Hipotiazidi - ჰიპოთიაზიდი 25მგ 20 ტაბლეტი

5,94 GEL
მარაგშია
SKU
87961_3171

ჩვენება:ჰიპოთიაზიდი არის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალება

ჰიპოთიაზიდი® /HYPOTHIAZID®, ტაბლეტები

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ის შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
ჩანართის შინაარსი

1. რა არის პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებამდე
3. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის ® გამოყენება
4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
5. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის ® შენახვა
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® და რისთვის გამოიყენება იგი

ჰიპოთიაზიდი არის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ის თრგუნავს მარილის, შედეგად კი წყლის, რეაბსორბციას (უკუშეწოვას) თირკმელებში და ახდენს შარდმდენ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენება

• ჰიპერტენზია (მსუბუქი ფორმების დროს – როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში).
• გულის, ღვიძლის ან თირკმელების ეტიოლოგიის შეშუპება, წინამენსტრუალური შეშუპება; ფარმაკოთერაპიის, მაგალითად კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის თანმხლები შეშუპება.
• ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის დროს პოლიურიის შესამცირებლად (პარადოქსული მოქმედება).
• ჰიპერკალციურიის შესამცირებლად.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან ან თქვენთვის ამ პრეპარატის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებამდე

არ მიიღოთ ჰიპოთიაზიდის ტაბლეტები
• თუ გაქვთ ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6)
• თუ გაქვთ ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის მსგავსი მოქმედი ნივთიერების შემცველ სხვა პრეპარატზე (ეგრედ წოდებული, სულფონამიდის სხვა წარმოებულები)
• თუ გაქვთ მდგომარეობა, როდესაც შარდის ბუშტში შარდი არ ჩადის (ეგრედ წოდებული ანურია)
• თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაზიანებისას
• ძუძუთი კვების დროს
• თუ გაქვთ კალიუმის, ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომელიც არ ნორმალიზდება მკურნალობით
• თუ გაქვთ პოდაგრა

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ჰიპოთიაზიდის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან თქვენს მომვლელ სამედიცინო პერსონალს:
- თუ ანამნეზში გაქვთ კანის კიბო ან თუ მკურნალობის პერიოდში მოულოდნელად განვითარდა ცვლილებები კანის საფარის მხრივ. ჰიდროქლოროთიაზიდით ხანგრძლივმა მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს კანის და ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს (კანის არამელანომური კიბოს) განვითარების რისკი. ჰიპოთიაზიდით მკურნალობის დროს დაიცავით კანი მზის სხივებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან;
- თუ გაქვთ თავის ტვინის სისხლძარღვების ან კორონარული არტერიების მძიმე დაავადება, შარდმჟავას ცვლის დარღვევები ან ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები;
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების დოზირების შეცვლა;
- თუ იცავთ დიეტას მარილის მცირე რაოდენობის მიღებით;
- თუ გაქვთ ან გქონდათ ძლიერი ღებინების ან/და დიარეის თანხლებით მიმდინარე დაავადება;
- თუ დაგეგმილი გაქვთ ლაბორატორიული კვლევები, რადგან პრეპარატ ჰიპოთიაზიდის მიღებისას შეიძლება შეიცვალოს ცალკეული ლაბორატორიული კვლევების შედეგები;
- თუ შენიშნეთ მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვებაზე (ქორიოიდული ეფუზია ან სითხის შეკავება) ან თვალშიდა წნევის მომატებაზე და შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ჰიპოთიაზიდის გამოყენებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე კვირაში. მკურნალობის გარეშე ეს შეიძლება იწვევდეს მხედველობის შეუქცევად დაკარგვას. თუ ადრე გქონდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ გაქვთ მისი გამოვლენის მომატებული რისკი. უნდა შეწყვიტოთ ჰიპოთიაზიდით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
- თუ ადრე გქონდათ პრობლემები სუნთქვასთან ან ფილტვებთან დაკავშირებით (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში) ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის მიღების შემდეგ ძლიერი ქოშინის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.

ჰიპოთიაზიდით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების (ხილი, ბოსტნეული და ა.შ.) მიღება. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იშვიათად ხდება.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.

სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის ნებართვით, რადგან ერთდროულად მიღებისას მათი მოქმედება შეიძლება შეიცვალოს.
- არ შეიძლება ლითიუმის მარილების შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება.
- შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
- გამოყენება ზოგიერთ საგულე პრეპარატთან ერთად საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას.
- შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
- ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას შეუძლია გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება კალიუმის გამოყოფაზე, მაგალითად ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეკრულობის სამკურნალოდ, ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), აკტჰ (გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირების შესამოწმებლად).
- შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის და საძილე საშუალებების მოქმედება მკვეთრად ადგომისას არტერიული წნევის დასაქვეითებლად.
- ფისები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად (მაგალითად, ქოლესტირამინი), ამცირებს ჰიპოთიაზიდის ტაბლეტების მოქმედებას.
- გამოყენება ეგრედ წოდებულ ციტოტოქსიკურ საშუალებებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ზრდის ამ პრეპარატების ძვლის ტვინის დამაზიანებელ მოქმედებას.
- წინასწარ აცნობეთ მკურნალ ექიმს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებით გამოკვლევის ჩატარების შესახებ (თირკმელების დაზიანების რისკი).
- შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი მიორელაქსანტის მოქმედება.
- საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების, სალიცილატების და კორტიკოსტეროიდების (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), ციკლოსპორინის (ტრანსპლანტატის მოშორების პროფილაქტიკური საშუალება), კარბამაზეპინის (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), კალციუმის დონის შესავსებად გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას; ეგრედ წოდებული ქოლინოლიზური საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც ახანგრძლივებს კუჭის დაცლას (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი).

ჰიპოთიაზიდის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ჰიპოთიაზიდის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
ჰიპოთიაზიდი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დასაბუთებულია, ამიტომ მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, რადგან პრეპარატ ჰიპოთიაზიდის მოქმედი ნივთიერება კვეთს პლაცენტას და შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მიიღებთ ორსულობის მესამე თვის შემდეგ.

ლაქტაცია
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების მიღება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა
რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გამოყენების საწყის ეტაპზე, ამ პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, აკრძალულია ავტომობილის მართვა და ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას. შემდგომში აკრძალვის ხარისხი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ჰიპოთიაზიდის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
ჰიპოთიაზიდი 25 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს 63 მგ, ხოლო ჰიპოთიაზიდი 100 მგ ტაბლეტი შეიცავს 39 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს (რძის შაქარს).
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. პრეპარატ ჰიპოთიაზიდი® გამოყენება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რეკომენდებულ დოზასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის დოზის განსაზღვრა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და გულდასმით სამედიცინო კონტროლს, ამიტომ ის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით და ვადით. ხანგრძლივი მკურნალობა ან უფრო მაღალი დოზები საჭიროებს ლაბორატორიულ კონტროლს და შესაბამისად კალიუმის და მაგნიუმის შევსებას.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25-100 მგ-ს დღე-ღამეში. თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია მისი შემცირება შემანარჩუნებელ სადღეღამისო დოზამდე, რომელიც შეადგენს 25-50 მგ-ს, მიღებული ეფექტის მიხედვით.

ბავშვთა ასაკის პაციენტები
რეკომენდებული პედიატრიული სადღეღამისო დოზები: 1-2 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ან 30-60 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, ერთ მიღებაზე. 6-12 წლის ასაკის ბავშვები – 37.5-100 მგ დღეში, სხეულის მასის მიხედვით. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25-100 მგ-ს დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

თუ მიიღეთ ჰიპოთიაზიდის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის განზრახ ან შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.
სიმპტომები: ხშირი გულისცემა, არტერიული ჰიპოტენზია, სისუსტე, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა, კუნთების კრუნჩხვა, მგრძნობელობის დარღვევა, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წყურვილი, შარდვის დარღვევა, ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდომა.

თუ დაგავიწყდათ ჰიპოთიაზიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, დაელოდეთ შემდეგი მიღების დროს და მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ უვითარდება ყველა პაციენტს.

ზოგიერთ არასასურველ რეაქციას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგი. თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას, აღარ მიიღოთ ჰიპოთიაზიდის ტაბლეტები და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

- ჰიპერმგრძნობელობის მძიმე (ეგრედ წოდებული ანაფილაქსიური) რეაქცია, შოკი, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციას არტერიული წნევის მოულოდნელი დაცემით და სუნთქვის დარღვევით (არასასურველი რეაქცია უცნობი სიხშირით).
- კანის მძიმე რეაქციები: ბუშტუკების წარმოქმნა კანის ზედაპირის აშრევებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), პირის ღრუს, თვალის და საშოს ლორწოვანი გარსის ვეზიკულური დაზიანებები, ასევე ლაქოვანი გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (არასასურველი რეაქცია უცნობი სიხშირით).

ალერგიული რეაქციის ნებისმიერი სხვა ნიშნის (მაგალითად, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება), გახშირებული გულისცემის განვითარების, შარდის მოცულობის შემცირების შემთხვევაში აღარ მიიღოთ ჰიპოთიაზიდი და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

სხვა არასასურველი რეაქციები
არც ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ში):
არაინფექციური პნევმონია, ფილტვების შეშუპება (რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება).

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ში):
ლეიკოციტების, თრომბოციტების და ერითროციტების დაბალი რაოდენობა.
მწვავე რესპირატორული დისტრესს-სინდრომი (სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს, ცნობიერების არევას).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
- კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის დაბალი დონე, სისხლში კალციუმის, შაქრის, შარდმჟავას მომატებული დონე, შაქარი შარდში.
- უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია სისხლში ლიპიდების დონის მომატება.
- გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას.
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კრუნჩხვა, პროსტრაცია, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ხასიათის შეცვლა, სენსორული დარღვევები.
- მხედველობის დროებით დარღვევა, საგნების ყვითლად დანახვა.
- პირის ღრუს სიმშრალე, წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ნაღვლის ბუშტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ნაღვლის სადინრების გაუვალობა, სიყვითლე, დიარეა, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, შეკრულობა, უმადობა.
- თირკმელების უკმარისობა, ნეფრიტი.
- კუნთების კრუნჩხვა და ტკივილი.
- ქლორიდის იონების დონის დაქვეითება, რაც შეიძლება იწვევდეს ღვიძლის დაზიანებას ღვიძლის კომამდე.
- შარდმჟავას მომატებული დონე, რამაც უსიმპტომო პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევის პროვოცირება.
- გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, რაც შეიძლება მიუთითებდეს უსიმპტომო დიაბეტის არსებობაზე.
- ვასკულიტი, რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების სიკვდილს.
- კანზე სისხლჩაქცევები, მგრძნობელობა სინათლის მიმართ.
- მხედველობის დარღვევა ან თვალების ტკივილი მაღალი თვალშიდა წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვება [ქორიოიდული ეფუზია ან სითხის შეკავება]), არამკვეთრი მხედველობა და ობიექტების გარშემო ჰალოს დანახვა, თავის ტკივილი, ძლიერი ცრემლდენა, გულისრევა, ღებინება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებაზე, ან/და მხედველობის დაქვეითება, ახლომხედველობა, რაც შეიძლება მიუთითებდეს მწვავე ახლომხედველობის განვითარებაზე (მწვავე მიოპია).
- სექსუალური დარღვევები.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® შენახვა

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰიდროქლოროთიაზიდი/ ჰყდროცჰლოროტჰიაზიდე
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა
ჰიპოთიაზიდი® 25 მგ 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: ჰიდროქლოროთიაზიდი – 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი (E470), ჟელატინი, ტალკი (E553), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბრტყელი ტაბლეტები. ერთ მხარეს მარკირება ~H~, მეორე მხარეს – გამყოფი ხაზი (დაგეხმარებათ გადაყლაპვისას, მაგრამ არ არის გამიზნული ტაბლეტის გასაყოფად თანაბარ დოზებზე).

შეფუთვა
ჰიპოთიაზიდი® 25 მგ
20 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy