დიამიკრონი MR - Diamicron MR 60მგ 60 ტაბლეტი

14,00 GEL
მარაგშია
SKU
90185_638

ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებში არაინსულინდამოკიდებული (ტიპი 2) დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტის, ვარჯიშის და წონაში კლების გზით.

დიამიკრონი MR 60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

  • აქტიური ნივთიერება: 60 მგ გლიკლაზიდი
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (წარმოებულია ხბოსგან), მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
  • ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის დიამიკრონი MR და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება დიამიკრონი MR?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. დიამიკრონი MR-ის შენახვა

1. რა არის დიამიკრონი MR და რისთვის გამოიყენება?

· დიამიკრონი MR არის თეთრი, მოგრძო ტაბლეტი, ორივე მხარეს გრავირებით DIA 60, რომელიც მოთავსებულია 30, 60 და 90 ტაბლეტიან ბლისტერის შეფუთვაში.

· დიამიკრონი MR აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს (სულფონილშარდოვნების ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი).

· დიამიკრონი MR გამოიყენება მოზრდილებში არაინსულინდამოკიდებული (ტიპი 2) დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტის, ვარჯიშის და წონაში კლების გზით.

ეს პრეპარატი შეცავს ხბოსგან წარმოებულ დამხმარე ნივთიერებას, ლაქტოზის მონოჰიდრატს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დიამიკრონი MR შემდეგ შემთხვევებში:

· თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ან დიამიკრონი MR-ის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების (ჩამოთვლილია თავში „დამხმარე ნივთიერებები“) ან ამავე ჯგუფის მსგავსი პრეპარატების (მაგალითად, სულფონილშარდოვნები ან ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები) მიმართ;

· თუ გაქვთ ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) დიაბეტი;

· თუ გაქვთ შარდში კეტონები (ცილა) და შაქარი (შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ეს დაკავშირებულია დიაბეტთან), დიაბეტური კომის შემთხვევაში;

· თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ძლიერი უკმარისობა;

· თუ იყენებთ სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატს (მაგალითად, მიკონაზოლს. იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“);

· ლაქტაციის პერიოდში (იხილეთ, „ლაქტაცია“).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.

იმისათვის, რომ მიღწეული იქნას სისხლში შაქრის ნორმალური დონე, საჭიროა დაკვირვება ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობაზე. პრეპარატი უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, ამასთანავე უნდა დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული კვების რეჟიმი/დიეტა, რეგულარულად ივარჯიშოთ და, თუ საჭიროა, უნდა დაიკლოთ წონაში. დიამიკრონი MR-ით მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში (შესაძლებელია შარდშიც) შაქრის დონე და გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მაჩვენებელი. მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

· არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება,

• მარხვა,

· არასაკმარისი კვება,

· კვების რეჟიმში/დიეტაში ცვლილების შეტანა, განსაკუთრების საკვების გამოტოვების შემთხვევაში,

· თუ მიღებული/მოხმარებული ნახშირწყლებს რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს ფიზიკური აქტივობის ზრდას,

· ალკოჰოლის გამოყენება, განსაკუთრებით კვების გამოტოვების შემთხვევაში,

· სხვადასხვა პრეპარატებთან ან ბუნებრივ პრეპარატებთან ერთად გამოყენება,

· ჭარბი რაოდენობით დიამიკრონი MR-ის გამოყენება,

· ჰორმონალური დაავადებების არსებობა (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები),

· ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების სერიოზული დაქვეითება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები (იხილეთ, „რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?“): თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილის დარღვევები, აჟიტირება (ძლიერი აღგზნება), აგრესია (სხვა პირების მიმართ აგრესიის გამოხატვა საუბრით და ქცევით), კონცენტრაციის დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა და რეფლექსების დარღვევა, დეპრესია, კონფუზია (დაბნეულობა, ცნობიერების დაქვეითება), მხედველობის ან მეტყველების დარღვევები, კანკალი, შეგრძნების დარღვევები, ვერტიგო და სისუსტის შეგრძნება.

შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომებიც: ოფლიანობა, ცივი ოფლი, შფოთვა (აღელვება), სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა, არტერიული წნევის მატება, მკერდში უეცარი და ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს სხეულის ახლომდებარე მიდამოებზე (სტენოკარდია).

თუ სისხლში შაქრის დონე განაგრძობს დაქვეითებას, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი კონფუზია (ცნობიერების დაბინდვა), კრუნჩხვის შეტევები (კონვულსიები), კონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის შენელება და გულის წასვლა/გონების დაკარგვა.

როგორც წესი, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები სწრაფად გაქრება, თუ პაციენტი მიიღებს შაქარს. მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტები, ნატეხი შაქარი, ხილის წვენი ან შაქრიანი ჩაი.

ყოველთვის თან უნდა იქონიოთ შაქარი (მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტები ან ნატეხი შაქარი). ამ შემთხვევაში ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

ზოგჯერ სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს ფარულად, ნაკლებად შესამჩნევად ან ნელ-ნელა, რის გამოც ვერ შენიშნოთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს განსაკუთრებით ასაკოვან აპციენტებში, რომლებიც იყენებენ სხვა პრეპარატებს (მაგალითად, პრეპარატებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და პრეპარატებს, სახელად ბეტა-ბლოკატორები).

თუ სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ (ავარია, ოპერაცია, ცხელება), ექიმმა დროებით შესაძლებელია დანიშნოს ინსულინით მკურნალობა.

თუ მკურნალობა არ ტარდება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული სახით, იყენებთ მცენარეულ პრეპარატ კრაზანას (Hypericum perforatum) (იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“), განსაკუთრებით სტრესულ გარემოში ან, თუ დიამიკრონი MR-ით მკურნალობამ საკმარისად არ დააქვეითა სისხლში შაქრის დონე, შესაძლებელია სისხლში მოიმატოს შაქრის დონემ (ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომებია წყურვილი, ხშირად მოშარდვის სურვილი, პირის სიმშრალე, ქავილი ან კანის სიმშრალე, კანის ინფექციები, ენერგიის დაქვეითება.

თუ ეს სიმპტომები გაგრძელდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან ერთად, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეგახსენებთ სისხლში შაქრის დონეზე დაკვირვების მნიშვნელობას.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (ერითროციტების ანომალია), შესაძლებელია განვითარდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება ან ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). ასეთ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

პორფირიით დაავადებულებში (მემკვიდრეობითი გენეტიკური დარღვევები, ორგანიზმში პორფირინის ან პორფირინის წინამორბედების დაგროვება) სულფონილშარდოვანების ჯგუფის ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ცნობილია მწვავე პორფირიის განვითარების შემთხვევები.

კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ბავშვებში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

დიამიკრონი MR- ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დიამიკრონი MR ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან და სასმელთან ერთად, რომელიც არ შეიცავს სპირტს.

არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდაციის მისაღებად კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) ან აღნიშნულიდან გამომდინარე გაქვთ მხედველობის დარღვევა, შესაძლებელია დაქვეითდეს კონცენტრაციის ან რეაგირების უნარი. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვისას შესაძლებელია ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს.

დიამიკრონი MR-ის გამოყენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი, რის გამოც საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების და/ან მექანიზმის მართვის დროს.

- თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის შეტევა,

- თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის მცირე სიმპტომები ან ეს სიმპტომები არ ვლინდება,

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიამიკრონი MR-ის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დიამიკრონი MR შეიცავს 71.36 მგ მალტოდექსტრინს, რომელიც წარმოადგენს ლაქტოზის და გლუკოზის წყაროს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა პრეპარატები, რომელსაც ამჟამად იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შესაძლებელია გამოიყენოთ მომავალში.

სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინონ დიამიკრონი MR-ით მკურნალობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომები:

· სისხლში მომატებული შაქრის დონის (ჰიპერგლიკემია) სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (პერორალური ანტიდიაბეტური აგენტები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) რეცეპტორის აგონისტები ან ინსულინი);

· ანტიბიოტიკები (მაგალითად, სულფონამიდები, კლარითრომიცინი);

· ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი);

· სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

· კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (H 2 რეცეპტორის ანტაგონისტები);

  • დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები );

· ტკივილგამაყუჩებელი და ანტირევმატიული პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი);

  • სპირტის შემცველი პრეპარატები.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომები:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ქლორპრომაზინი);
  • ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები);
  • ასთმის მკურნალობის ან ფიზიკური დატვირთვის დროს გამოყენებული პრეპარატები (ინტრავენურად სალბუტამოლის, რიტოდრინის და ტერბუტალინის გამოყენება);
  • სარძევე ჯირკვლის დაავადებების, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (დანაზოლი);
  • მცენარეული პრეპარატი - კრაზანა (Hypericum perforatum).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება).

დიამიკრონი MR-მა შესაძლებელია გაზარდოს სისხლის შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციური) პრეპარატების (მაგალითად, ვარფარინი) ზემოქმედება.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

3. როგორ გამოიყენება დიამიკრონი MR?

  • ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

სავალდებულოა დიამიკრონი MR-ის გამოყენება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. დოზას განსაზღვრავს ექიმი სისხლში და შარდში შაქრის დონის მიხედვით.

გარე ფაქტორების ცვლილების (მაგალითად, წონაში კლება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან სისხლში შაქრის დონის რეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ, საუზმესთან ერთად ნახევარი ტაბლეტიდან 2 ტაბლეტამდე (არაუმეტეს 120 მგ).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია კომბინირებული სახით პრეპარატებთან: მეტფორმინი, ალფა გლუკოციდაზას ინჰიბიტორი, თიაზოლიდინდიონი, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 ინჰიბიტორი, GLP-1 რეცეპტორის აგონისტი, ან დაიწყება ინსულინის გამოყენება, თქვენი ექიმი განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის დოზას.

  • გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

საჭიროებისას შესაძლებელია ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი ჩაყლაპეთ დაფხვნის და დაღეჭვის გარეშე მთლიანად, საუზმესთან ერთად, საკმარისი რაოდენობის წყლით. ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების დალევის შემდეგ სავალდებულოა საკვების მიღება.

  • სხვადასხვაასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) გამოყენება:

არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რის გამოც ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

ასაკოვნებში (65 წლის და მეტი ასაკის) გამოყენება:

დიამიკრონი MR ასაკოვნებში გამოიყენება იმავე დოზით, რაც მოზრდილებში.

  • გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სიფრთხილის დაცვით და მეთვალყურეობის ქვეშ.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით.

დაიცავით ეს ინსტრუქცია, თუ ექიმი არ გირჩევთ სხვა სახით გამოყენებას.

თუ თვლით, რომ დიამიკრონი MR-ის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიამიკრონი MR-ის ჭარბი რაოდენობით გამოყენება იწვევს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია) (იხილეთ „გაფრთხილებები“). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ 4-6 ცალი ნატეხი შაქარი ან დალიოთ შაქრიანი სასმელი, შემდეგ კი მიიღოთ საკვები.

თუ პაციენტი გონდაკარგულია, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და პაციენტი გადაყვანილი იქნას უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურში. თუ პაციენტი გონდაკარგულია, არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიცემა. თუ პრეპარატს შეცდომით გამოიყენებს ან ჩაყლაპავს სხვა პირი (მაგალითად, ბავშვები), ძალაშია იგივე გაფრთხილებები და მიღებული უნდა იქნას იგივე ზომები.

ყურადღება მიაქციეთ, გვერდით უნდა გყავდეთ პირი, რომელმაც იცის თქვენი მდგომარეობა და საგანგებო შემთხვევის დროს გამოიძახებს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დიამიკრონი MR-ის გამოყენება:

იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს ეფექტური, დოზა რეგულარულად უნდა მიიღოთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის დოზის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ ეს დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ შენიშნავთ, რომ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მაგრამ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დიამიკრონი MR-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

ტიპი 2 დიაბეტი, როგორც წესი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. არ შეწყვიტოთ, არ შეაჩეროთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მკურნალობის შეწყვეტის გამო შესაძლებელია დიაბეტი არ დაექვემდებაროს კონტროლს და გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მატება).

თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან .

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, დიამიკრონი MR-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევის დადგომისას შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

  • ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციაა სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თუ სიმპტომებს არ უმკურნალებენ, შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, კომა. თუ ჰიპოგლიკემია გრძელდება შაქრის მიღების მიუხედავად ან არის ძლიერი ჰიპოგლიკემია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონი MR-ის ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციაა და, როგორც წესი, ვლინდება ჭარბი დოზით პრეპარატის მიღებისას (სიმპტომებისთვის იხილეთ, „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“)
  • ცნობილია რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები და ანგიოედემა (ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის სწრაფი შეშუპება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარი, კანზე გავრცელებული ბუშტუკები ან კანის აქერცვლა შესაძლებელია პროგრესირებდეს. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ექიმს აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს. იშვიათად ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის (DRESS) სიმპტომები, რომელიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ ვითარდება გავრცელებული გამონაყარი და ცხელება.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დიამიკრონი MR-ზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

  • ცნობილია მცირე რაოდენობით ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე. როგორც წესი, ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა.
  • როგორც სულფონილშარდოვნების ჯგუფის სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ცნობილია სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილების და სისხლძარღვების კედლის ალერგიული ანთების, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების (ჰიპონატრემია), ღვიძლის დარღვევების (მაგალითად, სიყვითლე) სიმპტომები. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები ქრება სულფონილშარდოვნებით მკურნალობის შეწყვეტისთანავე, მაგრამ ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაავადება.
  • სისხლის უჯრედების (მაგალითად, თრომბოციტების, ერითროციტების და ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფერმკრთალი კანი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქი დარტყმით წარმოქმნილი სისხლჩაქცევები, ყელის წვა და ცხელება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მონელების პრობლემები, ფაღარათი, ყაბზობა). ასეთი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია შემცირდეს რეკომენდებული სახით პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
  • განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას სისხლში შაქრის დონის ცვლილებებიდან გამომდინარე მხედველობის დროებითი დარღვევები.

ეს დიამიკრონი MR-ის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. დიამიკრონი MR-ის შენახვა

დიამიკრონი MR შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 30 0C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ დიამიკრონი MR შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy