Adenuric - ადენურიკი 80მგ 28 ტაბლეტი

13,92 GEL
მარაგშია
SKU
86681_1403

ჩვენება:პოდაგრის  ორგანიზმში შარდმჟავას (ურატების) ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ.

ადენურიკი® 80 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ადენურიკი® 120 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ფებუქსოსტატი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-   შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. 

-   დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-   მოცემული სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა. 

-   რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4. 
 მოცემული ჩანართის შინაარსი

1.   რას წარმოადგენს პრეპარატი ადენურიკი® და რისთვის გამოიყენება 

2.   რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ადენურიკის® მიღებამდე

3.   როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ადენურიკი® 

4.   შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.   პრეპარატ ადენურიკის® შენახვის პირობები 

6.   შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ადენურიკი® და რისთვის გამოიყენება 

პრეპარატ ადენურიკის® ტაბლეტების მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი, გამოიყენება პოდაგრის – ორგანიზმში შარდმჟავას (ურატების) ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ. ზოგიერთი ადამიანის სისხლი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით შარდმჟავა, რის გამოც ის ხდება უხსნადი. ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ურატების კრისტალები, რომლებიც გროვდება სახსრებსა და თირკმელებში. ამ კრისტალებს შეუძლია გამოიწვიოს სახსრის მოულოდნელი ძლიერი ტკივილი, გაწითლება, ტემპერატურის მომატება და შესიება (ეს მოვლენა ცნობილია, როგორც პოდაგრის შეტევა).  თუ მკურნალობა არ იქნება ჩატარებული, სახსრებსა და მათ გარშემო შეიძლება წარმოიქმნას დიდი გროვები, რომლებსაც ეწოდება პოდაგრული კვანძები. შემდგომში პოდაგრულ კვანძებს შეუძლია დააზიანოს სახსარი და ახლომდებარე ძვალი.  

პრეპარატ ადენურიკის® მოქმედება დაფუძნებულია შარდმჟავას დონის შემცირებაზე. პრეპარატ ადენურიკის® მიღებისას შარდმჟავას საკმაოდ დაბალი კონცენტრაციის შენარჩუნება აჩერებს კრისტალების წარმოქმნას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს დაავადების სიმპტომების შესუსტებას. თუ შარდმჟავას კონცენტრაცია დაბალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტოფუსების ზომაც ჩვეულებრივ მცირდება. 

პრეპარატი ადენურიკი® 120 მგ, ტაბლეტები, აგრეთვე გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის მომატების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, რაც შეიძლება განვითარდეს სისხლის კიბოს დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის დასაწყისში.

ქიმიოთერაპიის ჩატარებისას ხდება კიბოს უჯრედების დაშლა, და თუ არ ტარდება შარდმჟავას წარმოქმნის პროფილაქტიკა, სისხლში მისი დონე შესაბამისად იზრდება.

პრეპარატი ადენურიკი® განკუთვნილია მოზრდილთათვის.

2.  რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ადენურიკის® მიღებამდე

პრეპარატი ადენურიკის® მიღება არ შეიძლება  

·       ფებუქსოსტატის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების (მითითებულია პარაგრაფში 6) მიმართ ალერგიის არსებობისას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ადენურიკის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:

·       თუ გაქვთ ან გქონდათ  გულის უკმარისობა, დარღვევები გულის მხრივ ან ინსულტი 

·       თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების დაავადება ან/და  მძიმე ალერგიული რეაქცია ალოპურინოლის მიმართ (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

·       თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდომა

·       თუ გიტარდებათ მკურნალობა შარდმჟავას დონის მომატებასთან დაკავშირებით ლეშ-ნიხანის სინდრომის შემთხვევაში (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, როდესაც სისხლში მომატებულია შარდმჟავას დონე).

·       თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

პრეპარატ ადენურიკის® მიმართ ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება  (აგრეთვე, იხ.პარაგრაფი 4). ალერგიული რეაქციების შესაძლო სიმპტომები არის: 

-       გამონაყარი, მძიმე ფორმების ჩათვლით (როგორიცაა ბუშტუკები, კვანძები, გამონაყარი ქავილით და ექსფოლიაციური გამონაყარი), ქავილი 

-       კიდურების ან სახის შეშუპება

-       სუნთქვის გაძნელება

-       ტემპერატურის მომატება ლიმფური კვანძების გადიდების თანხლებით

-       აგრეთვე სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქციები, გულის და სისხლის მიმოქცევის გაჩერებით.

მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. 

არსებობს იშვიათი ცნობები კანზე სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარის გამოვლენის შესახებ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) პრეპარატ ადენურიკის® მიღების შემდეგ, როდესაც სხეულზე ჯერ ჩნდება მოწითალო, ბრტყელი ფორმის ლაქები ან მრგვალი კერები, ხშირად ბუშტუკით ცენტრში. აგრეთვე, ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (თვალების გაწითლება და შესიება). გამონაყარის პროგრესირება შესაძლებელია ბუშტუკების გავრცელებით ან კანის აქერცვლით. 

ფებუქსოსტატის მიღების შემდეგ სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ ადენურიკის® მიღების გაგრძელება არ შეიძლება. გამონაყარის ან კანზე ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს. 

თუ ამჟამად გაქვთ პოდაგრის გამწვავება (სახსრების მოულოდნელი ძლიერი ტკივილი, მტკივნეულობა, გაწითლება, ტემპერატურის მომატება და შეშუპება), პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის დაწყებამდე დაელოდეთ მის ჩაცხრომას.  

ზოგიერთ შემთხვევაში პოდაგრის გამწვავებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შარდმჟავას დონის კონტროლისთვის განკუთვნილი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში. დაავადების ასეთი გამწვავება ყველა პაციენტს არ აღენიშნება, მაგრამ პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის პირველი კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს პოდაგრის შეტევები. მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ მკურნალობა ასეთი შეტევების გამოვლენისას, რადგან ამ შემთხვევაშიც კი პრეპარატი ადენურიკი® ხელს უწყობს შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირებას. თუ გააგრძელებთ პრეპარატ ადენურიკის® ყოველდღიურად მიღებას, დროთა განმავლობაში პოდაგრის შეტევები უფრო იშვიათი და ნაკლებად მტკივნეული გახდება. 

აუცილებლობის შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვა პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის პოდაგრის გამწვავებას ან ამსუბუქებს სიმპტომებს (მაგალითად, სახსრების ტკივილი და შეშუპება). 

პაციენტებში ურატების ძალიან მაღალი დონით (მაგალითად, ქიმიოთერაპიის ჩატარებისას კიბოს დროს), შარდმჟავას დონის დასაქვეითებელი პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზებში ქსანტინების დაგროვება კენჭების შესაძლო წარმოქმნით, თუმცა, პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ ადენურიკს® სიმსივნის დაშლის სინდრომთან დაკავშირებით, ეს არ აღენიშნებოდათ. 

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. 

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში მოცემული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. 

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ადენურიკი®  

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ქვემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების მიღების შესახებ, რადგან მათ შეუძლია ურთიერთქმედება პრეპარატ ადენურიკთან®. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია საჭირო ზომების მიღება: 

·          მერკაპტოპურინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) 

·          აზატიოპრინი (გამოიყენება იმუნური პასუხის დასაქვეითებლად) 

·          თეოფილინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ) 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა პრეპარატ ადენურიკს® ნაყოფისთვის ზიანის მიყენება. ორსულობის დროს პრეპარატ ადენურიკის® მიღება რეკომენდებული არ არის. ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ადენურიკი® დედის რძეში. არ შეიძლება პრეპარატ ადენურიკის® მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისთვის მომზადების შემთხვევაში. 

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, არამკვეთრი მხედველობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელთა განვითარებისას რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება. 

პრეპარატი ადენურიკი® შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატ ადენურიკის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.   

პრეპარატი ადენურიკი® შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“. 

3. როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ადენურიკი® 

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

·პრეპარატის სტანდარტული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში. ბლისტერული შეფუთვის უკანა მხარეს აღნიშნულია კვირის დღეები პრეპარატის ყოველდღიურად მიღების საკონტროლოდ. 

· ტაბლეტები მიიღება შიგნით,  მათი მიღება შეიძლება ჭამის დროს ან მისგან დამოუკიდებლად. 

პოდაგრა

პრეპარატი ადენურიკი® გამოდის 80 მგ-იანი ან 120 მგ-იანი ტაბლეტების სახით. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზით. 

გააგრძელეთ პრეპარატ ადენურიკის® ყოველდღე მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოდაგრის შეტევა დასრულდა ან აღარ აღგენიშნებათ პოდაგრის გამწვავება ან შეტევები. 

შარდმჟავას მომატებული დონის მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია კიბოს დროს

ადენურიკი® გამოდის 120 მგ-იანი ტაბლეტების სახით.

პრეპარატ ადენურიკის® მიღება უნდა დაიწყოთ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ორი დღით ადრე და გააგრძელოთ მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი ხანმოკლეა.  

80 მგ-იანი დოზირების ტაბლეტზე გამყოფი ხაზი გამიზნულია მხოლოდ ტაბლეტის გადატეხვის გასაადვილებლად, მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულის შემთხვევაში.

თუ მიიღეთ პრეპარატ ადენურიკის® საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ადენურიკის® მიღება 

პრეპარატ ადენურიკის® დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. ხოლო თუ ამის შესახებ გაგახსენდათ პრეპარატის მომდევნო მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ადენურიკის® მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ ადენურიკის® მიღება მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. პრეპარატ ადენურიკის® მიღების შეწყვეტისას შარდმჟავას კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს და დაავადების სიმპტომები შეიძლება გაღრმავდეს  სახსრებსა და მათ გარშემო ქსოვილებში, ასევე, თირკმელებში ურატების ახალი კრისტალების წარმოქმნის შედეგად. 

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს  ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგი იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში) გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რადგან მათ შეიძლება მოჰყვეს მძიმე ალერგიული რეაქციები:

·          ანაფილაქსიური რეაქციები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (აგრეთვე, იხ. პარაგრაფი 2: „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“);

·          სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე, რომელსაც ახასიათებს ბუშტუკების წარმოქმნა და კანის და ორგანიზმის შიდა ღრუების ზედაპირის, მაგალითად, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების კანის აშრევება, მტკივნეული წყლულები პირის ღრუში ან/და სასქესო ორგანოების არეში, ტემპერატურის მატების, ყელის ტკივილის და დაღლილობის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან ლიმფური კვანძების გადიდების, ღვიძლის გადიდების, ჰეპატიტის (ღვიძლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების დონის გაზრდის (სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით - DRESS-სინდრომი) თანხლებით (იხ. პარაგრაფი 2) 

·     გენერალიზებული გამონაყარი კანზე 

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

·          ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდომა

·          დიარეა

·          თავის ტკივილი

·          გამონაყარი (სხვადასხვა სახის გამონაყარის ჩათვლით, იხილეთ ქვემოთ პუნქტებში „ზოგჯერ“ და „იშვიათად“) 

·          გულისრევა

·          პოდაგრის სიმპტომების გაძლიერება

·          ლოკალური შესიება ქსოვილებში სითხის შეკავების გამო (შეშუპება)

·          თავბრუსხვევა

·          ქოშინი

·          ქავილი

·          ტკივილი კიდურებში, ტკივილი კუნთებში/სახსრებში

·          დაღლილობა

სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ, ჩამოთვლილია ქვემოთ.

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

·          მადის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის შეცვლა (შაქრიანი დიაბეტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი წყურვილით, სისხლში ლიპიდების დონის მომატება, სხეულის წონის მომატება

·          სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა

·          ძილის დარღვევა, ძილიანობა

·          დაბუჟება, ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაქვეითება ან შეცვლა (ჰიპოსთეზია, ჰემიპარეზი ან პარესთეზია), გემოს მგრძნობელობის დაქვეითება,  ყნოსვის გაუარესება (ჰიპოსმია) 

·          ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, არარეგულარული ან  გახშირებული გულისცემა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება (გულისცემის შეგრძნება)

·          წამოხურება ან სისხლის მოწოლა (მაგალითად, სახის ან ყელის გაწითლება), არტერიული წნევის მომატება, სისხლდენები (სისხლდენები აღინიშნება  მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სისხლის დაავადებების გამო) 

·          ხველა, დისკომფორტის შეგრძნება ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხვირის ნესტოების ან/და ყელის ანთება (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები), ბრონქიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია

·          პირის ღრუს სიმშრალე, ტკივილი/დისკომფორტი მუცლის არეში ან მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის ზედა არეში, გულძმარვა/საჭმლის მონელების დარღვევა, შეკრულობა, ხშირი დეფეკაცია, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში   

·          ქავილით მიმდინარე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება, კანის ფერის შეცვლა, კანზე წვრილი წითელი ან მეწამული ლაქები, კანზე წვრილი ბრტყელი წითელი ლაქები, კანის გაწითლებული უბნები დაფარული წვრილი ერთმანეთში გადასული ხორკლებით, გამონაყარი, კანზე წითელი უბნები და ლაქები, მომატებული ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა, ალოპეცია, კანის გაწითლება (ერითემა), ფსორიაზი, ეგზემა, სხვა დარღვევები კანის მხრივ, კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, ბურსიტი ან ართრიტი (სახსრების ანთება, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ტკივილი, შეშუპება ან/და მოძრაობის შებოჭილობა), ტკივილი ზურგის არეში, კუნთების სპაზმი, კუნთების ან/და სახსრების შებოჭილობა

·          სისხლი შარდში, გახშირებული შარდვა, შარდის ანალიზის შედეგების ნორმიდან გადაცდომა (შარდში ცილების დონის მომატება), თირკმელების ფუნქციის შესუსტება, საშარდე გზების ინფექციები

·          ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში 

·          კენჭები ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის სადინარებში (ნაღვლკენჭოვანი დაავადება)

·          სისხლში თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონის მომატება 

·          სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა, სისხლის უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა (სისხლის ანალიზის შედეგების ნორმიდან გადაცდომა) 

·          კენჭები თირკმელებში

·          ერექციის დარღვევა

·          ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მხედველობის დარღვევა, მხედველობის შეცვლა

·          ზარების რეკვის ხმა ყურებში

·          სურდო

·          წყლულების წარმოქმნა პირის ღრუში  

·          კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: ხშირი სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება

·          სასწრაფოდ მოშარდვის სურვილი

·          ტკივილი

·          შეუძლოს ყოფნა

·          სნთ-ის მომატება

·          დაჟეჟილობა

·          ტუჩების შეშუპება

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში):

·          კუნთების დაზიანება, მდგომარეობა, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გახდეს მძიმე. ეს მოვლენა შეიძლება იწვევდეს დარღვევებს კუნთების მხრივ, განსაკუთრებით ცუდი გუნება-განწყობის ან მაღალი ტემპერატურის დროს, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული კუნთების პათოლოგიური დაშლით. კუნთების ტკივილის, მტკივნეული მგრძნობელობის ან სისუსტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

·          კანის ღრმა ფენების გამოხატული შეშუპება, განსაკუთრებით თვალების, სასქესო ორგანოების, ხელების, ფეხების ან ენის არეში, სუნთქვის შესაძლო გაძნელებით;

·          სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება წითელას მსგავსი გამონაყარის, ლიმფური კვანძების გადიდების, ღვიძლის გადიდების, ჰეპატიტის (ღვიძლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის (ლეიკოციტოზი ეოზინოფილიით ან მის გარეშე) თანხლებით 

·          სხვადასხვა სახის გამონაყარი (მაგალითად, თეთრი ლაქებით, ბუშტუკებით, ჩირქიანი ბუშტუკებით ან მის გარეშე, კანის აშრევებით, წითელას მსგავსი გამონაყარი), გავრცელებული ერითემა, ნეკროზი და ეპიდერმისის და ლორწოვანი გარსების ბულოზური აშრევება, რომელთა შედეგსაც წარმოადგენს კანის აშრევება და შესაძლო სეფსისი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

·          ნევროზულობა

·          წყურვილის შეგრძნება

·          წონის დაკლება, მადის მომატება, მადის უკონტროლო დაკარგვა (ანორექსია)

·          სისხლის უჯრედების (ლეოკოციტების, ერითროციტების ან თრომბოციტების) ძალიან დაბალი რაოდენობა

·          შარდის რაოდენობის შეცვლა ან შემცირება თირკმელების ანთების გამო (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

·          ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

·          კანის გაყვითლება (სიყვითლე)

·          შარდის ბუშტის ინფექცია

·          ღვიძლის დაზიანება

·          სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება (კუნთების დაზიანების მაჩვენებელი)

·          მოულოდნელი კარდიული სიკვდილი

·          ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)

·          დეპრესია

·          ძილის დარღვევები

·          გემოს აღქმის დაკარგვა

·          წვის შეგრძნება

·          ვერტიგო

·          სისხლძარღვოვანი უკმარისობა 

·          ფილტვების ინფექცია (პნევმონია)

·          პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

·          პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

·         მხრის მბრუნავი მანჟეტის მოჭერის სინდრომი

·         რევმატული პოლიმიალგია

·         სიცხის შეგრძნება

·         მხედველობის მოულოდნელად დაკარგვა თვალის არტერიის გაჭედვის გამო

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში. 

5. პრეპარატ ადენურიკის® შენახვის პირობები

·       პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

·       პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერის „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

·       მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

·       ვარგისობის ვადა: 36 თვე. 

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ადენურიკის® შემადგენლობა 

მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ან 120 მგ ფებუქსოსტატს. 

სხვა კომპონენტები: 

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი,  კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი. 

აპკიანი გარსი: Opadry II ყვითელი, 85F42129: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (3350), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172). 

პრეპარატ ადენურიკის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი 

პრეპარატი ადენურიკი®, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, წარმოადგენს კაფსულის ფორმის, ღია-ყვითელიდან -  ყვითელი ფერის მქონე ტაბლეტებს. 

80 მგ დოზირების აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს აქვს გრავირება „80“ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზი მეორე მხარეს. 

120 მგ დოზირების აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს აქვს გრავირება „120“ ერთ მხარეს. 

პრეპარატები ადენურიკი® 80 მგ და 120 მგ შეფუთულია გამჭვირვალე ბლისტერულ შეფუთვაში (აკლარ/პვქ/ალუმინი ან პვქ/პე/პვდქ/ალუმინი) 14 ტაბლეტით. 

პრეპარატები ადენურიკი® 80 მგ და 120 მგ გამოდის შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული  28, 56 და 84  ტაბლეტით.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი. 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy