლებული, ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
• სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბუშტუკების აქერცვლა, კუნთების ტკივილი
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ პირდაპირ ანგარიშგებით მიმართოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (ქვემოთ იხილეთ დეტალები). გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
5. ვილდაგლიპტინის შენახვის პირობები
• პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
•პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
• შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინის ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ვილდაგლიპტინი
• აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
• სხვა ინგრედიენტებია უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) და მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ვილდაგლიპტინი და მისი შეფუთვის შიგთავსი
აღწერილობა: თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია 'V15' და მეორე მხარეს 'H'.
3 x10's შეფუთვის ფორმა დესიკანტ ალუ - ალუ ბლისტერის შეფუთვა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ასევე, იხილეთ: Vilda Denk - ვილდა დენკი 50მგ 28 ტაბლეტი
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account