ბრექსინი - Brexin 20 მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება სახსრების დეგენერაციული დაავადების, რევმატოიდული ართრიტის და ხერხემლის რევმატიზმის ზოგიერთი სიმპტომის შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება, კუნთების რიგიდობა და სახსრების ტკივილი.
ბრექსინი 20 მგ
ტაბლეტები
პიროქსიკამ ბეტადექსი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს.
- თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ დანართ ფურცელში:
1. რა ტიპის წამალია ბრექსინი და რა დაავადებების შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება?
2. რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ ბრექსინის მიღებას
3. როგორ მივიღოთ ბრექსინი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ბრექსინი?
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა ტიპის წამალია ბრექსინი და რა დაავადებების შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება?
ბრექსინი არის ეგრეთწოდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სახსრების დეგენერაციული დაავადების (ოსტეოართრიტი, ართროზი), რევმატოიდული ართრიტის და ხერხემლის რევმატიზმის (ანკილოზებელი სპონდილიტი) ზოგიერთი სიმპტომის შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება, კუნთების რიგიდობა და სახსრების ტკივილი. ბრექსინი არ კურნავს ართრიტს და დაგეხმარებათ მხოლოდ მისი მიღების პერიოდში.
ბრექსინის დანიშვნამდე, ექიმი შეაფასებს თქვენთვის პრეპარატის მოსალოდნელ სარგებელს და პოტენციურ რისკებს. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ შემოწმებები და გითხრათ რამდენ ხანში ერთხელ დაგჭირდებათ შემოწმება ბრექსინით მკურნალობის პერიოდში.
თქვენი ექიმი გამოგიწერთ ბრექსინს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAIDs /აასს) მკურნალობისას არ მოხდა სიმპტომების გაუმჯობესება.
იხილეთ ბლოგი: ბრექსინი — პრეპარატი ანთებასთან, ტკივილთან და სიცხესთან საბრძოლველად
2. რა უნდა იცოდეთ ბრექსინის მიღებამდე
არ მიიღოთ ბრექსინი
- თუ ხართ ალერგიული პიროქსიკამის ან ამ წამლის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი პუნქტში 6);
- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ნაწლავიდან სისხლდენა ან ნაწლავის პერფორაცია;
- თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კუჭის ან ნაწლავების ანთებასთან, რომელიც იწვევს სისხლდენას, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, ანთება ან მსხვილი ნაწლავის კედელზე არსებული ჯიბის ინფექცია პროტრუზიის მსგავსი, ("დივერტიკულიტი).
- თუ თქვენ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ე. წ. სელექციურ ცოგ-2 ინჰიბიტორებს და აცეტილსალიცილის მჟავას, ნივთიერებას, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად; გახსოვდეთ, რომ ბევრი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ურეცეპტოდ.
- თუ თქვენ იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად;
- თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პიროქსიკამზე, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე ან სხვა მედიკამენტების მიმართ, განსაკუთრებით კანის მხრივ სერიოზული რეაქციები (მიუხედავად სიმძიმისა), როგორიცაა კანის ძლიერი სიწითლე, კანის აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი), ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკები, ნეკროზი, სისხლდენა ან ნაწიბურები), და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა და კანის ზედა ფენის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- თუ ადრე გქონდათ ასთმა, სურდო, ცხვირის პოლიპი, ხორხის შეშუპება ან გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;
- თუ ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე;
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში;
- თუ თქვენ ხართ 12 წლამდე ასაკის ბავშვი, ეს წამალი თქვენთვის უკუნაჩვენებია;
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ ზომიერი და მძიმე გულის უკმარისობა;
- თუ გაქვთ ძალიან მაღალი წნევა;
- თუ თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს სერიოზულ დარღვევებს;
- თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისადმი (სისხლმდენი დიათეზი)
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ბრექსინი. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბრექსინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბრექსინის მიღებისას
ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ბრექსინს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, წყლული და კუჭისა და ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პიროქსიკამის მიღება და მიმართოთ ექიმს, გაქვთ თუ აღგენიშნებათ კუჭის ტკივილი, კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანი, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი, ან სისხლის ღებინება.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბრექსინის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, მსტვენავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება. თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ ამ წამალს.
თუ თქვენ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის, თქვენს ექიმს შეიძლება სურდეს მინიმუმამდე დაიყვანოს მკურნალობის ხანგრძლივობა და უფრო ხშირად დანიშნოს ვიზიტი, სანამ ბრექსინს იღებთ.
თუ თქვენ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის, ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs/სუსი), ან აცეტილსალიცილის მჟავა თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან ასაცილებლად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ბრექსინი სხვა წამალთან ერთად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასაცავად.
ეს წამალი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ 80 წელზე მეტი ასაკის.
თუ თქვენ გაქვთ ან ადრე გქონდათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ან ალერგია, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა ბრექსინის მიღება, მიმართეთ ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ წამლის მიღებას.
ისეთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ბრექსინი, შეიძლება მცირედ გაზარდოს გულის შეტევის ან “ცერებროვასკულური დარღვევის (ინსულტი) რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები ან ინსულტი ანამნეზში ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობის განვითარების რისკი (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), განიხილეთ თქვენი მკურნალობა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბრექსინი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ეს ეფექტი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სისხლის ნიმუშების აღებისას ან მსგავსი ეფექტის მქონე პროდუქტის მიღებისას.
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ გაქვთ ჰიპერტენზიის ან/და გულის შეგუბებითი უკმარისობა ანამნეზში, რადგან დაფიქსირდა წყლის შეკავება და შეშუპება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ გულის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების სისხლით არასაკმარისი მომარაგება, სისხლის ანალიზში ცვლილება, ან თუ იღებთ დიურეტიკებს.
სიფრთხილეა საჭირო, თუ დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ ხართ.
თუ გაქვთ ასთმა, ბრექსინისა და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი და შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები.
ვინაიდან სხვა არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აღინიშნა მხედველობის დარღვევა, რეკომენდებულია პერიოდული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ხანგრძლივი მკურნალობისას.
როგორც მსგავსი მოქმედების მქონე სხვა ნივთიერებების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობისას აღენიშნა სისხლში შარდოვანას აზოტის ზომიერი მატება; თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები დაუბრუნდა ნორმას.
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, ხშირად უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი.
ძალიან იშვიათად დაფიქსირდა მძიმე ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით კანის მძიმე რეაქციები), რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან (იხ. “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
თუ გეგმავთ დაორსულებას, გაქვთ დაორსულების პრობლემები ან გიტარდებათ ფერტილობის კვლევები, მიმართეთ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა გაართულონ დაორსულება.
ბავშვები და მოზარდები
პიროქსიკამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ბრექსინი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ბრექსინი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები. მედიკამენტებმა შეიძლება ზოგჯერ ხელი შეუშალონ ერთმანეთს. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეზღუდოს ბრექსინის ან სხვა მედიკამენტების გამოყენება, ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა წამლის მიღება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს:
- თუ ღებულობთ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ტკივილის შესამსუბუქებლად;
- თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, მედიკამენტი, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალერგია და ჰორმონალური დისბალანსი;
- თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, რათა თავიდან აიცილოთ თრომბის წარმოქმნა;
- თუ იღებთ გარკვეულ ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც უწოდებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (სუსი);
- თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტების დალექვის თავიდან ასაცილებლად;
- თუ იღებთ დიურეტიკებს, აგფ ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, დიგოქსინს ან დიგიტოქსინს; ეს არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ;
- თუ იღებთ ლითიუმს დეპრესიის სამკურნალოდ;
- თუ თქვენ იღებთ ქინოლონის ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
- თუ იღებთ ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ, ან კანის მძიმე დაზიანების, პოლიართრიტის (რევმატოიდული ართრიტის), ნეფროზული სინდრომის სამკურნალოდ;
- თუ იღებთ ციმეტიდინს კუჭის მჟავას წარმოქმნის შესამცირებლად;
- თუ იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივებს.
- თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან გეხებათ თქვენ, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.
ბრექსინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ბრექსინით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ბრექსინი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმელებისა და გულის პრობლემები, გამოიწვიოს თქვენი და თქვენი არ დაბადებული ბავშვის სისხლდენა, დაგეგმილზე გვიან მშობიარობა ან ხანგრძლივი მშობიარობა.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას, გაქვთ დაორსულების პრობლემა ან ამჟამად იტარებთ ფერტილობის კვლევებს, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (აასს) ბრექსინის ჩათვლით შესაძლოა გაართულონ დაორსულება.
არ მიიღოთ ბრექსინი ლაქტაციის პერიოდში.
პროდუქტის გავლენა მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
თავბრუსხვევის ან უჩვეულო დაღლილობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას. გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო, თუ შეამჩნევთ თვალების ირგვლივ შეშუპებას, მხედველობის დაბინდვას ან თვალის გაღიზიანებას პიროქსიკამით მკურნალობისას: აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
ბრექსინი შეიცავს ლაქტოზას (რძის ბუნებრივ შაქარს).
თუ ექიმმა გაგაფრთხილად, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ბრექსინი შეიცავს ნატრიუმს.
ბრექსინის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) და ის პრაქტიკულად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
3. როგორ მივიღოთ ბრექსინი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გამოგიწერათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ შემოწმებებს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ იღებთ ბრექსინის სათანადო დოზას. ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის მინიმალურ დოზას, რომელიც საუკეთესოდ გააკონტროლებს თქვენს სიმპტომებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოთ დოზა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.
ზრდასრულები და ხანდაზმული პაციენტები:
სამკურნალო პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ პიროქსიკამი დღეში ერთხელ.
თუ თქვენ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დღიური დოზა და შეამციროს მკურნალობის ხანგრძლივობა.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ბრექსინი სხვა მედიკამენტთან ერთად თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოტენციური გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად.
არ გაზარდოთ დოზა.
თუ ფიქრობთ, რომ წამალი არ არის ეფექტური, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ ბრექსინის ჭარბი დოზა
სიმპტომები: დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.
თუ შემთხვევით მიიღეთ ბრექსინის ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბრექსინის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ თქვენი მომდევნო დოზის მიღების დროა, არ მიიღოთ ის დოზა, რომელიც გამოტოვეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა სწორ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მიღების ინსტრუქცია
მიიღეთ ბრექსინი დღეში ერთხელ. ბრექსინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან ჭამის დასრულების შემდეგ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
ტაბლეტის გასაყოფად ჯერ გადაატრიალეთ ის გამყოფი ხაზით ზევით. მოათავსეთ მყარ ზედაპირზე. მსუბუქი ზეწოლით ტაბლეტი იყოფა ორ ნაწილად.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ბრექსინი უკეთესად გადაიტანება, ვიდრე ჩვეულებრივი პიროქსიკამი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში; ვინაიდან აქტიური ნივთიერება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაკლებ დროს ატარებს, კონტაქტური გაღიზიანების რისკი მცირდება.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება და მიმართეთ ექიმს:
- თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილზე (როგორიცაა კანი, პირი, ტუჩები ან ენა) გაჩნდება წყლული, ან გამოვლინდება ალერგიული რეაქციის სხვა სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება სახეზე, ტუჩებზე ან ენაზე, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან მსტვენავ სუნთქვას;
- თუ აღგენიშნებათ კანისა და თვალების გაყვითლება;
- თუ აღგენიშნებათ კუჭსა და ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანი, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი ან სისხლიანი ღებინება.
ქვემოთ ჩამოთვლილი სია აჩვენებს პოტენციურ გვერდით მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ბრექსინთან:
გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 100-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს):
- ჩივილები და ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ეპიგასტრიკული ტკივილი, მეტეორიზმის მომატება, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება.
- თავბრუსხვევა, ვერტიგო, ხმაური ყურებში
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- ქავილი, გამონაყარი კანზე
- შეშუპება (განსაკუთრებით კოჭის შეშუპება)
- მადის დაკარგვა, სისხლში შაქრის მომატებული დონე
- წონის მატება
- ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- ცვლილებები ლაბორატორიული კვლევების შედეგებში (როგორც წესი, დაკავშირებულია ღვიძლის ფუნქციასთან)
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 1000-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს):
- სისხლში შაქრის დონის შემცირება
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
- მხედველობის დაბინდვა
- გულის პალპიტაცია
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება 10000-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს):
- თირკმლის დაავადების სინდრომი (ნეფროზული სინდრომი), მწვავე ნეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ტკივილი თირკმელების არეში ან მუცლის არეში, ხშირი შარდვა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ((შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 ადამიანს):
- კანის მძიმე რეაქცია გამონაყარით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სიცოცხლისთვის საშიში დაავადება (ლაიელის სინდრომი) რომელიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის დაშლით.
უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებიდან):
- გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კუჭის კედლის პერფორაცია, სისხლიანი განავალი, სისხლიანი ღებინება, პანკრეასის ანთება, პირის სიმშრალე
- ჰეპატიტი, სიყვითლე
- სმენის დაქვეითება
- მწვავე ანთებითი ბუშტუკოვანი დაავადება (მულტიფორმული ერითემა)
- რეაქცია მედიკამენტზე (ვლინდება წითელი ოვალური, მრგვალი ლაქების სახით და კანის შეშუპებით), ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი.
- სისხლძარღვების შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ფრჩხილების პრობლემა, თმის ცვენა, კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები და კანზე სისხლჩაქცევები.
- მძიმე ალერგიული ან იმუნური რეაქცია (ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადება)
- სისუსტე
- უძილობა, დეპრესია, ნერვიულობა, ჰალუცინაციები, განწყობის ცვლილებები, უჩვეულო სიზმრები, დაბნეულობა
- თვალის გაღიზიანება, შეშუპებული თვალები
- სენსორული დარღვევა
- სისხლძარღვების ანთება, მაღალი წნევა
- სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, ბრონქოსპაზმი
- სითხის შეკავება
- წონის კლება
- ცვლილებები ლაბორატორიული ტესტების შედეგებში (როგორიცაა სისხლდენის მაჩვენებელი)
- ზოგიერთი სახის ანემია
- ცხელება, სახსრების ტკივილი და შეშუპება
- თირკმლის ანთება (გლომერულონეფრიტი)
კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება - განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისთვის - შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მცირედ გაზრდილ რისკთან (მაგ. გულის შეტევა ან ინსულტი).
შეშუპება, მაღალი წნევა და გულის უკმარისობა დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას. ამ მიზეზით, გულის უკმარისობის გამოწვევის რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხანდაზმული პაციენტებისა და გულის დაავადების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ შევინახოთ ბრექსინი?
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია
მუყაოს კოლოფზე („Expiry date”).
ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრექსინი?
ბრექსინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პიროქსიკამ ბეტადექსს.
- პროდუქტის აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 191,2 მგ პიროქსიკამ ბეტადექსს, რაც უდრის 20 მგ პიროქსიკამს.
- სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი A ტიპის, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი, პრეჟელატინირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ბრექსინი და შეფუთვის შემადგენლობა?
ღია ყვითელი, ექვსკუთხედის ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოზნექილი, ხოლო მეორე მხარეს ბრტყელი ზედაპირით და გამყოფი ხაზით; კოლოფში მოთავსებულია 6, 10, 20 და 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account