B12 Ankermann - B12 ანკერმანი 1000მკგ 50 ტაბლეტი

67,43 GEL
მარაგშია
SKU
86188_2062

ჩვენება: ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

B12 ანკერმანი

 1000 მიკროგრამი გარსით დაფარული ტაბლეტები ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი გამოყენების ინსტრუქციის, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. 

·       შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

·       დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

·       სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

·       თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან, პირიქით, გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

1.   რა არის B12 ანკერმანი და რისთვის გამოიყენება

2.   რა უნდა იცოდეთ B12 ანკერმანის მიღებამდე 

3.   B12 ანკერმანის მიღების წესი

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.   შენახვის პირობები

6.   გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის B12 ანკერმანი და რისთვის გამოიყენება

B12 ანკერმანი შეიცავს ციანოკობალამინს, რომელიც ცნობილია (ვიტამინი B12)-ის სახელწოდებით.

ადამიანების უმეტესობა საკმარისი რაოდენობით ღებულობს ვიტამინ B12-ს საკვებთან ერთად, მაგრამ თუ გადატანილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა კუჭზე, ნაწლავების გარკვეული დაავადებები, შეზღუდვები გაქვთ კვების რეჟიმის თვალსაზრისით ან ღებულობთ გარკვეულ მედიკამენტებს, შესაძლოა თქვენი ორგანიზმი ვერ ითვისებდეს საკმარისი ოდენობის ვიტამინ B12-ს.

B12 ანკერმანი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ სიტუაციებში:

·       ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები).

·       ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ

-   პერნიციოზული ანემია,

-   ვიტამინ B12-ის მალაბსორბცია (შეწოვის დაქვეითება) (მაგ.: ატროფიული გასტრიტის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ცელიაკიის, სრული ან ნაწილობრივი გასტრექტომიის, წვრილი ნაწლავის რეზექციის, კუჭის შუნტირების ან სხვა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის დროს).

·       დამხმარე თერაპიის სახით H2-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ამინოსალიცილატებისა და მეთფორმინის ხანგრძლივი გამოყენების დროს.

ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული მწვავე ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში, საწყის ეტაპზე, ინიშნება პარანტერალურად, სისხლში მისი მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

2. რა უნდა იცოდეთ B12 ანკერმანის მიღებამდე 

არ მიიღოთ B12 ანკერმანი, თუ

·       ხართ ალერგიული პემეტრექსედის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6);

·       გაქვთ ძვლის ტვინის უჯრედების არასწორი დაყოფით გამოწვეული ანემია (მეგალობლასტური ანემია, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება უჩვეულოდ დიდი, მოუმწიფებელი ერითროციტები), რაც ძირითადად ფოლატის (ვიტამინი B9) დეფიციტით არის განპირობებული.

·       გაქვთ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული მხედველობის დარღვევა (თამბაქოს ამბლიოპია), ერითროციტების ნაკლებობით (პერნიციოზული ანემია) განპირობებული ოპტიკური ნერვის ანთება (რეტრობულბარული ნევრიტი) ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ციანიდის მოცილებას ორგანიზმიდან (დეტოქსიკაცია). ასეთ შემთხვევაში ინიშნება კობალამინის სხვა წარმოებულები. 

·       გაქვთ მხედველობის ნერვის დეგენერაცია (შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, რადგან დაზიანებულია ნერვი, რომელსაც ინფორმაცია ბადურადან მიაქვს თავის ტვინში).

·       დასმული გაქვთ თამბაქოთი ან ალკოჰოლით გამოწვეული ამბლიოპიის დიაგნოზი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

B12 ანკერმანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დაავადების დიაგნოზის დასმა ან დეფიციტის მიზეზის დადგენა ექიმის მიერ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დონის შეფასების ჩათვლით. ექიმი გადაწყვეტს, შეიწოვება თუ არა ვიტამინი B12 საკმარისი რაოდენობით საკვებიდან და გჭირდებათ, თუ არა B12 ანკერმანის მიღება ორალურად. დაავადების სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა ექიმი დააკვირდეს თქვენი ორგანიზმის რეაქციას მკურნალობაზე პირველი 3 თვის განმავლობაში. ეს მოიცავს სისხლის ლაბორატორიულ კვლევასაც. თუ თქვენ ზუსტად შეასრულებთ მკურნალობის რეჟიმს, ის, ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით დიალიზზე, ექიმმა მუდმივად უნდა მოახდინოს სისხლში ვიტამინის დონის კონტროლი და, შესაძლოა საჭირო გახდეს B12 ანკერმანის დოზის შემცირება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის თანაარსებობა ამცირებს თერაპიის ეფექტურობას. ასეთ შემთხვევაში B12 ანკერმანის მიღება ხდება ფოლიუმის მჟავასთან ერთად. B12 ანკერმანის არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არასაკმარისი კლინიკური მონაცემების არსებობის გამო.

სხვა მედიკამენტები და B12 ანკერმანი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში ღებულობდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოს ჩათვლით. 

B12 ანკერმანის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა:

·       პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგ.: ომეპრაზოლი) და H2-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები (მაგ.: ციმეტიდინი). ორივე გამოიყენება მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ კუჭის წყლულოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად.

·       კოლხიცინი - ნაწლავური დაავადებების სამკურნალო საშუალება.

·       ამინოგლიკოზიდები (მაგ.: ნეომიცინი) და ქლორამფენიკოლი – ანტიბიოტიკები.

·       ბიგუანიდები (მაგ.: მეთფორმინი) – დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

·       ამინოსალიცილის მჟავა – ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო საშუალება.

·       ორალური კონტრაცეპტივები.

·       ანტიეპილეფსიური საშუალებები (მაგ.: კარბამაზეპინი).

·       კალიუმის მარილები.

·       მეთილდოფა – მაღალი წნევის სამკურნალო საშუალება.

·       აზოტის ოქსიდის ხანგრძლივი გამოყენება – საანესთეზიო აირი.

·       მეორე თაობის ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ.: ოლანზაპინი და რისპერიდონი). 

ორსულობა და ლაქტაცია

იმ შემთხვევაში, თუ ხართ ორსული, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უსაფრთხოების მიზნით, B12 ანკერმანის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა ციანოკობალამინით აუცილებელ მკურნალობას არ საჭიროებს.

B12 ანკერმანის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

გავლენა ვტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

B12 ანკერმანიარ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

B12 ანკერმანი შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზა) და საქაროზას

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ნახშირწყლების აუტანლობა.

3.   B12 ანკერმანის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება მოზრდილებში

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 ტაბლეტ B12 ანკერმანს დღეში, რაც შეესაბამება 1000 მიკროგრამ ციანოკობალამინს შემდეგი მდგომარეობების დროს: 

·       ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები).

·       ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და შემანარჩუნებელი თერაპია პერნიციოზული ანემიისა და ვიტამინ B12-ის მალაბსორბციის მქონე პირებში.

·       დამხმარე თერაპია H2-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ამინოსალიცილატებისა და მეთფორმინის ხანგრძლივი გამოყენების დროს.

ვიტამინ B12-ის დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები), ინიშნება 1000 მიკროგრამი ციანოკობალამინი (1 ტაბლეტი B12 ანკერმანი) 3-ჯერ კვირაში.

ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული მწვავე ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში საწყის ეტაპზე ინიშნება პარანტერალურად, სისხლში მისი მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

კარგი ამტანობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. ორალურად ვიტამინ B12–ის დანიშნვა ხდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ნაწლავებიდან მისი შეწოვის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი მუდმივად არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მუდმივად უნდა მოხდეს თერაპიაზე ორგანიზმის პასუხის მონიტორინგი ექიმის მიერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

B12 ანკერმანი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმული პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა მოზრდილების იდენტურია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში B12 ანკერმანი ინიშნება ჩვეულებრივი დოზით. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება და შრატში ვიტამინ B12-ის დონის მუდმივი კონტროლი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ. ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. 

მიღების წესი

B12 ანკერმანი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, სასურველია დილით, უზმოდ. თქვენი ორგანიზმის რეაქცია მედიკამენტზე განსაზღვრავს მისი მიღების ხანგრძლივობას. თქვენთვის ოპტიმალური დოზის შესარჩევად ექიმი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს ორგანიზმის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.

საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში:

B12 ანკერმანის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და ის გადაწყვეტს გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას. ინტოქსიკაციის შემთხვევები აღწერილი არ არის.

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

B12 ანკერმანის მიღების შეწყვეტა

მედიკამენტის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად B12 ანკერმანსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ ემართება.

ზომიერი სიხშირის: ემართება 100-დან 1 ადამიანს

·       მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც გამოვლინდება ურტიკარიის, გამონაყარის ან ქავილის სახით სხეულის დიდ ნაწილებზე.

უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

·       აკნეფორმული კანისმიერი რეაქციები.

·       ცხელება.

სავარაუდო გვერდითი ეფექტების აღრიცხვა

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადი გააკეთოთ ეროვნული მოხსენების სისტემის საშუალებით (იხ. დანართი V*).

გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადის გაკეთების გზით თქვენ მონაწილეობას მიიღებთ მედიკამენტის უსაფრთხოების უწყვეტ მონიტორინგში.

5.   შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე: {Eხპ.:}

ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.

არ გადააგდოთ ნარჩენი წამალი ნაგავში ან კანალიზაციაში. გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°cტემპერატურის პირობებში.

6.   გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ციანოკობალამინი 1000 მიკროგრამი (ვიტამინი B12-ის სინთეზური ფორმა)

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონ K30, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, AquaPolish@ P  თეთრი*, საქაროზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, მძიმე კაოლინი, ტიტანის დიოქსიდი, აკაციის მშრალი გამონაწვლილი, მონტან გლიკოლის ცვილი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლგლიცეროლი, ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

(*AquaPolish@ P  თეთრის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სტეარინის მჟავა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა)

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან მოვარდისფრო გარსით დაფარული ტაბლეტები.

50 და 100 გარსით დაფარული ტაბლეტი PVჩ/AL ბლისტერზე, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
Units50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy