ალიკვალი 50მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ.
ალიკვალი 50 მგ ტაბლეტები
ვილდაგლიპტინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს და სამედიცინო პერსონალს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის, შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენი მსგავსი სიმპტომები.
- თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე იმ ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს ალიკვალი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ალიკვალის გამოყენებამდე
3. ალიკვალის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. ალიკვალის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს ალიკვალი და რისთვის გამოიყენება
ალიკვალის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ,,ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები“.
ვილდაგლიპტინი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. ის გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია დიაბეტის გაკონტროლება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური ვარჯიშის მეშვეობით. ეს მედიკამენტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ალიკვალი ცალკე მონოთერაპიის სახით ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც უკვე იღებდით, თუკი მათი გამოყენებისას ვერ იქნა მიღწეული დიაბეტის საიმედო ეფექტური კონტროლი.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს, არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. პანკრეასი ქმნის ორივე ამ ნივთიერებას.
როგორ მოქმედებს ალიკვალი
ალიკვალის მოქმედების ეფექტი განპირობებულია იმით, რომ პანკრეასი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ნაჩვენებია, რომ ეს წამალი ამცირებს სისხლში შაქარს, რაც დაგეხმარებათ დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებაში. აღნიშნული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დაწყების მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ დიეტა და/ან ვარჯიში, რომელიც თქვენთვის რეკომენდირებულია.
2. ინფორმაცია ალიკვალის გამოყენებამდე
არ შეიძლება ალიკვალის მიღება
- თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია ვილდაგლიპტინზე ან ალიკვალის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, არ მიიღოთ ეს წამალი და გაესაუბრეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას რჩევისთვის ალიკვალის გამოყენებამდე
- თუ გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი (ანუ თუ თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან თუ გახასიათებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კეტოაციდოზი.
- თუ იღებთ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც ცნობილია, როგორც სულფონილშარდოვანები (ექიმმა შესაძლოა შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა თუ იღებთ მას ალიკვალთან ერთად, რომ თავიდან იქნეს აცილებული სისხლში გლუკოზის დაბალი დონე [ჰიპოგლიკემია]).
- თუ გახასიათებთ საშუალო ან რთული თირკმელების დაავადება (ინიშნება ალიკვალის დაბალი დოზა).
- თუ ხართ დიალიზზე.
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა
- თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში პანკრეასის დაავადება.
თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს და შეწყვიტეთ ის ღვიძლის დაავადების გამო, აღარ უნდა განაახლოთ ამ მედიკამენტის მიღება.
დიაბეტური კანის დაზიანება დიაბეტის ხშირი გართულებაა. გირჩევთ, დაიცვათ კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები, რომლებსაც თქვენი ექიმი ან ექთანი მოგცემთ. ასევე გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბუშტუკების ან წყლულების ახალ გაჩენას ალიკვალის მიღებისას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ალიკვალის მკურნალობის დაწყებამდე ჩაგიტარდებათ ტესტი თქვენი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად, პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალით და შემდგომ პერიოდულად. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ღვიძლის ფერმენტების გაზრდის ნიშნების გამოვლენა მოხდეს რაც შეიძლება ადრე.
ბავშვები და მოზარდები
ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა მედიკამენტები და ალიკვალი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ალიკვალის დოზირება, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
- თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (ასევე უწოდებენ წყლის ტაბლეტებს)
- კორტიკოსტეროიდი (ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
- ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს. უცნობია გადადის თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში. არ უნდა გამოიყენოთ ალიკვალი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, არ უნდა მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ალიკვალი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ალიკვალი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".
3. ალიკვალის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების რაოდენობა და პერიოდი
ალიკვალის რაოდენობა მიიღება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთის საჭირო ალიკვალის ტაბლეტების რაოდენობას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ალიკვალის ჩვეულებრივი დოზაა:
· 50 მგ დღეში, მიიღება ერთი დოზის სახით დილით, თუ იღებთ ალიკვალს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ სულფონილშარდოვანა.
· 100 მგ დღეში მიიღება ორ დოზის სახით, 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ იღებთ ალიკვალს მარტო, სხვა მედიკამენტთან ერთად, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციით, ან ინსულინთან ერთად.
· 50 მგ დღეში დილით, თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი ან მძიმე დაავადება ან თუ იმყოფებით დიალიზზე.
ალიკვალის მიღების მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ცოტაოდენო წყლის მიყოლებით.
ალიკვალის მიღების ხანგრძლივობა
- ალიკვალი უნდა მიიღოთ ყოველ დღე იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. შესალოა მკურნალობა გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას მკურნალობის სასურველი ეფექტის გაკონტროლების მიზნით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ალიკვალი
თუ თქვენ იღებთ ალიკვალის ზედმეტი რაოდენობის ტაბლეტს, ან თუ სხვამ მიიღო თქვენი წამალი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების გაწევა. თუ გჭირდებათ ექიმთან მისვლა ან საავადმყოფოში ვიზიტი, თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ალიკვალის მიღება
თუ დაგავიწყდათ ამ სამკურნალო საშუალების დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. თუ უკვე ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ ალიკვალის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ალიკვალი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ზოგიერთი სიმპტომები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო ჩარევას:
თქვენ უნდა შეწყვიტოთ ალიკვალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
· ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გართულებას, უეცარ გამონაყარს ან ჭინჭრის ციებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს რეაქციაზე, რომელსაც ეწოდება "ანგიოოდემა“.
· ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავენ კანის და თვალების სიყვითლეს, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).
· პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში): სიმპტომები მოიცავენ ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში (კუჭის მიდამოში), რომელიც შესაძლოა ზურგამდეც გავრცელდეს, ასევე გულისრევას და ღებინებას.
სხვა გვერდითი ეფექტები
ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინის მიღებისას:
· ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება.
· ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში): გამონაყარი ქავილით, კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ყაბზობა, ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ოდემა), ჭარბი ოფლიანობა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში და მის გარშემო (აბდომინალური ტკივილი), დიარეა, გულძმარვა, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა.
· არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში): წონის მომატება, შემცივნება, სისუსტე, სექსუალური დისფუნქცია, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მეტეორიზმი.
· იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში): პანკრეასის ანთება.
ვილდაგლიპტინის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
· სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): კანის ან ბუშტუკების ლოკალიზებული აქერცვლა, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. ალიკვალის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული დღის ბოლო დღემდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ალიკვალი, თუ მისი შეფუთვა დაზიანებულია ან შეიმჩნევა ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ალიკვალი
- აქტიური ნივთიერება არის ვილდაგლიპტინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
- დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
ალიკვალის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ალიკვალის 50 მგ ტაბლეტები არის თეთრიდან მოთეთრო მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები დაახლოებით 8.0 მმ დიამეტრით, ხელმისაწვდომია ალუმინის/ OPA-ALU-PVC ბლისტერებში, რომელიც შეიცავს 28, 30, 56, 60, 84, 90, 112, 120, 140, 150, 168 ან 180 ტაბლეტს.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account