ალიკვალი დუო - Alikval Duo 50/1000მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება: ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
ალიკვალი დუო 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
1. რა არის ალიკვალ დუო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ალიკვალ დუოს მიღებამდე
3. როგორ მიიღება ალიკვალ დუო
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ალიკვალ დუო
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ალიკვალ დუო და რისთვის გამოიყენება
ალიკვალ დუოს აქტიური ნივთიერებები, ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები".
ალიკვალ დუო გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. ამ ტიპის დიაბეტი ასევე ცნობილია, როგორც არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს/მეტფორმინს ცალკე ან ზოგიერთ სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც უკვე იღებთ, თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის კონტროლისთვის.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს, სათანადოდ არ მუშაობს. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინიც და გლუკაგონიც პანკრეასში წარმოიქმნება. ინსულინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი აიძულებს ღვიძლს, რომ გამოიმუშავოს შაქარი, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას.
როგორ მუშაობს ალიკვალ დუო
ორივე აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ნივთიერება ვილდაგლიპტინი მოქმედებს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და უფრო ნაკლები გლუკაგონის გამომუშავების გზით. ნივთიერება მეტფორმინი ეხმარება ორგანიზმს ინსულინის უკეთ გამოყენებაში. ნაჩვენებია, რომ ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში შაქარს, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას.
ასევე, იხილეთ: ალიკვალი დუო - Alikval Duo 50/850მგ N60 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ ალიკვალ დუოს მიღებამდე
არ მიიღოთ ალიკვალ დუო
- თუ ალერგიული ხართ ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგია გქონდეთ რომელიმე ჩამოთვლილ ნივთიერებაზე, ალიკვალ დუოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტოციდოზი (იხილეთ „ლაქტოციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც კეტონური სხეულები ეწოდება და რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან უჩვეულო ხილის მსგავსი სუნის განვითარებას.
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება გულის პრობლემების ნიშანი იყოს.
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
- თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან სერიოზული დეჰიდრატაცია (დაკარგეთ ბევრი წყალი ორგანიზმიდან).
- თუ აპირებთ კონტრასტული რენტგენის გაკეთებას (რენტგენის სპეციფიკური სახეობა საინექციო საღებავის გამოყენებით).
გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ასევე იხილოთ ინფორმაცია ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- თუ ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს (იქნება ეს ყოველ დღე თუ მხოლოდ პერიოდულად).
- თუ ძუძუთი კვებავთ (იხილეთ აგრეთვე „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლაქტაციდოზის რისკი
ალიკვალ დუომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელები გამართულად არ მუშაობს. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემებისა და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როდესაც შემცირებულია ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდება (როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
შეწყვიტეთ ალიკვალ დუოს მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმიდან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან თუ სვამთ ნორმაზე ნაკლებ სითხეს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დამატებითი მითითებების მისაღებად.
შეწყვიტეთ ალიკვალ დუოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გამოვლინდება ლაქტაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტაციდოზის სიმპტომებია:
- ღებინება
- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
- კუნთების სპაზმი
- ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით
- სუნთქვის გაძნელება
- სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის დაქვეითება
ლაქტაციდოზი მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მკურნალობას საავადმყოფოში.
ალიკვალ დუო არ არის ინსულინის შემცვლელი. ამიტომ ალიკვალ დუო არ მიიღება ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება, ალიკვალ დუოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ალიკვალ დუოს მიღებამდე, თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება ალიკვალ დუოსთან ერთად მიღებისას სისხლში დაბალი გლუკოზის (ჰიპოგლიკემია) თავიდან აცილების მიზნით.
თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო მოგიწიათ მისი მიღების შეწყვეტა, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ.
დიაბეტური კანის დაზიანება დიაბეტის გავრცელებული გართულებაა. გირჩევთ, დაიცვათ კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები, რომლებსაც თქვენი ექიმი ან ექთანი მოგცემთ. ასევე გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ახალი ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას ალიკვალ დუოს მიღებისას და მათი გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გჭირდებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, ალიკვალ დუოს მიღება უნდა შეწყვიტოთ პროცედურის დროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა ალიკვალ დუოთი.
ტესტი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად ჩატარდება ალიკვალ დუოთი მკურნალობის დაწყებამდე, სამთვიანი ინტერვალით პირველი წლის განმავლობაში და შემდგომ პერიოდულად, იმისათვის, რომ დროულად გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების გაზრდის ნიშნები.
ალიკვალ დუოთი მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ ანალიზს შაქარზე სისხლსა და შარდში.
ალიკვალ დუო შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველი დოზის ერთეულზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.
ბავშვები და მოზარდები
ალიკვალ დუოს გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა მედიკამენტები და ალიკვალ დუო
თუ საჭიროა სისხლძარღვში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექცია, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების დროს, ალიკვალ დუოს მიღება უნდა შეწყვიტოთ ინექციის წინ ან ინექციის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა ალიკვალ დუოთი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ალიკვალ დუოს დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი:
- გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ
- ბეტა-2 აგონისტები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება რესპირატორული დარღვევების სამკურნალოდ
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამომუშავებას (დიურეზულები)
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (აასს და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
- გარკვეული მედიკამენტები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები)
- ფარისებრ ჯირკვალზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე
- სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (მაგ. რანოლაზინი)
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (მაგ. დოლუტეგრავირი)
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციფიკური ტიპის (მედულარული ფარისებრი კიბო) სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (მაგ. ვანდეტანიბი)
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიური წყლულების სამკურნალოდ (მაგ. ციმეტიდინი)
ალიკვალ დუო ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას ალიკვალ დუოს გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად ორსულობის დროს ალიკვალ დუოს მიღების პოტენციურ რისკს.
- არ გამოიყენოთ ალიკვალ დუო, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ (იხილეთ აგრეთვე „არ მიიღოთ ალიკვალ დუო“).
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თუ ალიკვალ დუოს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები და მექანიზმები.
3. როგორ მიიღება ალიკვალ დუო
ალიკვალ დუოს რაოდენობა, რომელიც ადამიანებმა უნდა მიიღონ, განსხვავდება მათი მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რა დოზით უნდა მიიღოთ ალიკვალ დუო.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზა არის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ დღეში ორჯერ.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა. ასევე, თუ იღებთ ანტიდიაბეტურ მედიკამენტს სულფონილშარდოვანას, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი ცალკე ან ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ შაქრის დონეს სისხლში.
როდის და როგორ მიიღება ალიკვალ დუო
- გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით,
- მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით, მეორე კი საღამოს ჭამის დროს ან შემდეგ. ტაბლეტის მიღება ჭამის შემდეგ ამცირებს კუჭის გაღიზიანების რისკს.
გააგრძელეთ კვების რეჟიმის შესახებ თქვენი ექიმის მიერ მოცემული ნებისმიერი რჩევის დაცვა. კერძოდ, თუ იმყოფებით დიაბეტური კონტროლისთვის გამიზნულ კვებით რეჟიმზე, გააგრძელეთ ეს რეჟიმი ალიკვალ დუოს მიღების პერიოდშიც.
გასაყოფი ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ალიკვალ დუოს
თუ იღებთ ალიკვალ დუოს ძალიან ბევრ ტაბლეტს, ან თუ ვინმე სხვა მიიღებს თქვენს ტაბლეტებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ მოგიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში წასვლა, თან წაიღეთ შეფუთვა და ეს ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ ალიკვალ დუოს მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის შემდეგი კვების დროს, თუ მოახლებული არ არის შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ტაბლეტი ერთდროულად) გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ალიკვალ დუოს მიღებას
გააგრძელეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლში შაქრის კონტროლი. არ შეწყვიტოთ ალიკვალ დუოს მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის მიღების ხანგრძლივობის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თქვენ უნდა შეწყვიტოთ ალიკვალ დუოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:
• ლაქტაციდოზი (ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 მომხმარებელში):
ალიკვალ დუომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი სახელწოდებით ლაქტაციდოზი (იხ. ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). აღნიშნული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ალიკვალ დუოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
• ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცარ განვითარებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს რეაქციაზე სახელწოდებით "ანგიონევროზული შეშუპება".
• ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): სიმპტომებია კანისა და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).
• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს მძიმე და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში (კუჭის მიდამოში), რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგზე, ასევე გულისრევას და ღებინებას.
სხვა გვერდითი ეფექტები
ზოგიერთ პაციენტს ალიკვალ დუოს მიღებისას განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი და ტკივილი კუჭის ირგვლივ (მუცლის ტკივილი), მადის დაკარგვა.
- ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უკონტროლო კანკალი, მეტალის გემო, სისხლში დაბალი გლუკოზა.
- არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში): სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ყაბზობა, ხელების, კოჭის ან ტერფების შესიება (შეშუპება).
- ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში): ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება; სისხლში რძემჟავას მაღალი დონე (ცნობილი, როგორც ლაქტაციდოზი), ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან ღრმა, სწრაფი სუნთქვა; კანის სიწითლე, ქავილი; B12 ვიტამინის დონის დაქვეითება (სიფერმკრთალე, დაღლილობა, ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა ან მეხსიერების დარღვევები).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ალიკვალ დუოს და სულფონილშარდოვანას გამოყენებისას:
- ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ალიკვალ დუოს და ინსულინის მიღებისას:
- ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა.
- არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.
ბაზარზე ამ პროდუქტის განთავსების შედმეგ ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბუშტუკების ლოკალიზებული აქერცვლა, კუნთების ტკივილი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ალიკვალ დუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ალიკვალ დუო
- აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
- ვილდაგლიპტინის/ მეტფორმინის 50 მგ/850 მგ თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 662,88 მგ მეტფორმინს).
- ვილდაგლიპტინის / მეტფორმინის 50 მგ/1000 მგ თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 779,86 მგ მეტფორმინს).
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ლაქტოზა (იხ. ნაწილი 2), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი და გამოსაყენებლად მზა საფარი მასალა (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ალიკვალ დუოს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/850 მგ: ყვითელი წაგრძელებული ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ხაზით და მეორე მხარეს "VA".
ტაბლეტის დიამეტრი: 19.4 ±0.5 მმ
ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/1000 მგ: მუქი ყვითელი, წაგრძელებული ოვალური ფორმის გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ხაზით "V" და "B"-ს შორის და მეორე მხარეს ხაზით.
ტაბლეტის დიამეტრი: 21,1 ± 0,5 მმ
ALU/ OPA-ALU-PVC ბლისტერები. 28, 30, 56, 60, 84, 90, 112, 120, 140, 150, 168 ან 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შეფუთვა.
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account