Lepak - ლეპაკი 10მგ 30 ტაბლეტი

26,44 GEL
მარაგშია
SKU
67160_871

ჩვენება: ასთმის პროფილაქტიკა, რომლის ძირითადი კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქცია, რინიტის შემსუბუქება პაციენტებში ბრონქული ასთმით.

ლეპაკი

(Lepak)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მონტელუკასტი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოკრემისფრო-ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მონტელუკასტ ნატრიუმს 10 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსის შემადგენლობა: Vivacoat  PC-1P-113 (ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი. ათქ-კოდი: R03DC03.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენს მძლავრ ანთების ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოთავისუფლდება სხვადასხვა უჯრედებისგან, მათ შორის მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პროასთმატური მედიატორები უკავშირდება ცისტეინურ ლეიკოტრიენების რეცეპტორებს (CysLT) სასუნთქ გზებში და იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, სისხლძარღვების განვლადობის მომატება და ეოზინოფილების გამოთავისუფლება.

მონტელუკასტი წარმოადგენს ორალურად აქტიურ შენაერთს, რომელსაც გააჩნია მაღალი აფინურობა და სელექციურობა CysLT1 რეცეპტორების მიმართ. იგი აინჰიბირებს ანტიგენით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის როგორც ნაადრევ, ასევე გვიან ფაზას. პლაცებოსთან შედარებით, მონტელუკასტი ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში როგორც მოზრდილებში, ასე ბავშვებში. ცალკეული კვლევების თანახმად, მონტელუკასტით მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად მცირდება ეოზინოფილების რაოდენობა სასუნთქ გზებსა და პერიფერიულ სისხლში, რაც აუმჯობესებს ბრონქული ასთმის კლინიკურ კონტროლს.

ფარმაკოკინეტიკა:

მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის უზმოზე მიღების შემდეგ მოზრდილ პაციენტებში პიკური პლაზმური კონცენტრაცია Cmax მიიღწევა 3 საათში. საშუალო ორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%. სტანდარტული საკვები არ ახდენს გავლენას Cmax -ზე და ბიოშეღწევადობაზე.

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს.

აქტიურად მეტაბოლიზდება, ძირითადად ციტოქრომ P450 2C8-ს მეშვეობით. მეტაბოლიტების როლი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია. მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის მთლიანად გამოიყოფა ნაღვლით. პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ მოზრდილებში შეადგენს 45 მლ/წთ.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მცირე და საშუალო სიმძიმის უკმარისობა, დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის შესწავლილი მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ჰეპატიტი.

რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიყოფა შარდით, პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა მამაკაცებსა და ქალებში არ განსხვავდება.

ჩვენება:

- დამატებითი თერაპიის სახით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტული ასთმის დროს პაციენტებში, რომელთა დაავადების ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებით და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების მიღება ვერ უზრუნველყოფს სასურველ კლინიკურ ეფექტს. 

- ასთმის პროფილაქტიკა, რომლის ძირითადი კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქცია.

- სეზონური რინიტის სიმპტომების შემსუბუქება პაციენტებში ბრონქული ასთმით.

მიღების წესი და დოზირება:

ლეპაკის სამკურნალო ეფექტი, ასთმის მაჩვენებელთა ცვლილებით, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღის განმავლობაში. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს როგორც გამწვავების, ასევე რემისიის პერიოდებში.

მოზრდილები და მოზარდები 15 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ 10 მგ დღეში ერთხელ, საღამოს, კვებისგან დამოუკიდებლად.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ, როგორც ბრონქული ასთმა, ასევე რინიტი უნდა მიიღონ მხოლოდ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000).

ინფექციები და ინვაზიები: ძალიან ხშირი – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი – მიდრეკილება სისხლდენისკენ, ძალიან იშვიათი - თრომბოციტოპენია;

იმუნური სისტემის მხვრივ: არახშირი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით; ძალიან იშვიათი – ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია;

ფსიქიკური დარღვევები: არახშირი - ძილის ანომალიები, კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნამბულიზმი, შფოთვა, აჟიტირება, აგრესიული ქცევის ან მტრული განწყობის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (აგზნებადობა, მოუსვენრობა, ტრემორი), იშვიათი - ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება; ძალიან იშვიათი - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა;

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – გულისცემის შეგრძნება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი - სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათი - ჩერჯ-სტროსის სინდრომი, ფილტვისმიერი ეოზინოფილია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება; არახშირი –პირის სიმშრალე, დისპეფსია;

ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირი – შრატში ტრანსამინაზების დონეს მომატება; ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი (ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული, ღვიძლის შერეული დაზიანების ჩათვლით);

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათი - ანგიოედემა; ძალიან იშვიათი - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი - ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი.

სხვა: ხშირი – პირექსია; არახშირი _ ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

• 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ლეპაკი შეიძლება დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

დაუშვებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ასევე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მონტელუკასტს.

რეკომენდებული დოზით გამოყენებისას, მონტელუკასტი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზოლონი, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (ეთინილესტრადიოლი/ნორეტინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვედა არე (AUC) მცირდება დაახლოებით 40%-ით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფენობარბიტალს.

რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2С8 და 2С9-ის მეშვეობით, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ბავშვებში, ლეპაკის CYP 3A4, 2С8 და 2С9 ინდუქტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.

მიუხედავათ იმისა, რომ მონტელუკასტი წარმოადგენს CYP 2C8 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორს, არ არის მოსალოდნელი მისი ზემოქმედება ისეთი პრეპარატების ბიოტრანსფორმირებაზე, რომელთა მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ამ ფერმენტის მეშვეობით (მაგ. პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი, რეპაგლინიდი).

გემფიბროზილთან ან CYP 2C8 ფერმენტის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების დროს მონტელუკასტის დოზის რუტინული კორექცია არ მოითხოვება, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქმნას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის პოტენციური მატება.

CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში (მაგ., ტრიმეტოპრიმთან) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების განვითარება მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის და იტრაკონაზოლის, CYP 3А4 ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორის, ერთდროული დანიშვნა არ იწვევს მონტელუკასტის სისტემური მოქმედების გაძლიერებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციები შეესაბამება მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავს მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიური ინფორმაცია მონტელუკასტის ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ. ტარდება სიმპტომური თერაპია. პერიტონეალური და ჰემოდიალიზის ეფექტურობა მონტელუკასტის გამოყოფის მიზნით უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

უცნობია, აღწევს თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა პაციენტების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ლეპაკი არ გამოიყენება ასთმის მწვავე შეტევების კუპირების მიზნით და ასეთ შემთხვევაში მათ უნდა იქონიონ შესაბამისი სასწრაფო დახმარების პრეპარატი. მწვავე შეტევის დროს გამოიყენება ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას სჭირდება ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების უფრო დიდი დოზა, ვიდრე ჩვეულებრივ.

არ უნდა მოხდეს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდების ლეპაკის ტაბლეტებით მკვეთრი ჩანაცვლება. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ მონტელუკასტის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ორალური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება.

იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ასთმის საწინააღმდეგო მკურნალობა, მონტელუკასტის ჩათვლით, აღენიშნებათ სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ჩერჯ-სტროსის სინდრომისთვის დამახასიათებელი ვასკულიტის კლინიკური ნიშნებით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხშირად ტარდება მკურნალობა სისტემური კორტიკოსტეროიდებით). ეს შემთხვევები ზოგჯერ უკავშირდება ორალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიის შემცირებას ან შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივი კავშირი ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონიზმთან დადგენილი არ არის, მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეოზინოფილიის, ვასკულური გამონაყარის, ფილტვისმიერი სიმპტომების გაუარესების, კარდიოლოგიური გართულებების და/ან ნეიროპათიის განვითარების რისკი ასეთ პაციენტებში. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახლა შეფასება და მკურნალობის რეჟიმის გადახედვა.

ასპირინული ასთმით დაავადებულმა პაციენტებმა, მონტელუკასტით მკურნალობის მიუხედავად, თავი უნდა აარიდონ ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ამიტომ არ ინიშნება ავადმყოფებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა: გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი”.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy