დომინალი - Dominal 400მგ 5 ტაბლეტი

28,40 GEL
მარაგშია
SKU
90725_871

ჩვენება: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით.

დომინალი

(DOMINAL)

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო არა პატენტირებული დასახელება: მოქსიფლოქსაცინი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები :

ღია ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით;

შემადგენლობა :

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, დიბუთილფთალატი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჰიპრომელოზა.

გამოშვების ფორმა :

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 400 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინს გააჩნია i n vitro აქტივობა მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის და რეპარაციისთვის საჭირო ტოპოიზომერაზა II-ის ორივე ტიპის (დნმ-ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV) ინჰიბირებით. მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობა დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები უახლოვდება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს.

გავლენა ნაწლავურ მიკროფლორაზე

მოქსიფლოქსაცინის პერორალური გამოყენების შემდეგ აღინიშნება შემდეგი ცვლილებები ნაწლავურ ფლორაში: E. coli, Bacillus spp., Enterococcus spp., Klebsiella spp. და ასევე ანაერობების Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium spp. და Peptostreptococcus spp. რაოდენობის შემცირება; Bacteroides fragilis რაოდენობის ზრდა. აღნიშნული ცვლილებები უბრუნდებოდა ნორმალურ მონაცემებს 2 კვირის განმავლობაში.

რეზისტენტობის მექანიზმი

რეზისტენტობის მექანიზმები, რომელთა ხარჯზე ხდება პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების ინაქტივირება, არ მოქმედებს მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ ეფექტურობაზე. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებულია Pseudomonas aeruginosa-ში) და უკუდენის მექანიზმები, შეიძლება გავლენა იქონიონ მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობელობაზე. In vitro კვლევების თანახმად, მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის ფორმირება წარმოადგენს ეტაპობრივ პროცესს, რომელიც ვითარდება ტოპოიზომერაზა II-ის ორივე ტიპის - დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის წერტილოვანი მუტაციების შედეგად.

აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ფტორქინოლონებთან. მაგრამ, ვინაიდან გრამდადებით ბაქტერიებში მოქსიფლოქსაცინი აინჰიბირებს მსგავსი აქტივობის მქონე ტოპოიზომერაზა II-ის ორივე ტიპს, აღნიშნული ბაქტერიები შეიძლება იყოს რეზისტენტული სხვა ქინოლონებისადმი, მაგრამ მგრძნობიარე მოქსიფლოქსაცინისადმი.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

ცალკეული შტამების რეზისტენტობა მოქსიფლოქსაცინის მიმართ ვარირებს დროისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით, რის გამოც სასურველია ლოკალური რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება და გამომწვევის პრეპარატისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების დროს.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები: აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Gardnerella vaginalis; Staphylococcus aureus* (მგრძნობიარე მეთიცილინისადმი); Streptococcus agalactioe (B ჯგუფი); Streptococcus milleri group* (S. anginosus, S. constellatus ta S. intermedius); Streptococcus pneumoniae*; Streptococcus pyogenes* (A ჯგუფი); Streptococcus viridans ჯგუფი (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus); აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumanii; Haemophilus inJluenzae*; Haemophilus parainfluenzae*; Legionella pneumophila; Moraxella (Branhamella) catarrhalis*; ანაერობული მიკროორგანიზმები: Fusobacterium spp.; Prevotella spp.; სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*; Chlamydia trachomatis*; Coxiella burnetii; Mycoplasma geniralium; Mycoplasma hominis; Mycoplasma pneumoniae*.

შტამები პრობლემური რეზისტენტობით: აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis*; Enterococcus faecium*; Staphylococcus aureus (მეთიცილინრეზისტენტული)+; აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Enterobactei cloacae*; Escherichia coli*#; Klebsiella pneumoniae*#; Klebsiella oxytoca; Neisseria gonorrhoeae*+; Proteus mirabilis*; ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteirudes fragilis*; Peptostreptococcus spp.*.

რეზისტენტული შტამები:აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:Pseudomonas aeruginosa.

* მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინისადმი დადასტურებულია კლინიკური მონაცემებით

# ESBL-წარმომქმნელი შტამები ჩვეულებრივ რეზისტენტულია ფტორქინოლონებისადმი

+ რეზისტენტობის მაჩვენებელი >50%

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და ბიოშეღწევადობა

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს 91%-ს.

50-800 მგ ერთჯერადი და 600 მგ სადღეღამისო დოზების გამოყენების შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში ფარმაკოკინეტიკა წრფივია. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 დღის განმავლობაში.

400 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 0,5-4 საათში და შეადგენს 3,1 მგ/ლ. მაქსიმალური და მინიმალური პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 3,2 და 0,6 მგ/ლ შესაბამისად.

წონასწორულ მდგომარეობაში ექსპოზიცია დოზირების ინტერვალის ფარგლებში თითქმის 30%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პირველი დოზის გამოყენების შემდეგ.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ სივრცეში, 400 მგ დოზის გამოყენების შემდეგ AUC (ფართობი შეფარდების „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ) შეადგენს 35 მკგ/ლ. განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 2 ლ/კგ. შეკავშირება სისხლის ცილებთან შეადგენს 40-42%-ს და არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.

მეტაბოლიზმი

მოქსიფლოქსაცინი ექვემდებარება II ფაზის ბიოტრანსფორმირებას, გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით და განავალთან/ნაღველთან ერთად, როგორც უცვლელი სახით, ასევე არააქტიური სულფონაერთების (M1) და გლუკურონიდების (M2) სახით. არ აღინიშნება მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ექვემდებარება I ფაზის ბიოტრანსფორმირებას P450 ციტოქრომის სისტემის მონაწილეობით. არ არის დადგენილი ჟანგვითი მეტაბოლიზმის ნიშნები.

გამოყოფა

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს. საშუალო საერთო კლირენსი 400 მგ-ის მიღების შემდეგ შეადგენს 179-246 მლ/წთ. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 24-53 მლ/წთ, რაც მიუთითებს პრეპარატის ნაწილობრივ მილაკოვან რეაბსორბციაზე. შარდით (19% - უცვლელი სახით, 2,5% - M1 და 14% - M2) და განავალით (25% - უცვლელი სახით, 36% - M1, M2-ის სახით არ გამოიყოფა) გამოიყოფა მოქსიფლოქსაცინის დაახლოებით 96%. რანიტიდინის და პრობენეციდის ერთდროული მიღება არ ცვლის პრეპარატის თირკმლისმიერ კლირენს.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფებში.

სხეულის დაბალი მასის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში (მაგ., ქალებში) და ხანდაზმულებში აღინიშნება პრეპარატის მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

პაციენტებში თირკმელის უკმარისობით არ ვლინდება მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები (პაციენტების კრეატინინის კლირენსით >20 მლ/წთ/1,73მ2ჩათვლით). თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესაბამისად M2 მეტაბოლიტის კონცენტრაცია იზრდება 2,5-ჯერ (პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ˂30 მლ/წთ/1,73მ2).

არ არსებობს მოქსიფლოქსაცინის კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

ჩვენება :

პრეპარატი განკუთვნილია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ 18 წლის ზემოთ პაციენტებში. შემდეგი ჩვენებებით მოქსიფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ, არის შეუძლებელი ან არაეფექტური:

- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით;

- არაჰოსპიტალური პნევმონია, მძიმე შემთხვევების გარდა;

- მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანთებითი დაავადებები (ქალებში გენიტალური ტრაქტის ინფექციების ჩათვლით, მათ შორის სალპინგიტი და ენდომეტრიტი), რომლებიც არ არის ასოცირებული ტუბოოვარიულ ან მცირე მენჯის ორგანოების აბსცესთან.

დომინალი არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით მცირე მენჯის ორგანოების ზომიერი და საშუალო ხარისხის ანთებითი დაავადებების დროს. Neisseria gonorrhoeae-ს მოქსიფლოქსაცინის მიმართ მაღალი რეზისტენტობის გამო, გამოყენება უნდა მოხდეს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ., ცეფალოსპორინებთან) კომბინაციაში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც რეზისტენტობა გამორიცხულია.

დომინალის ტაბლეტების გამოყენება დასაშვებია მკურნალობის კურსის დასასრულებლად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მდგომარეობის გაუმჯობესება მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური ფორმით მკურნალობის შემდეგ ისეთი ჩვენებების დროს, როგორიცაა:

- არაჰოსპიტალური პნევმონია;

- კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციები.

დომინალი არ არის რეკომენდებული სასტარტო თერაპიის სახით კანისა და კანქვეშა ქსოვილების ნებისმიერი ინფექციის ან მძიმე მიმდინარეობის არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს.

საჭიროა ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების სათანადო გამოყენების ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება.

მიღების წესი და დოზირება :

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ცოტაოდენ წყალთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით - 5-10 დღე;

- არაჰოსპიტალური პნევმონია - 10 დღე;

- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი - 7 დღე;

- მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და საშუალო ხარისხის ანთებითი დაავადებები - 14 დღე.

თანმიმდევრული (ინტრავენურის შემდგომი) მკურნალობა

კლინიკური კვლევების დროს თანმიმდევრული მკურნალობის დროს პაციენტთა უმრავლესობა გადადიოდა მოქსიფლოქსაცინით ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურ მიღებაზე 4 დღის განმავლობაში (არაჰოსპიტალური პნევმონია) ან 6 დღის განმავლობაში (კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციები).

ინტრავენური და პერორალური მკურნალობის რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს არაჰოსპიტალური პნევმონიის და 7-21 დღეს - კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების შემთხვევაში.

არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის (400 მგ 1 ჯერ დღეში) და თითოეული ჩვენებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობის გადამეტება.

გვერდითი მოვლენები :

ჩვეულებრივ, მოქსიფლოქსაცინი კარგად გადაიტანება, ღებინების და დიარეის გარდა გვერდითი მოვლენების სიხშირე არ აღემატება 3%–ს.

გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირი – სუპერინფექციები ბაქტერიული ან სოკოვანი რეზისტენტობის შედეგად, მაგ., ორალური ან ვაგინალური კანდიდოზი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ეოზინოფილია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდა; ძალიან იშვიათი - პროთრომბინის დონის ზრდა/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის შემცირება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ალერგიული რეაქციები; იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ალერგიული შეშუპება/ანგიოედემა (მათ შორის ხორხის შეშუპება);

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: არახშირი – ჰიპერლიპიდემია; იშვიათი – ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია; ძალიან იშვიათი – ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა.

ფსიქიკური დარღვევები: არახშირი - ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აღგზნება; იშვიათი - ემოციური ლაბილობა, დეპრესია; ძალიან იშვიათი - დეზორიენტაცია, ფსიქოზური აშლილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირი - ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა; იშვიათი - პარესთეზია, დიზესთეზია, გემოს დარღვევა (მათ შორის აგევზია ძალიან იშვიათ შემთხვევებში), ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, ძილის დარღვევა (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა; იშვიათი - ჰიპესთეზია, ყნოსვის დარღვევა (ანოსმიის ჩათვლით), პათოლოგიური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევები (სიარულის დარღვევების ჩათვლით, თავბრუსხვევის შედეგად ან ვერტიგო), კრუნჩხვა (მათ შორის grand mal შეტევები), ყურადღების დარღვევა, მეტყველების დარღვევა, ამნეზია, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათი - ჰიპერესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი – მხედველობის დარღვევები, მათ შორის დიპლოპია და არამკაფიო მხედველობა (განსაკუთრებით ცნს-ის მხრივ რეაქციების დროს); იშვიათი - ფოტოფობია; ძალიან იშვიათი - მხედველობის ტრანზიტული დაკარგვა (განსაკუთრებით, ცნს-ის მხრივ გვერდითი რეაქციების დროს), უვეიტი და ირისის ბილატერალური მწვავე ტრანსილუმინაცია.

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: იშვიათი - ხმაური ყურებში, სმენის დარღვევები, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ, შექცევადი).

გულის მხრივ: ხშირი - QT ინტერვალის გახანგრძლივება პაციენტებში ჰიპოკალიემიით; არახშირი - QT ინტერვალის გახანგრძლივება, პალპიტაცია, ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია, სტენოკარდია; იშვიათი - პარკუჭოვანი ტაქიარითმია, სინკოპე; ძალიან იშვიათი - არასპეციფიკური არითმია, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიარითმია.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:არახშირი - ვაზოდილატაცია; იშვიათი - ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათი – ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი – დისპნოე (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; არახშირი - მადის დაქვეითება და საჭმლის მიღების შემცირება, შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ამილაზას დონის ზრდა; იშვიათი – დისფაგია, სტომატიტი, ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი).

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ხშირი - ტრანსამინაზების დონის მომატება; არახშირი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის ლაქტატდეჰიდროგენაზას ზრდა), ბილირუბინის, გამაგლუტამილტრანსფერეზას და ტუტე ფოსფატაზას დონის ზრდა; იშვიათი - ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ძალიან იშვიათი - ფულმინანტური ჰეპატიტი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის უკმარისობის განვითარებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:არახშირი - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე; ძალიან იშვიათი - კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; უცნობი სიხშირის - მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არახშირი - ართრალგია, მიალგია; იშვიათი - ტენდინიტი, კუნთების კრთომა, კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათი - მყესის გაწყვეტა, ართრიტი, კუნთების რიგიდულობა, მიასთენიის სიმპტომების გამწვავება; უცნობი სიხშირის - რაბდომიოლიზი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:არახშირი - დეჰიდრატაცია; იშვიათი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის შარდოვანას აზოტის და კრეატინინის ზრდა), თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი ხასიათის დარღვევები: არახშირი - ზოგადი სისუსტე (ძირითადად, ასთენია ან დაღლილობა), ტკივილის შეგრძნება (წელის, გულმკერდის, კიდურების და მცირე მენჯის პროექციაში ტკივილის ჩათვლით), ჰიპერჰიდროზი; იშვიათი - შეშუპება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობისას დარეგისტრირებულია შემდეგი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროსაც: ქალაშიდა წნევის მომატება (pseudotumor cerebri-ის ჩათვლით), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალცემია, ჰემოლიზური ანემია, აორტის ანევრიზმის და განშრევების შემთხვევები, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება :

- მომატებული მგრძნობელობა ქინოლონების/ფტორქინოლონების, მოქსიფლოქსაცინის და/ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

- 18 წლამდე ასაკი.

- ორსულობა ან ძუძუთი კვების პერიოდი.

- ქინოლონებით მკურნალობასთან დაკავშირებული მყესების დაავადებები ანამნეზში.

რადგან მოქსიფლოქსაცინის გამოყენება დაკავშირებულია QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან, პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის:

- თანდაყოლილი ან დიაგნოსტირებული შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივებით;

- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, კერძოდ, დაუკორექტირებელი ჰიპოკალიემიის დროს;

- კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით;

- კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობით მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული განდევნის ფრაქციით;

- სიმპტომური არითმიებით ანამნეზში.

არ არის რეკომენდირებული დომინალის ერთდროული გამოყენება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს.

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით).

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

მოქსიფლოქსაცინის და სხვა QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის ზრდა, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) ჩათვლით, რის გამოც უკუნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში:

- IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);

- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);

- ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ., ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);

- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

- ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატები (საკვინავირი, სპარფლოქსაცინი, ი/ვ ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, კერძოდ გალოფანტრინი);

- ზოგიერთი ანტიჰისტამინები (ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზოლასტინი);

- სხვა (ციზაპრიდი, ი/ვ ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი).

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დონის დამწევ პრეპარატებს (მაგ., მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკები, ოყნები და საფაღარათო საშუალებები (მაღალი დოზებით), კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B), ან პრეპარატებს, რომელთა მოქმედება დაკავშირებულია კლინიკურად მნიშვნელოვან ბრადიკარდიასთან.

მოქსიფლოქსაცინის და ისეთი პრეპარატების მიღების შორის, რომლებიც შეიცავს ბივალენტურ ან სამვალენტიან კათიონებს (მაგ., მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინის ტაბლეტები, სუკრალფატი და რკინის ან ცინკის შემცველი საშუალებები) ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 6 საათს.

მოქსიფლოქსაცინის აბსორბციის დაქვეითების შედეგად, აქტივირებულ ნახშირთან ერთად პერორალური მიღების შემთხვევაში, პრეპარატის სისტემური ბიოშღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტად. ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდირებული ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება (გარდა ჭარბი დოზირების შემთხვევებისა).

მოქსიფლოქსაცინის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნებოდა დიგოქსინის Cmax დაახლოებით 30%-ით ზრდა წონასწორულ მდგომარეობაში, AUC-ზე და მინიმალურ კონცენტრაციაზე ზეგავლენის გარეშე. შესაბამისად, არ არსებობს პრევენციული ღონისძიებების საჭიროება დიგოქსინის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

გლიბენკლამიდის კომბინაციამ მოქსიფლოქსაცინთან შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ხანმოკლე ჰიპერგლიკემია, მაგრამ ფარმაკოკინეტიკაში აღნიშნული ცვლილებები არ იწვევს ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებას (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე). ამგვარად, კლინიკურად რელევანტური ურთიერთქმედება მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის არ არის გამოვლენილი.

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მაჩვენებლების (INR) ცვლილება

აღინიშნება პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის ზრდა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით ფტორქინოლონებთან, მაკროლიდებთან, ტეტრაციკლინებთან, კოტრიმოქსაზოლთან და ზოგიერთ ცეფალოსპორინთან. რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები, ასაკი და პაციენტის საერთო მდგომარეობა. სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია INR-ის მაჩვენებლის ხშირი მონიტორინგი და, საჭიროებისამებრ, პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის სათანადო კორექტირება.

კლინიკური კვლევების თანახმად, არ ვლინდება მოქსიფლოქსაცინის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებება რანიტიდინთან, პრობენეციდთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, კალციუმის დანამატებთან, პარენტერალურ მორფინთან, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან და იტრაკონაზოლთან. ციტოქრომ P450 ფერმენტებით განპირობებული მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

მოქსიფლოქსაცინს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებ პროდუქტებთან, რძის პროდუქტების ჩათვლით.

ჭარბი დოზირება :

მკურნალობა: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ადეკვატური ჰიდრატაცია, გააქტივებული ნახშირის მიღება, ეკგ-ს მონიტორინგი (QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით), სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია :

დომინალის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია.

მოქსიფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ, ძუძუთი კვების პერიოდში დომინალის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა მოქსიფლოქსაცინის გავლენა ფერტილობაზე.

განსაკუთრებული მითითებები :

ანამნეზში ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქციების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისგან. ასეთ პაციენტებს მოქსიფლოქსაცინი უნდა დაენიშნოს მხოლოდ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების არარსებობის და სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკის და რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად, ძალიან იშვიათი შემთხვევებში ფიქსირდება ხანგრძლივი მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები ძვალ-კუნთოვანი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების და გრძნობათა ორგანოების მხრივ. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.

QT-ინტერვალის გახანგრძლივება

ზოგ პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე QT-ინტერვალის გახანგრძლივება. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ქალებში შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო მაღალი მგრძნობელობა QT-ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატებისადმი.

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დონის დამწევ პრეპარატებს, ასევე პაციენტებში პროარითმოგენური მდგომარეობებით (განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT-ინტერვალის გახანგრძლივება, რადგანაც ეს ზრდის პარკუჭოვანი არითმიების (torsade de pointes ჩათვლით) და გულის გაჩერების რისკს. QT-ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად, ამიტომ არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პრეპარატის მიღებისას არითმიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ელექტროკარდიოგრაფული კვლევა.

აორტის ანევრიზმის, განშრევების და გულის სარქველების რეგურგიტაციის/უკმარისობის რისკი

მოქსიფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფასების და მკურნალობის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში აორტის ანევრიზმით ან აორტის განშრევებით და გულის სარქველების უკმარისობით პირად ან ოჯახურ ანამნეზში, ასევე აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში: როგორც აორტის ანევრიზმის და განშრევების, ასევე გულის სარქველების რეგურგიტაციის/უკმარისობის რისკი (მაგ., შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი); დამატებით აორტის ანევრიზმის და განშრევების რისკი (მაგ., ვასკულარული დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ათეროსკლეროზი, შეგრენის სინდრომი) ან დამატებით გულის სარქველების რეგურგიტაციის/უკმარისობის რისკი (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი).

აორტის ანევრიზმის და განშრევების რისკი მატულობს სისტემური კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის დროს.

უეცარი ტკივილის შემთხვევაში მუცლის, მკერდის ან ზურგის არეში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ექიმს.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

არსებობს შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ ფტორქინოლონების, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, პირველივე გამოყენების შემდეგ. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა მოქსიფლოქსაცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

ფულმინანტური ჰეპატიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია თანმხლები სიყვითლით, შარდის გამუქებით, სისხლდენებისადმი მიდრეკილებით ან ენცეფალოპათიით, მკურნალობის გაგრძელებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. ღვიძლის დისფუნქციის გამოვლენისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ლაბორატორიული გამოკვლევა.

კანის მხრივ მძიმე რეაქციები

პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა პაციენტების ინფორმირება კანის მხრივ სერიოზული რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ, ასევე სათანადო დაკვირვება მათზე. აღნიშნული ნიშნების და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა. ისეთი სერიოზული რეაქციების განვითარების შემდეგ, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ასევე ცნობილი, როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება დაუშვებელია.

კრუნჩხვების განვითარებისადმი მიდრეკილი პაციენტები

ცნობილია, რომ მოქსიფლოქსაცინს, სხვა ქინოლონების მსგავსად, შეუძლია მოახდინოს კრუნჩხვითი შეტევის ინიცირება და კრუნჩხვითი ზღურბლის დაწევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს პაციენტებში ცნს-ის დაავადებებით. კრუნჩხვების შემთხვევაში აუცილებელია მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება.

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს, აღწერილია სენსორული და სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები. აღნიშნული დაავადებების სიმპტომების გამოვლენისთანავე, როგორიცაა ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების პრევენციის მიზნით, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელების თაობაზე.

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათ შემთხვევებში, მოქსიფლოქსაცინის მიღების დროს შესაძლებელია განვითარდეს პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში ფსიქოზური აშლილობა, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და შესაბამისი ზომების მიღებას. მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ფსიქოზებით ან ფსიქიკური დაავადებებით ანამნეზში.

დიარეა, ასოცირებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით, მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ მძიმე და პერსისტირებადი დიარეის არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის და კოლიტის, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტის და Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის, არსებობაზე, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს მოქსიფლოქსაცინის მოხსნას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას. გარდა ამისა, მიღებული უნდა იქნას სათანადო სანიტარულ-ეპიდემიური ზომები ინფექციის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით. პაციენტებში მძიმე დიარეით პერისტალტიკის საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია.

პაციენტები მიასთენიით

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიასთენიით, ვინაიდან შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გამწვავება.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას აღწერილია ტენდინიტის განვითარების ცალკეული შემთხვევები, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც მკურნალობის დასაწყისში, ასევე მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში. აღნიშნული მდგომარეობის რისკი მატულობს ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმატოზული ორგანოების ტრანსპლანტაციით და პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ტენდინიტის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას (ტკივილი, შეშუპება, ანთება მყესის არეში) მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს, მოხდეს კიდურის იმობილიზაცია და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ტენდინოპათიის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

მოქსიფლოქსაცინი გამოიყენება სიფრთხილით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღევევებით, თუ მათ არ შეუძლიათ ადეკვატური რაოდენობის სითხის მიღება, რადგან გაუწყლოება ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს.

მხედველობის დარღვევები

მკურნალობის პერიოდში მხედველობის ან თვალის მხრივ სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს.

დისგლიკემია

როგორც სხვა ქინოლონებმა, მოქსიფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება – როგორც ჰიპოგლიკემია, ასევე ჰიპერგლიკემია, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ. გლიბენკლამიდი) ან ინსულინს. დაფიქსირებულია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევებიც. დიაბეტიან პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის მკაცრი მონიტორინგი.

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციების პროფილაქტიკა

მიუხედავად იმისა, რომ მოქსიფლოქსაცინის მიღების დროს კვლევების თანახმად ფოტოსენსიბილიზაციის განვითარების რისკი შედარებით დაბალია, ფოტომგრძნობელობის რეაქციის გამოვლენის თავიდან ასარიდებლად, პაციენტები უნდა მოერიდონ მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.

გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

პაციენტებს გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ოჯახურ ან პირად ანამნეზში ქინოლონებით მკურნალობის დროს აღენიშნებათ მიდრეკილება ჰემოლიზური რეაქციებისადმი. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს. უნდა მოხდეს შესაძლო ჰემოლიზის განვითარების კონტროლი.

პაციენტები მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებით

მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით არ არის რეკომენდირებული პაციენტებში მცირე მენჯის ორგანოების გართულებული ანთებითი დაავადებებით (მაგ., ტუბო-ოვარიული ან მცირე მენჯის აბსცესი), რომლებიც საჭიროებს ინტრავენურ მკურნელობას. თუ შეუძლებელია მოქსიფლოქსაცინისადმი რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-თ დაინფიცირების სრულად გამორიცხვა, მოქსიფლოქსაცინი ემპირიულად უნდა დაინიშნოს სხვა შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად (მაგ., ცეფალოსპორინთან). თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თერაპია უნდა გადაიხედოს.

გავლენა ბიოლოგიურ ტესტებზე

გასათვალისწინებელია მოქსიფლოქსაცინის აქტივობა Mycobacterium spp. წინააღმდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ტესტის ცრუ-უარყოფითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

პაციენტები მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული

ინფექციებით

მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ბავშვები

მოქსიფლოქსაცინი იწვევს ხრტილების დაზიანებას ახალგაზრდა ცხოველებში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებებზე

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში დომინალის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დომინალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმის რაოდენობას ყოველ ტაბლეტში და შეიძლება ჩაითვალოს „ნატრიუმისგან თავისუფალ“ მედიკამენტად.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

საკითხი ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე წყდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის პრეპარატის მიღებაზე მისი რეაქციის შეფასების შემდეგ.

შეფუთვა:

5 ტაბლეტი ბლისტერში, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები :

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ასევე , იხილეთ : Moloxin - მოლოქსინი 400მგ 5 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy