Painsto - ფეინსტო 100მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
მარაგშია
SKU
76068_625

ჩვენება: რევმატოიდული დაავადების, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ძვალ-კუნთოვანი დარღვევების და ისეთი ტრავმების სამკურნალოდ

შემადგენლობა:

თითო ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ფლურბიპროფენს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები, ათქ კოდი: MO1AE09.

ფლურბიპროფენს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები. ითვლება, რომ ეს იწვევს პრეპარატის მიერ პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვის უნარს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ფლურბიპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან დაახლოებით 90 წუთში.

დაახლოებით 99% უკავშირდება ცილებს და ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-4 საათს შეადგენს. 

შარდში ფლურბიპროფენის და მისი ორი ძირითადი თავისუფალი და კონიუგირებული მეტაბოლიტის ([2-(2-ფლურო-4’-ჰიდროქსი-4-ბიფენილილი) პროპიონის მჟავა) და [2-(2-ფლურო-3’-ჰიდროქსი-4-მეთოქსი-4-ბიფენილილი) პროპიონის მჟავა]) ექსკრეციის სიჩქარე ერთნაირია პერორალური და რექტალური გზით შეყვანის შემთხვევაში. მეტაბოლური ნიმუშები თვისობრივად ერთნაირია შეყვანის ორივე მეთოდისთვის.

ჩვენება:

რევმატოიდული დაავადების, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ძვალ-კუნთოვანი დარღვევების და ისეთი ტრავმების სამკურნალოდ, როგორიცაა, პერიართრიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ტკივილი წელის არეში, დაჭიმულობა და  დაძაბულობა.

ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო ფეინსტო 100 მგ ასევე ინიშნება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის შესამსუბუქებლად ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა კბილის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, დისმენორეა და შაკიკი.

უკუჩვენება:

ფეინსტო 100 მგ უკუნაჩვენებია ფლურბიპროფენის ან ნებისმიერი არააქტიური კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიის ტიპები) მქონე პაციენტებში.

ფეინსტო 100 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა აასს-ის მიმართ.

ფეინსტო 100 მგ ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, აასს-ით ჩატარებულ თერაპიასთან დაკავშირებით.  ფეინსტო 100 მგ არ უნდა დაინიშნოს ამჟამად ან ანამნეზში წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების, პეპტიური წყლულის რეციდივის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტებში (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი).

ფეინსტო 100 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

ფეინსტო 100 მგ უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (იხ. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ქალის შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა

ფლურბიპროფენს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონის ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით,  უნდა იქნას განხილული ფლურბიპროფენის მოხსნის შესაძლებლობა.

ორსულობა

პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ჩანასახის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება ზრდის მუცლის მოშლის, ნაყოფის გულის მხრივ ანომალიების და გასტროშიზისის რისკს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიების განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან, დაახლოებით, 1,5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება პრეპარატის დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენება ხელს უწყობდა პრე- და პოსტიმპლანტაციური დანაკარგების რისკის გაზრდას და ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის გაზრდას. გარდა ამისა, ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის პერიოდში, იზრდებოდა ნაყოფის განვითარების მანკების გამოვლენის სიხშირე, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიები. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ფლურბიპროფენის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ორსულობის დაგეგმვისას, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ქალებში ფლურბიპროფენის დანიშვნისას საჭიროა უმცირესი შესაძლო დოზის შერჩევა მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა   ნაყოფში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი დარღვევები:

  • გულისა და ფილტვის ტოქსიურობის გამოვლენა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და პულმონარული ჰიპერტენზია);
  • თირკმელების დისფუნქცია, რომელიც შეიძლება პროგრესირებდეს და გადავიდეს თირკმელების უკმარისობაში ოლიგოჰიდრამნიონით;

დედას ორსულობის ბოლოს და ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს შემდეგი მოვლენები:

  • სისხლდენის დროის გახანგრძლივება - ანტიაგრეგანტული ეფექტი, რომელიც შესაძლებელია პრეპარატის ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც კი;
  • საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს სამშობიარო მოქმედების დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.

აქედან გამომდინარე, ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლოვაში.

მშობიარობა

მშობიარობის დაწყება შეიძლება დაგვიანდეს, ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს მშობიარობა სისხლდენის მიმართ უფრო მაღალი მიდრეკილებით დედასა და ბავშვში. 

ძუძუთი კვება

ფლურბიპროფენი გამოიყოფა დედის რძეში; მაგრამ, რძეში გამოიყოფა დედის მიერ მიღებული დოზის ძალიან მცირე რაოდენობა. ფლურბიპროფენი რეკომენდებული არ არის დედებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ.

ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის კვლევებით ნაჩვენებია, რომ აასს შეიძლება ძალიან მძირე რაოდენობით აღინიშნოს დედის  რძეში. თუ შესაძლებელია, თავი შეიკავეთ აასს-ის მიღებისგან ძუძუთი კვების პერიოდში.

ქალის შვილოსნობის ფუნქციასთან დაკავშირებით იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/ სიფრთხილის ზომები.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე

აასს-ის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. 

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყველაზე ხშირად აღინიშნება გვერდითი  მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება აღინიშნოს პეპტიური წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები). ფლურბიპროფენის მიღების შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. უკუჩვენაბა და გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები). უფრო იშვიათად აღინიშნება გასტრიტი. პანკრეატიტი აღინიშნა ძალიან იშვიათად.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ფლურბიპროფენით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს (ა) არასპეციფიკურ ალერგიულ რეაქციებს და ანაფილაქსიურ რეაქციებს, (ბ) სასუნთქი სისტემის რეაქტიულობას, რომელიც ითვალისწინებს ასთმას, ასთმის დამძიმებას, ბრონქოსპაზმს ან დისპნოეს, ან (გ) კანის სხვადასხვა  დავადებებს, როგორიცაა სხვადასხა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და ძალიან იშვიათად მრავალფორმიანი ერითება, ბულოზური დერმატიტი (სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით).

ინფექციები და ინვაზიები

აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია კანის ინფექციებით გამოწვეული ანთების გამწვავება (როგორიცაა მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება). ფლურბიპროფენით მკურნალობის პერიოდში ინფექციის ნიშნების გამოვლენის ან დამძიმების შემთხვევაში პაციენტისთვის რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინში სისხლის მიმოქცევის მხრივ: აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

კლინიკური კვლევების შედეგების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ზოგიერთი აასს-ის გამოყენებას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება თან ახლდეს არტერიული თრომბოზების რისკის გაზრდა (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ.გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები). 

შემდეგი არასასურველი რეაქციები სავარაუდოდ დაკავშირებულია ფლურბიპროფენთან და წარმოდგენილია MedDRA-ს სიხშირის კატეგორიებისა  და სისტემათა და ორგანოთა კლასიფიკაციის მიხედვით. სიხშირის ჯგუფები წარმოდგენილია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100 - <1/10); არახშირად (>1/1000 - <1/100); იშვიათად (>1/10000 - < 1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000) და  სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).

სისტემათა და ორგანოთა კლასი

სიხშირე:

არასასურველი რეაქცია (PT; MedDRA 17.0)

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირად

ანემია

ძალიან იშვიათად

ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირად

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათად

ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

 

იშვიათად

დეპრესია, დაბნეულობა

ძალიან იშვიათად

ჰალუცინაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

არახშირად

პარესთეზია

იშვიათად

ძილიანობა, უძილობა

უცნობია

ოპტიკური ნევრიტი, ცერებროვასკულური შემთხვევა, ასეპტიკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი 4.4. განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირად

მხედველობის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

არახშირად

ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

არახშირად

ასთმა, დისპნოე

იშვიათად

ბრონქოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად

დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, შეკრულობა, მელენა, სისხლიანი ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

არახშირად

გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის წყლული, წყლულები პირის ღრუში, წყლულის პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

ძალიან იშვიათად

პანკრეატიტი

უცნობია

კოლიტი და კრონის დაავადება

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

სიყვითლე, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები

უცნობია

ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

 

არახშირად

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქცია

ძალიან იშვიათად

კანის რეაქციების მძიმე ფორმები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით)

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

 

იშვიათად

ნეფროტოქსიურობის სხვადასხვა ფორმები, მაგალითად, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და თირკმელების მწვავე უკმარისობა (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები)

უცნობია

გლომერულონეფრიტი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირად

დაღლილობა; შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება

დარღვევები გულის მხრივ

არახშირად

გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არახშირად

ჰიპერტენზია

გამოკვლევები

ხშირად

ღვიძლის ფუნქციის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები, სისხლდენის დროის გახანგრძლივება

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ხშირად

სითხის შეკავება

ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით, პაციენტებში არსებული აუტოიმუნური დარღვევებით, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება) კისრის კუნთების დაჭიმულობის, თავის ტკივილის, ღებინების, ცხელების ან დეზორიენტაციის სიმპტომების თანხლებით) (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ არასასურველ ეფექტს.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი პრეპარატით, რადგან ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება.

დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები: აასს-ს შეუძლია შეამციროს დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. გარდა ამისა, დიურეზულებს შეუძლია გაზარდოს აასს-ის ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგ პაციენტში (მაგალითად დეჰიდრატაციის შემთხვევაში ან ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით) აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენება შეიძლება იწვევდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომ გაუარესებას, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს თირკმელების მწვავე უკმარისობას, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც ფლურბიპროფენს იღებენ აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებთან კომბინაციაში. ამიტომ, კომბინაცია ინიშნება სიფრთხილის ზომების დაცვით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პაციენტმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე, ასევე საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყებისას და პერიოდულად მკურნალობის პერიოდში.

ლითიუმის მარილები: ლითიუმის გამოყოფის გახანგრძლივება.

მეთოტრექსატი: რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ფლურბიპროფენის და მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას, რადგან აასს-ს შეუძლია გაზარდის მეთოტრექსატის კონცენტრაციები.

ანტიკოაგულანტები: აასს-ს შეუძლია გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

ანტითრომბოციტული საშუალებები: აასს-ის მიღებისას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

ასპირინი: აასს-ის შემცველი სხვა პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენის და ასპირინის ერთდროულად მიღება ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის გვერდითი მოქმედების  შესაძლო გაზრდის გამო.

საგულე გლიკოზიდები: აასს-ს შეუძლია დაამძიმოს გულის უკმარისობა, შეამციროს გფს და გაზარდოს საგულე გლიკოზიდების პლაზმური კონცენტრაციები.

ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიურობის მომატებული რისკი.

კორტიკოსტეროიდები: აასს-ის მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი): აასს-ის მიღებისას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები: თავი შეიკავეთ ორი ან მეტი აასს-ის, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისგან, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოქმედების რისკი აასს-ის მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

მიფეპრისტონი: აასს არ უნდა გამოიყენოთ მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან აასს-ს შეუძლია შემაციროს მიფეპრისტონის მოქმედება.

ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები: ცხოველებში მიღებული ცნობები მიუთითებს, რომ აასს-ს შეუძლია გაზარდოს ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებით გამოწვეული კრუნჩხვის რისკი. აასს-ის და ქინოლონების მიღებისას პაციენტებში შეიძლება მომატებული იყოს კრუნჩხვის განვითარების რისკი.

ტაკროლიმუსი: აასს-ის ტაკროლიმუსთან ერთად მიღებისას შესაძლებელია ნეფროტოქსიურობის რისკის მომატება.

ზიდოვუდინი: ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი აასს-ის ზიდოვუდინთან ერთად მიღებისას. ცნობილია ჰემართროზის და ჰემატომების მომატებული რისკის შესახებ ჰემოფილიის მქონე აივ დადებით ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ზიდოვუდინს და სხვა აასს-ს.

ფლურბიპროფენის და ტოლბუტამიდის ან ანტაციდების ნებისმიერი ურთიერთქმედების კვლევები წარუმატებლად დასრულდა. დღემდე არ არის ფლურბიპროფენის სტანდარტულ ლაბორატორიულ ანალიზებთან ურთიერთქმედების მტკიცებულება.

დოზირება და მიღების წესი:

პერორალურად მიღებისთვის. სასურველია მიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.

არასასურველი მოვლენების მინიმუმამდე შემცირება შეიძლება უმცირესი ეფექტიანი დოზის მინიმალური დროის განმავლობაში გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები).

მოზრდილები:

150-200 მგ დღე-ღამეში, განაწილებული ორ, სამ ან ოთხ დოზაზე. მძიმე სიმპტომების ან ახლახანს  განვითარებული დაავადების, ასევე მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში საერთო დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ-მდე განაწილებული დოზების სახით.

დისმენორეის დროს შეიძლება 100  მგ დოზის მიღება სიმპტომების დაწყებისას, შემდეგ 50 ან 100 მგ ოთხ ან ექვს საათიანი ინტერვალის დაცვით. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ საერთო სადღერამისო დოზას, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს.

გამოყენება ბავშვებში:

ფლურბიპროფენის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში მომატებულია გვერდითი რეაქციების მძიმე შედეგების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენი, როგორც წესი, კარგად აიტანება ხანდაზმულების მიერ, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დაზიანებისას, აასს-ის გამოყოფა შეიძლება გახანგრძლივდეს. ასეთ შემთხვევაში, ფლურბიპროფენი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით, დოზის ინდივიდუალურად  განსაზღვრით.

თუ აასს-ის დანიშვნა აუცილებელია, საჭიროა უმცირესი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოყენება. აასს-ით თერაპიის პერიოდში საჭიროა პაციენტის რეგულარულად მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების თვალსაზრისით.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, იშვიათად დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, კომა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, გულის წასვლა და იშვიათად კრუნჩხვა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში  შესაძლებელია თირკმელების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

მკურნალობა

საჭიროა პაციენტების სიმპტომური მკურნალობა. პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში გამოიყენება აქტივირებული ნახშირი. ალტერნატივის სახით მოზრდილებში განიხილება კუჭის ამორეცხვის საკითხი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ჭარბი დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. 

საჭიროა კარგი დიურეზის უზრუნველყოფა.

საჭიროა თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.

საჭიროა პაციენტზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში.

ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვის მოხსნა საჭიროა დიაზეპამის ინტრავენური შეყვანით. სხვა ზომები შეიძლება დაინიშნოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ - ალუმინის ბლისტერი

აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი / 1 ბლისტერი / 1 კოლოფი (1 ბლისტერი/აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი)

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი / 2 ბლისტერი / 1 კოლოფი (1 ბლისტერი/აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი)

სხვა ფარმაცევტული დოზირებული ფორმები:

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:  2 წელი

მწარმოებელი: NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. დუზჯე / თურქეთი

 

 

 

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy