Sertralina Normon - სერტრალინი ნორმონი 50მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: დეპრესია და დეპრესიის რეციდივის პრევენცია (მოზრდილებში).
სერტრალინის ჰიდროქლორიდი შემადგენლობა:
სერტრალინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი (ჰიდროქლორიდის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სერტრალინს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, (კარტოფილის) ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), ტალკი და მაკროგოლი 6000.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სერტრალინი ნორმონი წარმოადგენს (ნაფტილამინის წარმოებული) ნეირონებში სეროტონინის 5-HT უკუმიტაცების სპეციფიკურ ინჰიბიტორს, რომელიც აძლიერებს სეროტონინის მოქმედებას. იგი შედარებით სუსტად მოქმედებს ნორადრენალინისა და დოპამინის უკუმიტაცების პროცესზე.
სერტრალინი სამკურნალო დოზებში აბლოკირებს თრომბოციტებში სეროტონინის მიტაცების პროცესს. მას არ ახასიათებს მასტიმულირებელი, სედატიური ან ანტიქოლინერგული მოქმედება, აგრეთვე კარდიოტოქსიკური ეფექტი. იგი არ ხასიათდება მუსკარინული ქოლინორეცეპტორების, სეროტონინული, დოფამინური, ჰისტამინური, გამა-ამინოერბოს მჟავას, ბეზოდიაზეპინური და ადრენორეცეპტორებისადმი აფინიტეტით. პრეპარატი არ იწვევს მაოს ინჰიბირებას, ხასიათდება ანორექსიგენული მოქმედებით.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, დეპრესიების ან ობსესურ-კომპულსური (აკვიატებული მდგომარეობა) მოშლილობების სერტრალინით მკურნალობის დროს სხეულის წონაში მომატება არ აღინიშნება, პირიქით ზოგიერთ პაციენტში იგი ქვეითდება. სერტრალინს არ ახასიათებს მისდამი ფიზიკური ან ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და განაწილება: სერტრალინის პერორალური მიღებისას დოზით 50 მგ-დან 200 მგ-მდე ერთხელ დღეში 14 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცის მაქსიმუმი (Cmax) პლაზმაში აღინიშნება 4.5-8,4 სთ-ის შემდეგ. პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში, ხანდაზმულ მამაკაცებში და ქალებში შეადგენს 22-36 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, თანაბარი კონცენტრაციების მიღწევამდე ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ (ერთხელ დღეში) აღინიშნება პრეპარატის დაახლოებით ორჯერადი კუმულაცია. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს სერტრალინის ბიოშეღწევადობაზე. პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 98%-ს.
მეტაბოლიზმი: სერტრალინი ღვიძლში “პირველადი გავლის” შემდეგ აქტიურად ბიოტრანსფორმირდება. პლაზმაში აღმოჩენილ მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-დესმეთილსერტრალინი, რომელიც ხასიათდება სერტრალინზე ნაკლები აქტივობით (დაახლოებით 20-ჯერ) in vitro და ფაქტიურად არააქტიურია in vivo, დეპრესიების დროს.
გამოყოფა: N-დესმეთილსერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 62-104 სთ-ის ფარგლებში. სერტრალინის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფიან განავალთან და შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (0.2%-ზე ნაკლები) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში და მოზრდილებში მსგავსია.
ჩვენება:
-დეპრესია და დეპრესიის რეციდივის პრევენცია (მოზრდილებში);
-სოციალური შფოთვითი აშლილობა (მოზრდილებში);
-პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) (მოზრდილებში);
-პანიკური აშლილობა (მოზრდილებში);
-ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) (მოზრდილებსა და 6-17 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში).
უკუჩვენება:
თუ პაციენტი ალერგიულია სერტრალინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ღებულობს ან ღებულობდა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან სხვა მაოი-ის მსგავს მედიკამენტებს (მაგ.:ლინეზოლიდი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალი მაოი-ით მკურნალობის დაწყებამდე. მაოი-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ 2-კვირიანი ინტერვალი სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე. თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტს–პიმოზიდს (ანტიფსიქოზურ პრეპარატს).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
მედიკამენტები ყოველთვის არ არის ყველა პაციენტისათვის მიზანშეწონილი. სერტრალინი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა: სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როცა პაციენტი სერტრალინთან ერთად ღებულობს სხვა გარკვეულ მედიკამენტებს. მკურნალი ექიმი დაადგენს, პაციენტს აღენიშნებოდა, თუ არა ეს სინდრომი; თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რომელიც შეიძლება განვითარდეს სერტრალინით მკურნალობის შედეგად. მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს; თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა; თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება; შეიძლება საჭირო გახდეს სერტრალინის დოზის შემცირება; თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი; სერტრალინმა შეიძლება შეცვალოს გლუკოზის დონე სისხლში და შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია; თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება, თუ პაციენტს განუვითარდა გულყრა; თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება, თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალური ეპიზოდი; თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა სუიციდალური აზრები; თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები ან ღებულობს სისხლის გამათხევადებლებს (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან ვარფარინს) ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი; თუ პაციენტი არის ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდი. 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინი ინიშნება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მკურნალობის დროს. საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, თუ მკურნალობდა ამ დაავადების გამო (იხ. ქვემოთ–ბავშვები და მოზარდები); თუ პაციენტს უტარდება ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ). მოუსვენრობა-აკათიზია: სერტრალინის გამოყენება იწვევს აკატიზიას (მოუსვენრობა და მოძრაობის მოთხოვნილება, ხშირად შეუძლებელია წყნარად ჯდომა ან დგომა). უფრო ხშირად ეს სიმპტომი ვითარდება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს ამ სიმპტომის მქონე პაციენტებში.
მოხსნის სიმპტომები: მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოხსნის სიმპტომები არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა უეცრად წყდება. მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ზოგადად, ეს სიმპტომები არის მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ის შეიძლება იყოს მძიმე. ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ქრება თავისით და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე ან უფრო მეტი). სერტალინით მკურნალობის შეწყვეტისას, რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. სუიციდალური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება: დეპრესიის და-ან შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ეს შეადგენს 2 კვირას ან უფრო მეტ ხანს. ზემოთ აღნიშნული აზრები უფრო მეტად ვითარდება: თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები; თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევებით სუიციდალური ქცევის რისკი მაღალია 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით. საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს უნდა აცნობოს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. ასევე, უნდა სთხოვოს, რომ უთხრან, თუ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის მიმდინარეობა უარესდება, ან ამჩნევენ ქცევის ცვლილებას. ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობის დროს აღინიშნა ძვლების მოტეხილობების განვითარების გაზრდილი რისკი. ბავშვები და მოზარდები: სერტრალინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) მქონე პაციენტებისა. 18 წლამდე ასაკის პაციენტები, ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობის დროს, იმყოფებიან გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდალური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად, აგრესიულობა, ოპოზიციური ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სერტრალინი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაენიშნა სერტრალინი ნორმონი და მას სურს ამ გადაწყვეტილების განხილვა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში სერტრალინის ხანგრძლივი უსაფრთხოება, ზრდასთან, სქესობრივ მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის საბოლოოდ შესწავლილი.
სერტრალინი ნორმონის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად:
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი ღებულობს ან ახლო წარსულში ღებულობდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სერტრალინი ნორმონის ეფექტზე, ან სერტრალინი ნორმონმა შეიძლება დააქვეითოს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტურობა მათი ერთდროულად მიღებისას. ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად სერტრალინი ნორმონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები: მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი), როგორიცაა: მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის დროს), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს) და ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი. დაუშვებელია სერტრალინის მაოი-თან გამოყენება; ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედიკამენტები (პიმოზიდი). დაუშვებელია სერტრალინის პიმოზიდთან ერთად გამოყენება. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს: კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები. კრაზანას ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 კვირა, უნდა ეცნობოს ექიმს; პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავა ტრიფტოფანს; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს (მაგ.: ტრამადოლი); შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: სუმატრიპტანი); სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტი (ვარფარინი); ტკივილის-ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)); სედატიური საშუალებები (დიაზეპამი); დიურეტიკები; ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი); დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ტოლბუტამიდი); კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციის და წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (ციმეტიდინი); მანიისა და დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ლითიუმი); დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი); შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი).
სერტრალინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
სერტრალინი ნორმონის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული სერტრალინით მკურნალობის დროს.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა:
ორსულობის ან ლაქტაციის დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.
ორსულობა: სერტრალინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში სრულად არ არის დადგენილი. სერტრალინის გამოყენება ორსულობის დროს ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აჭარბებს შესაძლო რისკ ნაყოფზე. შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა სერტრალინით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები. მეანს და-ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს სერტრალინ ნორმონს. ორსულობის დროს მისი მიღებისას, განსაკუთრებით, ბოლო ტრიმესტრში, სერტრალინი ნორმონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბავშვებში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, ე.წ. ახალშობილების პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზია (აპპჰ), რომლის დროსაც ახალშობილის სუნთქვა გახშირებულია და აღენიშნება ციანოზი. ეს სიმპტომები ვითარდება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მეანთან და-ან ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება.
რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა: სერტრალინის მსგავსმა ზოგიერთმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი ცხოველებზე ცდებში. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენა ჯერ არ აღნიშნულა.
ლაქტაცია: სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის დროს სერტრალინი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი დედისთვის აჭარბებს ბავშვზე შესაძლო რისკებს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
სერტრალინი ნორმონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მაზე სერტრალინი ნორმონი.
სერტრალინი ნორმონის მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. სერტრალინი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს დილით ან საღამოს. კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები:
-დეპრესია და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა: დეპრესიისა და ოკა-ს დროს რეკომენდებული ეფექტური დოზაა 50მგ დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-ით, ინტერვალებით-არანაკლებ ერთი კვირა რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200მგ დღეში.
-პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს 25მგ-ით დღეში და გაიზარდოს 50მგ-მდე დღეში ერთი კვირის შემდეგ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-ით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერვალებით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200მგ დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინი ნორმონი გამოიყენება მხოლოდ ოკა-ს მკურნალობის დროს. ობსესიურ-კომპულსური აშლილობა: 6-12 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25მგ დღეში. ერთი კვირის შემდეგ ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 5 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზაა 200მგ დღეში.
13-17 წლის ასაკის მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50მგ დღეში. მაქსიმალური დოზაა 200მგ დღეში. ღვიძლის ან თირმლის პრობლემების არსებობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითებების დაცვა. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და მკურნალობის მიმართ პასუხზე. სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება დაიწყოს რამდენიმე კვირის შემდეგ.
სერტრალინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას:
დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის ცენტრში დარეკვა, დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, ტაქიკარდია, ტრემორი, აჟიტირება, თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევებში ცნობიერების დაკარგვა.
სერტრალინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას:
დოზის გამოტოვებისას უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
სერტრალინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა:
სერტრალინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმი თანდათანობით შეამცირებს სერტრალინი ნორმონის დოზას რამდნეიმე კვირის განმავლობაში მის სრულ შეწყვეტამდე. მედიკამენტის მიღების უეცრად შეწყევტამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ტრემორი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა ან სხვა ეფექტები სერტრალინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას. დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე.
სერტრალინით მკურნალობის პროცესში ამინოტრანსფერაზების (ასტ და ალტ) აქტივობის უსიმპტომო მომატებას ადგილი აქვს იშვიათად (დაახლოებით შემთხვევების 0.8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველი 1-9 კვირის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.
ცნს-ის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა.
მარილოვანი ცვლის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - ჰიპონატრიემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს). ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრიემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთხვევებში აღინეშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს.
სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია, ატიპიური სისხლდენა და ჰემორაგიული გამონაყარი.
სხვადასხვა: ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, მოძრაობის აქტივობის დარღვევა (ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად - მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით).
იშვიათად: აღინიშნება პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი.
გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში: კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით, გვერდითი მოვლენები ძირითადად იყო მოზრდილებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების მსგავსი (იხ. ზემოთ). ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი ბავშვებსა და მოზარდებში იყოს თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს ან ვითარდება ისეთი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში.
პროდუქტის შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა:
30 ტაბლეტი. ტაბლეტები მოთავსებულია PVC-ალუმინის ბლისტერებზე.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account