Mobicam - მობიკამი 15მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 26,71 GEL რეგულარული ფასი 37,10 GEL
მარაგშია
SKU
41772_871

ჩვენება:  ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა;  რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა; მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მობიკამი, 7.5 მგ: ღია ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი, დასაშვებია ოდნავ ხორკლიანი, მარმარილოსებრი ზედაპირის არსებობა;
მობიკამი, 15 მგ: ღია ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი ჭდით, დასაშვებია ოდნავ ხორკლიანი, მარმარილოსებრი ზედაპირის არსებობა;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მელოქსიკამს – 7.5 ან 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 7.5 ან 15 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანტირევმატული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ-კოდი: M01AC06.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მობიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მიეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიპირექსიული მოქმედება. მელოქსიკამის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დამტკიცებულია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მალოქსიკამის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანთების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების უნარით. 
In vivo მელოქსიკამი უფრო მეტად აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანსა და თირკმელებში. ეს განსხვავება განპირობებულია მელოქსიკამის მიერ ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბირებით ციკლოოქსიგენაზა-1-თან (ცოგ-1) შედარებით. ცოგ-2-ის ინჰიბირება განაპირობებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიულ ეფექტს, მაშინ როცა ცოგ-1-ის ინჰიბირება განაპირობებს მათ გვერდით ეფექტებს კუჭისა და თირკმლების მხრივ.  

ფარმაკოკინეტიკა: 
მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 89%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა პრეპარატის ერთჯერადი მიღებიდან 5-6 სთ-ში. მრავალჯერადი მიღებისას წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 3-5 დღის განმავლობაში. მელოქსიკამის წონასწორული კონცენტრაცია (Cmin - Cmax) უდრის 0.4-1.0 მგ/ლ-ს პრეპარატის 7.5 მგ მიღებისას და 0.8-2.0 მგ/ლ-ს პრეპარატის 15 მგ მიღებისას.  საკვებთან ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას მელოქსიკამის შეწოვაზე. პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინებთან) კავშირი აღემატება 99%-ს. განაწილების მოცულობა (Vd) დაბალია, შეადგენს საშუალოდ 11 ლ-ს. ინდივიდუალური მერყეობა შეადგენს 30-40%-ს. გადადის სინოვიურ სითხეში, სადაც პრეპარატის კონცენტრაცია მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის 50%-ს აღწევს. მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტი 5-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის  5-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით (დოზის 9%). მელოქსიკამის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვანია იზოფერმენტი CYP2C9 და ნაკლებად – CYP3A4. სხვა ორი მეტაბოლიტის (რომლებიც შეადგენს შესაბამისად დოზის 16% და 4%-ს) წარმოქმნაში მონაწილეობს პეროქსიდაზა, რომლის აქტივობა ინდივიდუალურად ვარირებს. გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმლებით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით ნაწლავებით გამოიყოფა სადღეღამისო დოზის არანაკლებ 5%, შარდში უცვლელი სახით პრაქტიკულად არ აღინიშნება. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) საშუალოდ შეადგენს 20 სთ-ს. Pპლაზმის კლირენსი შეადგენს საშუალოდ 8 მლ/წთ-ს. 
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში: 
ღვიძლის და სუსტად/ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის დროს განაწილების მოცულობის (Vდ) ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუკავშირებელი მელოქსიკამის კონცენტრაციის გაზრდა. ასეთ პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს. ხანშიშესულ პაციენტებში საშუალო პლაზმური კლირენსი რამდენადმე დაბალია ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
  
ჩვენება:
•    ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა;
•    რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა;
•    მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად ერთხელ დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
ოსტეოართროზის დროს: 7.5 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღეში.
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს: 15 მგ/დღეში. თერაპიული ეფექტის მიხედვით დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე დღეში. მობიკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს. 
ხანდაზმულ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს.
ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს დღეში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ¥> 25 მლ/წთ), ასევე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები: 
გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 - ≤ 1/10), ზოგჯერ (≥ 1/1000 - ≤ 1/100),
იშვიათად (≥1/10000 - ≤1/1000), ძალიან იშვიათად (≤ 1/10000).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; ხშირად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, სტომატიტი, გასტრიტი; იშვიათად – კოლიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი, ძალიან იშვიათად – კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია;
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის – ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება); ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი;   
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – თავბრუ, ძილიანობა; იშვიათად – გუნება-განწყობის ცვლილებები, კოშმარული სიზმრები; 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის ფრიალი, ზოგჯერ – არტერიული წნევის მატება, წამოხურება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ანემია; იშვიათად – ლეიკოპენია, ლეიკოციტური ფორმულის ცვლილება, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალიემია, კრეატინინის და/ან შარდოვანას კონცენტრაციის მატება; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა;
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: იშვიათად – ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა (მათ შორის არამკვეთრი მხედველობა), კონიუნქტივიტი;
კანის მხრივ: ზოგჯერ – ანგიონევროზული შეშუპება, კანის ჰიპერემია და ქავილი, იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა; 
სასუნთქი სისტემის მხრივ: პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ ასთმური შეტევები;
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად – ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
სხვა გამოვლინებები: ზოგჯერ – ქვემო კიდურების შეშუპება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ;
•    ბრონქული ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიღების შემდეგ;
•    სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია, რომელსაც წინ უძღვოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
•    კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული (აქტიური ან ანამნეზში);
•    ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
•    თირკმლის მძიმე უკმარისობა (თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი);
•    გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენა/სისხლჩაქცევა;
•    გულის მძიმე უკმარისობა;
•    ორსულობა;
•    ბავშვთა ასაკი 15 წლამდე.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მობიკამის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, გლუკოკორტიკოსტეროიდების და სალიცილატების ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკს. 
არ არის რეკომენდებული მობიკამის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (ჰეპარინი, ვარფარინი), თრომბოლიზურ საშუალებებთან, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან, ვინაიდან თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. თუ შეუძლებელია ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან თავის არიდება, აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების გულდასმით კონტროლი.
დიურეტიკებთან, აგფ-ს ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებთან კომბინაციამ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე ზოგიერთ პაციენტში (დეჰიდრირებული ან ასაკოვანი პაციენტები) შეიძლება მომავალში გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების ხარჯზე. ეს პროცესი, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ ერთობლივი გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში).
ერთდროული გამოყენებისას მცირდება β-ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (პროსტაგლანდინების ინჰიბირებით მცირდება ვაზოდილატაციური ეფექტი).
მობიკამმა შესაძლოა გააძლიეროს კალცინევრინის ინჰიბიტორების (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი) ნეფროტოქსიკურობა. კომბინირებული თერაპიის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
ლითიუმის და მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მელოქსიკამმა შესაძლოა გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში ლითიუმის რენალური ექსკრეციის დაქვეითების ხარჯზე. ლითიუმის კონცენტრაციამ პლაზმაში შესაძლოა მიაღწიოს ტოქსიკურ მაჩვენებელს. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა ლითიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში.
მელოქსიკამმა შესაძლოა დააქვეითოს მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და გამოიწვიოს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მატება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი), მობიკამის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. რისკი არსებობს ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის დაბალ დოზას, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის ფორმულის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილე მეთოტრექსატის და მელოქსიკამის ერთდროულად გამოყენებისას 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში და გაძლიერდეს ტოქსიკური ეფექტი. ასევე, ერთდროული მიღება ზრდის მეთოტრექსატის ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას.
ქოლესტირამინი ბოჭავს მელოქსიკამს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იწვევს მისი გამოყოფის დაჩქარებას.  
ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს სპირალის ეფექტურობის დაქვეითება.

ჭარბი დოზირება:
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომების კუპირება ხდება სიმპტომური საშუალებებით. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის დიდი დოზით მოწამვლა გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, სუნთქვის დათრგუნვის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, კრუნჩხვების და კოლაფსის სახით, შესაძლოა განვითარდეს კომა და გულის გაჩერება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. მკურნალობა ტარდება სიმპტომების და ინტოქსიკაციის ხარისხის შესაბამისად. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ 4 გ ქოლესტირამინის დღეში 3-ჯერ მიღება ზრდის მელოქსიკამის ელიმინაციის სისწრაფეს.  

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:
მობიკამით თერაპიის დაწყების წინ რეკომენდებულია გასტრიტის, ეზოფაგიტის, კუჭის და  12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის კურსის ჩატარება. 
საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს. მობიკამით მკურნალობის დროს ისეთი გართულებები, როგორიცაა წყლული, სისხლდენა, პერფორაცია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს ყოველგვარი წინამორბედი ნიშნების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში ასეთი გართულებების შედეგი გაცილებით სერიოზულია. მობიკამი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადება ან გასტროინტესტინური სისხლდენა. წყლულოვანი დაავადების ან გასტროინტესტინური სისხლდენის განვითარების შემთხვევაში მობიკამის მიღება უნდა შეწყდეს.  გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა დაბალი დოზით და მკურნალობის კურსის მაქსიმალურად შემცირება.
არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ოკლუზიის და/ან ცერებროვასკულური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების (მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა) არსებობისას პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ გულდასმით გამოკვლევის შემდეგ.
მობიკამის გამოყენებისას შესაძლოა მოხდეს ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის და შარდოვანას კონცენტრაციის მატება სისხლში, ასევე ლაბორატორიული მონაცემების სხვა ცვლილებები. ეს ცვლილებები სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მკვეთრად გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. მობიკამის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა. ამ რეაქციის განვითარების რისკი არსებობს უმეტესად ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა (შრატისმიერი ალბუმინი < 25 გ/ლ ან ჩაილდ-პიუს ინდექსი ≥10), ნეფროზული სინდრომი, მგლურასმიერი ნეფროპათია და თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აგფ-ს ინჰიბიტორებს, სარტანებს და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებს. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი. ასეთ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში საჭიროა დიურეზის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. შარდმდენ საშუალებებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება ორგანიზმში, ასევე მათი ნატრიურეზული მოქმედების დაქვეითება. ამის შედეგად მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლოა გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის ნიშნების გაძლიერება. საჭიროა ასეთი პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და ადეკვატური ჰიდრატაცია. მკურნალობის დაწყებამდე და კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა, მობიკამმა შესაძლოა შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები.  
როგორც ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორი, მობიკამმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილურობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. 
მობიკამი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა. ფარმაკოდინამიკაზე და ცნობილ გვერდით მოვლენებზე დაყრდნობით, Mმელოქსიკამი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ განვითარდა  მხედველობის 
დარღვევა, თავბრუ, ძილიანობა ან სხვა დარღვევები ცნს-ის მხრივ, საჭიროა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა: 
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy