ADOLOR - ადოლორი B12 6 ფლაკონი + 6 გამხსნელი

82,39 GEL
მარაგშია
SKU
69017_1838

ჩვენებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილოართრიტი, ლუმბოციატალგია, ცერვიკობრაქიალგია, მიოზიტი პოლირადიკულონევროპათია, ბეხტერევის დაავადება, რეიტერის სინდრომი,

ადოლორი B12  (ADOLOR B12)

ბეტამეტაზონი

დიკლოფენაკი

ჰიდროქსოკობალამინი

ინექცია

შემადგენლობა

სტერილური  ხსნარის ერთი ამპულის შემადგენლობაში შედის:

ნატრიუმის დიკლოფენაკი 75.00მგ; ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი (2.0მგ ბეტამეტაზონის  ექვივალენტი) 2.63მგ;

შემავსებლები: ბენზილის სპირტი; პროპილენგლიკოლი; ნატრიუმის მეტაბისულფიტი; დინატრიუმის ედეტატი; ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH რეგულირებისთვის; საინექციო წყალი.

ფხვნილის ერთი ფლაკონის შემადგენლობაში შედის:

ჰიდროქსოკობალამინის სულფატი (10.0მგ ჰიდროქსოკობალამინის ექვივალენტი) 10.365მგ.

შემავსებელი: მანიტოლი 60.00მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი, ანთების და  რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

დიკლოფენაკი

დიკლოფენაკი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალება (NSAID), რომელსაც აქვს  ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული მოქმედება. იგი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს (ციკლო ოქსიგენაზი). ადოლორი B12-ს აქვს სწრაფი მოქმედება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე ტკივილისა და ანთების მკურნალობისას.

შაკიკის შეტევის დროს, დიკლოფენაკი ეფექტური აღმოჩნდა ძლიერი თავის ტკივილის შემსუბუქებისა და გულისრევის შეგრძნების მოხსნის თვალსაზრისით.

ბეტამეტაზონი

ბეტამეტაზონი არის გლუკოკორტიკოიდი, რომელიც ახშობს ანთებით პროცესს ანთების შუამავლების წარმოების ინჰიბირების გზით (მაგ. ვაზოაქტიური და  ჰემოსტატიკური ფაქტორები) და ლიპოლითიური  და პროტეოლიტიური ფერმენტების წარმოების შემცირებით. იგი ასევე გავლენას ახდენს ლიმფოციტ - დამოკიდებული იმუნიტეტის რეაქციებზე.

ვიტამინი B12 (ჰიდროქსოკობალამინი)

ვიტამინი B12 (ჰიდროქსოკობალამინი) მოქმედებს როგორც კოენზიმი, მრავალ მეტაბოლურ ფუნქციაში, ლიპიდების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის და ცილის სინთეზის ჩათვლით. ის საჭიროა ზრდის პროცესში, ურჯედების რეპლიკაციაში, ჰემატოპოეზში და ნუკლეოპროტეინების და მიელინის სინთეზში, ძირითადად მისი ეფექტის გამო მეთიონინზე, ფოლიუმის მჟავასა და მალონის მჟავაზე.  B12 ვიტამინის დეფიციტის შედეგად შიძლება განვითარდეს ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება, რაც იწვევს ნეირონების  დეგენერაციას,  დემიელინიზაციას და ნეირონების კვდომას.

ფარმაკოკინეტიკა

დიკლოფენაკი

ინტრამუსკულური შეყვანისას მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 20 წუთში. ფართობი პლაზმის კონცენტრაცია -დროის მრუდის ქვეშ (AUC) ინტრამუსკულარული შეყვანისას დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე პერორალური მიღებისას.  დიკლოფენაკის 99 %-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს და განაწილების მოცულობა არის 0.12-0.17ლ/კგ. სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ კონცენტრაცია  სინოვიურ სითხეში არის უფრო მაღალი, ვიდრე პლაზმაში და ასეთად რჩება 12 საათის განმავლობაში. სინოვიური სითხიდან მოსალოდნელი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 263±56 მლ/წთ, ხოლო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის  1-2 საათი. დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ღვიძლით და გამოიყოფა ნაღვლით და თირკმელებით, ძირითადად გლუკურონატის ან სულფატის მეტაბოლიტების სახით. შარდში გამოყოფილი დოზის მხოლოდ 1%  შეესაბამება შეუცვლელ დიკლოფენაკს. კონიუგირებული შეადგენს შარდში გამოვლენილი დოზის 5-10%-ს. დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ადამიანში ძირითადი მეტაბოლიტია 4-ჰიდროსიდიკლოფენაკი, შეადგენს საერთო გამოყოფილი დოზის დაახლოებით 40%-ს. დიკლოფენაკის სამი სხვა მეტაბოლიტი (3-ჰიდროქსი, 4,5-დიჰიდროქსიდიკლოფენაკი და  5-ჰიდროქსი,) შეადგენს შარდში გამოყოფილი დოზის დაახლოებით 10-20%-ს. დიკლოფენაკის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია სწრაფად ხდება. მიღებული დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა პირველი 12 საათის განმავლობაში. დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მუდმივია განმეორებითი მიღების შემდეგ ჯანმრთელ პაციენტებში, მაგრამ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი და/ან მისი მეტაბოლიტები შეიძლება ამჟღავნებდეს კუმულაციას (თუმცა კლინიკური მნიშვნელობის გარეშე). ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში (ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ციროზი  პორტული დეკომპენსაციის გარეშე) ავლენს ჯანმრთელი სუბიექტების მსგავს კინეტიკას და მეტაბოლიზმს.

ჰიდროქსოკობალამინი

კუნთში ინექციისას ჰიდროქსოკობალამინი სრულად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. სისტემაში მოხვედრის შემდეგ ჰიდროქსოკობალამინი უერთდება სპეციფიურ გადამტან ცილებს, ე.წ. ტრანსკობალამინებს. განსაზღვრულია სამი ტრანსკობალამინი (ტრანსკობალამინი I, II და III). ტრანსკობალამინთან დაკავშირებული ჰიდროქსოკობალამინი სწრაფად ტოვებს პლაზმას და ნაწილდება უპირატესად ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. მოზრდილებში ჰიდროქსიკობალამინის დაახლოებით 90%ის რეზერვაცია ხდება ღვიძლში. ნაღველი ჰიდროქსიკობალამინის ექსკრეციის ძირითადი გზაა. ჰიდროქსოკობალამინის ორი მესამედი გამოიყოფა ნაღველში და რეაბსორბცია ხდება თეძოს ნაწლავის ლორწოვანში, ამგვარად გადის ენტეროჰეპატურ ციკლს. დანარჩენი გამოიყოფა განავალთან ერთად, მასში ჰიდროქსოკობალამინის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭმლის მონელებელი ტრაქტის ეპითელური უჯრედების დესქვამაციით და აგრეთვე მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიების სინთეზით. ნორმალურ პირობებში შარდში ჰიდროქსოკობალამინის ექსკრეცია მწირია. როდესაც მიღებული დოზა პროგრესულად იზრდება, გლომერულური ფილტრაცია იზრდება თანდათანობით.

ბეტამეტაზონი

ბეტამეტაზონის დინატრიუმ ფოსფატის ინტრამუსკულური მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცეტრაცია მიიღწევა 60 წუთში. რეკომენდებული თერაპიული დოზების ფარგლებში პლაზმის ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან კავშირი შეადგენს 60-70%-ს. ბეტამეტაზონის განაწილების მოცულობაა 1.4 ± 0.3 ლ/კგ. ორალურად მიღებული ბეტამეტაზონის დინატრიუმ ფოსფატის პლაზმაში ყოფნის პერიოდი საშუალოდ 5 საათს შეადგენს, მისი ბიოლოგიური საშუალო ხანგრძლივობა 36-54 საათია, თირკმლისმიერი კლირენსი 2.9 ± 0.9 მლ/წთ/კგ. ბეტამეტაზონის ეთერები ჰიდროლიზს განიცდის ქსოვილოვან დონეზე ინექციის ადგილას. ბეტამეტაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში  და გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით, გლუკურონის მჟავასთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული კლინიკური სიტუაციები:

ღვიძლის უკმარისობის და ჰიპოთირეოზის დროს, ხანგრძლივდება გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმი, მეტაბოლიტების გამოყოფა, რამაც შეიძლება გააძლიეროს ბეტამეტაზონის ფარმაკოლოგიური მოქმედება. ამის მსგავსად, ჰიპოალბუმინემიამ და ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის მომატება, რომლებიც ცილებთან დაკავშირებული არ არის. გლუკოკორტიკოიდების ელიმინაცია ხანგრძლივდება ორსულობის დროს. პლაზმიდან გამოყოფა უფრო დაბალია  ახალშობილებში ვიდრე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებსა და მოზრდილებში.

ჩვენებები

რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილოართრიტი, ლუმბოციატალგია, ცერვიკობრაქიალგია, პოლირადიკულონევროპათია, ბეხტერევის დაავადება, რეიტერის სინდრომი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ნერვული სისტემის დაავადებები   (ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი).

უკუჩვენებები

ორსულობა, ლაქტაცია, აქტიური ან საეჭვო გასტროდუოდენური წყლული ან გასტროინტესტინური წყლული ანამნეზში, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ბაქტერიული ინფექციები (მანამ სანამ პრეპარატი გამოიყენება სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან ან ქიმიოთერაპიასთან), ვირუსები, სისტემური მიკოზები, მწვავე ფსიქოზი, ოსტეოპოროზი.

დიკლოფენაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

დიკლოფენაკის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით გამოწვეული ასთმური შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი.

გამოყენების წესი და დოზები

დოზის დადგენა მოხდება ინდივიდუალურად სამედიცინო კრიტერიუმების და პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. საშუალო რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის  ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში.

ინექციის ტექნიკა: 

ინექციის ადგილას დისკომფორტის და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების რისკის მინიმალიზაციისთვის, რეკომენდებულია ინსტრუქციების დაცვა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინექციის ადგილში ასეპტიკის დაცვისას. ასეპტიკა შეამოწმეთ მუშაობისას. შეიყვანეთ რაც შეიძლება ღრმად. ინექციის პროცესი ნელი უნდა იყოს. ფრთხილად გააკეთეთ ინექციის ადგილის დაზელა  სითხის შეწოვის გაადვილებისთვის.

გაფრთხილება

დიკლოფენაკი

გასტროინტესტინური: გასტროინტესტინური დარღვევების ან კუჭის ან ნაწლავების წყლულების, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მანიშნებელი სიმპტომების მქონე  პაციენტებში აუცილებელია სათანადო სამედიცინო დაკვირვება .

დიკოლოფენაკის გამოყენებას უფრო მძიმე შედეგები აქვს გერიატრიულ  პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს  გასტროინტესტინური სისხლდენა  ან წყლული  / პერფორაცია, ჰემატემეზისი და მელენა. აღნიშნული შეიძლება განვითარდეს მკურნალობის  ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე .

დიკლოფენაკის გამოყენება საჭიროა შეწყდეს იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებში აღნიშნული წამლის მიღებისას აღინიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა ან დაწყლულება.

ღვიძლი: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო სამედიცინო დაკვირვება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:  სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  საშუალებების მსგავსად, შეიძლება ასევე იშვიათად განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური  რეაქციები.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო .

ბეტამეტაზონი

ბეტამეტაზონმა შეიძლება შენიღბოს ზოგიერთი ინფექციის ნიშნები. ადოლორი B12- ით მკურნალობის დროს პაციენტებში იმუნიზაციის პროცედურები არ ტარდება, იმუნოლოგიური ეფექტის შეცვლის გამო. ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინის მიმართ რეაქციის მქონე პაციენტებზე აუცილებელია სათანადო მონიტორინგი, ვინაიდან შესაძლებელია დაავადების რეაქტივაცია. ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელებული კორტიკოთერაპია იწვევს ადრენოკორტიკული უკმარისობის განვითარების რისკს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) გამოყოფის ინჰიბირებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის  უკმარისობა სტრესული მდგომარეობების დროს (ოპერაცია , მძიმე ტრავმა და მძიმე ინფექციები) და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შედეგად. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა თანდათანობით უნდა მოხდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

დიკლოფენაკი

თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტები და ხანდაზმულები: თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობის მქონე და გერიატრიული პაციენტები უნდა იყვნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია. გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზები და აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

გულის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია თირკმლის სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებაში პროსტაგლანდინების მნიშვნელობა, იგივე ვრცელდება პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობენ შარდმდენებით ან რომელთაც ჩაუტარდათ სერიოზული ქირურგიული ოპერაციება. თირკმლის ფუნქციაზე ზეგავლენა წამლის მოხსნის შემდეგ ხშირად შექცევადია.

ღვიძლი: დიკლოფენაკი უნდა მოიხსნას, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტების არსებობისას ან გაუარესებისას, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები ან იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა სხვა მოვლენები, როგორიცაა ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ. ჰეპატიტი შეიძლება პროდრომული სიმპტომების გარეშე განვითარდეს.

დიკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევები ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში.

ჰემატოლოგიური ეფექტები:  დიკლოფენაკმა შეიძლება დროებით მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება (იხ. ანტიკოაგულანტები სამედიცინო ურთიერთქმედებაში). ჰემოსტაზური, სისხლმდენი დიათეზის და ჰემატოლოგიური დარღვევების მქონე  აპაციენტებში უცილებელია სათანადო მონიტორინგი.

ხანგრძლი მკურნალობა: ყველა იმ პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ღებულობდნენ, აუცილებელია მონიტორინგი პროფილაქტიკური მიზნით. მაგ.: თირკმლის ფუნქცია, ღვიძლის ფუნქცია (ღვიძლის ფერმენტების მომატება) და სისხლის უჯრედების რაოდენობა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერიატრიულ პაციენტებში .

სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, დიკლოფენაკმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, თუ გამოყენებული იქნება  ასთმით დაავადებულ პაციენტებში. სიფრთხილის გამოჩენა ასევე აუცილებელია გულის უკმარისობის ან არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შეშუპება .

ბეტამეტაზონი

კორტიკოიოდები სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებში: წყლულოვანი კოლიტი (პერფორაციის რისკი), ცოტა ხნის წინ გადატანილი ნაწლავური ანასტომოზი, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია , ოსტეოპოროზი , მიასთენია გრავისი და დიაბეტი. ზოგიერთ პაციენტში, ძირითადად გერიატრიულ პაციენტებში, მან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა; ამრიგად, ამ პაციენტებმა არ უნდა შეასრულონ ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

ორსულობა  და ლაქტაცია

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის  ბოლო ტრიმესტრში,  არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და დაგვიანებული მშობიარობა.

ორსულებში კვლევების არარსებობის გამო მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.

ადოლორი  B12 – ს გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.

ბავშვები

ადოლორი  B12 უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში .

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

დიკლოფენაკი

ლითიუმი და დიგოქსინი: დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმისა და დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაციები.
ანტიკოაგულანტები: მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ მიუთითებენ იმაზე, რომ დიკლოფენაკი ზეგავლენას ახდენს ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დიკლოფენაკსა და ანტიკოაგულანტებს,  არსებობს სისხლდენების განვითარების რისკი ცალკეულ შემთხვევებში. ამიტომ ასეთ პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი ანტიკოაგულანტის დოზის კორექციისათვის. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, დიკლოფენაკის მაღალმა დოზებმა შეიძლება დროებით დათრგუნონ თრომბოციტების აგრეგაცია .
ანტიდიაბეტური საშუალებები: კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად მათ კლინიკურ ეფექტზე ზეგავლენის გარეშე. მიუხედავად ამისა, არსებობს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რაც ამ პრეპარატების დოზის კორექციას საჭიროებს .
ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის შემთხვევები აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ციკლოსპორინსა და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, დიკლოფენაკის ჩათვლით. აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ორივე წამლის თირკმლის პროსტაგლანდინებზე მოქმედების გამო (NSAID და ციკლოსპორინი).
მეთოტრექსატი: დაფიქსირდა ტოქსიკურობის მძიმე შემთხვევები  24 საათიანი ინტერვალის დაცვით მეთოტრექსატისა და NSAID- ის გამოყენებისას.  აღნიშნული ურთიერთქმედება ვითარდება NSAID-ით გამოწვეული რენალური ექსკრეციის დარღვევის შედეგად მეთოტრექსატის აკუმულირების გამო .
ქინოლონი: ქინოლონისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. აღნიშნული შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ან არ აღენიშნებოდათ  ეპილეფსია ან კრუნჩხვები. ამიტომ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ქინოლონის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო .
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და კორტიკოიდები: დიკლოფენაკის გამოყენებამ ასპირინთან, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური სისხლდენების რისკი. უნდა მოვერიდოთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროულ გამოყენებას.
შარდმდენები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად,  დიკლოფენაკმა შეიძლება დათრგუნოს შარდმდენების მოქმედება. კალიუმის დამზოგველი შარდმდენების ერთდროული გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში კალიუმის დონის მომატებასთან, რისი მონიტორინგიც აუცილებელია.
საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საგულე გლუკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულის უკმარისობის სიმპტომები, დააქვეითოს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს გლიკოზიდების პლაზმური დონე.
მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგანაც მისი ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს .
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (მაგ.: ბეტა -ბლოკატორები, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეტიკები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება, ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით.
ჰიდროქსოკობალამინი

ალკოჰოლი (ჭარბი მოხმარება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), ამინოსალიცილატი, კოლხიცინი (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან დაკავშირებული): შეიძლება შეამცირონ B12 ვიტამინის შეწოვა გასტროინტესტინალურ ტრაქტში .
ანტიბიოტიკები: შეიძლება ხელი შეუშალონ შრატში და ერითროციტებში B12 ვიტამინის განსაზღვრის მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდებს , დაბალი შედეგებით .
ფოლის მჟავა: მაღალი და მუდმივი დოზებით მან შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის პლაზმური კონცენტრაციები .
ბეტამეტაზონი 

ასპირინი: სალიცილემიის დაქვეითება .
პერორალური ანტიკოაგულანტები და ჰეპარინი: ამცირებენ ანტიკოაგულაციურ ეფექტს .
პერორალური კონტრაცეპტივები: ზრდიან კორტიკოიდულ ტოქსიურობას .
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: ფსიქოპათიის რისკი .
ჰორმონები (ესტროგენი / ანდროგენი):  შეშუპება , წონაში მატება .
იმუნოსუპრესანტები: ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების რისკი (მაგ.: ტუბერკულოზი ).
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი: ჰიპერგლიკემია გლუკოზისადმი  ტოლერანტობის დაქვეითების გამო .
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება წყლისა და მარილის შეკავების გამო .
ვირუსის ატენუირებული ვაქცინები: მძიმე გენერალიზებული დაავადების რისკი.
ინტერფერონი ალფა:  მისი მოქმედების ინჰიბირების რისკი.
ფერმენტული სტიმულატორები (მაგ.: რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი , პრიმიდონი ): კორტიკოიდების მოქმედების დაქვეითება .
ანტიარითმული საშუალებები ( torsades de pointes) (მაგ.: ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი, ასთემიზოლი, ტერფენადინი, ვინკამინი, პენტამიდინი): კორტიკოიდებით განვითარებული პოტენციური ჰიპოკალიემია .
დიგიტალისი: პოტენციურმა ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სათითურას პრეპარატების ტოქსიკური ეფექტი.
ჰიპოკალიემიის გამომწვევმა სხვა პრეპარატებმა (მაგ.: ზოგიერთი შარდმდენი და საფაღარათო საშუალებები ) შეიძლება გამოიწვიოს  დამატებითი ეფექტები.

გვერდითი მოვლენები

დიკლოფენაკი :

დიკლოფენაკი უნდა მოიხსნას მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში .

გამოიყენება სიხშირის შემდეგი მაჩვენებლები: ხშირი >10%, არახშირი >1-10%, იშვიათი > 0.001 – 1%, ცალკეული შემთხვევები <0.001 %.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტი:

არახშირი: ეპიგასტრიუმის ტკვილი, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ანორექსია.
იშვიათი: გატსრონიტესტინური სისხლდენა (მაგ.: ჰემატემეზისი, მელენა, სისხლიანი ფაღარათი), კუჭის ან ნაწლავების წყლულები სისხლდენებით ან პერფორაციით ან მათ გარეშე .
ცალკეული შემთხვევები: აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგური კერები, ნაწლავური შეხორცებები, დარღვევები ნაწლავის ქვედა მონაკვეთებში, როგორიცაა არასპეციფიკური ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, კოლინჯის დაზიანება და სტენოზის ფორმირება, პანკრეატიტი და შეკრულობა.
ცენტრალური ნერვული სისტემა:

არახშირი: თავის ტკივილი , თავბრუსხვევა.
იშვიათი: ძილიანობა, დაღლილობა.
ცალკეული შემთხვევები: სენსორული დარღვევები, მათ შორის: პარესთეზიები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანება, კრუნჩხვები, დეპრესია, შფოთვა, კოშმარები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები , ასეპტიური მენინგიტი .
მგრძნობელობის სპეციალური სახეობები:

ცალკეული შემთხვევები: მხედველობის დარღვევა (მაგ.: გაორებული მხედველობა, დიპლოპია ), დაქვეითებული სმენა , ხმაური ყურებში , გემოს დაკარგვა .
კანი: 

არახშირი : გამონაყარი კანზე
იშვიათი : ჭინჭრის ციება
ცალკეული შემთხვევები: ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ( მწვავე ტოქსიკური ეპიდერმოლიზი), ერითროდერმა (ექსფოლიატური დერმატიტი), თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები; პურპურა, მათ შორის  ალერგიული პურპურა.
თირკმელი:

იშვიათი: შეშუპება
ცალკეული შემთხვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურინარული დარღვევები, როგორებიცაა: ჰემატურია და პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი. პაპილარული ნეკროზი.
ღვიძლი:

არახშირი: შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება (ALT,  AST).
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი (ელვისებრი  ცალკეულ შემთხვევებში ) სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე .
სისხლი:

ცალკეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი.
ჰიპერმგრძნობელობა:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის  ჰიპოტენზია.
ცალკეული შემთხვევები: ვასკულიტი, პნევმონიტი.
კარდიოვასკულური სისტემა:

ცალკეული შემთხვევები: ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა .
სხვა:

ცალკეული შემთხვევები : იმპოტენცია .
ბეტამეტაზონი :

ხანგრძლივი მკურნალობისას, კორტიკოიდებით თერაპიის ცნობილი ეფექტებია :

სითხისა და ელექტროლიტების მხრივ დარღვევები: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემია, ალკალოზი, სითხის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია .
ჩონჩხ - კუნთოვანი სისტემა: კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენიის გაუარესება, ოსტეოპოროზი, ვერტებრალური მოტეხილობები, ბარძაყისა და მხრის ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესის გაწყვეტა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: პეპტიური წყლული შესაძლო პერფორაციებით და ჰემორაგიის რისკით, პანკრეატიტი , მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი .
კანი: ჭრილობის შეხორცების შეფერხება, კანის ატროფია, თხელი და ნაზი კანი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ფასიალური ერითემა, მომატებული ოფლიანობა, კანის ალერგიულ სინჯზე შესუსტებული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება , ანგიონევროზული შეშუპება .
ნერვული სისტემა: კრუნჩხვები, მომატებული ქალასშიდა წნევა მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი .
ენდოკრინული სისტემა: მენსტრუალური ციკლის  დარღვევები, კუშინგოიდური სინდომი, მეორადი ადრენოკორტიკული და ჰიპოფიზური იმუნოლოგიური ტოლერანტობა (განსაკუთრებით სტრესის, ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციების დროს), ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება,შაქრიანი დიაბეტის ლატენტური გამოვლინება.
ოფთალმოლოგიური დარღვევები: უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი პროტეინის კატაბოლიზმის გამო .
ფსიქოზური დარღვევები:  ეიფორია, გუნება - განწყობილების შეცვლა, დეპრესია, გაღიზიანება ,უძილობა .
სხა: ანაფილაქტოიდური ან ჰიპერმგრძნობელობის და ჰიპოტენზიური რეაქციები ან შოკის მსგავსი რეაქციები .
ძირითადად აღნიშნული რეაქციები ქრება  დოზის თანდათანობითი შემცირებით .
ჭარბი დოზირება

შემთხვევეთი ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, მაშინაც კი თუ ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი ან სიმპტომი არ არსებობს .

სავარაუდო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს უახლოეს საავადმყოფოში ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრში.

შეფუთვა

ადოლორი B12  ინექცია:

შეფუთვაში შედის 3 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილი და 3 ამპულა სტერილური გამხსნელი.

შეფუთვაში შედის 6 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილი  და 6 ამპულა სტერილური გამხსნელი.

სამკურნალო საშუალება

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შეინახეთ თავდაპირველ შფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18

მწარმოებელი:

Roemmers  S.A.I.C.F.

არგენტინა, ბუენოს-აირესი B1838CMC, ესტებან ეჩევერია, ლუის გუილონი, ალვარო ბაროს 1113

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy